კატეგორიის არქივი: საავტორო

მიზოგინია ქართულად

DSC_7614 copy_l

ავტორი: ეკა აღდგომელაშვილი

“…კი ვიცი, რომ სიზმრები (და მითუმეტეს სხვისი) ძაან უადგილოა ამ დაძაბულობაში, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დამესიზმრა, რომ თმასთან ერთად თავიდან კენჭები და დიდი ქვები მცვიოდა, მე კიდევ იატაკზე დავცოცავდი და ყველაფერს უნიტაზში ვყრიდი. მაგრამ მაინც ყველგან ქვები ეყარა…”

ანეს ფეისბუქის სტატუსიდან…

რამდენჯერმე ვცადე ბლოგის დაწერა. არ გამომდის. გაბრაზებული ვარ. თუმცა, ანეს სტატუსი არ მასვენებს – სიზმრად ნანახი ქვები ერთდროულად სხვადასხვა ასოციაციებს მიჩენს: მახსენებს ირანელი ქალის, საქინე მუჰამედ აშთიანის მხარდასაჭერად 4 წლის წინ გამართულ აქციას, რომელსაც ქვებით ჩაქოლვა ჰქონდა მისჯილი, ჩვენთან მოკლულ ქალებს, რომლებიც საჯაროდ „დასაჯეს“ ურჩობისთვის (ქუჩაში, სოფლის ცენტრში, უნივერსტეტში) და დღევანდელ სიტუაციას. ზუსტად ანესნაირი შეგრძნება მაქვს:  თითქოს ყველა მხრიდან ქვებს ისვრიან – არც ძალიან დიდს, რომ უცბად მოგკლას და არც ისე პატარას, რომ არაფერი გავნოს.

 

***

მეჩვენება, რომ გარედან უამრავი ძალისხმევა იხარჯება იმაზე, რომ მთავარი თემა დაიკარგოს. თემა, რომ ჩვენთან ქალებს კლავენ. რომ ეს ძალადობა სისტემურია. რომ ამ ძალადობაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს – საზოგადოებიდან დაწყებული მედიითა და სახელმწიფოთი დამთავრებული; რომ ქალებზე ძალადობის პირველი ხელშემწყობი ქვეყანაში ქალის არათანაბარი სტატუსი, მისი დაქვემდებარებული მდგომარეობაა. ჩვენ გვკლავენ იმიტომ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება უარს გვეუბნება თანაბარ მონაწილეობაზე, რესურსების სამართლიან გადანაწილებაზე, კანონის, კულტურის რეალურ სუბიექტად ყოფნაზე.

ყველაფერზე მსჯელობენ ამის გარდა. ადანაშაულებენ მსხვერპლს (და არა მოძალადეს); მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ „მკვლელის დედას“; გვაძლევენ „მეგობრულ“ რჩევებს – როგორ მოვიქცეთ, რომ არ გავაღიზიანოთ პოტენციური მოძალადეები ან როგორ შევარჩიოთ არამოძალადე ქმრები; მოჰყავთ სხვა ქვეყნების სტატისტიკა (გვახსენებენ, რომ მხოლოდ საქართველოში არ კლავენ ქალებს); რიტორიკაში თამარ-მეფე ნელ-ნელა მედეამ ჩაანაცვლა; მკვლელების „სუსტ“ ფსიქიკაზე დარდმა და წუხილმა, რომელიც ვერ უძლებს, რომ „მამაკაცობას ართმევენ“ წალეკა ტელევიზია და სოციალური ქსელები; აგრესიის ტალღას ზოგი 9 წელს აბრალებს, ზოგი ამნისტიას, ზოგიც რუსეთს…

ნაწილი ტვინს იწურავს და ფემინიზმისა და ფემინისტების კრიტიკით იქცევს თავს; ნაწილი ქალთა მოძრაობის ერთიან კონცეფციას ითხოვს; ზოგს პროტესტის ფორმები არ მოსწონს, ზოგსაც  – ქალების „აგრესია“ და „სიძულვილი“ (ოღონდ, ვერ ვხვდები, უფროსი შვილივით, ყოველთვის ქალებს რატომ მოგვეთხოვება დათმობა, კონსტრუქციულად და თავშეკავებულად საუბარი და/ან მოქმედება). ამ ორომტრიალში თანამედროვე „ფემინისტური თეორიებით“ აღჭურვილი ქართული ფემინიზმის ფეიკი მამებიც გამოჩნდნენ. ბელადომანიის, ყველგან და ყველაფრის ცენტრში კი არადა, თავში ყოფნის ვნებას კი პოსტფემინისტური იდეოლოგიის უპირატესობითა და წინწასულობით  ფუთავენ (ეგღა სჭირდება ქართულ ფემინიზმს ბოლო ქვის დასადებად – ბელადი და ისიც კაცი. ისე, ხშირ-ხშირად იმეორებენ და კი იქნებოდა მერე მართლა „პირველად საქართველოსა და მსოფლიოში…“)

ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში – სოციალიზაციისათვის განკუთვნილი სივრცეების მოთხოვნილება და საჭიროება იზოლაციონიზმად ფორმდება; პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ სხვამ ილაპარაკოს ჩემს ნაცვლად და ჩემი სახელით  – „მოძველებულ“ ფემინისტურ სტრატეგიად … ეგ კი არა, მეინსტრიმფემინიზმის კრიტიკაში გადაიჭრა ხალხი.

არადა, მართლა ქალების და ფემინიზმის ბედი რომ გადარდებდეთ და არა  საკუთარი „ინტელექტის“ წარმოჩენა (და/ან პრივილეგიების შენარჩუნება), დარწმუნებული ვარ, გვერდით გადადებდით ყველა თეორიას, ულაპარაკოდ ჩამოხვიდოდით მაგ პედესტალიდან და ქალებს ჰკითხავდით, დღეს რა უჭირთ და რა სჭირდებათ.

როცა ჩვენ უკეთ ვიცით თუ რა უნდათ/სჭირდებათ ქალებს

იმაზე საუბარი თუ რა “სიკეთეები” მოგვიტანა ამგვარმა მიდგომამ პოლიტიკაში, შორს წაგვიყვანს. არც დრო მაქვს ამაზე წერისათვის და არც ხალისი. სხვა დროს იყოს. „დავეშვები“ სამოქალაქო სექტორამდე და ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ბევრჯერ და ბევრგან გამიმეორებია ეს ისტორია. ვფიქრობ, იმ მრავალი გაკვეთილიდან, აქ ყველაზე უკეთ ჩანს ამგვარი მიდგომისა და პოლიტიკის შედეგები.

რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანული თემით დასახლებულ სოფელში, სადაც წყლის პრობლემა იყო (წყალი ორ ადგილას იყო მხოლოდ სოფელში და ქალები და გოგონები ზურგით, სპილენძის თუნგებითა და ბიდონებით ეზიდებოდნენ წყალს სახლებში),  ქალების ამ მონური შრომითა და ყოფით შეწუხებულმა ადამიანებმა, ერთ-ერთი სათემო პროექტის ფარგლებში, ეზოებში წყლის შეყვანა გადაწყვიტეს. თანხაც იშოვეს და საქმესაც ბოლომდე მიჰყვნენ – ყველა ეზოში შეიყვანეს წყალი, ონკანებიც დააყენეს. ერთი-ორი კვირის შემდეგ, პრობლემებმა იჩნა თავი – ერთგან ონკანი მოიშალა, მეორეგან, მილი ამოივსო მიწით, მესამეგან გასკდა თუ გატყდა… მიზეზების ძიება რომ დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ ქალები აფუჭებდნენ მილებს. სწორედ ის ქალები, რომლებიც დღის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ, ზურგით ეზიდებოდნენ წყალს სახლებში და სარეცხს წყაროზე ცივი წყლით რეცხავდნენ. უბრალოდ, წყარო ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სახლსა და ეზოებში გამოკეტილებს ერთმანეთის ნახვა და ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ.

ვინმეს რომ სათვალავში ჩაეგდო ეს ქალები და სანამ „ყოფას შეუმსუბუქებდნენ“, წინასწარ დაჰკითხვოდა რა უჭირდათ და რა სჭირდებოდათ,  არც ფული დაიხარჯებოდა ტყუილად, არც დრო და არც სხვა რესურსი.

თავი რომ დავანებოთ ამ გაუმართლებელ  დამოკიდებულებას იმათ მიმართ, ვისაც „ვეხმარებით“ (თუმცა, მგონია, რომ ძაღლის თავი სწორედ აქ მარხია – მათი, როგორც სუბიექტის ნებისა და სურვილის იგნორირებით,  ძირშივე ვკლავთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა), მხოლოდ თეორიებისა და კანონების ცოდნა, ჩვენი შეხედულებები სამართლიანობასა და სოციალურ თანასწორობაზე და ამის საფუძველზე კაბინეტებსა და ოფისებში სტრატეგიების ღეჭვა დროის ფუჭად ხარჯვაა მხოლოდ.

იმ ქალებზე რაღას ვლაპარაკობ, როცა ჩვენც კი, ქალებს, რომელთაც თითქოს სტატუსიც გვაქვს, ცოდნაც, გამოცდილებაც, უნარიც საკუთარი სახელით ვილაპარაკოთ, პირზე ხელს გვაფარებთ, მე უკეთ ვიცი და ვიტყვი რა ან როგორ გჭირდებათო.

განსხვავებულობის ნიველირება

რაც არ უნდა მარგინალიზებული ჯგუფი იყოს, კაცს ყოველთვის მეტი სივრცე ჰქონდა და აქვს სოციალიზაციისათვის, ვიდრე ამ ჯგუფის შიგნით მყოფ ქალს – ეთნიკური უმცირესობით დაწყებული ლგბტ ჯგუფით დამთავრებული; არა თეორიებზე, არამედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით (რომელიც ყველა თეორიაზე ძვირფასად და ქმედითად მიმაჩნია), რომ დღეს და აქ, სწორედ ეს განსხვავებულობის აღიარებისა და  შესაბამის მიდგომებზე მიმართული სტრატეგია მუშაობს.

განსხვავებულობის ნიველირებას, იმის არაღიარებას და სახელდებას, რომ გენდერული უთანასწორობა სწორედ მამაკაცების სასარგებლოდ ირღვევა და/ან ძალადობის მსხვერპლი უმეტესწილად ქალია, გენდერულად ბრმა და ნეიტრალურ პოლიტიკასა და კანონებს მივყავართ იქამდე, სადაც დღეს აღმოვჩნდით. ასე ხდება და მოხდება, როცა არ ითვალისწინებ შენი ქვეყნის რეალობასა და კონტექსტს.

ჩვენ არ ვცხოვრობთ არც ჩაკეტილ აკადემიურ სივრცეში, არც პოსტ-საქართველოში. ჩვენ დღევანდელ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქალებს ხოცავენ, იმიტომ რომ ისინი ქალები არიან და პოსტმოდერნისტული ფემინისტური ხედვები და ქვიარ თეორიების ცოდნა ამ ფაქტებს ვერ ცვლის.

“საკუთარი ოთახი”

ქალებისკენ ქვების სროლის კიდევ ერთი წინაპირობა, სავსებით უწყინარი ფრაზა – „მარტო ქალები ვიკრიბებით“ – გახდა. ცხადია, ვუტრირებ. მშვენივრად მესმის, რომ ფრაზა კი არა, ამ ფრაზის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი სპეკულაციები იქცა ერთგვარ ტრიგერად ძალადობის ახალი ტალღის წარმოსაქმნელად (ასეთ ტექნოლოგიებს პოლიტიკური პარტიებიც ხშირად იყენებენ, რომ მოვლენების ცენტრში მოექცნენ. ჩვენს უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, ასეთი „ცხელი თემებით“ სპეკულირება საბოლოოდ ბანალური ჩანაცვლებით მთავრდება – თემის წამოწევისათვის „მიჯირყვნილი“ პარტია საბოლოოდ ენაცვლება რეალურ მსხვერპლს და მთელი ყურადღება მისკენ გადადის, თემა კი ისევ ჰაერში რჩება). მეორეა, რომ სპეკულაციას ბევრი წამოეგო და მაშინვე ქალების კაცთმოძულეობასა და იზოლაციონიზმზე ალაპარაკდა.

ჯგუფის დიდმა ნაწილმა, ამგვარი რეაქცია თავდასხმად, მათი კუთვნილი სივრცისა და ხმის გაკონტროლების მცდელობად აღიქვა და სავსებით სამართლიანადაც. ფეისბუქზე ატეხილი hy(he)steria დღესაც გრძელდებათუმცა, კარგია, რომ პროტესტის მონოპოლიზაციის მცდელობა ისევე ჩავარდა, როგორც აქტივისტთა ჯგუფების გახლეჩვის/დაფანტვის მცდელობები (ამ ეტაპზე მაინც). თავად, პრობლემას ვერც ცალკეულ საპროტესტო აქციებში ვხედავ. პირიქით, მივესალმები კიდევაც, რადგან ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივად აღმოვჩნდებით ხოლმე ერთმანეთის მხარდამხარ და ერთ პლატფორმაზე ჩვენ-ჩვენი ინდივიდუალური ფასეულობების გამო და არა ხელოვნურად, როცა სხვის დაგეგმილ აქციას სოლიდარობის გამო ვუერთდებით. მეორე მხრივ, ეს ის საკითხია, რომლის პრობლემატიზაციასაც მართლა სხვა მასშტაბები სჭირდება. ცხადია, ყოველგვარი ბელადების, პარტიების, ბრენდებისა და მონოპოლიების გარეშე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამას.

საკუთარი სივრცის არსებობის აუცილებლობასა და საჭიროებაზე (განსაკუთრებით ქალებისათვის),  სოლიდარობის მნიშვნელობაზე, ჯგუფების იძულებით გეტოიზაციაზე, ქალთა საკითხებში თავად ქალების აქტიურობაზე სხვა დროს დავწერ. ისედაც ძალიან გამიგრძელდა სათქმელი.

***

ბლოგს კი ისევ ვირჯინია ვულფის ვრცელი ციტატით დავასრულებ: ” მე მჯერა, რომ თუ ჩვენ გავაგრძელებთ საუკუნის მანძილზე არსებობას – მე ვლაპარაკობ ჩვენს საერთო სიცოცხლეზე და არა ცალკეულ პატარა სიცოცხლეებზე, რომლებიც ინდივიდუალურად გაგავაჩნია; და თუ თითოეულ ჩვენგანს ექნება წელიწადში ხუთასი ფუნტი და საკუთარი ოთახი; თუ ჩვენ შევეჩვევით თავისუფლებას და გაბედულად ზუსტად იმის წერას, რასაც ვფიქრობთ; თუ დროდადრო გავექცევით საერთო სასტუმრო ოთახებს და შევეცდებით, ადამიანებს არ ვხედავდეთ ყოველთვის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ ზოგჯერ ვხედავდეთ მათ დამოკიდებულებას რეალობასთან, ცასთან და მიწასთან და ნებისმიერ რამესთან, რაც თავისთავადია; თუ ჩვენ მილტონის ჩრდილის მიღმა გავიხედებით, რადგან არცერთმა არსებამ არ უნდა გადაფაროს ხედი ჩვენს თვალწინ; თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ სინამდვილეს, რომ არ არსებობს მაჯა, რომელსაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, არამედ მარტოები მივდივართ ცხოვრების გზაზე და რომ ჩვენ ვარსებობთ რეალობის სამყაროში და არა მხოლოდ მამაკაცების და ქალების სამყაროში, – მაშინ შესაძლებლობა გაჩნდება და მკვდარი პოეტი, რომელიც შექსპირის და იყო, მრავალჯერ გარდაცვლილი, კვლავ განსხეულდება. ის მოიპოვებს თავის სიცოცხლეს იმ უცნობი ქალების სიცოცხლეთა წყაროდან, რომლებიც მისი წინამორბედები იყვნენ; და როგორც ეს მისმა ძმამ მოახერხა მასზე ადრე, ის დაიბადება. მისი დაბადება შეუძლებელია მზადების გარეშე, ჩვენი მხრიდან მცდელობის გარეშე, მიზნად იმის დასახვის გარეშე, რომ როდესაც ის დაიბადება, დავახვედროთ შესაძლებლობა, რათა იცხოვროს და თავისი პოეზია თხზას. მაგრამ მე მჯერა, რომ ის მოვა, თუკი ჩვენ მისთვის ვიშრომებთ; ხოლო მისთვის, სიღატაკესა და გაურკვევლობაშიც კი, შრომა და სიცოცხლე ნამდვილად ღირს.”  (თარგმანი ლელა სამნიაშვილისა).

შრომა და სიცოცხლე ნამდვილად ღირს, როცა იცი ვისთვის და რისთვის… ამ ორომტრიალმა კიდევ ერთი რამ დანამახა ნათლად – უკვე ბევრნი ვართ, ვინც ჩვენსკენ ნასროლ ქვებს ვულფის მსგავსად ჯიბეებში არ ჩავილაგებთ და მორჩილად გავუყვებით გზას მდინარისკენ. დანარჩენს კი მომავალი გვაჩვენებს.