კატეგორიის არქივი: საქართველო

ქორწინების შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდება

Georgy_Margvelashviliქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება სწორედ პრეზიდენტმა მიიღო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარებულიყო: – ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

დაინიშება თუ არა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, პრეზიდენტი 30 დღეში გადაწყვეტს

giorgi margvlashviliცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა – 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს.

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: – ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

მოსამართლის მივლინების გამო 2013 წლის 17 მაისის საქმე გადაიდო

17 mayთბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იყო მოსალოდნელი, 2016 წლის 21 სექტემბრამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლე გერონტი კახეთელიძის მივლინება გახდა.

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი გაამართლა. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით დღეს გამოცხადდება

17_maisi_3დღეს, 15 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაში ბრალდებული პირების პროცესი გაიმართება. მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ უკვე მოისმინა ბრალდების მხარის სიტყვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მან გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

დღევანდელ პროცესზე  “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს.

ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს და საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სასულიერო პირსა და სამ მოქალაქეს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი გაამართლა.

სასტუმრო კოლხეთის მიმდებარედ, ბარში ტრანსგენდერი ქალი არყის ბოთლით დაჭრეს

POLICE-TAPEგუშინ, 6 ივნისს, საღამოს საათებში სასტუმრო “კოლხეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.
როგორც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) ადვოკატი ციალა რატიანი ამბობს, დანაშაული ჩადენილია ტრანსფობიური სიძულვილის ნიადაგზე; დაზარალებულს თავდამსხმელი ეკითხებოდა რომელი იყო მისი გენდერული იდენტობა, რის შემდეგაც მას არყის ბოთლით საფეთქლის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
 
ამჟამად მსხვერპლს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
მომხდარზე შსს-მ დაიწყო გამოძიება. საქმე აღძრულია 125 მუხლით (ცემა), რაც დაჯარიმებას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა საბის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს

sabi1საქართველოს პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 25 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურორ ნანა ჯაყელის ცნობით, უზენაეს სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს თარიღი, როდესაც საქმის განხილვა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქცნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში.

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ იქნა ცნობილი ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.

ქორწინების შესახებ ცესკომ მორიგი სარეფერენდუმო კითხვა გააუქმა, ძველი – ძალაში რჩება

marriage4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი “გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?” გააუქმა.

სარეფერენდუმო საკითხი წარმოდგენილი იყო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა.

თუმცა ძალაში რჩება ცესკოს მიერ 12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?” რეგისტრაციაში გატარდა.

შეგახსენებთ, ქორწინების თანაწორობასთან მიმართებაში ცესკოს უკვე დარეგისტრირებული აქვს სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”

25 ივნისის ღამეს თავდამსხმელმა ტრანსგენდერი ქალი ლურსმნიანი ჯოხით სცემა

POLICE-TAPE2016 წლის 25 ივნისის ღამეს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელმა მას მარჯვენა მკლავზე ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით მიაყენა.

დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს არც დამნაშავის დაკავება უცდიათ და არც სხვა სახის რეაგირება განუხორციელებათ. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად დანაშაულის ადგილას შეკრებილმა ტრანსგენდერმა ქალებმა ხელახლა გამოიძახეს ეკიპაჟი და მოითხოვდნენ მათგან რეაგირებას დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ ტრანსფობიურ ნიადაგზე იყო ჩადენილი. მეორე გამოძახებაზე გამოცხადებულმა ეკიპაჟმა კი ტრანსგენდერი ქალების პროტესტი სამართალდარღვევად ჩათვალა, ოთხი მათგანი დააკავა და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანა.

ორი დაკავებულის ინტერესებს სასამართლოში ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) იურისტი ქეთი ბახტაძე იცავდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, პოლიცია დაკავებულებს 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა და მოითხოვდა მათ დაჯარიმებას 250 ლარით.

პასუხისგებაში მიცემული ტრანსგენდერი ქალები არ აღიარებდნენ სამართალდარღვევას, მაგრამ ამბობდნენ, რომ პოლიციის მოქმედებების გაპროტესტების დროს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს. ასევე, მათი განმარტებით, პოლიციელის მოთხოვნას მყისიერად დაემორჩილნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ტრანსგენდერი ქალების მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციული სამართალდარღვევას. მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან.

იურისტის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა ხმამაღალი საუბრით გააპროტესტეს პოლიციის უმოქმედობა, ერთ-ერთი მათგანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მათი დაჯარიმება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნებს.

„მათი პროტესტი ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და პოლიცია ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა დანაშაულზე, რომელიც მიმართული იყო ტრანსგენდერთა დევნაზე, რაც სისტემატიურ ხასიათს ატარებს. უფრო მეტიც პოლიციის მთავარი ამოცანა დანაშაულის პრევენციაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ განახორციელეს და არამცთუ არ დაინტერესდნენ და რეაგირება არ მოახდინეს ტრანსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, უფრო მეტიც დააკავეს თავად დაზარალებული და მომხდარის მოწმეები,“ – ამბობს ქეთი ბახტაძე, რომელიც პოლიციის მიერ განხორციელებულ ამ ქმედებებს არა საზაგადოებრივი უსაფრთხოების დაცვად, არამედ ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების უგულებელყოფად, მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებად და დისკრიმინაციის წახალისებად აფასებს.

როგორც ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს’’ (WISG) შსს-ში განუცხადეს, 25 ივნისის ღამეს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც დაჯარიმებას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ცესკომ სამოქალაქო ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო კითხვა დაარეგისტრირა

Lesbian couple smile at each other during wedding ceremonyსაქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივნისის სხდომაზე სამოქალაქო ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის, განსაზღვრის სარეფერენდუმო კითხვა რეგისტრაციაში გაატარა.

ცესკომ  ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის მიერ 13 მაისს წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება დააზუსტა; კომისიის გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და მათ მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო  საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ რეგისტრაციაში გატარდა.

პროცედურების თანახმად, საკითხს რეფერენდუმის შესახებ ცესკო საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ან დანიშნავს რეფერენდუმის თარიღის; ან რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე განაცხადებს მოტივირებული უარს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება აღნიშნული სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაში გატარების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მესამე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

სექსუალური შევიწროების კანონპროექტით, პირს 500-დან 2 500 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება

sexual_harassmentიურიდიულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტით დგინდება პასუხისმგებლობა სექსუალური შევიწროებისათვის, მათ შორის შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი (სიტყვიერი ან ფიზიკური) ქცევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. პასუხსიმგებლობის ზომა იზრდება განმეორების შემთხვევაში ან/და სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით:

შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. ამ საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. შესაბამისი ვითარების არსებობისას კი პირი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, თამარ ხიდაშელმა განაცხადა, სექსუალური შევიწროება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულ, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე უჩინარ პრობლემას, რომლის თაობაზეც ადამიანები ვერ საუბრობენ და არ საუბრობენ. „ამისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ისიც არის, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ამ ადამინებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას მისცემდა“ – აღნიშნა თამარ ხიდაშელმა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას, რომელიც ამცირებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, საფრთხეს უქმნის ქალთა და მამაკაცთა კეთილდღეობას და აკნინებს გენდერული თანასწორობის ხარისხს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ივნისს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფემიციდის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანასაც. ფემიციდის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფემიციდი არის გენდერული ნიშნით ქალის მოტივირებული განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ცვლილების შესაბამისად ფემიციდი ცაკლე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობათ.