კატეგორიის არქივი: ჯანმრთელობა

აფრიკის ლიდერები ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზებისთვის

აფრიკის მაღალჩინოსანი პირები მოუწოდებენ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისკენ, რათა ზამბიაში აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა გაადვილდეს.

ბოცვანას ყოფილი პრეზიდენტი ფესტუს მოგაე, ზამბიის პირველი პრეზიდენტი კენეტ კაუნდა, უგანდას ყოფილი ვიცე პრეზიდენტი სპესიოზა ვანდირა და კენიის ეროვნული შიდსის კონტროლის ორგანიზაციის თავმჯდომარე პროფესორი მირიამ უერე, Champions of an HIV-Free Generation (აივისგან თავისუფალი თაობის მებრძოლები) ჯგუფში შედიან, რომელმაც ზემოხსენებული შემოთავაზება წარმოადგინა.

ზამბიის პრეზიდენტი რუპია ბანდა აცხადებს, რომ, როცა საქმე კანონს ეხება, მისთვის რთულია გადაწყვიტოს, ნებადართული უნდა იყოს თუ არა ჰომოსექსუალობა ზამბიის საზოგადოებაში, მაგრამ მას ესმის აგრეთვე ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზების საჭიროებაც.

თუმცა, ”აივისგან თავისუფალი თაობის მებრძოლები”, ისევე როგორც ეპისკოპოსი ჯოშუა ბანდა, რომელიც ეროვნული აივ საბჭოს თავმჯდომარეა აცხადებენ: ”აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ აივისგან თავისუფალი თაობის მებრძოლები ზამბიაში ჰომოსექსუალობის გასავრცელებლად არ მოსულან.”

უნდა აღინიშნოს, რომ ბოცვანაში, უკვე სამი წელია არავინ გაუსამართლებიათ ჰომოსექსუალობისთვის. ქვეყანას კარგი შედეგი მოუტანა აივ ინფექციისა და შიდსის შეჩერებისთვის აღმოჩენილმა დახმარებამ. ბოცვანელებმა შეამცირეს დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი 40%-დან 4%-მდე.

წყარო:http://news.pinkpaper.com/NewsStory/4161/28/10/2010/make-gay-sex-legal-say-african-leaders.aspx?sms_ss=twitter&at_xt=4ccadc00309db7f7,0

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო

cervical_cancer

დღეისთვის საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა ქალებს შორის. მსოფლიოში ყოველწლიურად 470 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 300 ათასი ქალი იღუპება ამ დაავადებით. საშვილოსნოს ყელის კიბოთი უფრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე შიდსით.

კლინიკური სიმპტომები

დაავადების ადრეულ სტადიაზე ნიშნები შეიძლება არ იყოს გამოხატული და ქალი გარეგნულად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. მოგვიანებით სტადიაზე ჩნდება შემდეგი ნიშნები:

  • უხვი გამონადენი საშოდან
  • არამენსტრუალური სისხლდენა საშოდან
  • ტკივილი მუცლის ქვემო არეში

რისკის ფაქტორები რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს:

  • ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია
  • ნიკოტინის მოხმარება
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ქლამიდიოზი
  • ჭარბი წონა
  • ხილითა და ბოსტნეულით ღარიბი კვების რაციონი
  • ზოგიერთი სახის ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება
  • ხშირი აბორტი

.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს კიბო

რადგანაც საშვილოსნოს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა იწყება კიბოსწინა ცვლილებებით, არსებობს დაავადების განვითარების თავიდან აცილების 2 გზა:

  • კიბოსწინა ცვლილებების თავიდან აცილება;
  • კიბოსწინა ცვლილებების აღმოჩენა და მკურნალობა;

კიბოსწინა ცვლილებების თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგი პრინციპების დაცვით:

  • გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით;
  • თავი შეიკავეთ ზედმეტად კალორიული საკვების მიღებისაგან;
  • შეზღუდეთ შებოლილი და ნიტრატების შემცველი საკვებისგამოყენება;
  • შეეცადეთ თავიდან აიცილოთ პაპილომავირუსით დაინფიცირება;
  • ნუ მოწევთ;
  • ჩაიტარეთ ვაქცინაცია პაპილომავირუსის ინფექციაზე..

კიბოსწინა ცვლილებების აღმოჩენა

პაპ ნიკოლაუს ტესტი – მარტივი და ეფექტური ტესტია რომელიც გამოავლენს კიბოს წინა სტადიაზე არსებულ ცვლილებებს. მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევის შედეგად ეს გადახრები შეიძლება მთლიანად აღმოიფხვრას.

  • პაპ ნიკოლაუს ტესტი უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი ურთიერთობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვინესს 21 წლიდან. რეკომენდირებულია ტესტის წელიწადში ერთხელ ჩატარება.
  • 30 წლის ასაკიდან ქალებს 3 თანამიმდევრობით ჩატარებული ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ შეუძლიათ ჩაიტარონ გამოკვლევა ერთხელ 2-3 წელიწადში. მაღალი რისკის მქონე ქალებისათვის (დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ქალები, ვისაც ჩატარებული აქვს ორგანოების ტრანსპლანტაცია, ვინც იტარებს ქიმიოთერაპიას ან ხანგრძლივად მოიხმარს სტეროიდებს) რეკომენდირებულია ტესტირების უფრო ადრე დაწყება და ყოველწლიურად გავლა.
  • 70 წელზე მეტი ასაკის ქალებს, რომლებსაც ჰქონდა 3 ან მეტი ნორმალური რეზულტატი ბოლო 10 წლის მანძილზე შეუძლიათ აღარ გააგრძელონ სკრინინგში მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ გადატანილი აქვთ საშ. ყელის კიბო ან პვი, ან დასუსტებული იმუნური სისტემა, უნდა განაგრძონ გამოკვლევა.

პაპ ტესტის ჩატარების დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

  • საუკეთესო დრო პაპ ტესტის ჩასატარებლად არის მესტრულაური გამონადენის დამთავრებდან 5 დღის შემდეგ. პაპ ტესტის ჩატარება არ არის რეკომენდირებული მენსტრუალური გამონადენის დღეებში ან ანთებითი პროცესის არსებობისას საშვილოსნოში.
  • ტესტის ჩატარებამდე 2-3 დღით ადრე არ არის რეკომენდირებული ტამპონების, სპერმიციდებისა და სხვა ვაგინალური კრემების გამოყენება.
  • ტესტირებამდე 2-დღით ადრე არ არის რეკომენდირებული სექსუალური კონტაქტის დამყარება.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

რა უნდა ვიცოდეთ, როგორც პაციენტმა

gynecology

რა უფლებები გქვთ, როგორც პაციენტს?

როგორც ქალთა კონსულტაციის ან საავადმყოფოს პაციენტს, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ:

  • მაღალკვალიფიციური მომსახურება. თუ უკმაყოფილო დარჩებით თქვენთვის გაწეული მომსახურებით, უფლება გაქვთ მიმართოთ ამ დაწესებულების პასუხისმგებელ პირს.
  • მოგემსახურონ თავაზიანად, შეგიქმნან ურთიერთნდობის ატმოსფერო;
  • დაცული იქნეს თქვენი ანონიმურობა და კონფიდენციალობა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ექიმთან პირისპირ დალაპარაკება; თქვენი თანხმობის გარეშე არ უნდა გასცენ ინფორმაცია თქვენს შესახებ;
  • პირადად მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი სქესობრივი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თაობაზე. ექიმმა თქვენს მაგივრად კი არ უნდა მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, არამედ ვალდებულია, სრული ინფორმაციის მოწოდებით დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • მიიღოთ სრულყოფილი ინფორმირება. ექიმმა უნდა გაგაცნოთ ჩატარებული ანალიზების დასკვნები, აგიხსნათ, რა არჩევანი გაქვთ კონკრეტულ სიტუაციაში, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ მედიკამენტსა თუ პროცედურას, რომ შეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება;
  • მოგეცეთ კითხვების დასმის საშუალება. შეკითხვების დასმა არა მარტო შეიძლება, არამედ სასურველიცაა. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაცია მოგაწოდათ და რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სავსებით გასაგებია;
  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა მომდევნო გასინჯვამდე. თქვენ უნდა მოგაწოდონ დაწესებულების ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ შეკითხვების ან პრობლემების გაჩენის შემთხვევაში ან უფასო სატელეფონო კონსულტაციის საკონტაქტო ნომრები.

რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ, როგორც პაციენტს?

იმისათვის, რომ ექიმთან ვიზიტი წარმატებული იყოს, თქვენ, როგორც პაციენტს, გეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა. სახელდობრ:

  • გულწრფელად და სრულად უპასუხოთ ექიმის დასმულ ყველა შეკითხვას თქვენი ჯანმრთელობისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ექიმს ეს ინფორმაცია იმისთვის სჭირდება, რომ გაარკვიოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაგიტაროთ სათანადო მკურნალობა ან მოგცეთ სწორი რჩევა;
  • გარკვევით აუხსნათ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • დაუსვათ ექიმს შეკითხვები, გამოხატეთ ეჭვები და გულწრფელად უთხარით მას, თუ რა დარჩა თქვენთვის გაუგებარი;
  • დაიცვათ ექიმისაგან მოცემული ინსტრუქციები. ძალზე მნიშვნელოვანია, უთხრათ ექიმს, თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან არ ეთანხმებით მას, ან თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეასრულებთ მის დანიშნულებებს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ვერ შეძელით დანიშნული წამლის მიღება ან პროცედურის ჩატარება. ეს ექიმს საშუალებას მისცემს, უკეთ გაგიწიოთ დახმარება.

როგორ ხდება სასქესო ორგანოების გასინჯვა?

სასქესო ორგანოების გასინჯვის დროს ექიმი ახდენს გარეგანი სასქესო ორგანოების დათვალიერებას და შინაგანი სასქესო ორგანოების ე.წ. საშოსმიერ გამოკვლევას. თქვენ მოგათავსებენ გინეკოლოგიურ სავარძელზე მუხლებმოხრილ და ფეხებგადაშლილ მდგომარეობაში. ექიმი ჩაიცვამს სტერილურ რეზინის ხელთათმანს და მოათავსებს საჩვენებელ და შუა (…) მსუბუქად დააწვება მუცლის კედელს. ორივე ხელის თანხვედრილი მოძრაობით ექიმი გასინჯავს თქვენს საშვილოსნოს და საკვერცხეებს და შეამოწმებს, ხომ არ არის იქ ანთების ნიშნები ან უჩვეულო წარმონაქმნები. ექიმი მოახდენს აგრეთვე ინსტრუმენტალურ გამოკვლევას ე.წ. გინეკოლოგიური სარკეების გამოყენებით, საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღების მიზნით..

როგორ უნდა მოვემზადოთ გინეკოლოგიური გამოკვლევისათვის?

მენსტრუაციის დასრულების შემდგომი პერიოდი საუკეთესო დროა გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად. ამ დროს სარძევე ჯირკვლები და საკვერცხეები თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება; საშვილოსნო და საშო თავისუფლდება მენსტრუალური სისხლისაგან, რაც ხელს აღარ შეუშლის გამოკვლევის ჩატარებას. ექიმთან მისვლისას თან იქონიეთ ადრე ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები და მიღებული წამლების ჩამონათვალი. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოიფიქრებთ და ჩამოწერთ იმ შეკითხვებს, რომლებსაც დაუსვამთ ექიმს..

რისთვის არის საჭირო საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღება?

საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღების მეშვეობით ხდება საშოს და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დადგენა. ნაცხის აღების დროს ექიმი საშოს სხვადასხვა ადგილებიდან აიღებს ლორწოს მცირე ნაწილს, ხოლო საშვილოსნოს ყელის გარსიდან ჩამოფხეკს მომცრო ნაწილებს. ეს პროცედურა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აღებულ მასალას შეისწავლიან მიკროსკოპის ქვეშ, რათა დადგინდეს, ხომ არ არის იქ საშოს ინფექციის ან საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები. საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ადრევე ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს სერიოზული გართულებისა და საბედისწერო შედეგის თავიდან აცილებას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ყველა ქალმა უნდა გაიაროს ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევა.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

ქალის სასქესო ორგანოების ანატომია

External-Genitalia-of-Human-Female-picture-sSOCქალის სასქესო ორგანოები იყოფა გარე და შიდა ორგანოებად. გარე სასქესო ორგანოებში შედის: ბოქვენი, დიდი სასირცხო ბაგეები, მცირე სასირცხო ბაგეები, კლიტორი, საშვილოსნოს ყელი. საქალწულე აპკი არის საზღვარი გარე და შიდა სასქესო ორგანოებს შორის.

შიდა სასქესო ორგანოებში მოთავსებულია სხეულის შიგნით, ე.წ. მცირე მენჯის ღრუში. შიდა სასქესო ორგანოებში შედის: საშვილოსნო, საშო, საშვილოსნოს დანამატები (საშვილოსნოს მილები და საკვერცხეები).

საკვერცხეებში, რომლებიც საშვილოსნოს ორივე მხარეს არის განთავსებული, ხდება კვერცხუჯრედების ზრდა და მომწიფება. საკვერცხეები აგრეთვე გამოიმუშავებენ მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელ ჰორმონებს.

ფალოპის (კვერცხსავალის) მილები საკვერცხეებს საშვილოსნოსთან აერთებენ. მილი შიგნიდან ამოფენილია მცირე ზომის ბუსუსებიანი გარსით, რომელიც საკვერცხიდან გამოსულ კვერცხუჯრედს ეხმარება საშვილოსნოს მიმართულებით მოძრაობაში.

საშვილოსნო ღრუ ორგანოს წარმოადგენს. ზომით იგი დაახლოებით მუშტის ტოლია. განაყოფიერების შემდეგ კვერცუჯრედი საშვილოსნოს შიგნითა გარსს მიემაგრება, რის შემდეგაც იწყება ორსულობის პროცესი.

vaginalreconstruction

საშვილოსნოს ყელი მდებარეობს საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, ხოლო მასში გამავალი წვრილი არხი წარმოადგენს ერთადერთ გასასვლელს საშოში. ჩვეულებრივ, არხის სანათური ფანქრის წვერზე დიდი არ არის, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ფართოვდება მშობიარობის დროს.

საშოს (ვაგინის) გარეთა ნაპრალი დიდ სასირცხო ბაგეებს შორის მდებარეობს. საშო რბილკედლებიან მილს წარმოადგენს, საიდანაც მშობიარობის დროს ბავშვის გამოსვლა ხდება. აქ ათავსებს მამაკაცი სასქესო ასოს (პენისს) სქესობრივი კავშირის დროს და აქედანვე ხდება მენსტრუალური სისხლდენა.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

როგორია ნორმალური მენსტრუალური ციკლი?

menstrual-cycle-worksთვეში ერთხელ საკვერცხეში წარმოიქმნება ახალი კვერცხუჯრედი. საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა (ოვულაცია) მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ხდება. გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოსკენ მიემართება. სანამ კვერცხუჯრედი საკვერცხეში იზრდება, საშილოსნოს შიგნითა გარსზე (ენდომეტრიუმზე) ახალი ზედაპირული შრე ყალიბდება, რათა ორსულობის განვითარების შემთხვევაში შეძლოს ჩანასახის კვება. თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდება, იგი დაიშლება და მენსტრუალური ციკლის ბოლოს მოხდება საშვილოსნოს შიგნითა გარსის ზედაპირული შრის მოცილება, რასაც მოჰყვება მენსტრუალური გამონადენი და ახალი მენსტრუალური ციკლის დაწყება.

მენსტრუაცია ქალის სქესობრივი მომწიფების მაუწყებელია და გამოიხატება საშოდან თვეში ერთხელ სისხლიანი გამონადენით. მენსტრუაცია ანუ სიხლდენა 3-7 დღე გრძელდება. მენსტრუაციის დროს იკარგება სისხლის მცირე რაოდენობა (100-150 მლ). პირველი მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, 11-14 წლის ასაკში აღენიშნებათ.

მენსტრუალური ციკლი მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება და შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და საშუალოდ 21-დან 35 დღემდე მერყეობს.

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს მენსტრუალური ციკლის მანძილზე ბევრი ქალი ამჩნევს. მაგალითად, მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იცვლება სარძევე ჯირკვლების ზომები და მგრძნობელობა. მენსტრუაციის წინა პერიოდში ზოგიერთი ქალი სხეულის შეშუპებას, გულისრევას და წელის ტკივილს უჩივის, ზოგს გუნება-განწყობა, მადა და ძილის ხასიათი ეცვლება. მენსტრუაციის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საშოდან მწირი გამონადენი შეიმჩნევა; მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში იგი გამჭვირვალე და წებოვანი ხდება და შემდეგ ისევ ქრება. მენსტრუაციის დასაწყისში ბევრ ქალს მუცლის ქვედა ნაწილში აქვს სპაზმური ხასიათის ტკივილი. ასეთივე ხანმოკლე ტკივილს ზოგი მგრძნობიარე ქალი შეიგრძნობს ოვულაციის დროსაც.

რეგულარული მენსტრუაცია გრძელდება მენოპაუზის (კლიმაქსის) პერიოდის დადგომამდე, ანუ მანამ, სანამ საკვერცხეებში თანდათან შეწყდება კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესი და ამით ქალი დაკარგავს დაორსულების უნარს. ეს, ჩვეულებრივ, 45-55 წლის ასაკში ხდება. მენოპაუზის დაწყებიდან მენსტრუაციის საბოლოო შეწყვეტამდე შეიძლება 4-5 წელი გავიდეს. ამ პერიოდში მენსტრუალური ციკლი შეიძლება კვლავ არარეგულარული გახდეს და მენსტრუალურმა გამონადენმა მოიმატოს ან დაიკლოს.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

როგორ უნდა შეფასდეს საშოსმიერი გამონადენი

womans-hands-on-abdomenსაშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი გამოიმუშავებს მცირეოდენ ლორწოვან სითხეს, რომელიც საშოში ჩამოედინება. ამ გამონაყოფის მეშვეობით ხდება საშოს სისუფთავის უზრუნველყოფა და მისი დაცვა ინფექციისაგან. გამონადენის ხასიათი დამოკიდებულია ქალის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და მენსტრუალური ციკლის პერიოდზე.

შინაგანი სასქესო ორგანოებისა და საშოს ინფიცირების შემთხვევაში საშოსმიერი გამონადენის ხასიათი იცვლება. საშოსმიერი გამონადენი პათოლოგიურად ჩაითვლება მაშინ, თუ მისი ოდენობა მოიმატებს, ის გამოიწვევს წვას, შესიებას ან ქავილს და ექნება არასასიამოვნო სუნი. თუ მსგავს სიმპტომებს შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს!

საშოსმიერი (ვაგინალური) ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია გარეგანი სასქესო ორგანოების სისუფთავის დაცვა. ამისათვის ყოველდღიურად უნდა დაიბანოთ აღნიშნული არე თბილი წყლითა და ხელის საპნით და კარგად შეიმშრალოთ. მიზანშეწონილია ბამბის საცვლების ტარება, მათი ყოველდღიურად გამოცვლა და პერიოდულად გამოხარშვა. სამენსტრუაციო საფენების და, განსაკუთრებით, ტამპონების გამოყენებისას მნიშვნელოვანია მათი ხშირი გამოცვლა. შესაძლო სერიოზული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ტამპონის გამოცვლა უნდა მოხდეს ყოველ 6 საათში ერთხელ.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”