ლბ ქალთა უფლებები საქართველოშიLB Women’s Rights in Georgia

ზოგადად ქალთა და, მათ შორის, ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა უფლებების დაცვისას, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილებიდან და ადგილობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი სამუშაო მიმართულებები:

1. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა; HIV/AIDS და STI-ის, მკერდის სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლა, მათი პრევენცია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კონსულტირება.

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ამბობს:

” არ დაიშვება პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო.” (თავი II, მუხლი 6.1.)

“არ დაიშვება წინასწარ პატიმრობაში და სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფი პაციენტის დისკრიმინაცია.” (იქვე, თავი II, მუხლი 6.2.)

ასევე, საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ აცხადებს: “პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.” (თავი I, მუხლი 6.1.)

“ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.” (იქვე, თავი I, მუხლი #6.2)

2. HIV/AIDS – ის რისკ-ჯგუფების ჩამონათვალიდან ზოგადად ჰომოსექსუალთა (მათ შორის მოიაზრებიან ლბ ქალებიც) ამოღება, ჯგუფის მადისკრიმინირებელ ფაქტად განსაზღვრის გამო. საქართველოს კანონი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ (1995 წლის 21 მარტი) არ აზუსტებს გარემოებებს და პირობებს, რომელთა საფუძველზეც აკრძალულია დონორობა, მაგრამ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #241/N ბრძანებულება სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა-აკრძალულ HIV/AIDS-ის რისკ-ჯგუფებს შორის მოიხსენიებს, უპირველესყოვლისა, ჰომოსექსუალებს, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, პროსტიტუციით დაკავებულ პირებს, ალკოჰოლიკებს, ტატუირების და/ან პირსინგის მქონეთ.)

3. ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის (სექსუალური შეურაცხყოფისა თუ კონტაქტის იძულების) და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა (მათ შორის, ასევე, ლესბოსელ და ან ბისექსუალ ქალ პარტნიორებს შორის ძალადობის). (აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავის მიხედვით, “გაუპატიურება” (“ესე იგი, სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ანდა დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით”, (მუხლი 137)) და “მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით” (მუხლი 138), ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე ვადით, თავისუფლების აღკვეთით ისჯება (3-დან 7 წლამდე), ხოლო, “სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, – ისჯება შესაბამისად, ერთნაირადვე, ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (მუხლი 139), ასევე, “სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.” (მუხლი 140.) “ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.” (მუხლი 141.) აღნიშნულ კანონმდებლობაში დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე აშკარაა!!! განხილული დანაშაულის თავისთავად უარყოფითი შინაარსისგან დამოუკიდებლად, მოცემულ კანონმდებლობაში ნეგატიურ კონტექსტშია მოქცეული თავად ცნებები “ჰომოსექსუალობა” და “ლესბოსელობა”, რომლებიც ტექსტში დაჯგუფებულია “სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტთან, გაუკუღმართებული ფორმით”!!!)

4. გენდერულ განსხვავებასა და/ან სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის, ე. წ. სიძულვილის დანაშაულების (HATE CRIME-ს) წინააღმდეგ ბრძოლა; ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისათვის ზრუნვა, მათ შორის, დაზარალებულთა მცირეწლოვანი შვილებისათვის; ასევე, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, მათთვის შესაბამისი იურიდიული და სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა.

5. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა; ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში ლბ ქალთა აქტიური მონაწილეობისა და მათი რაოდენობრივი პროპორციების გაზრდა. (ამჟამად, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 7 ქალია, მაშინ, როცა კანონმდებლების საერთო რიცხვი ჯამში 138 დეპუტატს შეადგენს; საქართველოს მთავრობა წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრითა და 17 მინისტრით, რომელთაგან მხოლოდ 3-ია ქალი; სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც წარმოდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოთი (აქ 9 ხელმძღვანელი პირიდან ქალი 2-ია) და უზენაესი სასამართლოთი (4 ხელმძღვანელი პირიდან არცერთი ქალი არ არის).

6. სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვა, შესაბამისი პირობების გაუმჯობესება* (სქესობრივ და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული თვითგამოხატვის ნიადაგზე არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში, უმაღლეს სასაწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე; ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტიფიკაციის მიუხედავად. ეს უკანასკნელი ძალზე მტკივნეული პრობლემაა ზოგადად მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც.)

*ლბ ჯგუფის მოწყვლადობიდან და შესაძლო კონფლიქტური ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე, თავშესაფრებზე, ზოგადად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, სახელმწიფო, სოციალური, სოციალურ-სამოქალაქო, იურიდიული და სამედიცინო მომსახურების თანაბარი და შეუზღუდავი მისაწვდომობისათვის ზრუნვა.

“ქალები ასრულებენ მსოფლიოს 2/3 სამუშაოს, იღებენ გლობალური შემოსავლის 10%, ხოლო ფლობენ წარმოების საშუალებების მხოლოდ 1%” -რიჩარდ ჰ. რობინსი, გლობალური პრობლემები და კაპიტალიზმის კულტურა, (ელინ, ბეკონი, 1999), გვ. 354

“შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო.” (საქართველოს შრომის კოდექსი; მუხლი 2.3)

“საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.” (საქართველოს კონსტიტუცია; მუხლი 21.1)

7. მსჯავრდებულ და პატიმრობაში მყოფ ლბ ქალთა უფლებების დაცვა; სასამართლო პროცედურულ ღონისძიებებში ლბ მოწმეთა თუ მსჯავრდებულთა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დაცვის ვალდებულების შესრულებასა და თვითმონიტორინგის წარმოებაზე კონტროლი, ლგბტ და ლბ უფლებათა შეუზღუდაობისადმი. აგრეთვე, საყურადღებოა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ლბ მსჯავრდებულების პარტნიორთა მიერ მონახულებისა და სხვა პენიტენციალურ-პროცედურული უფლებების გამარტივება და ამ უფლებების გათანაბრების უზრუნველყოფა სხვა პატიმართა უფლებებთან; სწორედ ამასთან დაკავშირებითაა მნიშვნელოვანი ასევე, პატიმრობის შესახებ კანონის დახვეწა, მსჯავრდებულთა მომნახულებელ პირთა ჩამონათვალის მეტად დაზუსტებით და პარტნიორთა ვიზიტის პროცედურის გამარტივებით. დოკუმენტი ასე საზღვრავს ვიზიტორთა კატეგორიას: “მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე მათ, ვისთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში). ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.” (საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ, თავი XI, მუხლი 48.1.); “პაემნის უფლება ეძლევათ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. მსჯავრდებულთან პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.” (იქვე, თავი XI, მუხლი 48.2.)

8. ძალზე მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია: სასწავლო პროგრამებში, მეთოდურ თუ ძირითად სახელმძღვანელოებში, შემოქმედებითი ხასიათის, საჯარო-საგანმანათლებლო, სარეკლამო თუ გასართობი ტიპის აუდიო, ვიდეო და სხვა ვიზუალურ და წერილობით მასალებში გენდერულ და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული თვითგამოხატვის საფუძველზე არსებული დისკრიმინაციის აშკარა, ცნობიერი თუ არაპირდაპირი და/ან არაცნობიერი პროპაგანდის დაძლევა; სალაპარაკო ენასა და ზოგადად, ენის ლექსიკაში დისკრიმინაციული (დამცინავი და/ან აგრესიული შინაარსის) სპეციფიკური სახელდება ქალთა, ზოგადად, ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებისა და, კონკრეტულად, ლბ ადამიანების მიმართ.

საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 8 სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარკვეული შეზღუდვის აუცილებელ პირობათა შორის ასახელებს – დისკრიმინაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ დისკრიმინაციული განცხადებები და/ან ნებისმიერი სხვა გამოხატვა ეწინააღმდეგება არამხოლოდ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კანონმდებლობას და უნივერსალურ თუ კონსტიტუციურ პრინციპებს, არამედ ამგვარი შინაარსის სიტყვასა და გამოხატვას ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონიც!)

9. სამოქალაქო პარტნიორობისა და/ან ქორწინების უფლებების მოპოვება. (საქართველოს კანონმდებლობა არამხოლოდ საერთოდ არ ცნობს ქორწინებას გარდა მამაკაცსა და ქალს შორის, არამედ, ზოგადად, არ ცნობს სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტსაც, მათ შორის, ამ ორი სქესის წარმომადგენლებს შორისაც. ქორწინება მკაცრად დადგენილია ქალსა და მამაკაცს შორის, 18 წლის ასაკიდან (გამონაკლის შემთხვევებში, დასაშვებია 16 წლიდან, მეურვეებისა და/ან მშობლების ნებართვით, ან სხვა გარემოებებში) . (იხ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საოჯახო სამართალი; მუხლი 1106, ქორწინების ცნება.)

10. ზემოგანხილულ პუნქტთან შეგვიძლია დავაკავშიროთ მემკვიდრეობის უფლებები (რასაც ქართული კანონმდებლობა აწესრიგებს კანონისა და/ან ანდერძის საფუძველზე ქონების გადაცემით, ხოლო ანდერძის ადრესატს თავად ქონების მესაკუთრე არჩევს. იხ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; კარი VI). ასევე, მნიშვნელოვანია საავადმყოფოებსა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში პაციენტთა სამკურნალო თუ სხვა სამედიცინო მომსახურებისას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში პარტნიორთა მონაწილების უფლების შეუზღუდაობა ისევე, როგორც მონახულების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ჰეტეროსექსუალ წყვილთა თუ მეუღლეთა ვიზიტების უფლებების ადეკვატურად და, მაშასადამე, ხელოვნურად რთულ პროცედურათა რეალური გამარტივება. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი პაციენტთა სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის გარდა, ხოლო მისი ქმედუუნარობის და/ან ცნობიერი გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე თანხმობის უფლებას აკისრებს: “პაციენტის ნათესავს – პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში” და ან “პაციენტის კანონიერი წარმომადგენელს – პაციენტის მეურვეს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს” (საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, თავი I, მუხლი 4. (ე), 4. (ვ), ასევე, თავი IV, მუხლი 22.

შესაბამისი კანონმდებლობა (სამოქალაქო კოდექსი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობა და ა. შ.) აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას, თუნდაც ეტაპობრივად, ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა: გადასახადებისა და ერთიანი სადაზღვევო პოლისის უფლებები.

11. ბავშვებზე თანაბარი მეურვეობის, მათი შვილად აყვანისა და ერთად აღზრდის უფლებებისათვის ბრძოლა (ქართული კანონმდებლობის მიხედვით, რასაც ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს, ერთი და იმავე ბავშვის შვილად აყვანა არ შეუძლია ერთდროულად ორ ადამიანს, თუ ისინი არ არიან მეუღლეები (იხ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 1246. ეს კანონი აშკარად დისკრიმინაციული ხასიათისაა და ასახავს ასევე დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ დამოკიდებულებას დაუქორწინებელ, მათ შორის ლბ, ქალისადმი*).

*დაუქორწინებელი ქალი საზოგადოების უმრავლესობისთვის არასრულფასოვნია და, ამის გამო, საბრალოდ აღიქმება; ლესბოსელი ქალი იმდენად არასერიოზულად აღიქმება ქართულ კულტურაში, რომ ეს აღქმა ხშირად მხოლოდ სტერეოტიპული ვარაუდით ამოიწურება: “ალბათ, არასდროს შეგხვედრია ნამდვილი მამაკაცი…”

12. ბრძოლა ზოგადად ქართულ ტრადიციულ კულტურასა და საერთო-ქართულ ღირებულებათა სისტემაში პატრიარქატის მოთხოვნების შესაბამისად საუკუნეობრივად ჩანერგილ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ კულტურულ ნორმებთან და სოციალური ქცევის სტანდარტებთან, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების მიმართ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებთან და ცრურწმენებთან (რაც ხშირად თვით დისკრიმინაციის ობიექტ ქალებშიც გვხვდება). აშკარაა ისიც, რომ ხშირად ტრადიციული მასკულინური, პატრიარქალური კულტურის სხვადასხვა აქტიორები აგრესიულობაზე მეტად არასერიოზულ და ირონიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, კონკრეტულად, ლბ ჯგუფის მიმართ, რაც სრულიად არაა გასაკვირი ფალოსის იმგვარი კულტის გარემოს მხრიდან და გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, და რაც, ამასთან, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია არაკერპთაყვანისმცემელი, უკულტო (და არა უკულტურო!) თავისუფალი ადამიანების (განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა) საზოგადოებისთვის. საქართველო კი ამგვარი საზოგადოების ჩამოყალიბებას თავის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზნებს შორის აცხადებს: “საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.” (საქართველოს კონსტიტუცია; შესავალი). ამასთან, აგრესიული ჰომოფობია, რომელსაც, არასერიოზული და/ან ირონიული რეაქციებისაგან განსხვავებით, ხშირად საკმაოდ მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოაქვს ლგბტ ადამიანებისათვის, “ძალზე რბილად” რომ ვთქვათ, ასევე სრულიად ეწინააღმდეგება ქართულ, ნებისმიერი ტიპის ქსენოფობიისაგან დაცლილ ტოლერანტობას.

13. ქალთა და ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა მიმართ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დახვეწა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსაზღვრა, არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და/ან კონკრეტული ანტიჰომოფობიურ-ანტიდისკრიმინაციული კანონების (ან სხვა საკანონმდებლო მექანიზმების) შექმნა, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული დისკრიმინაციის აკრძალვა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული თვითგამოხატვის საფუძველზე, ისევე, როგორც სრულფასოვნად და დეტალურად ჩამოყალიბდება ყველა საფუძველი ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციის აკრძალვისათვის.

მოამზადა ხათუნა ჩაფიჩაძემ

General overview of national legislation on the LB women’s issues and aspects, which need further elaboration.

Prepared by Khatuna Chapichadze

Full text is available in Georgian. To view the article in Georgian, please click here.