აივ შიდსიHIV/AIDS

.

აივ-ინფექცია არის ვირუსული დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). შიდსი არის ამ დაავადების საბოლოო სტადია.

აივ-ინფექცია აზიანებს ადამიანის იმუნურ (დამცავ) სისტემას და უძლურს ხდის ორგანიზმს სხვა დაავადებების (ინფექციების და სიმსივნეების) წინაშე.

აივ-ინფექცია გადაეცემა ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით (კერძოდ არასტერილური და საზიარო ნემსების, შპრიცების და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას), დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, აგრეთვე ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივ ინფექცია იწყება ვირუსის ორგანიზმში შეჭრის დღიდან და გრძელდება ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე.

აივ ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს წლების (4-12 წელი) განმავლობაში ყოველგვარი ნიშნების გარეშე. გარკვეულ პერიოდში შესაძლებელია მოიმატოს ადამიანის სხეულის ტემპერატურამ, გადიდდეს ლიმფური კვანძები (`ჯირკვლები~), გამოიხატოს სისუსტე, უმადობა, კუჭის აშლილობა. უმრავლეს შემთხვევაში ადამიანი არ აქცევს ამ ნიშნებს ყურადღებას და არ მიმართავს ექიმს. ძალიან მოკლე დროში ეს ნიშნები ქრება და ადამიანს არაფერი აწუხებს, მაგრამ დაავადება აგრძელებს ფარულად განვითარებას. აივ ინფიცირებული ადამიანი შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს მრავალი წლის განმავლობაში და არც კი იცოდეს, რომ ინფიცირებულია.

რამდენიმე წლის შემდეგ აივ ინფექცია აზიანებს და თანდათან ანგრევს ორგანიზმის იმუნურ სისტემას (იმუნიტეტს).

იმუნური სისტემა იცავს ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისაგან. მდგომარეობას, როდესაც იმუნური სისტემა დანგრეულია და ადამიანი ინფექციებისაგან დაუცველი ხდება უწოდებენ შიდსს – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს. შიდსი არის აივ ინფექციის ბოლო სტადია. ამ დროს თავს იჩენს ისეთი ინფექციები და სიმსივნეები (ე.წ. ოპორტუნისტული დაავადებები), რომლებიც ჯანმრთელი იმუნური სისტემის პირობებში არ ვითარდებიან. შიდსის დროს ორგანიზმში განვითარებული ცვლილებები იწვევს ადამიანის სიკვდილს.

ტესტირება:

აივ-ინფექციის დიაგნოსტირება ხდება სისხლის სპეციალური ანალიზების საშუალებით. დაავადების გამოვლენა შესაძლებელია ინფექციის შეჭრიდან 8-10 კვირის შემდეგ.

გახსოვდეს:

  • აივ-ინფექციის პროფილაქტიკა უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა;
  • საინექციო ნარკოტიკების მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის აივ/შიდსით დაავადების რისკს როგორც შენთვის, ისე შენი სქესობრივი პარტნიორისთვის;
  • მიუხედავად იმისა, რომ აივ-ინფექციისგან სრული განკურნება შეუძლებელია, სპეციალური ანტივირუსული მკურნალობა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს;
  • აივ-ინფექციის მკურნალობისთვის და რჩევებისთვის უნდა მიმართო ექიმს;
  • აივ-ინფექცია შესაძლოა დაავადებული დედიდან გადაეცეს ახალშობილს;

აივ-ინფექციის პროფილაქტიკა:

  • საინექციო ნარკოტიკების (არასტერილური და საზიარო ნემსების და შპრიცების) გამოყენებაზე უარის თქმა;
  • თავდაცვის საშუალებების გამოყენება ყოველი სქესობრივი აქტის დროს;
  • აივ-ზე სისხლის ანალიზის გაკეთება ორსული ქალებისთვის ნაყოფის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად;

.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

.

HIV/AIDS – diagnostics, transmission ways, and prevention.

“Tanadgoma”, Center for Information and Counseling.

Full text is available in Georgian. To view the article in Georgian, please click here.