კატეგორიის არქივი: სტატიები (გენდერი და სექსუალობა)

ინტერნალიზებული ჰომოფობია

enhanced-buzz-4145-1363031331-0

”თუ ჩვენ დავიჯერებთ იმას, რომ ვართ ავადმყოფები, ბოროტები, დევიანტები და სხვებს ზიანს ვაყენებთ ჩვენი არსებობით, ბოლოსდაბოლოს, იმაზეც დავიწყებთ ფიქრს, რომ ღირსნი არ ვართ სხვებთან – როგროც ჰეტეროსექსუალებთან, ისე ჰომოსექსუალებთან – თანასწორად გვქონდეს ურთიერთობა. საკუთარი თავის დადანაშაულებით ჩვენში მეორეხარისხოვნების შეგრძნებას ვნერგავთ. დაბალი თვითშეფასება ძლიერი შეფერხებაა ჩვენი პოტენციალისთვის: ჩვენ ან სიმართლედ ვცნობთ იმას, რომ არ ვართ კეთილგანწყობის, სიყვარულისა და უფლებების ქონის ღირსნი და რასაც გვთავაზობენ (რაოდენ არაადეკვატურიც არ უნდა იყოს ის), იმას უნდა დავჯერდეთ, ან მუდმივად უნდა ვუმტკიცოთ საკუთარ თავსა და სხვებს საპირისპირო. თვითშეფასების პრობლემები ხშირად გვაიძულებს მცირედით დავკმაყოფილდეთ მაშინ, როცა შეგვეძლო, რაღაც სრულად მოგვეთხოვა”.

სიუზან ფარი. ”სექსიზმი, როგორც ჰომოფობიის იარაღი” 1

ადამიანებისათვის, რომლებიც სოციალურად სტიგმატიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, საკუთარი თავის მიღება/აღიარება მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. მათ უწევთ ხელახლა გაიაზრონ სოციალიზაციის პროცესში შეთვისებული კულტურული ფასეულობები და ნორმები. იმის გამოსაკვლევად, თუ რა გავლენას შეიძლება ახდენდეს მარგინალიზებული ჯგუფის წევრზე საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობები და სტერეოტიპები, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა კენნე და მეიმი კლარკმა2 მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აფრო-ამერიკელ ბავშვებს სთავაზობდნენ აერჩიათ სათამაშოდ თოჯინები, რომელთაგანაც ერთი თეთრკანიან ადამიანს წააგავდა, მეორე – შავკანიანს. ბავშვების უმრავლესობა თვითიდენტიფიკაციას “შავკანიან თოჯინასთან” აკეთებდა, თუმცა, ექსპერიმენტატორების შეკითხვაზე, რომელი თოჯინა იყო ცუდი და რომელი კარგი, 66%-მა უპასუხა, რომ “შავკანიანი” თოჯინა ცუდი იყო, 93%-მა კი არჩია “თეთრკანიანი” თოჯინით ეთამაშა. ერთი სიტყვით, კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ აფრო-ამერიკული წარმოშობის ბავშვებმა 3 წლის ასაკში უკვე იცოდნენ, რომ შავკანიანად ყოფნა 40-იანი წლების რასისტულ ამერიკაში, არც თუ ისე კარგი იყო.

როგორც წესი, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ იმ ჯგუფის წარმომადგენლებიც ექცევიან, ვისაც ეს სტერეოტიპი ეხება. მომდევნო ექსპერიმენტებმა, რომელშიც სხვა დისკრიმინირებული ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დაადასტურა, რომ მათი უმეტესობა მეტად თუ ნაკლებად ახდენს იმ ნეგატიური განწყობის ინტერნალიზებას, რომელიც მათ მიმართ არსებობს საზოგადოებაში. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, სტუდენტებს (იქ თანაბრად იყვნენ ქალებიც და კაცებიც) სთხოვდნენ შეეფასებინათ მათივე თანატოლის წარმატება, რომელმაც რთული და მნიშვნელოვანი ამოცანა ამოხსნა. როდესაც საუბარი ეხებოდა ქალ სტუდენტს, ჯგუფის წევრების უმეტესობა, სქესის მიუხედავად წარმატებას შემთხვევითობად, გამართლებად მიიჩნევდა, მაშინ, როცა სტუდენტი ბიჭის შემთხვევაში წარმატებას მის უნარებს მიაწერდნენ.3 იგივე შედეგი აჩვენა უფრო მცირეწლოვან ბავშვებთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც. მეტიც, ბიჭებს, 10-11 წლის ასაკში უკვე შეეძლოთ საკუთარი ეგოს დაცვა და საკუთარ წარუმატებლობას შემთხვევითობას მიაწერდნენ, გოგონები კი, ყოველთვის, როცა რამე არ გამოსდიოდათ, საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ.4 ცხადია, რომ წარმოდგენა მამაკაცის “ინტელექტუალურ უპირატესობაზე” და დაბალი თვითშეფასება ჰაერიდან არ ჩნდება და სოციალიზაციის პროცესში მიღებული და გათავისებული წინასწარგანწყობის შედეგია.

ისევე, როგორც სხვა სტიგმატიზირებული ჯგუფის წარმომადგენელთათვის, ლგბტ ადამიანებისათვის ქსენოფობიურ გარემოში ცხოვრება უამრავ სტრესთანაა დაკავშირებული. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, ნეგატიური წინასწარგანწყობა, ზიზღი, სიძულვილი, სიბრალული, რომელიც ხშირად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა თუ სხვა ვერბალურ და/ან ფიზიკურ აგრესიაში მჟღავნდება, გავლენას ახდენს ამ ჯგუფის წარმომადგენელთა თვითშეფასებაზე. ჰეტეროსექსიზმით დამძიმებული საზოგადოება სხვადასხვა მექანიზმებს იყენებს იმისათვის, რათა დისკრიმინაციის გარდა, ჰომო/ ბისექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს თავს მოახვიოს მკაცრი გენდერული ნორმები და ჩაუნერგოს მათ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა.5 ცალკეულ შემთხვევებში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო აღძრულმა ნეგატიურმა განცდამ, შესაძლოა, გენერალიზებული ხასიათი მიიღოს და სერიოზულად იმოქმედოს ადამიანის მსოფლმხედველობასა და თვითაღქმის პროცესზე. შედეგების გამოვლენის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა: საკუთარი არასრულფასოვნების განცდიდან, საკუთარი თავის მიმართ ღიად გამოხატულ სიძულვილსა და თვითდესტრუქციულ ქცევამდე.6

კონფლიქტი/დისჰარმონია უმცირესობის წარმომადგენელსა და დომინირებულ სოციალურ გარემოს შორის – “უმცირესობის სტრესი” განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება გარდატეხის ასაკში, როდესაც ლგბტ მოზარდებს უჭირთ გაერკვნენ საკუთარ გრძნობებში და ხშირ შემთხვევაში არავინაა მათ გვერდით, ვისაც დახმარებისათვის მიმართავდნენ. სხვა უმცირესობათა ჯგუფის ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ისინი მეტწილად ვერ სარგებლობენ ოჯახის წევრების ან ნათესავების მხარდაჭერითაც კი, რაც მნიშვნელოვნად ამძიმებს მათ მდგომარეობას. დამატებით, ამ ასაკში მიკუთვნებულობა თანატოლების ჯგუფისადმი მნიშვნელოვანია. თუმცა, ახალგაზრდა გეები და ლესბოსელები მეგობრებთან ქამინგ აუთის დროს მინიმუმ ერთ მეგობარს მაინც კარგავენ.7 სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა გეებში მათ ჰეტეროსექსუალ თანატოლებთან შედარებით, 7-ჯერ უფრო მაღალია სუიციდური მცდელობების რიცხვი.8 ამ მოვლენის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მკვლევარები სწორედ ამგვარ ჰომოფობიურ გარემოში თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ სტრესსა და მხარდაჭერის არარსებობას ასახელებენ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი უმეტესობა ეფექტურად უმკლავდება სირთულეებს და მთლიანობის დარღვევის გარეშე წარმატებულ ადამიანად ყალიბდება.9

რაც შეეხება დეპრესიისადმი მიდრეკილებას, კვლევამ ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი სხვაობა სექსუალურად აქტიურ ჰომო, ჰეტერო და ბისექსუალებს შორის. თუმცა, მამაკაცებს შორის, რომლებიც ნაკლებ აქტიურები იყვნენ სექსუალურად, შესაბამისი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო (27.1% გეებში და 23.6% ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში). კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის კლინიკური ხარისხი უკავშირდება არა იმდენად სექსუალურ ორიენტაციას, რამდენადაც სექსუალურ აქტივობას (გეების 46%, რომელიც ასექსუალური ცხოვრების წესს არჩევს ან სხვა მიზეზის გამო ნაკლებად აქტიურია სექსუალურად, დეპრესიით იტანჯება, მაშინ, როცა სექსუალურად აქტიურ გეებში ეს მაჩვენებელი 6%-ია. ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 21.8% და 2.6%-ია) – ჰეტეროსექსუალ მამაკაცებზე ისევე მძიმედ მოქმედებს დაბალი სექსუალური აქტივობა, როგორც გეებზე, თუმცა, მთლიანობაში ეს მაჩვენებელი გეებში ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში. ქალების ჯგუფში (ჰომო/ბი/ჰეტეროსექსუალი ქალები) ეს სხვაობა უფრო მცირეა მამაკაცებთან შედარებით, თუმცა, ჰეტეროსექსუალ ქალებთან შედარებით, ლესბოსელებიც უფრო მიდრეკილი არიან დეპრესიისა და თვითდესტრუქციული ქცევისაკენ (მაგ. ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებელი).10

მეთოდოლოგიური შენიშვნების გარდა (მაგ. კვლევის მონაწილეეთა შერჩევის კრიტერიუმები, მათი მიკუთვნებულობა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისადმი, სხვა სტრესული გამოცდილების არსებობა, რომელიც არ უკავშირდება ორიენტაციას, კულტურული და სოციალური გარემო და სხვ.), რომელიც არ იძლევა ამ მონაცემების სრულად განზოგადოების საშუალებას, მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი სხვაობა არ შეიძლება აიხსნებოდეს მხოლოდ სოციალური პრესით (ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად აუცილებელია შედარებითი კროს-კულტურული კვლევების ჩატარება, რომელიც აჩვენებდა თუ როგორ იცვლება ნევროტიზმისა და სუიციდისადმი მიდრეკილება გეებს შორის სხვადასხვა ქვეყანასა და სოციალურ გარემოში ჰომოფობიის ხარისხის გათვალისწინებით). აუცილებელია საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესწავლა.11

ინტერნალიზებული ჰომოფობია სხვადასხვა სახით ვლინდება. საკუთარი თავისა და მეგობრების დაცვის მიზნით, ჰომოსექსუალები ხშირად მიმართავენ ჰეტეროსექსუალური ქცევის იმიტაციის პრაქტიკას. ერთი შეხედვით, ეს არც ისე რთულია, რადგან, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ყველა ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი ქცევისა და მეტყველების გამუდმებული კონტროლი ყოველდღიური სტრესის წყაროა, ეს არც ისე ეფექტური გამოსავალია მდგომარეობიდან. ადამიანები, რომლებიც ასეთ პრაქტიკას მიმართავენ, იძულებითი ქამინგ აუთის შიშის გამო არა მხოლოდ ურეაქციოდ ტოვებენ ზოგადად ლგბტ ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და ფიზიკური აგრესიის გამოვლინების ფაქტებს, არამედ ზოგჯერ თავად იქცევიან აგრესიულ ჰომოფობებად.

ის ადამიანები, რომელთა მხრიდან საკუთარი სექსუალობის ნაწილობრივ ან სრულად მიღებას/აღიარებას თან ახლავს ნეგატიური თვითშეფასება, ხშირად ზედმეტად კრიტიკულები არიან და გადაჭარბებული მომთხოვნელობით გამოირჩევიან როგორც საკუთარი თავის, ისე ლგბტ ჯგუფის სხვა წევრების მიმართ. ისინი ისწრაფვიან დაამყარონ ქცევის აბსოლუტური მორალური სტანდარტი გეებისა და ლესბოსელებისათვის, რაც ხშირად კონფლიქტების მიზეზი ხდება თავად  ჯგუფის შიგნით.12 ბევრი მათგანი ცდილობს გაემიჯნოს ჯგუფს და დაამტკიცოს, რომ ის უკეთესია, ვიდრე ჯგუფის სხვა წევრები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მაღალ “მორალურ სტანდარტებს”. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ისინი ითვისებენ “აგრესორის” როლს, ამტკიცებენ, რომ ჯგუფი არათუ არ საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და ზრუნვას, არამედ უმრავლესობის წევრთა მსგავსად ეწინააღმდეგებიან საყოველთაოდ აღიარებული უფლებების გავრცელებას ჯგუფის წევრებზე (ქორწინების უფლება, შვილად აყვანის უფლება და სხვ). მათი აგრესიის ობიექტი ხშირად ხდებიან ლგბტ აქტივისტები, რომლებიც მათი აზრით “ზედმეტ ყურადღებას იქცევენ და ამით ზრდიან ჰომოფობიურ განწყობას საზოგადოებაში”.

ჰომოფობიური გარემოს ნეგატიური შედეგების გაცნობიერება ავტომატურად სენსიტიურს არ ხდის ჯგუფის წევრებს სხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ. არაერთგვაროვანია დამოკიდებულება ჯგუფის შიგნითაც. ჰომო/ბი/ტრანსფობიის, სექსიზმის, ეიჯიზმისა და სოციალიზაციის პროცესში შეთვისებული სხვა სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების გამო, ჯგუფის ზოგიერთი წევრი უმცირესობის ორმაგი, ხანდახან სამმაგი სტატუსის მატარებელი ხდება და შესაბამისად, სტრესის გავლენა უფრო ძლიერდება.

კონფლიქტი საკუთარ სექსუალობასა და გარემოში არსებულ ნორმებს შორის ზოგს აიძულებს ასექსუალური ცხოვრების წესს მიმართონ ან უარი თქვან ხანგრძლივ, მყარ ურთიერთობებზე. ასეთი ადამიანები ხშირად ავლენენ ინტერესს “მიუწვდომელი ობიექტის” მიმართაც.

აგდებული დამოკიდებულება ჰეტეროსექსუალების მიმართ და მათთან კონტაქტისათვის თავის არიდება (ჰეტეროფობია), ისევე როგორც ჰიპერტროფირებული სიამაყე საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაციით, ასევე შეიძლება შეთვისებული ჰომოფობიის გამოვლენად ჩაითვალოს.

აფირმაციული გეი-თერაპიის მომხრენი დისკრიმინაციული ციკლის გაანალიზებისა და ინტერნალიზებული ჰომოფობიის ცალკეული კლინიკური გამოვლინების მაგალითებზე დაყრდნობით ასახელებენ შეთვისებული ჰომოფობიის დაძლევის რამდენიმე გზას:13

  • საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხართ;
  • თვითბრალდების ტენდენციის დაძლევა და დანაშაულის გრძნობის გადალახვა;
  • იზოლაციის ნეგატიური შედეგების გაცნობიერება და ინკლუზიურობისაკენ სწრაფვა;
  • ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საკუთარი მოსაზრებების ღიად გამოთქმას, დისკრიმინაციის ნეგატიური შედეგების ხაზგასმას (წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩათვალონ, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ იმ არადამაკმაყოფილებელი სტატუსითა და მდგომარეობით, რომელიც ამჟამად გაქვთ); დადებითი როლური მოდელების შექმნას და დემონსტრირებას; დისკრიმინირებულთა მხარდაჭერას და სხვ.

ეკა აღდგომელაშვილი

ჟურნალი „მე“. 2(11). 2009.

შენიშვნები:

  1. Suzanne Pharr. Homophobia: A Weapon of Sexism. CA: Chardon Press, 1988.
  1. Clark, K.B., & Clark, M.P. (1947). Racial identification and preference in Negro children. In T.M. Newcomb & E.L. Hartley (Eds.), Reading in social psychology. New York: Holt, Rinehart & Winston.
  1. Deaux K., Emsweiler T., 1974. Explanations of successful performance of sex-linked tasks : What is skill for male is luck for the female // Journal of Personality and Social Psychology. Vol.30. P.80-85.
  1. Nicholls, J. G. (1975). Causal attributions and other achievement-related cognitions: Effects of task outcomes, attainment value, and sex. Journal of Abnormal Psychology, 31, 379–389.
  1. Blumenfeld, W.J. (1992) Homophobia: How We All Pay The Price. Boston: Beacon Press.
  1. Gonsiorec, J.C. and Rudolph, J.R. (1991) Mental health issues of gay and lesbian adolescents. Journal of Adolescent Health Care. 9(2); 114-127.
  1. Ryan C, Futterman D. Caring for gay and lesbian teens. Contemporary Pediatrics. 1998;15(11):107–130)
  1. ლესბოსელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უმნიშვნელო აღმოჩნდა./ In the case of lesbians, this indicator was insignificant. Remafedi, G. (1994) Predic tors of unprotected intercourse among gay and bisexual youths: knowledge, beliefs and behaviour. Pediatrics, 94.
  1. Edwards, Willie J. (1996). A Sociological Analysis of an In/Visible Minority Group: Male Adolescent Homosexuals. Youth & Society, 27, No. 3, 334-355
  2. 10.Davies, D. and Neal, C. (Editors) (1996) Pink Therapy: a guide for counsellors and therapists working with lesbian, gay and bisexual clients. Buckingham, Open University Press.
  3. “ამ რეზულტატების განზოგადების შესაძლებლობა შეზღუდულია, რადგან დღემდე ჩატარებული კვლევები, რომელიც სწავლობდა სტრესის გავლენას ახალგაზრდა გეებზე, ლესბოსელებსა და ბისექსუალებზე, შეზღუდული იყო კლინიკის პაციენტებით, თავშესაფრების ბინადრებით და იმ ორგანიზაციებით, ვინც მუშაობს სახლიდან გაქცეულ ახალგაზრდებთან. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, როგორ უმკლავდებიან სტრესებს ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან. ბევრი ახალგაზრდა გეი და ლესბოსელი წარმატებით ართმევს თავს ამ პრობლემებს”. /DiPlacido, J. (1998). Minority Stress Among Lesbians, Gay Men, and Bisexuals: A Consequence of Heterosexism, Homophobia, and Stigmatization.in Gregory M. Herek (ed) Stigma and Sexual Orientation. Understanding Prejudice Against Lesbians, Gay Men, and Bisexuals. Vol.4. p. Sage Publications.
  4. Gonsiorek, John C. Ph.D., Sell, Randall L. ScD., Weinrich, James D. Ph.D. (1995). Definition and Measurement of Sexual Orientation. Suicide and Life- Threatening Behavior, 25, Supplement, 40-51.
  1. Davies, D. and Neal, C. (Editors) (1996) Pink Therapy: a guide for counsellors and therapists working with lesbian, gay and bisexual clients. Buckingham, Open University Press.

ლესბოსური ფემინიზმი: ბუჩი და ფემი

f30a8f97b237ab351e3f8790340b3afe

მოამზადა ნათია გვიანიშვილმა

გენდერისა და სექსუალობის გაგებამ იმ სახით, რაც დღეს გვაქვს, ჩამოყალიბება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დაიწყო, სექსოლოგიის, როგორც დარგის, გაჩენასთან ერთად. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა ზღვარი ტრანსგენდერ კაცსა და მასკულინურ ლესბოსელს შორის, ხოლო სექსუალური ორიენტაცია დანახული იყო, როგორც გენდერული თვითაღქმის განუყოფელი კომპონენტი. ანუ, ჭეშმარიტი ქალიც და კაციც მხოლოდ ჰეტეროსექსუალი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სექსოლოგები თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტი „ინვერტი“ ანუ ლესბოსელი ქალი აუცილებლად მასკულინურია, ხოლო ფემინური ინვერტს ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში ჩაბმის პოტენციალი ჰქონდა და მხოლოდ რაღაც გარემოებების გამო მოხვდა ქალ პარტნიორთან, რომელიც “კაცის როლს” ასრულებდა.

ბუჩი და ფემი (Butch and Femme), როგორც ლესბოსურ სუბკულტურაში არსებული გენდერული თვითგამოხატვის კატეგორია, გაჩნდა (უფრო სწორედ, სახელდებულ იქნა) მეოცე საუკუნის დასაწყისში.

გამარტივებულად რომ ავხსნათ, ბუჩი წარმოაჩენს ტიპიურად მასკულინურ როლს (თუმცა თავს ქალად აღიქვამს), ხოლო ფემის თვითგამოხატვა საზოგადოებაში მიღებული ფემინურობის სტანდარტებს შეესაბამება.

1940–იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკულ ლესბოსურ სუბკულტურაში ბუჩი/ფემი იდენტობები ყველაზე ადვილად ამოცნობადი და მიღებული იყო. მიუღებლად ითვლებოდა ამ ორი კატეგორიიდან გადახვევა. ლესბოსელებს, რომლებიც არ ჯდებოდნენ ბუჩის/ფემის კატეგორიაში, „კიკის“ ეძახდნენ. ასევე დაუწერელი კანონების მიხედვით ტაბუირებული იყო ორ ბუჩსა და ორ ფემს შორის სასიყვარულო ურთიერთობა.

1970–იანი წლებიდან ლესბოსელმა ფემინისტებმა, რომლებისთვისაც საზოგადოებაში მიღებული გენდერული ნორმები მიუღებელი იყო, ბუჩებისა და ფემების უარყოფით შუქში წარმოჩენა და დევნა დაიწყეს. მათი აზრით ბუჩების და ფემების ურთიერთობა ჰეტერონორმატიული (კაცსა და ქალს შორის) ურთიერთობის მოდელის მიბაძვა იყო. ლესბოსელი ფემინისტები თვლიდნენ, რომ ქალი ანდროგინული უნდა იყოს და არ უნდა ავლენდეს არც არსებითად მასკულინურ (რომლებიც პრივილეგიის შემცველი იყო) და არც არსებითად ფემინურ (რომლებიც ქალის სექსუალურ ობიექტად ქცევას უწყობდა ხელს) მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ თავად ლესბოსელი ფემინისტები ხუმრობდნენ შემდგომში, რომ ლესბოსელის ეს ანდროგინული მოდელი, რატომღაც ყოველთვის უფრო ჰგავდა ბუჩს.

1980–იან და 1990–იან წლებიდან ბუჩი და ფემი იდენტობების რეაბილიტაცია მოხდა. შეიცვალა მანამდე არსებული დაუწერელი კანონებიც და წყვილში მყოფი ბუჩები და ფემებიც გამოჩნდნენ საჯაროდ. ამის მიზეზად მეტწილად ითვლება ის, რომ ამ პერიოდიდან იცვლება გენდერული იდენტობების და გენდერული თვითგამოხატვის მიმართ დამოკიდებულება და ხდება გენდერული როლების მრავალფეროვნების აღიარება.

ლესბოსური ფემინიზმი: დასაწყისი

Lesbian-Feminism-624x416

მოამზადა ნათია გვიანიშვილმა

ლესბოსური ფემინიზმი, როგორც მიმდინარეობა 1970–იანი წლებში წარმოიშვა ამერიკის ქალთა ეროვნულ ორგანიზაციაში (National Organization of Women) ლესბოსელი და ჰეტეროსექსუალი ფემინისტების დაპირისპირების შედეგად. ამ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასევე იმ პერიოდში არსებული გეი მოძრაობის (Gay Liberation Front) სექსისტურმა დამოკიდებულებამ ლესბოსელი ქალებისადმი.

მეორე ტალღის ფემინიზმი, რომელიც ზემოხსენებულ პერიოდს ემთხვეოდა და ძირითადად ქალის სექსუალობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახში როლის გადაფასების თემებს წამოწევდა წინ, ასევე ხასიათდება მოძრაობის შიგნით ქალების სხვადასხვა ჯგუფებს შორის იდეოლოგიური დაპირისპირებით. თუმცა ეს დაპირისპირება იქცა ბევრი ახალი და ძლიერი ჯგუფის და მნიშვნელოვანი ფემინისტური ნაშრომისშექმნის მიზეზად. ფემინიზმი, რომელიც ამ დრომდე თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი და საშუალო კლასის ქალების კუთვნილება იყო, სწორედ 60–70–იან წლებში იცვლებადა უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს მრავალფეროვნება უფრო სრულადაა ასახული მესამე ტალღის ფემინიზმში.

1969 წელს ამერიკის ქალთა ეროვნული ორგანიზაციის (NOW)-ს თავმჯდომარემ და ცნობილმა ფემინისტმა ავტორმა ბეტი ფრიდანმა, ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ ფემინისტური მოძრაობის ფარგლებში ლესბოსელი ქალებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, მთლიან მოძრაობას შეუქმნიდა საფრთხეს. მისი და ბევრი სხვა ჰეტეროსექსუალი აქტივისტის აზრით, ლესბოსელი ქალების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები ქალთა მოძრაობას რეპუტაციას გაუფუჭებდა და დასახული მიზნების მიღწევაში შეუშლიდა ხელს.  ფრიდანმა ლესბოსურ ჯგუფებს „ლილისფერი საფრთხე“  (lavender menace) უწოდა. ამ განცხადების შედეგად მოძრაობა ბევრმა ლესბოსელმა ფემინისტმა დატოვა, მათ შორის, ცნობილმა  მწერალმა, რიტა მეი ბრაუნმა. ეს ინციდენტი იქცა ქალთა მოძრაობაში განხეთქილების საწყის წერტილად, და, ამავე დროს, ახალი, ძლიერი ფემინისტური ჯგუფების ჩამოყალიბების მიზეზად.

ლესბოსური ფემინიზმის, როგორც მიმდინარეობის მთავარი არსი ჰეტეროსექსუალობის ბუნებრივობის შესახებ მითის დანგრევა გახლდათ. ლესბოსელი ფემინისტები იმის ცხადყოფას ცდილობდნენ, რომ ჰეტეროსექსუალობას ფესვები ჩაგვრის ისეთ სისტემებში აქვს გადგმული, როგორიცაა პატრიარქატი, კაპიტალიზმი და კოლონიალიზმი.

ფემინისტი თეორეტიკოსი შილა ჯეფრისი გამოყოფს ლესბოსური ფემინიზმის შვიდ სვეტს:

  1. ქალების ერთმანეთისადმი სიყვარულის ხაზგასმა;
  2. სეპარატისტული თვითორგანიზება;
  3. თემი და თემში იდეების გაცვლა;
  4. ლესბოსელობა, როგორც არჩევანი და წინააღმდეგობის გაწევის ფორმა;
  5. პირადის პოლიტიკურობის აღიარება;
  6. სოციალური იერარქიის უარყოფა;
  7. კაცების უპირატესობის კრიტიკა და უთანასწორობის ეროტიზაციისადმი წინააღმდეგობის გაწევა.

მეინსტრიმული ფემინისტური მოძრაობიდან გამოყოფის შედეგად გაჩნდა ისეთი ძლიერი ლესბოსურ ფემინისტური ჯგუფები, როგორიცაა The Furies – ამ ჯგუფს თავისი კომუნაც ჰქონდა, და თავის გაზეთს გამოსცემდა ერთი წლის განმავლობაში (1972-1973);  და Radicalesbians, რომელმაც პირველი ლესბოსური მანიფესტიThe-Woman-Identified-Woman დაწერა.

ლესბოსელი ფემინიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სეპარატიზმი, ანუ ქალის კაცისგან სრული გამოცალკევება, რომელიც მათი აზრით ერთადერთი საშუალება იყო ქალისათვის მისი ავტონომიური იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. ლესბოსელი ფემინისტების აზრით, იქიდან გამომდინარე,  რომ სექსიზმი არის ყველანაირი ჩაგვრის ძირი; ამ ჩაგვრის მოსასპობად საჭიროა ქალი ჩამოშორდეს კაცს. ამგვარად, ლესბოსელობა სცილდება პიროვნულ სექსუალურ/რომანტიკულ არჩევანს და იძენს პოლიტიკური არჩევანისა და რეზისტენციის ფორმას.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ლესბოსელებად საკუთარი ძლიერი თვითიდენტიფიკაციისა, ლესბოსელი ფემინისტების აზრით ადამიანების დაყოფა სექსუალური ორიენტაციების მიხედვით სწორედ პატრიარქალური და ჰეტეროსექსისტური ჩაგვრის ამოსავალი წერტილი იყო.

იდეოლოგიური ჰომოფობია

ide

ეკა აღდგომელაშვილი

ჟურნალი სოლიდარობა. 2009 №3(30)

რევოლუციამდელ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები მამაკაცთა შორის კანონით ისჯებოდა. ძალადობრივი ჰომოსექსუალური კავშირისათვის დამნაშავეს ციმბირში გადასახლება და კატორღა ელოდა. რაც შეეხება ნებაყოფილობით ურთიერთობებს, XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიაში ხელისუფლებაც და ეკლესიაც თვალს ხუჭავდა ასეთ შემთხვევებზე, მით უმეტეს, როდესაც საქმე არისტოკრატიული წრის წარმო მადგენლებს ეხებოდა. ბოჰემური სალონები, სადაც მაშინდელი არისტოკრატია, მხატვრები დაპოეტები იკრიბებოდნენ, საკმაოდ თავისუფალი იყო სექსუალური მორალისტური დოგმებისაგან. პარალელურად არსებობდა მეორე სუბკულტურაც, რომელიც კომერციული სექსით დასაქმებულ ადამიანებს აერთიანებდა. XIX საუკუნის დამლევსა და XX-ის დასაწყისში, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში, თბილისშიც არსებობდა ადგილები, ე.წ. „პლეშკები“, სადაც სექსუალური პარტნიორის პოვნა იყო შესაძლებელი. ორთაჭალის ბაღები და გოგირდის აბანოები ამდაგვარ ადგილებად იყო ცნობილი. კინტოები, რომლებიც ამ სუბკულტურის ნაწილს წარმოადგენდნენ, ორგანულად თანაარსებობდნენ სხვა ქალაქურ სუბკულტურებთან, (გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი ეს სუბკულტურა. ამ თემის გამოძახილს აკა მორჩილაძის რომანშიცვხვდებით, რომლის სათაურია „გადაფრენა მადათოვზე და უკან“). ჰომოეროტიკული თემატიკა საკმაოდ პოპულარული იყო XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ სახვით ხელოვნებაშიც.

დასავლეთ ევროპაში მიმდინარე ჰომოსექსუალობის ფსიქიატრიზაციის პროცესმა გავლენა რუსეთზეც იქონია, და იქონია სამართლებრივი კუთხითაც. ბოლშევიკები ჰომოსექსუალობას „ბურჟუაზიული გახრწნილების“ გამოვლინებად თვლიდნენ და მყარად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ პროლეტარული რევოლუციის შემდეგ ჰომოსექსუალობა, ისევე, როგორც „სექსუალური გარყვნილების“ სხვა ფორმები, მთლიანად გაქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტრევოლუციურ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის ინიციატორები კადეტები და ანარქისტები იყვნენ და არა ბოლშევიკები, საბჭოთა მედიკოსები და იურისტები დიდხანს კეკლუცობდნენ ამგვარი „ჰუმანური კანონმდებლობით“:

„საბჭოთა კანონმდებლობა რ ცნობს დანაშაულს, ომელიც ზნეობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი ანონმდებლობა, საზოგადოების დაცვის პრინციპებიდან ამომდინარე, ითვალისწინებს სასჯელს მხოლოდ იმ ემთხვევაში, როცა ჰომოსექსუალის ინტერესის ობიექტი ცირეწლოვანი ან რასრულწლოვანია“ „დიდი საბჭოთა ნციკლოპედია“, 1930).

თუმცა მორალური ფასეულობების ტრადიციული სისტემების ახლით ჩანაცვლება საბოლოოდ „ბოლშევიკური ვულგარული პურიტანიზმით“ დასრულდა. სექსუალური თავისუფლება და კულტურა ბურჟუაზიულ გადმონაშთად და იდეოლოგიურად საშიშ მოვლენად გამოცხადდა. თავად სექსუალობა სქესობრივ ინსტინქტამდე იქნა დაყვანილი და სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა მოქცეული. ახალმა კანონმა „ოჯახისა და ქორწინე ბის შესახებ“ გაართულა განქორწინების პროცედურა, აიკრძალა აბორტები, სექსუალობა ნელ-ნელა მთლიანად გაქრა საჯარო დისკურსიდან. სექსსა და სექსუალობაზე საუბარი შეურაცხყოფასა და უხამსობას გაუტოლდა. ჰომოფობია კი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში იქნა აყვანილი.

ოციანი წლების დასაწყისის რუსეთისაგან განსხვავებით, როცა ბოლშევიკები თავს იწონებდნენ „პროგრესულობითა“ და სექსუალური საკითხების მიმართმეცნიერული მიდგომებით, ჰომოსექსუალობა დაავადებიდან და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებიდან სახელმწიფო დანაშულად იქცა. ვილჰელმ რაიხი წერდა, რომ 121-ე სტატიის მიღების შემდეგ, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა, ბანდიტიზმი, კონტრევოლუციური მოქმედება და შპიონაჟი ერთ რანგში განიხილებოდა როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. სტალინის სიცოცხლეში ჰომოსექსუალთა დევნა-დაკავებით მილიცია კი არა, სწორედ სახელმწიფო უშიშროება იყო დაკავებული.1

ჰენრიხ იაგოდა, რომელიც იმ ლებში უშიშროების კომიტეტის ავმჯდომარის მოადგილე იყო, 933 წელს (ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებამდე) სტალინისადმი მიწერილ მოხსენებით არათში წერს „პედერასტთა აჯგუფების“ წევრთა დაპატიმრების შესახებ, რომლებიც

„ქმნიდნენ სალონებს, არყვნილების ბუნაგებისა და ედერასტთა მცირე ჯგუფებისგაერთიანებას, შემდგომშიმისი ჯაშუშურ ქსელად ამოყალიბების მიზნით“.

ჰომოსექსუალთა ქვეყნის მტრად შერაცხვისათვის იდეოლოგიური აფუძველი მაქსიმ გორკიმ მოამზადა. 1933 წელს „პრავდასა“და „იზვესტიაში“ ქვეყნდება ისი ცნობილი წერილი პროლეტარული ჰუმანიზმი“:

„ათობით კი არა, ათასობით ფაქტი მეტყველებს ევროპის ახალგაზრდებზე ფაშიზმის დამანგრეველ, გამრყვნელ გავლენაზე. ფაქტების ჩამოთვლა – საზიზღრობაა, გონებაც არ უნდა გადატვირთო ბურჟუაზიის მიერ დიდი მონდომებით შეთხზული და გავრცელებული სიბინძურით, რაც სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, სადაც პროლეტარიატის ვაჟკაცური და წარმატებული მმართველობაა, ახალგაზრდობის გამრყვნელი ჰომოსექსუალობა სოციალურ დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება, დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების „კულტურულ ქვეყანაში“ კი ჰომოსექსუალები თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედებენ. უკვე გავრცელდა სარკასტული გამოთქმა: „გაანადგურეთ ჰომოსექსუალობა და ფაშიზმი გაქრება!“2

ინგლისელი მკვლევარის დენ ჰილის აზრით, 1934 წლიდან, როდესაც ჰომოსექსუალობაკანონით დასჯადი გახდა, საბჭოთაკავშირის არსებობის მანძილზე დაახლოებით 60 000 ადამიანი გასამართლდა ამ ბრალდებით. ჰილი ამ მონაცემების გავრცელებისას არქივებში არსებულ მასალებს ეყრდნობა და იქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან წიგნზე მუშაობისას მას ხელი არ მიუწვდებოდა უშიშროების სამსახურის არქივებზე და არ არსებობს ინფორმაცია მის მიერ ამ მუხლის გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემების უზუსტობაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტებიც, რომ, როგორც ჰილის გამოკვლევიდან ჩანს, პოპულარული ან ცნობილი ადამიანების შემთხვევაში უშიშროების წარმომადგენლები ამჯობინებდნენ ბრალი ჰომოსექსუალური ურთიერთობისთვის კი არა, კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის წაეყენებინათ. უფრო გვიანდელ პერიოდში, 60-იანი წლებიდან მოკიდებული, ამ მუხლს ხშირად იყენებდნენ როგორც სასჯელს „სხვაგვარად“ მოაზროვნე ადამიანებისათვის, რომლებიც არ ეწერებოდნენ საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურ სქემაში. აკადემიკოს კონის აზრით, ხრუშოვისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, დისიდენტთა რიცხვის ხელოვნურად შემცირების მიზნით, უშიშროება ხშირად სწორედ მამათმავლობის ბრალდებით აგზავნიდა ციხეში მისთვის არასასურველ პირებს.

სტალინის შემდგომ ეპოქაში საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაციის ფონზე რეპრესიული მექანიზმები ერთგვარად შესუსტდა, თუმცა სექსუალობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე ტაბუირებულ თემად დარჩა. 60-იან წლების დასავლეთის სექსუალურ კულტურაში მიმდინარე ცვლილებების ზოგადი ტენდენციები (სექსუალური სიმწიფის ასაკის დაწევა, ქორწინებამდელი სექსის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, ორმაგი სტანდარტის გაუქმება ქალისა და მამაკაცის სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით, ქალების რესექსუალიზაცია, ინტერესის ზრდა ეროტიკისადმი და სხვ.) მოგვიანებით საბჭოთა მოქალაქეების სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახა. განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, დასავლეთში ეს ცვლილებები ათწლეულების მანძილზე საჯარო დისკუსიებისა და განხილვის თემად იყო ქცეული, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საზოგადოებას თანდათანობით გაეაზრებინა და გაეცნობიერებინა ამ ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები. „ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქცევა და ფასეულობები იცვლებოდა, საზოგადოება კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ღრმა, შეუქცევადი პროცესების დაწყების სიმპტომები განიხილებოდა როგორც ერთეული, განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც „გარყვნილი დასავლეთის“ გავლენით იყო გამოწვეული“.3

„ტრადიციებთან და მართლმადიდებლურ ფასეულობებთან“ დაბრუნების მცდელობა და ტოტალიტარული რეჟიმის მძიმე მემკვიდრეობა (დამოკიდებულება ზოგადად „განსხვავებულობისადმი“, სექსუალური შფოთვის მაღალი ხარისხი, ზოგადი სექსუალური განათლების დაბალი დონე), – სწორედ ასეთი გახლდათ სოციო-კულტურული ფონი, როდესაც 90-იანი წლების დამდეგს პირველად დაირღვა 70-წლიანი ტაბუ მედიაში.

ჰომოსექსუალობა, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

პირველი ქართულენოვანი გაზეთი („შანსი“), რომელმაც გაბედა და დაბეჭდა სტატია პროსტიტუციაზე, ეკლესიამ ანათემას გადასცა. საჯარო საუბრები სექსზე მძიმედ, მაგრამ მაინც დაიწყო. ქართული საზოგადოება „გამოუტყდა“ საკუთარ თავს, რომ ფრაზა „უნას სეკსა ნეტ“, სწორად არ ასა ხავდა რეალობას. ქართულ მედიაბაზარზე ახლად გამოჩენილი იაფფასიანი ეროტიკული გაზეთების გარდა სექსუალობა და სექსთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებრივპოლიტიკური პრესის ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა.

საწყის ეტაპზე სტატიები ძირითადად სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, აბორტის თემას, შიდსსა და პროსტიტუციას ეხებოდა. ტერმინი „ჰომოსექსუალიც“ პირველად შიდსისა და პროსტიტუციის თემასთან დაკავშირებით გამოჩნდა ქართულ პრესაში. ერთი-ორი ვრცელი სტატიის გარდა, რომლებიც დიდი ხნით იქცა განსჯის საგნად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში „ჰომოსექსუალი“ მხოლოდ საზღვარგარეთ მოღვაწე შოუბიზნესის წარმომადგენელთა შესახებ უცხოური პრესიდან გადმობეჭდილ მასალებში გვხვდებოდა. თუმცა სიტუაცია მკვეთრად იცვლება 90-იანი წლების ბოლოს.

90-იანი წლებიდან მოკიდებული, ჰომოსექსუალობის რეპრეზენტირებასთან დაკავშირებით ქართულ მედიასივრცეში შესამჩნევი გახდა გარკვეული დინამიკა. პრესაში თემის გააქტიურება ემთხვევა პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე ძალაუფლების გადანაწილების პროცესებს (1999-2003, 2007-08). მასალების თვისებრივი ანალიზი ნათლად აჩვენებს, როგორ ხდება „არატრადიციული“ სექსუალობა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თემა უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს, პოლიტიკოსთა შეფასებები მძაფრდება, ბრალდებების ადრესატები კი კონკრეტული პოლიტიკური ძალები არიან.

მორალური პანიკის პირველი პიკი 1999-2003 წლების პერიოდს ემთხვევა, როცა ჰომოსექსუალობის თემამ პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა. პრესაში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა სტატიები მყვირალა სათაურებით: „საქართველოს ჰომოსექსუალისტები მართავენ“, „მიუხედავად იმისა, რომ „ცისფერები“ არ მრავლდებიან, ისინი საკმაოდ მომრავლდნენ”, „ცისფერიდან – შავამდე. პოლიტიკური პალიტრა“, „მეტაკუნე ევროპელი ვაჟკაცები“, „ხალხის მტრები, სუკის აგენტები და… პედერასტები“…

პოლიტიკოსთა ნაწილი ისე ხშირად საუბრობდა „ჰომოსექსუალიზმის პრობლემაზე“, რომ მასთან „ბრძოლა“ ლამის პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად აქ ციეს. ტელევიზიით ხშირად გაიგონებდით ასეთ მოწოდებებს: „ჰომოსექსუალები ერთ გემზე უნდა შეყარო და ზღვაში ჩაახრჩო“, „თუ დემოკრატიის პრინციპით ვიმსჯელებთ, მაგათ თავი უნდა დაანებო, თუ დიქტატურის – ავადმყოფი აკვანშივე უნდა მოკლა..“ გარდა ღია ეთერით გაკეთებული პროფაშისტური განცხადებებისა, გარდა ზოგადად ჰომოსექსუალისტთა მიმართ და პოლიტიკურ ფიგურათა სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრისა, აქტიურად იწყება მითის შექმნა „ცისფერთა შეთქმულების“ შესახებ, რომლებიც „ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ“.

წინასაარჩევნო პერიოდის მედიასივრცე იმდენად იყო გაჟღენთილი ჰომოფობიური გამონათქვამებით, რომ იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოარხის (რადიო 105-ის) იუმორისტულ არტებშიც გაისმა მოწოდება: „ბიჭები გადამალეთ! პედერასტები მოდიან“.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პანიკა „ცისფერთა შეთქმულების“ შესახებ ჩაცხრა. ჰომოსექსუალთა თემა ნაკლებად განიხილებოდა პოლიტიკურ კონტექსტში. სტატიებმა ჰომოსექსუალთა შესახებ სერიოზული გამოცემების პირველი გვერდებიდან ნელ-ნელა „ყვითელი პრესის“ ფურცლებზე გადაინაცვლა.

მორალური პანიკის მომდევნო ტალღა მედიაში 2007 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში აგორდა.

გაზეთმა „ალიამ“ 2007 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში „დაგეგმილი“ გეიაღლუმის თაობაზე. თუმცა, სასურველ მიზანს (აჟიოტაჟის შექმნას თემის გარშემო) მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც ჟურნალისტმა არაპირდაპირი გზით „დაადანაშაულა“ ქვეყნის ხელისუფლება მითიური არლუმის მხარდაჭერაში.

„არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის მთავრობასთან შეთანხმებით, თბილისში გრანდიოზული გეი-პარადი ჩატარდება.. ისე, თბილისში პუტინს დასცინოდნენ, როცა მოსკოვში გეების თავყრილობა დაარბია – სექსუალურიუმცირესობის უფლებებს არღვევსო.. ვნახოთ, გახდება თუ არა თავად სააკაშვილი დაცინვის საგანი“.3

გაზეთის მიერ აგორებულმა ისტერიამ ნელ-ნელა სხვა ფორმა მიიღო. თემით სპეკულირება უკვე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა და ცალკეულმა ინსტიტუტებმა დაიწყეს.

„მჯერა, რომ ეს იდეა კანცელარიიდან მოდის.ჰომოსექსუალების აღლუმი არსებული რეჟიმის მიერაა დაგეგმილი, ვინაიდან მათ ასეც სურთ, მსოფლიოსა და ევროსაბჭოს მოაჩვენონ,საქართველოში დემოკრატია ვითარდება და ადამიანის უფლებები დაცულიაო, სანაცვლოდ კი იქიდანგრანტები მიიღონ. დაღუპვის გზაზე მდგარი საქართველო ჰომოსექსუალების აღლუმს არ დაუშვებს!“4

„ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მოწყობელი აქცია, რადგან მის რეჟიმში არის ბევრი გაურკვეველი სქესისა და ორიენტაციის ადამიანი და ამგვარი „პარადის“ ჩატარებასპრეზიდენტთან ერთად ისინიც ლობირებენ…“5

„საქმე ძალიან სერიოზულ ორგანიზაციასთან გვაქვს, რომელსაც მიზნის მისაღწევად უდიდესი შემართება, შორს მიმავალი გეგმები და რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნია“.6

დადგენილია, რომ სოციალური ფობიები და ჯგუფური სიძულ ვილის გამოვლინების სხვადასხვა ფორმები განსაკუთრებით ძლიერდება სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისის პერიოდებში, როდესაც აქტუალური ხდება ხილული მტრის ხატის შექმნა. არსებული ქსენოფობიური დამოკიდებულება ეთნიკური, რელიგიური უმცირესობებისა თუ ჰომოსექსუალების მიმართ ნოყიერ ნიადაგს ქმნის საზოგადოებრივი აზრის მანიპუ-ლირებისათვის და ჯერჯერობით აქტიურად გამოიყენება ცალკეული პოლიტიკური ძალების მიერ.

 

ჰომოფობია, როგორც სოციალური პრობლემა

2007-08 წლებში წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ნეგატიურ შეფასებათა პროცენტული მაჩვენებელი. თუმცა ნეიტრალურ შეფასებათა შემცირების ხარჯზე პოზიტიური შეფასებებიც გაჩნდა. წინა კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ნეიტრალურ შეფასებათა 88% შეადგენდა ინფორმაციას უცხოური პრესიდან გადმობეჭდილ შოუბიზნესისა და სპორტის სფეროში მოღვაწე უცხოელ ჰომო/ბი/ტრანსექსუალების შესახებ. ამ გზით ხდებოდა „განსხვავებული“ სექსუალობისაგან, როგორც „დასავლური მოვლენისაგან“, დისტანცირება. ნეიტრალურიხასიათის ინფორმაციებში აღნიშნული ტენდენცია ამჟამადაც შენარჩუნებულია.

ნეიტრალურ შეფასებათა პროცენტული მაჩვენებლის კლების ხარჯზე მკვეთრადნეგატიური/პოზიტიური ხასიათის შეფასებათა მატება, ერთი მხრივ, შეიძლება უკავშირდებოდეს ლგბტ ჯგუფის ხილვადობის გაზრდას (ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის დაარსებასა და მისი აქტივობას). მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური და სოციო-კულტურული მოვლენებიც, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და „ტრადიციულ“ ფასეულობებთან დაბრუნების მცდელობა მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სახით როდი იჩენს თავს. ფასეულობათა გადაფასება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. შეფასებათა ამგვარი გადანაწილება ერთგვარად აირეკლავს სწორედ ამგვარი კრიზისეული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფასეულობათა და ღირებულებათა პოლარიზაციის პროცესს.

პოზიტიურ შეფასებებში, ლგბტ ადამიანთა პოზიტიური ხატის შექმნის გარდა, ჰომობოფიური ტენდენციების კრიტიკასა და მის სოციალურ პრობლემად შეფასების ფაქტებსაც მოვიაზრებთ. აღსანიშნავია, რომ პოზიტიური შეფასებები ძირითადად სწორედ ჰომოფობიისა და ჰომოფობთა კრიტიკის ხარჯზე გაიზარდა.7

მნიშვნელოვანია, რომ ჰომოფობიის კრიტიკა ქსენოფობიის კონტექსტში დაიწყო. ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა, ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თვითოეული ეს მოვლენა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან, ბრძოლის მნიშვნელოვნებასა და აუცილებლობას, ცოდნისა და განათლების როლს ქსენოფბიის სხვადასხვა ფორმებისა და მათ შორის ჰომოფობიის დაძლევაში.

„ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობაჰუმანიზმის პროპაგანდაა დაარა – ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, ანუ შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე.“8

საინტერესოა, რომ რესპონდენტთა ერთი ნაწილის გაღიზიანების საგანი სწორედ ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა გახდა. ეს გაღიზიანება მკაფიოდ გამოჩნდა იმ არაერთგვაროვან რეაქციებში, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული აქციის „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“-ს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვა ქართულენოვან მედიასაშუალებებში9:

დათო ზურაბიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე: თუ ასეთი აღლუმი გაიმართება, ალბათ მის მონაწილეებს სცემენ, პოლიცია ალბათ გააშველებს, მაგრამ ერთი-ორს თავადაც დაამატებს. რამდენადაც მე ვიცი, იგეგმება სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ერთიანი აქცია, რაც არასწორად მიმაჩნია. მე ამ უმცირესობებს ერთ სიბრტყეში არ განვიხილავ. შეიძლება ძალიან კონსერვატორად ჩამთვალოთ, მაგრამ ჩემთვის ტერმინი სექსუალური უმცირესობა ძალიანმიუღებელია. ასეთ აღლუმს, რა თქმა უნდა, საქართველოში არ ვისურვებდი10

„სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ მიმართვიდან:

საყურადღებოა ისიც, რომ ამჯერად სოდომის ცოდვის გამამართლებელნი ცდილობენ, თავიანთ გამოსვლას პოლიტიკური ხასიათი შესძინონ: ისინი ეთნო, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს აერთიანებენ და ზოგადად ყოველგვარი უმცირესობის სახელითგამოდიან. არა გვგონია ამ ტიპის „გაერთიანებას“ მიესალმონ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და თავიანთი ეროვნული და რელიგიური პოზიციები იმ ზომამდე დააკნინონ11

მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი: „გეიაღლუმის“ ორგანიზატორმა ორგანიზაციამ სიბინძურის მეტ-ნაკლებად დასაფარად თვალის ახვევის საკმაოდ უსუსურ ხერხს მიმართა და „ინტერკულტურული“, „ინტერრელიგიურობის“ ტერმინის ქვეშ, ძალაუნებურად, თანამონაწილე გახადეს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში სოდომური ცოდვის სტიმულირებაპროპაგანდისა“.12

 

მობილიზაციური სტრატეგიები

2006 წლის ჩათვლით „არატრადიციული“ სექსუალობა, როგორც წესი, სოციალურ დევიაციებთან (ქურდობა,პროსტიტუცია, ნარკომანია) ერთად გვხვდება შესაბამის რუბრიკებში და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. აღნიშნული დისკურსიული სტრატეგია მიმართულია ჰომოსექსუალობის როგორც საფრთხის წარმოსაჩენად. პრობლემის წარმოჩენის პროცესში აქტივობის ორ სახეს სიგნიფიკაციის გზით უკავშირებენ ერთმანეთს, რათა ხელოვნურად გაზარდონ მოსალოდნელი „საფრთხის“ მასშტაბები და გააძლიერონ ნეგატიური ეფექტი. ბოლო ორი წლის მანძილზე მობილიზაციური სტრატეგიები შეიცვალა, განსხვავებულია საფრთხეთა ჩამონათვალიც: დემოგრაფიული კატასტროფა, სტიქიური კატაკლიზმები, საფრთხე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება:

„მაინც, რა სიკეთე უნდა მოუტანონ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფ ქვეყანას მინაზებულმა, „ცისფერმა კაცებმა“ და გამამლებულმა, „ვარდისფერმა ქალბიჭებმა?“ – შეძრულია საზოგადოებრიობა, რომელსაც საფიქრალი და საზრუნავი ისედაც თავსაყრელად აქვს “ 13

„სოდომის ცოდვას“ შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური მოსპობაც მოჰყვეს. დამტკიცებულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ცოდვა მოდებულია, სტიქიური უბედურებები ხშირია. ბიბლიიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ გარყვნილებას ღმერთის განრისხება მოჰყვება“, – აღნიშნა ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირონ სალუქვაძემ. 14

სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიმართვა: „ეს აქცია (იგულისხმება კამპანია „ყველაგანსხვავებული -ყველა თანასწორი“, რომელიც მედიამ გეიაღლუმად მონათლა. – ე.ა.) საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე შეიძლება ცუდად აისახოს, რამდენადაც არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს საქართველოში გაერთიანება არ მოუნდება, თუ იქ გეიაღლუმები გაიმართება.15

 

მოსალოდნელი „საფრთხის“ მასშტაბების ზრდასთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში იმატა ძალადობისაკენ აშკარა თუ ფარულმა მოწოდებებმა, დისკრიმინაციულმა განცხადებებმა და მუქარამ:

„ამ დღეებში პატრიარქს და მთავრობას უნდა მივმართო, უნდა მოვითხოვო, რომ მამათმავლობა გახდეს კანონით დასჯადი. ეს არის დანაშაული და უნდა იდევნებოდეს მათ უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა, თანამდებობებზე დანიშვნა და, საერთოდ, საზოგადოებაში გამოჩენა“.16

„საბედნიეროდ საქართველოში კიდევ არინ ისეთი ბიჭები, რომლებიც ამ „პედერასტებს“ კარგად დათეთქვავდნენ. მათ უკან რომ არ დაეხიათ, შესაძლოა, სისხლიც კი დაღვრილიყო. ნამდვილი ქართველები ვერ აიტანდნენ, ქუჩაში „პედერასტებს“ ასე საჯაროდ რომ გაევლოთ“.17

„მართალია, ევროპელობას ვაწვებით, მაგრამ ქართველები მაინც კავკასიელებად დავრჩით. აქედან გამომდინარე, გეიაღლუმის მონაწილეებს დაცვა მაინც სჭირდებათ, მით უმეტეს მაშინ, რომ მათი დარბევის, უფრო სწორად, მათთვის თმის აჩეჩვის და საყურეების ჩამოხევის სურვილი უკვე ბევრმა გამოთქვა18

 

საჯარო სივრცის მონოპოლიზაცია

„ყვითელი პრესის“ დაინტერესება თემით და „სკანდალური“ინფორმაციების გავრცელება უშუალოდ უკავშირდება ამ გამოცემების ტირაჟს, პოლიტიკოსების დაინტერესება მორალუ რი პანიკის შექმნით ჰომოსექსუალობის გარშემო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების შესაძლებლობით აიხსნება. ე.წ. „ყვითელი პრესისა“ და პოლიტიკოსთა გარდა ნეგატიურ შეფასებათა საერთო სურათს დიდწილად განსაზღვრავს რელიგიური ჯგუფები. მათი მიზანი სიმბოლური ძალაუფლების მოპოვებაა, რათა გაზარდონ საკუთარი გავლენის სფერო. ცხადია, ეს ცვლილება გავლენას ახდენს ნეგატიურ შეფასებათა კონტექსტზეც. კვლევის წინა პერიოდში, 1999-2003 წლებში, ჰომოსექსუალობის „პრობლემად“ ქცევას მეტ-ნაკლებად რაციონალური არგუმენტებით ცდილობდნენ (მაგ., არსებული ჰომოფობიური მოსაზრებების გასამყარებლად მედია მისთვის სასურველ ექსპერტებსა და სპეციალისტებს მიმართავდა). ხოლო დღეს „განსხვავებული“სექსუალობის პრობლემატიზაციისათვის საკმარისად მიიჩნევა „შეუთავსებლობა/წინააღმდეგობა ქართულ და მართლმადიდებლურ ტრადიციებთან“. დისკურსის ამგვარი ცვლა უშუალოდ არის დაკავშირებული ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, გავლენის ზრდასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მის აქტიურ ჩარევასთან.

 

ჰომო/ბი/ტრანსექსუალობაზე საუბარი დღეს სწორედ ნეომორალისტურ ჭრილში მიმდინარეობს. ტოტალიტარული სახელმწიფოს მორალისტური დისკურსისაგან განსხვავებით, რომელიც, აკრძალული თემებისაგან საჯარო სივრცის დაცვის გარდა, „დანაშაულის“აღმოფხვრისა და დამნაშავეთა „გამოსწორებისკენ“ იყო მიმართული, დღევანდელი ნეომორალისტების მთავარ მიზანს საჯარო სივრცის „ცოდვისაგან გაწმენდა“ წარმოადგენს. მორალური საზღვარი სწორედ ის გამყოფია, რომელმაც საჯარო სივრცეში არსებული ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს – ვის, როგორ და რამდენი ხნით აქვს უფლება იარსებობს საჯარო სივრცეში და ვის -საერთოდ უნდაჩამოერთვას ამის უფლება.

რეალური შოუ „ბარი 4“-ის მონაწილე პაკო ტაბატაძე იმავე მიზეზით აღმოჩნდა „აბსაითში“ გადაცემის დაწყების მეორე დღესვე, რა მიზეზითაც შოუში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს.

„მითხრეს, რომ ეთერში უნდა მეღიარებინა, რომ „გეი“ ვარ, ოღონდ ეს „ბარის“დაწყებიდან ორი კვირის მერე უნდა მეთქვა. ისიც მითხრეს, რომ პრობლემა ამის გამო არ შემექმნებოდა გადაწყვეტილი იყო ისიც, რომ ერთი თვის მანძილზე, მიუხედავად ხალხის მიერ გამოგზავნილი ეს-ემეს-ებისა, მე მაინც დავრჩებოდი პროექტში და სკამზე არ დამსვამდნენ. თავად შემიქმნეს ასეთი იმიჯი. გადამიღეს ქუდი. მერე შაბათიც მოვიდა. ლაივ-შოუმდე სამჯერ გამიყვანეს გვერდზე, მეკითხებოდნენ, მზად ხარო? ამ კითხვაში კი იმას გულისხმობდნენ, რომ როდესაც ხოშტარია საკუთარი თავის დახასიათებას მომთხოვდა, ღიად უნდა მეთქვა ჩემი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რაც გავაკეთე კიდეც“19.

საჯარო აღიარებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ პროექტის მონაწილეს შოუ დაატოვებინეს.

მიზეზებზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა ორ საკითხზე აკეთებდა აქცენტს: ერთი, რომ ამ ქამინაუთით შოუს მონაწილემ არათანაბარ პირობებში ჩააყენა თამაშის სხვა მონაწილეები („ჯეო-ბარი“არის გადაცემა, რომელიც პოზიტიური კუთხით უნდა წარმოაჩენდეს ახალგაზრდებს. ერთი ადამიანის სოციალური პრობლემა არ უნდა იდგეს უფრო მაღლა და არ უნდა იქცევდეს საზოგადოების უფრო დიდ ყურადღებას“) და მეორე – რომ მათთვის (ტელევიზიის ხელმძღვანელობისთვის) „მორალური ფასეულობები გაცილებით მაღლა დგას კომერციულ დაინტერესებაზე“.

თუ ზედაპირულად მაინც გავაანალიზებთ გამოხმაურებას, რაც პაკო ტაბატაძის საჯარო „ქამინაუთსა“და გადაცემიდან მის გაძევებას მოჰყვა, ადვილი შესამჩნევია, რომ ჰომოფობთა გაღიზიანების ძირითადი მიზეზი კონკრეტული ადამიანი ან მისი ქცევა კი არა, ზოგადად სწორედ ამ საკითხის საჯარო სივრცეში შემოტანას უკავშირდება:

„რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ადამიანების ეკრანზე გამოჩენა. ისე გამოჰყავთ ეს ადამიანები, რომ საცოდავები არიან და ჩვენ მათ მიმართ სიბრალული უნდა გაგვიჩნდეს. არავითარ შემთხვევაში! კი არ უნდა წავახალისოთ და ტაში დავუკრათ მათ ქმედებებს, საზოგადოება იმაზე უნდა მსჯელობდეს, თუ როგორ ბედავს ასეთი ადამიანი, რომ თავისი მახინჯი სექსუალური ორიენტაცია საზოგადოების დასანახი გახადოს და ამ ქმედებას რეკლამა გაუკეთოს“. 20

შესაბამისად, აგრესიის კონკრეტული ადრესატები ხდებიან არა თავად ლგბტ ადამიანები (ისინი ისედაც ცოდვილები და/ან ავად-მყოფები არიან),არამედ ისინი, ვინც საჯარო სივრცეს უთმობს მათ ან ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დეფიციტურია სივრცე, რომელიც ამ თემაზე ორი ან რამდენიმე განსხვავებული მოსაზრების ერთდროულად წარმოჩენისა და დისკუსიის, კამათის საშუალებას იძლევა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ სრულიად დახშულ, ქსენოფობიურ სივრცეში რეგულარული საჯარო დებატების ორგანიზებით ამგვარი მიკროსივრცის შექმნას ახერხებდა.

20 მაისს სწორედ ასეთი მიზანმიმართული აგრესიის ობიექტი გახდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდიც, რომელმაც საჯარო დებატებისათვის გამოყოფილი სივრცე ამჟამად ჰომოფობიის თემას დაუთმო. „საჯარო სივრცის ცოდვისგან განწმენდის“ მცდელობად უნდა მივიჩნიოთ გამართული საჯარო დებატების ჩაშლის მცდელობაც „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრთა მხრიდან, რომლებიც ჩვენს გაძევებას ითხოვდნენ დარბაზიდან:

„ჩვენ, როგორც რიგითი დამსწრეები, მოგიწოდებთ ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, რომ ეს უზნეო ადამიანები გააძევოთ შეხვედრიდან, ბისექსუალები, თავიანთი ვაი-ადვოკატებით“.

ფონდის წარმომადგენლებისა და დისკუსიაზე მოსული ადამიანების წყალობით „ჩვენ“ ამჯერად უმრავლესობა აღმოვჩნდით და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა მაინც მოახერხეს დისკუსიისათვის განკუთვნილი დროის „შეჭმა“ დამსწრე-მონაწილეთა შეურაცხყოფისა და პატარ-პატარა პროვოკაციების წყალობით, დისკუსია მაინც შედგა

ეს ადამიანები ალბათ ნაკლებად აცნობიერებენ, რომ სწორედ ძალადობის ხილული დემონსტრირება ზრდის დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვს და არა ჰომოფილთა სიმრავლე.

 

შენიშვნები:

 

  1. რაც შეეხება ლესბოსურ ურთიერთობებს, ქალი ამოვარდნილი იყო ომოსექსუალობის ზოგადი კონცეფციიდან (ტერმინი ჰომოსექსუალობა ხოლოდ მამაკაცთან მიმართებაში იხმარებოდა) და მხოლოდ სამედიცინო ოტექსტში განიხილებოდა. ტერმინი „ლესბოსელი“ კი უმეტეს შემთხვევაში ანაცვლებული იყო სამედიცინო დიაგნოზით, როგორც სექსუალური ოტივაციის ფსიქოპათოლოგია ან შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა.

 

  1. წერილის გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ, გერმანიაში მოწყობილ „გრძელი ანების ღამეს“, მიუხედავად ნაცისტების და უშუალოდ ჰიტლერის წინაშე ამსახურებისა, თითქმის მთლიანად ეწირებიან ერნსტ რომი და მასთან აახლოებული პირები. თუმცა, გორკის წინასწარმეტყველების საპირისპიროდ, აშიზმი ამით არ გამქრალა გერმანიაში, ისევე, როგორც ჰომოსექსუალთა იცხვი არ შემცირებულა „საბჭოთა მოქალაქეთა“ შორის.

 

  1. И.С.Кон. Сексуальная культура в России. Клубничка на берёзе.

 

  1. „საქართველოს რესპუბლიკა“, № 140, 21 ივლისი, 2007. „ფერადოვანი“ აღლუმი ბილისში?! ეს იდეა კანცელარიიდან მოდისო…“

 

  1. „ალია“, №83(2056), 19-20 ივლისი, 2007. „მთავრობას ამ აღლუმის ჩატარებით ვროსაბჭოდან დიდი ფულის მიღება სურს“.

 

  1. „ასავალ-დასავალი“, 30 ივლისი-5 აგვისტო, № 31 (673), 2007. „საქართველოში ეი-აღლუმისათვის სხვადასხვა ქვეყნიდან 5 000 გეის ელოდებოდნენ“, ნტერვიუ ზაზა გაბუნიასთან.

 

  1. ჰომოფობიური ტენდენციების კრიტიკის თვალსაზრისით გამოირჩევა აქართველოში გამომავალი ინგლისურენოვანი პერიოდიკა („Georgia Today“ da The Messenger“) და „24 საათი“. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, რომელმაც შეიცვალა პროფილი (თავდაპირველად ურნალი მხოლოდ საინფორმაციო-გასართობ ხასიათს ატარებდა) და აქტიურად ეხმაურება ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ ოვლენებს. თუ გავითვალისწინებთ ქართულენოვან მედიასივრცეში (და არა ხოლოდ ამ სფეროში) არსებულ დეფიციტს ლიბერალური ფასეულობებისა დაღირებულებების თვალსაზრისით, „ცხელმა შოკოლადმა“ სწორედ ის ნიშა აიკავა, რასაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია ჰქვია. რადიო „მწვანე ტალღამ“ ალკე გადაცემა მიუძღვნა ჰომოფობიის, როგორც სოციალური პრობლემის, ემას. ჟურნალ “სოლიდარობაში“ გამოქვეყნებული დისკუსიის მასალებში,ჰომოფობიური ტენდენციების კრიტიკის გარდა, ხაზგასმული იყო ჰომოფობიის ართვის აუცილებლობა და საჭიროება ადამიანის უფლებების მონიტორინგზე ომუშავე ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში.

 

  1. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, №29, ივნისი, 2007. „ცოდნა ვერსუს უმეცრება და ტოლერანტობა ვერსუს ჰომოფობია“, ავტორი ლელა გაფრინდაშვილი;

 

  1. საქართველოში ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის (ფონდი ინკლუზივი) მონაწილეობა აქციის საორგანიზაციო პროცესში საზოგადოების იდმა ნაწილმა, მედიის იერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, ეიაღლუმის ჩატარების მცდელობად აღიქვა. მედიაში აგორებულმა ომოფობიურმა ტალღამ აქციის ჩაშლა გამოიწვია.

 

 10.ჟურნალი „რეიტინგი“, 23 ივლისი, №29, 2007. „ცნობილი ქართველები პრეცედენტო ჰომოსექსუალთა აღლუმის მოლოდინში“.

 

  1. „ახალი თაობა“, № 202(4219), 25.07.2007. „თბილისში გეი-აღლუმების ჩატარება აუშვებელია!“. გულიკო ბალაძე.

 

  1. „მამუკა გიორგაძე იმედოვნებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები გეიაღლუმის ორგანიზატორთა პროპაგანდის მსხვერპლნი არ გახდებიან“. ინტერპრესნიუსი. 25.07.2007.

 

13.„საქართველოს რესპუბლიკა“. №142, 25 ივლისი, 2007. „ცისა ფერს… ვაი ამისთანა ფერს!“. ხათუნა ჩიგოგიძე.

 

14.„საქართველოს რესპუბლიკა“, №140. 21 ივლისი, 2007. „ფერადოვანი“ აღლუმი თბილისში?! ეს იდეა კანცელარიიდან მოდისო…“. მაია ხორგუაშვილი.

 

15.„ახალი თაობა“, № 202(4219), 25.07.2007. „თბილისში გეი-აღლუმების ჩატარება დაუშვებელია!“. გულიკო ბალაძე.

 

16.„ახალი თაობა“, № 196(4213), 19 ივლისი 2007. „თბილისში მამათმავლებს აღლუმს არ ჩავატარებინებ! პიდარასტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა აეკრძალოთ“. თეა მარხვაიძე

 

  1. „ახალი თაობა“, № 206(4223), 2007. „სააკაშვილი და ოქრუაშვილი საიდუმლო შეხვედრებს ევროპაში მართავენ“. ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან.

 

18.„ახალი თაობა“, № 199, 22-28 ივლისი, 2007. უავტორო. თბილისში ცისფერთა აღლუმი გაიმართება.

 

19..პაკო ტაბატაძე შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს. ეკა ქევანიშვილი http://www.humanrights.ge

 

20.ჟურნალი „სარკე“. 24-30 ოქტომბერი, 2007. „მამა მიქაელი: „ბარის“ მონაწილეები და ავტორები საშინლად დაისჯებიან“. ავტორი რუსუდან ადვაძე.

განსხვავებულობა ტოტალიტარიზმის პირობებში

resizedimage-81-700x357

ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა (საქართველოში შესაბამისი მუხლი 2000 წლის 1 ივნისს გაუქმდა). თუმცა, დეკრიმინალიზაცია საზოგადოებრივი აზრის მყისიერ ცვლილებას არ გულისხმობს. დღესაც საქართველოში ჰომოსექსუალები ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზებული ჯგუფს წარმოადგენდნენ. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიას “ტრადიციებისა და მართლმადიდებლური ფასეულობებისადმი ერთგულებასთან” ერთად ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრების გამოცდილებაც ამძიმებს. საბჭოთა რეჟიმი, ისევე როგორც ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, პირველ ყოვლისა, ადამიანის, ინდივიდის წინააღმდეგაა მიმარ- თული. ერთიანი, ჰომოგენური მასის ჩამოყალიბების პროცესში, ქცევისა თუ იდეის დონეზე გამოხატული, ნებისმიერი “განსხვავებულობა” რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ აქტად მიიჩნევა, მათ შორის, სექსუალობის “სხვაგვარი” გამოვლინებაც.

რევოლუციამდელ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონით ისჯებოდა. ძალადობრივი ჰომოსექსუალური კავშირისათვის, დამნაშავეს ციმბირში გადასახლება და კატორღა ელოდა. რაც შეეხება ნებაყოფილობით ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიაში, ხელისუფლებაც და ეკლესიაც თვალს ხუჭავდა ასეთ შემთხვევებზე, მით უმეტეს, როდესაც საქმე არისტოკრატული წრის წარმომადგენლებს ეხებოდა. ბოჰემურ სალონები, სადაც მაშინდელი არისტოკრატია, მხატვრები და პოეტები იკრიბებოდნენ, საკმაოდ თავისუფალი იყო სექსუალური მორალისტური დოგმებისაგან. თუმცა, ჰომოსექსუალური სუბკულტურა მხოლოდ ინტელექტუალური და არისტოკრატიული წრით როდი ამოიწურებოდა.

პარალელურად არსებობდა მეორე სუბკულტურაც, რომელიც კომერციული სექსით დაკავებულ ადამიანებს აერთიანებდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში, თბილისშიც არსებობდა ადგილები, ე.წ. “პლეშკები”(1), სადაც სექსუალური პარტნიორის პოვნა იყო შესაძლებელი. ორთაჭალის ბაღები და გოგირდის აბანოები ამდაგვარ ადგილებად იყო ცნობილი. კინტოები, რომლებიც ამ სუბკულტურის ნაწილს წარმოადგენდნენ, ორგანულად თანაარსებობდნენ სხვა ქალაქურ სუბკულტურებთან, (გრიშაშვილის “ძველ თბილისში” საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი ეს სუბკულტურა. ამ თემის გამოძახილს აკა მორჩილაძის რომანშიც ვხვდებით – “გადაფრენა მადათოვზე და უკან”). ჰომოეროტიული თემატიკა საკმაოდ პოპულარული იყო XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ სახვით ხელოვნებაშიც.

ოქტომბრის რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია სამართლებრივი თვალსაზრისით. ეკლესიის მსგავსად, ბოლშევიკებიც ეწინააღმდეგებოდნენ სექსუალობის ყოველგვარ გამოვლინებას, რომელიც არარეპროდუქციული იყო და კონტროლს არ ექვემდებარებოდა (ბოლშევიკების შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლს). დასავლეთელი “სექსუალური განთავისუფლებისათვის” მებრძოლი მემარცხენეების უმრავლესობის მსგავსად, ბოლშევიკები ჰომოსექსუალობას “ბურჟუაზიული გახრწნილების” გამოვლინებად თვლიდნენ. ბოლშევიკების რწმენით, პროლეტარული რევოლუციის შემდეგ ჰომოსექსუალობა, ისევე, როგორც “სექსუალური გარყვნილების” სხვა ფორმები, მთლიანად გაქრებოდა. თუმცა, ბოლშევიკები ჯერ მხოლოდ ძალას იკრებდნენ, სახელმწიფო სუსტი იყო, მომავალი კი, გაურკვეველი.

დასავლეთ ევროპაში მიმდინარე ჰომოსექსუალობის ფსიქიატრიზაციის პროცესმა გავლენა რუსეთზეც იქონია, მათ შორის სამართლებრივი კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ პოსტრევოლუციურ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის ინიციატორები კადეტები და ანარქისტები იყვნენ და არა ბოლშევიკები. საბჭოთა მედიკოსები და იურისტები დიდხანს კეკლუცობდნენ ამგვარი “ჰუმანური კანონმდებლობით”: “საბჭოთა კანონმდებლობა არ ცნობს დანაშაულს, რომელიც ზნეობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი კანონმდებლობა, საზოგადოების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჰომოსექსუალის ინტერესის ობიექტი მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანია” (“დიდი საბჭოთა ენციკლოპედია”. 1930).

ოციანი წლების დასაწყისის რუსეთისაგან განსხვავებით, როცა ბოლშევიკები თავს იწონებდნენ “პროგრესულობითა” და სექსუალურ საკითხების მიმართ მეცნიერული მიდგომებით, ჰომოსექსუალობა დაავადებიდან და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებიდან, სახელმწიფო დანაშაულად იქცა. ნელ-ნელა აქტუალური გახდა ჰომოსექსუალობის დაკავშირება ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებასთან. ვილჰელმ რაიხი წერდა, რომ 121 სტატიის მიღების შემდეგ, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა, ბანდიტიზმი, კონტრევოლუციური მოქმედება და შპიონაჟი ერთ რანგში განიხილებოდა, როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინაშე (3). ცნობილი დისიდენტი ვალერი ჭალიძე ნაშრომში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში სისხლის სამართლის დამნაშავეთა ყოფასა და ქურდული სამყაროს სოციალურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ეხება წერს: “როგორც ჩანს, საბჭოთა ხელმძღვანელობა მართლა თვლიდა ჰომოსექსუალობას პოლიტიკურ დანაშაულად”.  ასეთი დასკვნის საბაბს ჭალიძეს ის ფაქტიც აძლევდა, რომ სტალინის სიცოცხლეში ჰომოსექსუალთა დევნა-დაკავებით მილიცია კი არა, სწორედ სახელმწიფო უშიშროება იყო დაკავებული.

ჰენრიხ იაგოდა, რომელიც იმ წლებში უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 1933 წელს (ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებამდე), სტალინისადმი მიწერილ რაპორტში წერს “პედერასტთა დაჯგუფების” წევრების დაპატიმრების შესახებ, რომლებიც “ქმნიდნენ სალონებს, გარყვნილების ბუნაგებისა და პედერასტთა მცირე ჯგუფების გაერთიანებას, შემდგომში მისი ჯაშუ- შური ქსელად ჩამოყალიბების მიზნით”. მოგვიანებით, ისევ სტალინისადმი მიწერილ წერილში ის წერს: “პედერასტების აქტივი, იყენებს რა პედერასტული წრეების კასტურ ჩაკეტილობას უშუალოდ კონტრრევოლუციური მიზნებისათვის, პოლიტიკურად ხრწნიდა ახალგაზრდებს საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, ასევე ცდილობდა შეეღწია წითელ არმიასა და ფლოტში”. შემორჩენილია სტალინის მინაწერი ამ დოკუმენტზეც: “საჭიროა ნაძირალები სამაგალითოდ დაისაჯონ, კანონმდებლობაში კი სათანადო ცვლილება შევიდეს”.

აღარსად ჩანდნენ ჰომოფობიურად განწყობილი ლიბერალებიც, რომლებიც მეცნიერების გაიდეალების გამო, ერთგვარი შემწყნარებლური ქედმაღლობით საუბრობდნენ “საბრალო ავადმყოფებზე”, რომლებიც ჰუმანურ მოპყრობას საჭიროებდნენ. მათ “პროლეტარი ჰუმანისტები” ჩაენაცვლნენ.

თუკი ჩეკისტების ენაზე ჰომოსექსუალობა მჭიდროდ დაუკავშირდა კონტრრევოლუციასა და ჯგუფურ შპიონაჟს, ფართო მასებისათვის გასაგებ ენაზე ჰომოსექსუალთა ქვეყნის მტრად შერაცხვისათვის იდეოლოგიურ საფუძველს მაქსიმ გორკი ამზადებს. 1933 წელს, გაზეთ პრავდასა და იზვესტიაში ქვეყნდება მისი ცნობილი წერილი “პროლეტარული ჰუმანიზმი”; “ათობით კი არა, ათასობით ფაქტი მეტყველებს ევროპის ახალგაზრდებზე ფაშიზმის დამანგრეველ, გამრყვნელ გავლენაზე. ფაქტების ჩამოთვლა – საზიზღრობაა, გონებაც არ უნდა გადატვირთო ბურჟუაზიის მიერ დიდი მონდომებით შეთხზული და გავრცელებული სიბინძურით, რაც სულ უფრო და უფრო დიდი ფართო მასშტაბებს იძენს. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, სადაც პროლეტარიატის ვაჟკაცური და წარმატებული მმართველობაა, ახალგაზრდობის გამრყვნელი ჰომოსექსუალობა სოციალურ დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება, დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების “კულტურულ ქვეყანაში” კი ჰომოსექსუალები თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედებენ. უკვე გავრცელდა სარკასტული გამოთქმა: “გაანადგურეთ ჰომოსექსუალობა და ფაშიზმი გაქრება!”

წერილის გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ, გერმანიაში “გრძელი დანების ღამეს” (5), მიუხედავად დამსახურებისა ნაცისტების და უშუალოდ ჰიტლერის წინაშე, თითქმის მთლიანად ეწირებიან ერნსტ რომი და მასთან დაახლოებული პირები. თუმცა, გორკის წინასწარმეტყველების საპირისპიროდ, ფაშიზმი ამით არ გამქრალა გერმანიაში, ისევე, როგორც ჰომოსექსუალთა რიცხვი არ შემცირებულა “საბჭოთა მოქალაქეთა” შორის.

1934 წლის მაისში, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალთა მიმართ დამოკიდებულების ამგვარი მკვეთრი ცვლილებით შეშფოთებულმა ცნობილმა ინგლისელმა კომუნისტმა ჰარი ვაითმა, რომელიც თავადაც ჰომოსექსუალი იყო, წერილით მიმართა სტალინს, რომელშიც ცდილობდა აეხსნა სტალინისათვის, რომ “მამათმავლობისათვის სამართლებრივი პასუხ ისმგებლობის შემოღება ეწინააღმდეგება როგორც სინამდვილეს, ისე მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპებს”. ვაითის აზრით, პასუხს კითხვაზე “შესაძლებელია თუ არა ჰომოსექსუალი კომუნისტური პარტიის ღირსეული წევრი იყოს”, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიოში მცხოვრები კომუნისტებისთვისაც. როგორც ჩანს, სტალინზე არც წერილში მოყვანილ შედარებას უმოქმედია ჰიტლერთან და არც მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპებთან დაპირისპირების შესაძლებლობას. ვაითის წერილს სტალინმა რამდენიმე სიტყვა მიაწერა; “გადააგზავნეთ არქივში. იდიოტი და დეგენერატი. ი.სტალინი.” (6)

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას წინ უძღოდა ახალი კანონი “ოჯახისა და ქორწინების შესახებ”, 1936 წელს აიკრძალა აბორტები. როგორც კი სახელმწიფო გაძლიერდა, მოჩვენებითი პროგრესულობა და თავისუფლება მაშინვე შეიცვალა ბოლშევიკური პურიტანიზმით. საბოლოოდ, “პროლეტარიატის დიქტატურა პრაქტიკაში ვულგარული პურიტანიზამის დიქტატურა აღმოჩნდა”. (7)

დენ ჰილის აზრით (8), 1934 წლიდან, როდესაც ჰომოსექსუალობა კანონით დასჯადი გახდა, საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე დაახლოებით 60 000 ადამიანი გასამართლდა ამ ბრალდებით. ჰილი ამ მონაცემების გავრცელებისას არქივებში არსებული მასალებს ეყრდნობა და იქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან წიგნზე მუშაობისას მას ხელი არ მიუწვდებოდა უშიშროების სამსახურის არქივებზე და არ არსებობს ინფორმაცია მათ მიერ ამ მუხლის გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემების უზუსტობაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტებიც, რომ როგორც ჰილის კვლევიდან ჩანს, პოპულარული ან ცნობილი ადამიანების შემთხვევაში, უშიშროების წარმომადგენლები ამჯობინებდნენ ბრალი ჰომოსექსუალური ურთიერთობისთვის კი არა, კონტრრევოლუციურ მოქმედებისათვის წაეყენებინათ. (9)

რაც შეეხება ლესბოსურ ურთიერთობებს, ქალი ამოვარდნილი იყო ჰომოსექსუალობის ზოგადი კონცეფციიდან (ტერმინი ჰომოსექსუალობა მხოლოდ მამაკაცთან მიმართებაში იხმარებოდა) და მხოლოდ სამედიცინო კოტექსტში განიხილებოდა. ტერმინი “ლესბოსელი” კი, უმეტეს შემთხვევაში, ჩანაცვლებული იყო სამედიცინო დიაგნოზით, როგორც სექსუალური მოტივაციის ფსიქოპათოლოგია ან შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა. (10)

ჰილის მიერ არქივებიდან მოპოვებული სტატისტიკა არ იძლევა შემთხვევათა დიფერენცირების საშუალებასაც: ეს ურთიერთობები ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო თუ ძალის გამოყენებასთან გვქონდა საქმე, არაა აღრიცხული კავშირები არასრულწლოვანებთან და სხვ. მით უმეტეს, პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც საქმე სასამართლობდე არ მიდიოდა თუმცა, მილიცია აგრძელებდა ამ ადამიანების დევნასა და შევიწროვებას სხვადასხვა ფორმით.

უფრო გვიანდელ პერიოდში, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საპირისპირო ტენდენციას ჰქონდა ადგილი – ამ მუხლს ხშირად იყენებდნენ როგორც სასჯელს “სხვაგვარად” მოაზროვნე ადამიანებისათვის, რომლებიც არ ეწერებოდნენ საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურ სქემაში. აკადემიკოს კონის აზრით, ხრუშოვისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, დისიდენტთა რიცხვის ხელოვნურად შემცირების მიზნით, უშიშროება ხშირად სწორედ მამათმავლობის ბრალდებით აგზავნიდა ციხეში მისთვის არასასურველ პირებს (11).

ამგვარად, ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთა მსგავსად გერმანიაში, დღემდე უცნობია იმ ადამიანთა ზუსტი რიცხვი, ვინც 1934 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე 121 მუხლით იქნა გასამართლებული. საბჭოთა კავშირი ფორმალურად 1991 წელს დაიშალა, თუმცა, ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელი სწრაფვა საზოგადოების ჰომოგენურობისამი და აგრესიული დამოკიდებულობა “განსხვავებულობისადმი” დღესაც საკმაოდ თვალშისაცემია ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში.

ეკა აღდგომელაშვილი

ჟურნალი „მე“ #2 (8)

 

  1. ტერმინი “პლეშკა” საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება და პლევნის ბრძოლაში დაცემულ მეომართა პატივსაცემად აღმართულ მონუმენტს უკავშირდება, რომელიც მოსკოვში მეტროს სადგურ “კიტაი-გოროდის” ერთ-ერთ ამოსასვლელთან დგას. მეტროს სადგურის ამოსასვლელებს შორის არის ბულვარი, რომელიც დღემდე ჰომოსექსუალთა თავშეყრის ყველაზე ცნობილი ადგილია მოსკოვში.
  1. Reich W. Sexualitat im Kulturkampf: zur sozialistischen Umstrukturierung des Menschen. Copenhagen: Sexpol-Verlag,
  1. Чалидзе В. «Уголовная Россия». М. 1990
  1. კანონში “სათანადო ცვლილების” მიხედვით, რომელიც ძალაში 1934 წლის 7 მარტს შევიდა, მამათმავლობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და უზბეკეთში მეფის რუსეთის დროს არსებული კანონი მამათმავლობის შესახებ, არც მანამდე გაუქმებულა. აკადემიკოს კონის აზრით, ეს შესა- ძლოა გამოწვეული იყო “ამ ქვეყნებში ჰომოსექსუალური პრაქტიკის ფართო გავრცელებით”. (И.С. Кон. «Лунный свет на заре». М.1998)
  1. ამ სახელით შევიდა ისტორიაში 1934 წლის 30 ივნისი, როცა ჰიტლერმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩამოშორების მიზნით, ერთი ღამის განმავლობაში “შA”-ს 200-მდე წევრი ფიზიკურად გაანადგურა. მათ შორის იყო ერნსტ რომიც, რომელიც სათავეში ედგა ყავისფერპერანგიანთა პოლიციას. რეპრესირებულთა უმეტესობა ჰომოსექსუალურ ორიენტაციის იყო, რის გამოც, ამ თარიღს გერმანიაში ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიმართული ტერორის დასაწყისადაც მიიჩნევენ. უფრო ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ ჟურნალ “მეს” მე-5 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში წაიკითხოთ “ჰომოსექსულობა და მესამე რაიხი”.
  1. Журнал «Источник». №5-6. 1993
  1. «Радио свобода» от 10.03.2002. Владимир Тольц. “Красным” по “голубому”. – Советская власть против гомосексуалистов
  1. Dan Healey, Homosexual Desire in Revolutionary Russia. The Regulation of Sexual and Gender Dissent. University of Chicago Press; Chicago, 2001
  1. ამგვარი სამართლებრივი ვაკხანალია ხელსაყრელი იყო მმართველი პარტიისთვის. მაგ. ფლორინსკის საქმემ, რომელიც 1934 წლამდე საგარეო საქმეთა კომისარიატში მუშაობდა, საშუალება მისცა უშიშროებას საგარეო საქმეთა სახალხო კომიტეტი “გაეწმინდა” როგორც ჰომოსექსუალების, ისე არასასურველი დიპლომატებისაგან (И.С. Кон. «Лунный свет на заре». М.1998).
  1. Голубая книга. Положение геев и лесбианок в Украине. Киев. «Нора-принт», 2000 11. И.С. Кон. «Лунный свет на заре». М.1998
  1. И. С. Кон „Лунный свет на заре“.М. 1998.

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო

cervical_cancer

დღეისთვის საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა ქალებს შორის. მსოფლიოში ყოველწლიურად 470 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 300 ათასი ქალი იღუპება ამ დაავადებით. საშვილოსნოს ყელის კიბოთი უფრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე შიდსით.

კლინიკური სიმპტომები

დაავადების ადრეულ სტადიაზე ნიშნები შეიძლება არ იყოს გამოხატული და ქალი გარეგნულად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. მოგვიანებით სტადიაზე ჩნდება შემდეგი ნიშნები:

  • უხვი გამონადენი საშოდან
  • არამენსტრუალური სისხლდენა საშოდან
  • ტკივილი მუცლის ქვემო არეში

რისკის ფაქტორები რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს:

  • ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია
  • ნიკოტინის მოხმარება
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ქლამიდიოზი
  • ჭარბი წონა
  • ხილითა და ბოსტნეულით ღარიბი კვების რაციონი
  • ზოგიერთი სახის ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება
  • ხშირი აბორტი

.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს კიბო

რადგანაც საშვილოსნოს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა იწყება კიბოსწინა ცვლილებებით, არსებობს დაავადების განვითარების თავიდან აცილების 2 გზა:

  • კიბოსწინა ცვლილებების თავიდან აცილება;
  • კიბოსწინა ცვლილებების აღმოჩენა და მკურნალობა;

კიბოსწინა ცვლილებების თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგი პრინციპების დაცვით:

  • გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით;
  • თავი შეიკავეთ ზედმეტად კალორიული საკვების მიღებისაგან;
  • შეზღუდეთ შებოლილი და ნიტრატების შემცველი საკვებისგამოყენება;
  • შეეცადეთ თავიდან აიცილოთ პაპილომავირუსით დაინფიცირება;
  • ნუ მოწევთ;
  • ჩაიტარეთ ვაქცინაცია პაპილომავირუსის ინფექციაზე..

კიბოსწინა ცვლილებების აღმოჩენა

პაპ ნიკოლაუს ტესტი – მარტივი და ეფექტური ტესტია რომელიც გამოავლენს კიბოს წინა სტადიაზე არსებულ ცვლილებებს. მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევის შედეგად ეს გადახრები შეიძლება მთლიანად აღმოიფხვრას.

  • პაპ ნიკოლაუს ტესტი უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი ურთიერთობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვინესს 21 წლიდან. რეკომენდირებულია ტესტის წელიწადში ერთხელ ჩატარება.
  • 30 წლის ასაკიდან ქალებს 3 თანამიმდევრობით ჩატარებული ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ შეუძლიათ ჩაიტარონ გამოკვლევა ერთხელ 2-3 წელიწადში. მაღალი რისკის მქონე ქალებისათვის (დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ქალები, ვისაც ჩატარებული აქვს ორგანოების ტრანსპლანტაცია, ვინც იტარებს ქიმიოთერაპიას ან ხანგრძლივად მოიხმარს სტეროიდებს) რეკომენდირებულია ტესტირების უფრო ადრე დაწყება და ყოველწლიურად გავლა.
  • 70 წელზე მეტი ასაკის ქალებს, რომლებსაც ჰქონდა 3 ან მეტი ნორმალური რეზულტატი ბოლო 10 წლის მანძილზე შეუძლიათ აღარ გააგრძელონ სკრინინგში მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ გადატანილი აქვთ საშ. ყელის კიბო ან პვი, ან დასუსტებული იმუნური სისტემა, უნდა განაგრძონ გამოკვლევა.

პაპ ტესტის ჩატარების დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

  • საუკეთესო დრო პაპ ტესტის ჩასატარებლად არის მესტრულაური გამონადენის დამთავრებდან 5 დღის შემდეგ. პაპ ტესტის ჩატარება არ არის რეკომენდირებული მენსტრუალური გამონადენის დღეებში ან ანთებითი პროცესის არსებობისას საშვილოსნოში.
  • ტესტის ჩატარებამდე 2-3 დღით ადრე არ არის რეკომენდირებული ტამპონების, სპერმიციდებისა და სხვა ვაგინალური კრემების გამოყენება.
  • ტესტირებამდე 2-დღით ადრე არ არის რეკომენდირებული სექსუალური კონტაქტის დამყარება.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

რა უნდა ვიცოდეთ, როგორც პაციენტმა

gynecology

რა უფლებები გქვთ, როგორც პაციენტს?

როგორც ქალთა კონსულტაციის ან საავადმყოფოს პაციენტს, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ:

  • მაღალკვალიფიციური მომსახურება. თუ უკმაყოფილო დარჩებით თქვენთვის გაწეული მომსახურებით, უფლება გაქვთ მიმართოთ ამ დაწესებულების პასუხისმგებელ პირს.
  • მოგემსახურონ თავაზიანად, შეგიქმნან ურთიერთნდობის ატმოსფერო;
  • დაცული იქნეს თქვენი ანონიმურობა და კონფიდენციალობა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ექიმთან პირისპირ დალაპარაკება; თქვენი თანხმობის გარეშე არ უნდა გასცენ ინფორმაცია თქვენს შესახებ;
  • პირადად მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი სქესობრივი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თაობაზე. ექიმმა თქვენს მაგივრად კი არ უნდა მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, არამედ ვალდებულია, სრული ინფორმაციის მოწოდებით დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • მიიღოთ სრულყოფილი ინფორმირება. ექიმმა უნდა გაგაცნოთ ჩატარებული ანალიზების დასკვნები, აგიხსნათ, რა არჩევანი გაქვთ კონკრეტულ სიტუაციაში, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ მედიკამენტსა თუ პროცედურას, რომ შეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება;
  • მოგეცეთ კითხვების დასმის საშუალება. შეკითხვების დასმა არა მარტო შეიძლება, არამედ სასურველიცაა. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაცია მოგაწოდათ და რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სავსებით გასაგებია;
  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა მომდევნო გასინჯვამდე. თქვენ უნდა მოგაწოდონ დაწესებულების ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ შეკითხვების ან პრობლემების გაჩენის შემთხვევაში ან უფასო სატელეფონო კონსულტაციის საკონტაქტო ნომრები.

რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ, როგორც პაციენტს?

იმისათვის, რომ ექიმთან ვიზიტი წარმატებული იყოს, თქვენ, როგორც პაციენტს, გეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა. სახელდობრ:

  • გულწრფელად და სრულად უპასუხოთ ექიმის დასმულ ყველა შეკითხვას თქვენი ჯანმრთელობისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ექიმს ეს ინფორმაცია იმისთვის სჭირდება, რომ გაარკვიოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაგიტაროთ სათანადო მკურნალობა ან მოგცეთ სწორი რჩევა;
  • გარკვევით აუხსნათ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • დაუსვათ ექიმს შეკითხვები, გამოხატეთ ეჭვები და გულწრფელად უთხარით მას, თუ რა დარჩა თქვენთვის გაუგებარი;
  • დაიცვათ ექიმისაგან მოცემული ინსტრუქციები. ძალზე მნიშვნელოვანია, უთხრათ ექიმს, თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან არ ეთანხმებით მას, ან თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეასრულებთ მის დანიშნულებებს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ვერ შეძელით დანიშნული წამლის მიღება ან პროცედურის ჩატარება. ეს ექიმს საშუალებას მისცემს, უკეთ გაგიწიოთ დახმარება.

როგორ ხდება სასქესო ორგანოების გასინჯვა?

სასქესო ორგანოების გასინჯვის დროს ექიმი ახდენს გარეგანი სასქესო ორგანოების დათვალიერებას და შინაგანი სასქესო ორგანოების ე.წ. საშოსმიერ გამოკვლევას. თქვენ მოგათავსებენ გინეკოლოგიურ სავარძელზე მუხლებმოხრილ და ფეხებგადაშლილ მდგომარეობაში. ექიმი ჩაიცვამს სტერილურ რეზინის ხელთათმანს და მოათავსებს საჩვენებელ და შუა (…) მსუბუქად დააწვება მუცლის კედელს. ორივე ხელის თანხვედრილი მოძრაობით ექიმი გასინჯავს თქვენს საშვილოსნოს და საკვერცხეებს და შეამოწმებს, ხომ არ არის იქ ანთების ნიშნები ან უჩვეულო წარმონაქმნები. ექიმი მოახდენს აგრეთვე ინსტრუმენტალურ გამოკვლევას ე.წ. გინეკოლოგიური სარკეების გამოყენებით, საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღების მიზნით..

როგორ უნდა მოვემზადოთ გინეკოლოგიური გამოკვლევისათვის?

მენსტრუაციის დასრულების შემდგომი პერიოდი საუკეთესო დროა გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად. ამ დროს სარძევე ჯირკვლები და საკვერცხეები თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება; საშვილოსნო და საშო თავისუფლდება მენსტრუალური სისხლისაგან, რაც ხელს აღარ შეუშლის გამოკვლევის ჩატარებას. ექიმთან მისვლისას თან იქონიეთ ადრე ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები და მიღებული წამლების ჩამონათვალი. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოიფიქრებთ და ჩამოწერთ იმ შეკითხვებს, რომლებსაც დაუსვამთ ექიმს..

რისთვის არის საჭირო საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღება?

საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღების მეშვეობით ხდება საშოს და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დადგენა. ნაცხის აღების დროს ექიმი საშოს სხვადასხვა ადგილებიდან აიღებს ლორწოს მცირე ნაწილს, ხოლო საშვილოსნოს ყელის გარსიდან ჩამოფხეკს მომცრო ნაწილებს. ეს პროცედურა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აღებულ მასალას შეისწავლიან მიკროსკოპის ქვეშ, რათა დადგინდეს, ხომ არ არის იქ საშოს ინფექციის ან საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები. საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ადრევე ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს სერიოზული გართულებისა და საბედისწერო შედეგის თავიდან აცილებას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ყველა ქალმა უნდა გაიაროს ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევა.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”