კატეგორიის არქივი: ლგბტ ტერმინოლოგია

აბერაცია სექსუალური [ლათ. aberratio – გადახრა, გადაცდენა] – იხმარება ნორმისაგან ინდივიდუალური განსხვავებულობის აღსანიშნავად. სექსუალური გადახრა, გარყვნილება.

აბსტინენცია სქესობრივი [ლათ. abstinentia – სექსუალური თავშეკავება] – სექსუალური აქტივობის იძულებითი ან შეგნებული დაქვეითება ინდივიდუალურ მოთხოვნილებაზე დაბლა. (იხ. სექსუალური დეპრივაცია, სექსუალური შეკავებულობა, შეკავება).

აგრესია [ლათ. aggressio – თავდასხმა, შეტევა] – ინდივიდუალური ან კოლექტიური ქცევა, მოქმედება, რომელიც მიმართულია მეორე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებისაკენ….

ავერსია სექსუალური
[ფრანგ. aversion – ზიზღი] – სექსუალური პარტნიორისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. სექსუალური დისფუნქციის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, ლიბიდოს საპირისპირო მდგომარეობა.

ავტოფელაცია [ბერძნ. autos – თვით, fello – წოვა) – საკუთარი სასქესო ასოს ალერსი ორალურად.

ადიულტერი [ფრანგ. adultere – მრუშობა] – ცოლ-ქმრული ღალატი. (იხ.ქორწინებისგარე სქესობრივი კავშირები)

ალგოლაგნია [ბერძნ. algos ტკივილი + lagneia ავხორცობა] – სექსუალური პარტნიორისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებით მოგვრილი კმაყოფილება (სიამოვნება) (არსებობს აქტიური ალგოლაგნია ანუ სადიზმი, ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი და პასიური ალგოლაგნია ანუ მაზოხიზმი, პასივიტიზმი).

ალგომანია, ალგოფილია [ბერძნ. algos ტკივილი + mania ვნება, სიგიჟე, philia სიყვარული] – იხ.მაზოხიზმი.

ამური [ლათ. amor – სიყვარული), ძველ რომაულ მითოლოგიაში სიყვარულის ღმერთი, ასევე ცნობილი როგორც კუპიდონი, ქალღმერთ ვენერას შვილი. ძველბერძნულ მითოლოგიაში – ეროსი (აფროდიტასა და არესის შვილი. ¨თავისი ისრით ის არა მარტო ქალ-ვაჟის, არამედ მამაკაცთა გულებსაც კოდავდა (ჰომოსექსუალობა)).

ამფეტამინები – აღმგზნები ნივთიერება, რომლის ზემოქმედების შედეგადაც ჩნდება ამაღლებული განწყობილება და ეიფორია. შეყვარებულობის პერიოდში, ტვინზე ზემოქმედებას ახენს ფენილეთილამინი და ასევე, შესაძლებელია დოპამინი და ნორეპირეფრინი. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. ბოლოს და ბოლოს, ორგანიზმი ტოლერანტულად რეაგირებს (ეჩვევა) ამ ნივთიერებებს და მათი ზემოქმედება თანდათან სუსტდება. ზოგიერთი ადამიანი გადაქცეულია ¨სასიყვარულო ეიფორიის მოყვარულად¨, რომელსაც მუდმივად აქვს სურვილი შეყვარებული იყოს. ამიტომაც ისინი დაცილების შემთხვევაში, სასწრაფოდ ეძებენ სხვა პარტნიორს.

ამბისექსუალობა [ბერძნ. amphi წინსართი, რომელიც აღნიშნავს ორმაგობას + სექსუალობა] – იხ.ჰერმაფროდიტიზმი, ბისექსუალობა.

ანაფროდიზია [ბერძნ. an უარყ. ნაწილაკი, aphrodisia სიყვარულით ტკბობა, ნეტარება] – იხ.ფრიგიდულობა.

ანდროგენი [ბერძნ. andros მამაკაცი, genes მშობელი, შემქმნელი] – მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი, ანდროსტერონი და ა.შ.), რომელიც იწვევს ორგანიზმის მასკულინიზაციას (გამამაკაცურებას).

ანდროგინი [ბერძნ. androgynos – ორსქესოვანი, andros – კაცი და gyne – ქალი) – მესამე სქესი (მითიური არსება), რომელსაც არ შეიძლება ვუწოდოთ ქალი ან კაცი. პლატონის ¨ნადიმში¨ მოთხრობილია, რომ ძველად ყველა ადამიანი ანდროგინი იყო – ორსქსესიანი და მრგვალი (თუ სრული, რადგან ¨მრგვალი¨ ძველებისათვის სრულყოფილებას ნიშნავდა). ანდროგინები ყოველთვის ბედნიერნი, თვითკმარი არსებები იყვნენ, არაფერს არ სთხოვდნენ ღმერთებს, არ სწირავდნენ მსხვერპლს, რაც ასუსტებდა ღმერთების ძალაუფლებას. ღმერთებს არ სჭირდებოდათ ამგვარი ძლიერი ადამიანები და ამიტომ, ზევსმა მახვილით ორად განკვეთა ანდროგინები. როდესაც მან ყველა ანდროგინი აჩეხა, თვითეულმა ნახევარმა დაიწყო მეორე ნახევრის ძებნა. იმ ნახევრებმა, ვინც ერთმანეთი მოძებნა///

ანდროგინია [ბერძნ. androgynos ორსქესოვანი – andros კაცი, gyne ქალი] – ინდივიდისათვის დამახასიათებელი ერთდროულად მამაკაცური და ქალური თვისებები. ფსიქოლოგიური

ანდროფილია [ბერძნ. andros კაცი, philia სიყვარული] – მამაკაცური ჰომოსექსუალობის ნაირსახეობა, ლტოლვა მოზრდილი (უფროსი) მამაკაცების მიმართ.

ანდროლოგია [ბერძნ. andros კაცი, logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მამაკაცის ორგანიზმის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას.

ანდროფობია [ბერძნ. andros კაცი, phobos შიში, სიძულვილი] – მამაკაცების სიძულვილი.

ანესთეზია სექსუალური [ბერძნ. anaisthesia უგრძნობლობა] – სექსუალური უგრძნობლობა, ქალის სექსუალური სიცივე – სქესობრივი ლტოლვის უქონლობა (იხ.ფრიგიდულობა)

ანორგაზმია [ბერძნ. an უარყ. ნაწილაკი, orgasmus, orgao აღგზნებული ვარ] – ორგაზმის არარსებობა სესქუალური აქტის დროს. ანსხვავებენ ანორგაზმიის სამ ხარისხს: 1. ორგაზმის არარსებობა, თუმცა სქესობრივი აქტს სასიამოვნო განცდები ახლდა თან. 2. სექსუალური აქტი სულერთია///, აღგზნება და დაკმაყოფილება არ შეინიშნება. 3. სქესობრივი აქტი არასასიამოვნოა და თან ახლავს მძიმე შეგრძნებები.

ანთროპომეტრია სექსუალური [ბერძნ. anthropos ადამიანი, metreo ვზომავ] – გაზომვის მეთოდებისა და ხერხების ერთობლიობა, ადამიანის სექსოლოგიური გამოკვლევის დროს.

ასექსუალურობა
[ბერძნ. an უარყ. ნაწილაკი] – სექსუალური ლტოლვის არარსებობა მოზრდილ ადამიანებში.

ასფიქსოფილია [ასფიქსია [ბერძნ. an უარყ. ნაწილაკი, sphyxis პულსი] – სუნთქვის შეჩერება, გაგუდვა + philia სიყვარული] – დახრჩობა, გაგუდვა სექსუალური პარტნიორის მონაწილეობით (იხ.სადომაზოხიზმი). გაგუდვის გარკვეულ ეტაპზე, ზოგიერთ მამაკაცს აღენიშნება ძლიერი ერექცია. საკმაოდ საშიში მეთოდია!

ავტოკასტრაცია [ბერძნ. autos თვით + ლათ. castratio დასაჭურისება, სასქესო ჯირკვლების ამოკვეთა] – საკუთარი თავის კასტრაცია (მაგ. შიზოფრენიით დაავადების დროს)

ატრაქციულობა [ლათ. attrahere მიზიდვა] – ემიოციური მიმზიდველობა, სიმპათია; ეროტიული ატრაქციულობა – ეროტიკული მიმზიდველობა.

ავტოეროტიზმი [ბერძნ. autos თვით + eros, erotos სიყვარული] – საკუთარი თავისაკენ მიმართული სექსუალური ლტოლვა, საკუთარი სხეულის აღქმა სექსუალურ ობიექტად. (იხ.ნარცისიზმი)

აფროდიზიაკა [ბერძნ. aphrodisia სიყვარულით ტკბობა, ნეტარება] – ნივთიერება, რომლებიც ასტიმულირებს სექსუალურ ლტოლვას და იწვევს აღგზნებას (სასქესო ჰორმონები და სხვ.)

აფროდიზიომანია [აფროდიზაიკა + ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე] – ფსიქიკის ავადმყოფური ფიქსაცია აღმგზნები საშუალებების ძიებაზე დაქვეითებული სქესობრივი შესაძლებლობების შემთხვევაში.

აფროდიტე
[ბერძნ. afros ქაფი] – ძველ ბერძნუულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი.

ანანიზმი (ბიბლიური პერსონაჟის ანანის მიხედვით. სინონიმები – იპსაცია, მასტურბაცია, ხელმრუდობა) – ეროგენული ზონების ხელოვნური გაღიზიანება (უფრო ხშირად სასქესო ორგანოებისა) სექსუალური დაკმაყოფილებისათვის. ძირითადად თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას ქრება. პირველ რიგში, დაკავშირებულია ბიოსოციალური დისჰარმონიასთან, რაც განპირობებულია იმით, რომ სექსუალური მომწიფება წინ უსწრებს პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, ანანიზმს მიმართავენ იმისათვის, რომ შეამცირონ ბიოლოგიური მოთხოვნილებით გამოწვეული ფიზიოლოგიური დისკომფორტი, რადაგან არ შეუძილიათ ეს მოთხოვნილება ადექვატური გზით დაიკმაყოფილონ.

ანანოფობია (ანანიზმი + ბერძნ. phobos შიში, სიძულვილი) – აკვიატებული შიში ანანიზმის მავნებლობის შესახებ. უფრო ხშირად მამაკაცებს ახასიათებთ – ერექციის დაკარგვისა და იმპოტენციის აკვიატებული შიში, როგორც ანანიზმის ერთგვარი ¨საზღაურისა¨. ანანოფობიის წარმოშობასა და გავრცელებას ხელს უწყობს სექსუალური გაუნათლებლობა და სქესობრივი აღზრდის დაბალი დონე.

ბისექსუალურობა [ლათ. bis ორჯერადი, sexualis სასქესო, სქესობრივი] –  ფართო მნიშვნელობით ორივე სქესისათვის დამახასიათებელი თვისებების ფლობა (ანდროგინია), ვიწრო გაგებით – სქესობრივი ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ.

ბერსრანიზმი – (იგივე ნეკროსადიზმი) სქესობრივი გარყვნილება, რომელიც მჟღავნდება ნეკროფილიისა და სადიზმის ერთდროულ არსებობაში. ბერსრანიზმი გამოიხატება ადამიანის სქესობრივ ლტოლვაში გვამების მიმართ და მათ წვალებაში. სახელწოდება დაკავშირებულია სერჟანტ ბერტრანთან, რომლის შემთხვევაც აღწერილია რ.კრაფტ-ებინგომის წიგნში ¨სქესობრივი ფსიქოპათია¨. ბერტრანი სასაფლაოზე თვალებს ჩიჩქნიდა გვამებს, და ამის ნიადაგზე განიცდიდა სქესობრივ აღგზნებას, ხშირად სქესობრივ კონტაქტსაც ამყარებდა გვამებთან. დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდება.

ბესტიალიზმი [ლათ. bestia – ცხოველი] იხ.ზოოფილია

ბინარული [ფრანგ. binaire] – ორი ნაწილისაგან შემდგარი, ორმაგი.

ბიორითმები სექსუალური – სქესობრივი აქტივობის ინდივიდუალური რიტმული ცვლილებები, რომელიც დამოკიდებულია, როგორც გარემო, ასევე ასაკობრივ ფაქტორებზე, კონსტიტუციონალურ თავისებურებებზე და სოციალურ პირობებზე. სექსუალური ბიორიტმის რეგულაცია ხორციელდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მეშვეობით.

ბოვარიზმი (გუსტავ ფლობერის ¨მადამ ბოვარის¨ მთავარი პერსონაჟის სახელის მიხედვით) – სენტიმენტალური, სასიყვარულო შინაარსის რომანტიული ოცნებები, რომლებიც ახასიათებს ზოგეირთ ფსიქოპათოლოგიურ მდგომარეობას.

გამეტები [ბერძნ. gamete მეუღლე] – განაყოფიერების უნარის მქონე მომწიფებული სასქესო უჯრედები.

გეიშა
– ძველ აღმოსავლეთში გეიშებს უწოდებდნენ, როგორც წესი, ლამაზ და ყოველმხრივ განათლებულ ქალებს. არსებობდა სპეციალური სკოლები გეიშებისათვის, სადაც მათ ასწავლიდნენ ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, ლამაზად ჩაცმისა და სალონური საუბრების ხელოვნებას. იპონიაში, ყოველ შეძლებულ მამაკაცს ჰყავდა ცოლი, რომელიც უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას და ზრუნავდა ბავშვების აღზრდაზე, და გეიშა, რომელთანაც ფიზიკურად და ინტელექტუალურად ¨ისვენებდა¨. გეიშები სპეციალურ სამოსს ატარებდნენ, ხოლო სახეს ტრადიციული ნიღაბით იფარავდნენ. იაპონიაში დღემდე არსებობს გეიშების ინსტიტუტი. მეძავებისაგან განსხვავებით, გეიშების მამაკაცთან ურთიერთობის საფუძველს სექსუალური კავშირი არ წარმოადგენს.

გენდერი – სოციალური სქესი, განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური პირობებით (სპეციფიური სოციალური ფუნქციები საზოგადოებაში, კულტურული სტერეოტიპები და ა.შ.).
ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებით, გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს – ერთგვარ სოციოკულტურულ ფენომენს, რომელიც ასახავს მამაკაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. მაგ. მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს სოციალური როლი, რომელიც ტრადიციულად ქალის როლია (მაგ. ბავშვების მოვლა და დიასახლისობა) ამ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ქცევა მას ფიზიკურად ნაკლებად მამაკაცურს სულაც არ ხდის. მამაკაცისა და ქალის სოციალურ როლებს თავად საზოგადოება ქმნის, მისთვის დამახასიათებელი კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით.

გენიტალიები [ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული] – სასქესო ორგანოები.

გენიტალგია [ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული, სასქესო + ბერძნ. algos ტკივილი] – ტკივილის შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოებში კოიტუსის ან მისი დამთავრების შემდეგ.

გენოტიპი [ბერძნ. genos გვარი, დაბადება, წარმოშობა + typos ანაბეჭდი, ნიმუში, ტიპი ] – ორგანიზმის ყველა გენის ერთობლიობა, ორგანიზმის მემკვიდრეობითი საფუძველი.

გერონტოფილია [ბერძნ. geron (gerontos) მოხუცი, + philia სიყვარული] – სქესობრივი ლტოლვა მიმართული ასაკოვანი, მოხუცი ადამიანების მიმართ.

გინეკომასტია [ბერძნ. gyne (gynaicos) ქალი, + mastos მკერდი] – სარძევე ჯირკვალის გადიდება მამაკაცებში. ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ეს გამოწვეულია ტესტოსტერონისა და ესტროგენების რაოდენობის ზრდით და მათი ზემოქმედებით სარძევე ჯირკვლების ქსოვილებზე. ანსხვავებენ ნამდვილ და ცრუ გინეკომასტიას. ნამდვილი გინეკომასტია ვითარდება სარძევე ჯირკვლების ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდის ხარჯზე, ცრუ – განპირობებულია სარძევე ჯირკვლების მიდამოებში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებით.

გინეკოფილია, გინეკომანია [ბერძნ. gyne (gynaicos) ქალი, + mania ვნება, სიგიჟე] – მამაკაცის ჰიპერსექსუალურობა, რომელიც ხასიათდება ახალ-ახალ პარტნიორებთან (ქალებთან) სქესობრივი კავშირის დამყარების შეუკავებელი სწრაფვით.

გონადები [ბერძნ. gone თესლი + aden] – სასქესო ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სასქესო პროდუქტებს (კვერცხებს, სპერმატოზოიდს).

გონადური სქესი – მისი იდენტიფიცირება ხდება სქესობრივი კუთვნილების ძირითადი მაჩვენებლით – სასქესო ჯირკვლების ჰისტოლოგიური აგებულებით.

დათრგუნული სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო, დსლ) – სქესობრივი აქტივობის დაბალი დონე, შერწყმული მის მიმართ ინტერესის სუბიექტურ არარსებობასთან; ამ შემთხვევაში ლტოლვა აღნიშნავს სექსუალურ სიზმრებსა და ფანტაზიებს, ეროტიული სიუჟეტების მიმართ ყურადღების გამახვილებას. სექსუალური აქტივობისადმი ცნობიერ სწრაფვას, პოტენციური პარტნიორებისადმი ყურადღებას და ფრუსტრაციის განცდას, თუ სექსი მიუღწეველია. დსლ-ს დროს ადამიანს დაქვეითებული აქვს სექსუალური ქცევის დაწყების ინტერესი და ის საერთოდ არ რეაგირებს პარტნიორის სექსუალურ სტიმულებზე, თუმცა დრო და დრო შეიძლება უხალისოდ “დანებდეს” პარტნიორის სურვილს, რათა შეინარჩუნოს ნორმალური ურთიერთობა.
დსლ-ს დროს ძირითადად შენარჩუნებულია სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობა (ფიზიოლოგიურ პლანში), თუმცა ამ დარღვევას ზოგჯერ თან ახლავს ერთი ან რამდენიმე სხვა დარღვევა. დსლ შეიძლება იყოს პირველადი (ე.ი. სულ თავიდან გამოვლენილი) ან მეორადი, რომელიც ან მუდმივია, ან სიტუაციური. ამ დარღვევის სიხშირე ზუსტად უცნობია;
სულ ახლო წარსულში აშშ-ს სექსოთერაპიის კლინიკებში გსლ-ს გამო ბევრი ადამიანი აკითხავდა. ყოველი 10-დან 3 შემთხვევა (Lief, 1977; Schover, Lo Piccolo, 1982; Leiblum, Rosen, 1988).
დსლ-ს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე ფსიქოლოგიურიც, მათ შორის ჰორმონალური უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, თირკმელის უკმარისობა, ნარკოტიკების ხმარება და მძიმე ქრონიკული დაავადებანი. დსლ-ს შემთხვევათა უმრავლესობას, როგორც ჩანს, ფსიქო-სოციალური წარმომავლობა აქვს: მას წინ უსწრებს დეპრესია, სექსუალური ტრავმები, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება, ან არასაკმარისი თვითშეფასება, პიროვნებათშორისი მტრობა და პარტნიორებს შორის ლიდერობისათვის ბრძოლა. ზოგიერთ შემთხვევაში დსლ ვითარდება უკვე არსებულ სქესობრივი დარღვევების ფონზე. მაგალითად, თუ მამაკაცს იმპოტენციასთან ერთად უვითარდება სექსის მიმართ ინტერესის დაქვეითება, მაშინ ეს ეხმარება მას განერიდოს სექსუალური წარუმატებლობის ისეთ უსიამოვნო შედეგებს, როგორიცაა სირცხვილი, შიში, თვითპატივისცემის დაკარგვა და ფრუსტრაცია.

დევიაცია [ფრანგ. deviation გადახრა, გამრუდება] – ნორმიდან გადახრა.

დევიაცია სექსუალური – გადახრა სექსუალური ქცევის მისაღები (მოცემული ეთნიკური კულტურის ფარგლებში) ნორმებიდან, როცა სექსუალური აღგზნება ან ორგაზმი მიიღწევა ატიპური ან არსებული კულტურით დაუშვებელი ქმედებების შედეგად. სექსუალური დევიაცია კლასიფიცირდება როგორც გადახრა ა) ლტოლვის ობიექტთან მიმართებაში (პედოფილია, ეფებოფილია, გერონტოფილია, ზოოფილია, ფეტიშიზმი, ტრანსვესტიზმი, ტრანსექსუალობა, ინცესტი, ნარცისიზმი, პიგმალიონიზმი, ნეკროფილია და სხვ.) და ბ) ლტოლვის გამოხატვის ფორმაში (სადიზმი, მაზოხიზმი, ექსჰიბიციონიზმი, ვუაიერიზმი და ა.შ.). ხშირად, სექსუალურ დევიაციას განსაზღვრავენ როგორც სექსუალური ქცევის მისაღები ფორმიდან ნებისმიერ გადახრას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური ქცევის სხვადასხვა ფორმებთან (ანუ მისი ნორმების განსაზღვრა) იცვლებოდა სხვადასვხვა კულტურისა და ეპოქის საზოგადოებებში. დამოკიდებულება სექსუალურ დევიაციებთან საკმაოდ შემწყნარებლური იყო შუასაუკუნეებამდე, მოგვიანებით კი მკვეთრად შეიცვალა. შუასაუკუნეებში განსხვავებული სექსუალური ქცევის ეშმაკისეულად ითვლებოდა. დღემდე, განსხვავებულ სექსუალურ ქცევას სხვადასხვაგვარად აფასებენ სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში.
არსებსობს სექსუალური დევიაციის მიზეზების ახსნის სხვადასხვა თეორიები (თანდაყოლილი დარღვევები, ენდოკრინული და ორგანული დაზიანებები, დაავადებების შედეგი და ა.შ.), მაგრამ ბოლომდე არც ერთი არ ხსნის მათი წარმოშობის ბუნებას. პრაქტიკაში, როგორც წესი, შეინიშნება რამდენიმე ფაქტორის კომპლექსური ზემოქმედება.
სექსუალური დევიაციის არსებობამ შეიძლება ძლიერი ზემოქმედება იქონიოს ადამიანის პიროვნებაზე. იმის გაცნობიერება, რომ პიროვნებას განსხვავებული ქცევა ან შეგრძნებები ახასიათებს, ხშირად იწვევს შინაგანი კონფლიქტის წარმოშობას, რომლის სიძლიერეც განისაზღვრება საზოგადოების დამოკიდებულებით ამა თუ იმ ტიპის დევიაციასთან. თუ ადამიანი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს შინაგან კონფლიქტს, ამან შეიძლება მიიყვანოს ნევროტიზაციამდე ან ფსიქოპათიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაციები და მკურნალობა ექიმ-სექსოლოგთან.

დენდროფილია [ბერძნ. dendron ხე + philia სიყვარული] – პიგმალიონიზმის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ფეტიშის როლს ხე ან ხის ნაკეთობები ასრულებს.

დეტერმინიზაცია სქესის
[ლათ. determino განვსაზღვრავ] – გარემო და მემკვიდრეობითი (გენეტიკური) ფაქტორების ერთობლიობა, რაც განაპირობებს სქესობრივი დიფერენციაციის საბოლოო რეზეულტატს. ანუ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნებისა და სქესობრივი თვითშეგნების (რომლის ძირითადი კომპონენტებია – ფსიქოსექსუალური ორიენტაცია, სექსუალური პარტნიორის არჩევა და ინდივიდის მიერ საკუთარი სექსუალური როლის არჩევა) განვითარება.

დეტუმენსცენცია
[ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს შეცვლას, + tumesco გაბერვა, გასივება] – ერექციის შეწყვეტა ეაკულაციისა და ორგაზმის შემდეგ.

დეფემინიზაცია
[ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, დაშორებას, შეცვლას, + ფემინიზაცია] – ბიჭებში ხასიათისა და ქცევის ქალური ფორმების გადალახვის პროცესი, რომელიც ძირითადად აღზრდის პროცესში მხოლოდ ქალების გარემოცვაში ყოფნითაა გამოწვეული.

დეფლორაცია [ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, დაშორებას, შეცვლას, + flos, floris ყვავილი, ახალგაზრდობა, სიქალწულე] – საქალწულე აპკის დარღვევა. როგორც წესი, საქალწულე აპკის მთლიანობა პირველი სექსუალური კონტაქტის დროს ირღვევა. თუმცა, აგებულებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთლიანობა შეინარჩუნოს მრავალჯერადი სქესობრივი აქტის შემთხვევაში. დეფლორაციას ძირითადად თან ახლავს მცირე სისხლდენა (არა ყოველთვის)ბ დეფლორაცია არსებობს სრული და არასრული (ნაწილობრივი). არასრული დეფლორაციის მიზეზი შეიძლება იყოს უხეში გინეკოლოგიური დათვალიერება, სასქესო ორგანოების ტრამვა, ანანიზმი, ღრმა პეტტინგი, გაუფრთხილებელი ვესტიბულარული კოიტუსი და ა.შ.

დილდო – მამაკაცის ასოს ხელოვნური შემცვლელების საერთო სახელწოდება (ფალოიმიტატორი, ვიბრატორი და ა.შ.)

დიპოლდიზმი – ფლაგელაციის ერთ-ერთი ფორმა, რაც ვლინდება მოწაფის წვალებასა და ცემაში სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ვინმე დიპოლდს, რომელიც შინამასწავლებლად მუშაობისას იმდენად სასტიკად სცემდა აღსაზრდელს სექსუალური სიამოვნების მისაღებად, რომ სიკვდილამდე მიიყვანა ბავშვი. სინონიმი – აღმზრდელობითი სადიზმი.

დიმორფიზმი – ერთი და იმავე მოვლენის ორი ხარისხობრივად განსგვავებული ფორმით გამოვლენად სქესობრივი დიმორფიზმი წარმოადგენს განსხვავებებს, რაც განპირობებულია სხვადასხვა სქესის (ქალი და მამაკაცი) მიკუთვნებულობით.

დისმორფოფობია
[ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + morphe ფორმა + phobos შიში, სიძულვილი] – რეალურ ან წარმოსახვით ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებული აკვიატებული ნევროტული შიში. ძირითადად თავს იჩენს გარდატეხის ასაკში. 80% შემთხვევაში ემთხვევა სქესობრივი მომწიფების პერიოდს. ხშირად, მოზარდი ამჩნევს ¨ნაკლს¨ სახეზე – მაგ. დიდი ცხვირი (სირანო დე ბერჟერაკის კომპლექსი); გამოწეული ყურები; ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე… ბიჭები განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან სასქესო ორგანოს ზომას და ხშირად, ერიდებიან ისეთ საზოგადოებრივ ადგილებს, სადაც გახდაა საჭირო (მაგ. აბანო, საუნა…). გოგონებს აღნიშნული სინდრომი ძირითადად აქსელერაციის ფონზე უვითარდებათ (სიმაღლეში ზრდა, დიდი მკერდი და ა.შ.)

დისჰარმონია სექსუალური [ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + harmonia თანაბგერადობა, (გადატ.) რისამე რამესთან შეუწყობლობა, შეუთანხმებლობა] – სქესობრივ პარტნიორთა შორის ინტიმური ურთიერთობის შეუთანხმებლობა, შეუწყობლობა.

დისგენიტალიზმი
[ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული] – სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც სასქესო ორგანოები არის ძალიან მცირე ან პირიქით, დიდი ზომის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზომებთან დაკავშირებით ნორმისა და პათოლოგიის ცნება ხშირად ფარდობითია. დისგენიტალიზმი შეიძლება ეხებოდეს სასქესო ორგანოების ცალკეულ ნაწილებსაც, თუმცა სექსუალური ურთიერთობებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასქესო ორგანოების, ვულვის, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის მდებარეობის, ფორმისა და ზომის ცვლილებები.

დისპარეუნია [ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + pareunos ვინმესთან ერთად ერთ საწოლში მწოლიარე] – ქალებში სექსუალური დარღვევების ზოგადი სახელწოდება. წარმოადგენს წყვილთა სექსუალური დისფუნქციის ერთ-ერთ ფორმას. მჟღავნდება სექსუალური კონტაქტის მიმართ ინტერესის არ ქონაში, კონტაქტის დროს არასასიამოვნო შეგძრძნებებში. დისპარეუნიას ხელს უწყობს პარტნიორის მიმართ უნდობლობა, უსიყვარულობა, სხვადასხვა ნევროტული და სომატური დაავადებები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაფეხმძიმების ან ვენერიული სნეულებებით დაავადების შიში, პარტნიორთა შეუთავსებლობა, სქესობრივი აქტისათვის შეუფერებელი გარემო და ა.შ.

დისგამია, იხ. დისფუნქცია სექსუალური

დონ-ჟუანიზმი (დაკავშირებულია სასიყვარულო თავგადასავლების ლიტერატურული გმირის დონ-ჟუანის სახელთან) – მამაკაცური პრომისკუიტეტი, როცა სექსუალური თავგადასავლების მიზანს წარმოადგენს იმ ერთადერთი ქალის მოძებნა, რომელიც ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც დააკმაყოფილებს მას. თუმცა, ყოველი ახალი შეხვედრა იმედგაცრუებით, გულგრილობით და ხანდახან პარტნიორისადმი ზიზღის გრძნობითაც მთავრდება. დონ-ჟუანთა უმეტესობა ქალის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს იმ მომენტში, როცა ქალი წყვეტს წინააღმდეგობას. ვინაიდან ეს მამაკაცები საკუთარი ილუზიების მსხვერპლნი არიან, ვერასოდეს შეხვდებიან ¨ნამდვილ ქალს¨.

 

ევნუქოიდიზმი [ბერძ.eunuchos – საჭურისი+ eidos (idos) – მსგავსი] – ენდოკრინული დაავადება, რომელიც ხასიათდება სასქესო ჯირკვლების ფუნქციების დაქვეითებით, სასქესო ორგანოების განუვითარებელობით, ჩონჩხის დისპროპორციით და ჭარბწონიანობით. დაავადების საფუძველს წარმოადგენს ჰიპოგონადიზმი, რაც განპირობებულია კვერცხების თანდაყოლილი(პირველადი) ან შეძენილი პათოლოგიით, ანდა მეორადი, ინდუცირებული, ტვინის ცენტრალური ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სტრუქტურების მხრიდან, არასაკმარისი გონოდოტროპული სტიმულაციით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკში დაიწყო დაავადება. ლიბიდო ხშირად სრულიად არ არსებობს ან სუსტადაა გამოხატული. ევნუხოიდიზმის სინდრომიანი მამაკაცი გამოირჩევა სიმაღლით და არაპროპორციული აღნაგობით (გრძელი კიდურები, შედარებით მოკლე ტანი), სუსტად განვითარებული მუსკულატურით, ქალური ტიპის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების დაგროვებით, სუსტად გამოხატული მეორადი სქესობრივი ნიშნებით. ევნუხოიდიზმის სინდრომიანი ქალი ასევე გამოირჩევა სიმაღლითა და არაპროპორციული აღნაგობით, ჭარბი ცხიმოვანი დაგროვებებით თეძოებზე, მუცელზე და მკერდზე, განუვითარებელი შინაგანი და ინფანტილური გარეგნული სასქესო ორგანოებით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით.

ეროტოგრაფომანია (ბერძ. eros – სიყვარული, სურვილი, ვნება,   grapho- ვწერ, გამოვსახავ + მანია), ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანის მიერ სასიყვარულო წერილების შეუჩერებელი შედგენა.

ეროტი (ბერძ. eros – სიყვარული, სურვილი, ვნება; სინონიმი – ეროსი), ძველბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულის ღმერთი, ერთ-ერთი ოთხთაგანი კოსმოგონიური საწყისებიდან, თაოსთან, გეესთან, ტარტართან ერთად. ლიფოგრაფის მიხედვით (V საუკუნე ჩვ.წ.აღ-მდე) აკუსილაუ, ეროტი, ეფირი და მეტიდა (აზრი) – ერიბასა და ღამის შვილები, რომლებიც წარმოიშვნენ ქაოსიდან. მწერალ არმენიდესთან ეროტი მოიაზრება, როგორც უძველესი ღვთაება, რომელიც შექმნა აფროდიტამ.
მას აგრეთვე ეძახოდნენ პირველშობილს, ბრწყინვალე მოვლენას. ეროტი – არის მამაცი მსროლელი, ფრთიანი, მრავლისშემძლე, ეფირის ცის, ზღვის, მიწის, მიცვალებულთა სამეფოს და ტარტარის მბრძანებელი. ფერეკიდეს მიხედვით (VI საუკუნე ჩვ.წ.აღ-მდე), სამყაროს შექმნისას თვითონ ზევსი იქცა ეროტად. ასე, რომ ეროტი მოიაზრება სამყაროს ყოვლისშემძლე ძალად. საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი პოეტი ჰესიოდე პოემა “თეოგონიაში” წერს, რომ ეროტი მიეკუთვნება ღმერთების უძველეს თაობას, რადგან ის დაიბადა პირველადი ქაოსისგან (უსასრულო და ცარიელი სამყაროს სივრცისაგან) მიწასთან და ცასთან ერთად. არისტოფანეს პიესაში “ჩიტები” ნათქვამია, რომ ერებისა (უკუნის) და ღამის ქორწინების შედეგად გაჩნდა სამყაროს კვერცხი, რომლისაგანაც მოგვევლინა ეროტი და ნაერთისგან შექმნა მიწა, ცა, ოკეანე, ღმერთები და ადამიანები. ეროტი აღიქმებოდა სამყაროს ყოვლისშემძლე ძალად, რომელიც განასახიერებდა ბუნებაში სტიქიურ და შემოქმედებით საწყისს. შედარებით გვიანდელ ნაწარმოებებში, ეროტს უწოდებენ აფროდიტეს, სიყვარულის ღმერთის, და არესის, ომის ღმერთის, შვილს. ის “ოქროსფრთიანი” და “ოქროსკულულებიანია”, ხელში უჭირავს ისრებით სავსე აბგა, თავის ბრწყინვალე ოქროს ფრთებით დაფრინავს მიწისა და ზღვის თავზე, ის არის სწრაფი და მსუბუქი, როგორც ნიავის ქროლვა, მის ოქროს ისრებს ადამიანებისთვის მოაქვს არა მარტო სიხარული და ბედნიერება, არამედ სიყვარულის ტანჯვა, წამება და სიკვდილიც კი. სიყვარულში მოტყუებულები ეროტს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან მათი გულები შხამიანი ისრებით განგმირა. დანარჩენები ადიდებდნენ მას, რადგან ის ალამაზებს ადამიანურ ცხოვრებას მშვენიერი გრძნობების ყვავილებით.
ზოგჯერ ეროტს განიხილავენ, როგორც გაზაფხულის ღმერთს: მას მიაწერდნენ ბატონობას გარესამყაროზე და ადამიანებისა და ღმერთების ზნეობრივ სამყაროზე. ეროტის ყოვლისშემძლეობის წინაშე უძლურნი არიან ადამიანები, ღმერთები, ზევსიც კი არ არის დაცული მისი ოქროს ისრისაგან. ეროტი ითვლებოდა არა მარტო ქალისა და მამაკაცის სიყვარულის განსახიერებად, არამედ ასევე სიყვარულისა და მეგობრობის ღმერთად, რომელიც აერთებდა ბიჭებსა და მამაკაცებს. ამიტომ მას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ გიმნაზიებში, მის ქანდაკებას დგამდნენ ჰერმესისა და ჰერაკლეს გამოსახულებების გვერდით. ბერძნული ლეგენდების თანახმად, ეროტის მეუღლე გახდა მშვენიერი გოგონა ფსიქეა (ბერძ. ***** – სული, სამშვინველი, ცნობიერება). საბერძნეთში ეროტის კულტი არსებობდა უხსოვარი დროიდან. ბეოთიაში თაყვანს სცემდნენ მარმარილოს დაუმუშავებელ ლოდს, რომელსაც ეროტის განსახიერებად და უდიდეს სიწმინდედ თვლიდნენ. აქ არსებულ ეროტის ტაძარში ხუთ წელიწადში ერთხელ მისი საპატივცემულო დღესასწაული იმართებოდა – ეროტიდიები. სპარტანელები ბრძოლის წინ მსხვერპლს სწირავდნენ ეროტს. სახვით ხელოვნებაში ეროტი გაჩნდა მხოლოდ V საუკუნეში ჩვ.წ.აღ-მდე. მას ჯერ ბავშვის სახით გამოსახავდნენ, ფრთების გარეშე, ყვავილით, ლირით და გვირგვინით. მოგვიანებით გაუჩნდა ფრთები, მშვილდი და ისრები. ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნიდან ის გამოისახება ბიჭის სახით, რომელსაც ზოგჯერ ხელში ჩირაღდანი უჭირავს. ელინიზმის ეპოქაში ეს არის ცელქი, ეშმაკი, კაპრიზული, ხოლო ზოგჯერ გულბოროტი ბავშვი. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა წარმოდგენა ბევრი ეროტის არსებობის შესახებ. ამ “ღმერთუნების” გამოსახულებებს ვხვდებით კედლის მხატვრობაზე, მონეტებზე და რელიეფებზე. კლასიკური პოეზიის ტრადიცია ეროტს ზევსის შვილად, ირიდასა და ზეფირას ნაყოფად, აფროდიტასა და არესის შვილად წარმოადგენს, ასე რომ, ის თანდათანობით ღებულობს “ოქროსკულულებიანი”, “ოქროსთმიანი”, “ქარისებური” ღმერთის სახეს და წინ უძღვის მსუბუქი, დახვეწილი, კაპრიზული, ელინისტური პოეზიის ეროტისაკენ თანდათანობით გადასვლას.

ემპათია
(ბერძ. en – ში, შიგნით + pathos – ტანჯვა, ავადმყოფობა), სხვა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაგების და თანაგრძნობის განცდა. ძალზედ მნიშვნელოვანია ქორწინებაში და განსაკუთრებით ინტიმურ ურთიერთობებში, რომლებიც მოითხოვენ პარტნიორების განწყობილებების განსაკუთრებულ შესაბამისობას. გრძნობდე პარტნიორს, პირველ რიგში ნიშნავს გესმოდეს მისი ქცევის მოტივები, ეს კი შეუძლია მხოლოდ სულიერად მდიდარ, კულტურულ ადამიანს. შეგეძლოს გრძნობდე, გესმოდეს დახმარების თხოვნა და უპასუხო მას, კეთილად ხედავდე სხვა ადამიანებს – ეს არის არამარტო ეთიკური კულტურის მაჩვენებელი, არამედ შინაგანი სულიერი მუშაობის შედეგიც.

ექსჰიბიციონიზმი (ლათ.exhibeo – გამოფენა), სქესობრივი დაკმაყოფილების მიღწევა, საწინააღმდეგო ან საკუთარი სქესის წარმომადგენლების წინაშე სასქესო ორგანოების დემონსტრირების გზით, სქესობრივი სიახლოვის სიტუაციის გარეშე. როგორც წესი, გვხვდება მამაკაცებში. თუმცა, ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქალს, მაგალითად, პროფესიული სტრიპტიზიორებს ან მათ, ვისაც აქვთ მიდრეკილება სხეულის სხვადასხვა ნაწილის (ხშირად მკერდი, თეძოები) გაშიშვლებისადმი, აქვთ გარკვეული მიდრეკილება ექსჰიბიციონიზმისადმი. მამაკაცი-ექსჰიბიციონისტების უმრავლესობისათვის მთავარია ქალის შეშინება, ამიტომ ისინი ესწრაფვიან მათი შეშინებას, მოულოდნელად ჩნდებიან საფარავიდან, ფანჯარაში ან სახლის სადარბაზოში. ლაბადის ან პალტოს გაშლით, დემონსტრირებას უკეთებენ ერეგირებულ სასქესო ასოს, რაც მათ ძალიან აღაგზნებს და ზოგჯერ ფსიქიკურ ორგაზმამდე მიდის. ხშირად, ამ ჩვენებას თან ახლავს მასტურბაცია, ზოგჯერ ექსჰიბიციონიზმის შემთხვევებს ადგილი აქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგჯერ გაშიშვლება ხდება ბავშვების წინაშე. პირებს, რომლებთანაც ექსჰიბიციონიზმი შერწყმულია სადიზმის ელემენტებთან, ყველაზე მეტად ხიბლავთ ქალის შიშისა და სირცხვილის განცდა, ხოლო მაზოხისტური ტენდენციების არსებობისას აღმგზნებად გვევლინება საკუთარი დამცირების, სირცხვილის ან დასჯის შიშის განცდა. (ასეთ ნაირსახეობებს მიაკუთვნებიან კანდაულეზიზმი, ეროტოგრაფომანია).
აგრეთვე გამოყოფენ ვერბალურ (სიტყვიერ) ექსჰიბიციონიზმს, როდესაც მამაკაცი სიამოვნებას ღებულობს ქალისთვის ყურში ინტიმური დეტალებისა და გულახდილი უხამსობების ჩურჩულისაგან ან მათი მოსმენისაგან. ხშირად ეს ხდება ტელეფონის საშუალებით, როდესაც მამაკაცი რეკავს უცნობ ქალთან და საუბარში ეხება თემებს, რომლებიც მას აღაგზნებს და ამასთან ერთად მასტურბირებს ეაკულაციამდე და ორგაზმამდე. სიტყვიერი ექსჰიბიციონიზმი შეიძლება ერწყმოდეს საკუთარი სქესობრივი ორგანოების გაშიშვლებას სხვა ადამიანების წინაშე. ექსჰიბიციონიზმის ელემენტები, როგორც ასაკობრივი ნორმა, შეიძლება აღმოვაჩინოთ 7 წლამდე ბავშვების 5%-ში და 7-11 წლამდე ბავშვების 1%-ზე ნაკლებში. ბავშვებში სასქესო ორგანოების დემონსტრაცია მოკლებულია სექსუალურ შეფერილობას, თუმცა აღგზნებადობის ზღურბლის შემცირებისას და ფსიქოსექსუალური განვითარების ვადების დარღვევისას, რაც ხშირად არის ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების შედეგი, გენიტალიების დემონსტრაციას ზოგჯერ თან ახლავს სექსუალური აღგზნებაც, ხოლო შემდეგ ორგაზმიც. ასეთ ბავშვებს გაშიშვლებისას სასიამოვნო განცდები შეიძლება განუმტკიცდეთ იმპრინტინგის მექანიზმით, რაც შემდგომში ყალიბდება ექსჰიბიციონისტურ მიდრეკილებად. ექსჰიბიციონიზმის პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც ფსიქოსექსუალური ორიენტაციის სხვა დარღვევების დროს. მკურნალობა ძირითადად ფსიქოთერაპიულია.

ვაგინიზმი [ლათ. vagina – საშო] – საშვილოსნოს კუნთებისა და მენჯის ძირის კრუნჩხვითი შეკუმშვა, რაც ხელს უშლის სქესობრივ აქტს. სქესობრივი აქტის დროს გააჩნია დაცვითი რეფლექსის ხასიათი, რაც დაკავშირებულია რეალურად მოსალოდნელ ან წარმოდგენილ სქესობრივ აქტთან, საქალწულე აპკის დარღვევასთან დაკავშირებულ შიშის განცდასთან. ხშირად, ეს რეფლექსი უვითარდებათ ისეთ ქალებს, რომელთაც ახასიათებთ ძლიერი აღგზნებადობა (ნევრასთენია, ნევროზი, აკვიატებული იდეები) და გადატანილი აქვთ ფსიქიკური ტრავმა სექსუალური ძალადობის, პირველი სქესობრივი აქტის დროს მამაკაცის უხეშობის ან პირიქით, არასაკმარისი ენერგიულობისა და მომთხოვნელობის, პარტნიორისადმი ანტიპათიის და სხვ. შედეგად.

ვამპირიზმი [ფრანგ. vampire ვამპირი. მითიური არსება, რომელიც სამარიდან დგება, რათა მძინარე ადამიანებს სისხლი გამოსწოვოს] – სექსუალური გარყვნილება, რომელიც წარმოადგენს სადიზმისა და ფეტიშიზმის შერწყმას. ფეტიშის ობიექტი ამ შემთხვევაში პარტნიორის სისხლია. ვამპირიზმად შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა ასაკის ქალის (ან მამაკაცის) არამოტივირებული მკვლელობა ქვენა მიზნებისა და გარყვნილი ქმედებების გარეშე. მსგავს შემთხვევებში, სისხლის დანახვა ჩაენაცვლება სქესობრივ აქტს. ვამპირიზმი მეტად იშვიათი მოვლენაა.

ვენერა [ლათ. venus ვენერა] – ძველრომაულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში შეესაბამება აფროდიტა). სიყვარულის ქალღმერთის სახელს უკავშირდება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც სქესობრივი გზით გადადის.

ვენერიული დაავადებები [ლათ. venus ვენერა, სიყვარულის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში] – ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომლის გამომწვევებიც გადაეცემა სქესობრივი გზით. ვენერიულ დაავადებებს მიეკუთვნება – სიფილისი, გონორეა, შანკრი, ვენერიული გრანულემა.

ვიბრატორი [ლათ. vibro რხევა, ქანაობა] – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სექსუალური სტიმულაციისათვის.

ვიბროსტიმულაცია [ლათ. vibro რხევა, ქანაობა + stimulo აღვაგზნებ, ვუბიძგებ] – ვიბრატორის მეშვეობით სხეულის იმ ნაწილებზე ზემოქმედება, სადაც განლაგებულია ეროგენული ზონები.

ვიქტორიანიზმი (ტერმინი უკავშირდება ინგლისის დედოფლის ვიქტორიას (1819-1901), რომლის მმართველობის დროსაც სახელმწიფო და ეკლესია ხელს უწყობდა ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყოველგვარი გამოხატულებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას) – სექსუალური მორალის რეპრესიული მიმარულება, რომელიც ვლინდება სექსუალური ცხოვრების მიმართ პურიტანულ-ასკეტურ დამოკიდებულებაში. არათუ ხორციელი ვნება ითვლებოდა ავხორცობად, თვით ფიქრიც კი სექსუალური ურთიერთობების დროს სიამოვნების მიღებაზე შეუფერებელი იყო მორწმუნე ქრისტიანისათვის. განსაკუთრებით მძიმე იყო ის აკრძალვები, რომლებიც ქალებს შეეხებოდა. ითვლებოდა. რომ ქალი, რომელიც ფერტილურ ასაკს მიაღწევდა, უნდა გათხოვილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გაეჩინა და აღეზარდა ბავშვები. ყოველგვარი სექსუალური აქტივობა ქალის მხრიდან, ისევე როგორც სიამოვნების გამოხატვა სექსუალური აქტის დროს სამარცხვინოდ ითვლებოდა. იმავდროულად, ვიქტორიანიზმის მომხრეები არც თუ ისე მკაცრად აფასებდნენ მამაკაცთა სექსუალობის გამოვლინებას და თვალს ხუჭავდნენ მათ ¨სიცელქეზე¨. პრინციპში, ეს ნიშნავდა ორმაგი მორალური სტანდარტის არსებობას.

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის სამედიცინო ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებული იყო ასეთი წარმოდგენა – ¨წესიერი ქალი¨ საერთოდ მოკლებულია სექსუალურ მგრძნობელობასა და სურვილებს. ამგვარმა წარმოდგენებმა ხელი შეუწყო ქალებში ფრიგიდულობის, ხოლო მამაკაცებში ფსიქოგენური იმპოტენციის გავრცელებას.

ვულვა [ლათ. vulva საფარველი] – ქალის გარე სასქესო ორგანოები.

ვირგოგამია [ლათ. virgo ქალწული + gamos ქორწინება] იხ.ქალწულებრივი ქორწინება.

ვირილიზაცია [ლათ. virilis მამაკაცური] – მამაკაცური ნიშნების გამოვლინება ქალებში ანდროგენების გავლენით (აღნაგობის ტიპი, ჭარბთიმიანობა, ხმის ტემბრი და სხვ.).

ვირილიზმი [ლათ. virilis მამაკაცური] – ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები. ვირილიზმის დროს აღინიშნება ხმის დაბოხება, ჭარბთმიანობა (როგორც სახეზე, ისე ტანზე), მენსტრუაციის უქონლობა ან დაწყებისთანავე შეწყვეტა, ქალის მუსკულატურისა და ჩონჩხის მსგავსება მამაკაცისასთან. გამოწვეულია ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბით. ხშირ შემთხვევაში ჩნდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებების დროს.

ვოლუსტი [ლათ. Wollust ავხორცობა] – სპეციფიური შეგრძნება, რომელიც თან ახლავს სქესობრივ აქტს.

ვუაიერიზმი [ფრანგ. voyeurisme თვალთვალი], ვიზიონიზმი – ორგაზმის მიღწევა სხვისი გენიტალიების ან სხვა ადამიანის სექსუალური აქტივობის თვალთვალისას (ყურებისას). ვუაიერიზმის სახესხვაობაა სტრიპტიზი, ვარშეტე, სხვადასხვა სახის ეროტიული შოუები და ფოტოგრაფიები. ვუაიერიზმის ელემენტები გვხვდება შესაბამის ვიდეოპროდუქციაში, ილუსტრირებულ ჟურნალებსა და კალენდრებში, სილამაზის კონკურსებზე. შდრ. ექსჰიბიციონიზმი.

ვიქტიმოლოგია
[ლათ. virilis მსხვერპლი + ბერძნ. logos სწავლება, მოძღვრება] – მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულის კომპლექსურ შესწავლას. შესწავლას ექვემდებარება დაზარალებული (მათ შორის სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი), კავშირი ¨დამნაშავე¨ – ¨მსხვერპლი¨, ვიქტიმურობა (გარკვეული ფიზიკური და სულიერი თვისებების გამო ზოგიერთ ადამიანს გააჩნია უნარი გარკვეულ სიტუაციებში ¨მოიზიდოს¨ მოძალადე და გახდეს ¨მსხვერპლი¨) და ვიქტილიზაცია (პიროვნების დანაშაულის მსხვერპლად ქცევის პროცესი).

ზოოფილია [ბერძნ. zoon ცხოველი + philia სიყვარული]. სინონიმები – ბესტიალიზმი, ზოოერასტია, სოდომია – სექსუალური ლტოლვა ცხოველებისადმი, სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ცხოველებთან სექსუალური კონტაქტის შედეგად. ძირითად შემთხვევებში, ზოოფილია ჩანაცვლებითი პერვერსიას წარმოადგენს. როგორც წესი, ადამიანს არ უყალიბდება მდგრადი სექსუალური ლტოლვა ცხოველთა მიმართ და სექსუალური მოთხოვნილების ნორმალური გზით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთი კონტაქტები წყდება. ზოოფილია ძირითადად მამაკაცებში შეინიშნება და ქალებთან საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

ზოოსადიზმი [ბერძნ. zoon ცხოველი + სადიზმი] – ზოოფილიის სახესხვაობა. ზოოფილიისა და სადიზმის შერწყმა. სექსუალური აღგზნებისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რომელიც მიიღწევა ცხოველთა ცემითა და წვალებით.

 

თანატოფილია [ბერძნ. thanatos სიკვდილი (ბერძნულ მითოლოგიაში სიკვდილის მომავლინებელი ღმერთი, ჰიპნოსის ტყუპისცალი) + philia სიყვარული] – მაზოხიზმის სახესხვაობა, როცა სექსუალური აღგზნებადობა დაკავშირებულია სიკვდილის თემატიკასთან. ფიქრი საკუთარ სიკვდილზე, დაკრძალვის რიტუალსა და ახლობლების განცდებთან დაკავშირებული ფანტაზიები ხელს უწყობს სექსუალური აქტის ლოგიკურ დასრულებას. ზოგ შემთხვევაში, თანატოფილები მასტურბირებენ ოთახებში, რომელშიც დგას კუბო, ხოლო ოთახი მორთულია გვირგვინებითა და სხვა დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებული აქსესუარებით. სექსოლოგების მიერ აღწერილი თანატოფილიის ზოგიერთი შემთხვევა ახლოსაა ნეკროფილიასთან. საფრანგეთის სამეძაო სახლებში არსებობდა სპეციალური ოთახები – ¨მიცვალებულთა ოთახები¨, რომლებშიც შავ ფარდებსა და ანთებულ სანთლებს შორის მწოლიარე მეძავი მიცვალებულის როლს თამაშობდა.

ინცესტი [ლათ. incestus – დანაშაულებრივი, ცოდვა; სინონიმი – სისხლის აღრევა] – სქესობრივი კავშირი ახლო ნათესავებს შორის (მშობლებსა და შვილებს, და-ძმებს შორის). ბიბლიის თანახმად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედამიწაზე პირველი ინცესტი ჩაიდინეს ადამ და ევას შვილებმა. მათ მიერ სისხლის აღრევის ჩადენა იძულებითი იყო და ამიტომ ეკლესიის მიერ მიჩნეულია წმინდად, არადანაშაულებრივად. განუკითხველი ინცესტი მოხდა ღმერთის მიერ ცოდვილი ქალაქის სოდომის განადგურების შემდეგაც. გადარჩნენ ლოთი და მისი ორი ქალიშვილი, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ დედამიწაზე მხოლოდ ისინი და მათი მამა დარჩნენ ცოცხლები. მოდგმის გაგრძელების მიზნით, ქალიშვილებმა მამა ღვინით დაათვრეს და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს. განუკითხველი ინცესტის იდეამ თავი იჩინა ფარაონების და მეფეების ქორწინების ტრადიციებში. დინასტიური ქორწინებების კურთხევა ხდებოდა ტახტის მემკვიდრეობისა და სისხლის სისუფთავის შენარჩუნების პოზიციებიდან (ისტორიამ იცის ამის შედეგად მთელი დინასტიების განადგურების მაგალითები). თუმცა, მთლიანობაში მითოლოგიაში და რელიგიაში სისხლის აღრევა განიკიცხება და განიხილება როგორც ცოდვა, როგორც ერთგვარი ტაბუს დარღვევა.
ადამიანის მოდგმის ევოლუციის პროცესში შემჩნეულია, რომ რაც უფრო ახლო სისხლით ნათესაურ კავშირში არიან მშობლები, მით უფრო ფიზიკურად სუსტი და ფსიქიკა შეფერხებული იბადება მათი შთამომავალი. ინცესტის დროს იზრდება ერთიდაიგივე პათოლოგიური გენების ურთიერთშეხვედრის ალბათობა და თუ ჩვეულებრივი, არანათესაური ქორწინებისას ბავშვის სერიოზული გენეტიკური (თანდაყოლილი) დეფექტით ან გონებრივი ჩამორჩენით დაბადების ალბათობა 3-4%-ია, ინცესტის დროს ის იზრდება 5-ჯერ. ქვეყანათა დიდ უმრავლესობაში ახლო ნათესავებს შორის ქორწინება და სქესობრივი კავშირი აკრძალულია, ისჯება და განიკიცხება საზოგაოებრივი მორალით. (მეორად ნათესავებს შორის ქორწინებისგან გასხვავებით).

ინტიმოფობია
– სქესობრივ პარტნიორთან ახლო ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობებისგან თავის არიდება. გვხვდება მამაკაცთა და ქალთა დაახლოებით მესამედში. ჩვენს დროში ინტიმოფობიით ქალები უფრო ხშირად არიან შეპყრობილნი, ვიდრე მამაკაცები. შესაძლოა, ეს ემანსიპაციის ან არასრულ ოჯახში აღზრდის ბრალია. მეცნიერებითა და სტატისტიკით დასტურდება, რომ თუ მარტოხელა ქალს უჩნდება ქალიშვილი, არსებობს დიდი რისკი, რომ მომავალში ის დედის ბედს გაიზიარებს.
ინტიმოფობია სულაც არ არის რაიმე კაპრიზი, ეს სერიოზული მოვლენაა და გამოწვეულია სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ მიზეზთა თანხვედრით – მისგან დამოუკიდებლად თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროს ზარალდება როგორც თვითონ ინტიმოფობი, ასევე მისი პარტნიორი, რომელსაც თავისდაუნებურად ატყუებს. ამიტომ ცხოვრების მოწყობის რამოდენიმე უშუდეგო მცდელობის შემდეგ ინტიმოფობები მიმართავენ ერთგვარ ფსიქოლოგიურ თავდაცვით საშუალებას: ისინი პარტნიორებს განიხილავენ როგორც მხოლოდ სექსუალური განტვირთვის საშუალებად.
სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ ლეგენდარული კაზანოვა ინტიმოფობი იყო. შესაძლოა სწორედ ეს დაავადება აიძულებდა მას პარტნიორების გაუთავებელ ცვლას და არა მისი დაუოკებელი სექსუალური აღტყინება.
ინტიმოფობიის მიზეზი შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი ფაქტორი. ფსიქოლოგები ინტიმოფობიას განიხილავენ როგორც ხასიათის პათოლოგიას, რაც გამოწვეულია მარტოხელა, გაუწონასწორებელი დედის აღზრდით. დედა თავისი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ქცევით შვილს უყალიბებს რწმენას, რომ ყველა სხვა ადამიანის ქცევაც შეუძლებელია იყოს პროგნოზირებადი. ამის გამო, ის არ ენდობა არავის და ცდილობს არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე. ფსიქიატრები ინტიმოფობიას ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების შედეგად მიიჩნევენ, რომელთა დროსაც სახეზეა ემოციონალური და ნებელობითი დარღვევები.
ინტიმოფობების უმრავლესობა მარტოობას არჩევს, ზოგიერთი ცდილობს ოჯახის შექმნას, მაგრამ მალევე განქორწინდება. ასეთი ადამიანები გარეგნულად სრულიად წარმატებულებად გამოიყურებიან: როგორც წესი, ისინი არიან ინტელექტუალები, აკეთებენ კარიერას, მათ ბევრი ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ. ინტიმოფობები კომუნიკაბელურნი არიან, ადვილად ადაპტირდებიან კოლექტივში, ადვილად შედიან ურთიერთობაში ადამიანებთან. მათ გამუდმებით არ ჰყოფნით ემოციები და მრავალფეროვნება სექსში.
ინტიმოფობები ფულს ადვილად შოულობენ, მაგრამ როგორც წესი, ძალიან ძუნწები არიან. დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი ტესტი: ინტიმოფობს ყოველთვის უჭირს პარტნიორზე ფულის დახარჯვა.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს გვერდით ინტიმოფობი, ფსიქოლოგები გვირჩევენ მივცეთ მათ მაქსიმალური თავისუფლება, გვყავდეს გარკვეულ დისტანციაზე, არ ვაჩვენოთ ჩვენი გრძნობები, რადგან როგორც კი ინტიმოფობი იგრძნობს, რომ ეჩვევა პარტნიორს იგი მას შორდება. ალბათ, ეს არც ისე ცუდი სტრატეგიაა. ინტიმოფობი შესანიშნავია მსუბუქი, ხანმოკლე სექსისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცხოვრებისეული პარტნიორის როლში.

იმპოტენცია (ლათ.impotentia –  სისუსტე, სინონიმი – სქესობრივი უძლურება) მოძველებული ტერმინი (იხ. ერექციული დისფუნქცია), რომელიც აღნიშნავს ერექციის მიღწევის შეუძლებლობას ან მისი იმ დონეზე შენარჩუნებას, რომ განხორციელდეს კოიტუსი. იმპოტენციის ყოვლისმომცველ ცნებას დიდი ისტორია აქვს.
ადრე (მსოფლიოს ბევრ ნაწილში ეხლაც კი) “იმპოტენცია” განიხილებოდა, როგორც ჯადოქრობისა და შავი მაგიის რეზულტატი. ხშირად ჯადოს აკეთებდნენ ძაფზე ან ტყავის ზონარზე კვანძების გაკეთებით (Bullough, 1976წ). XIX საუკუნემდე სექსუალური პრობლემები უფრო ეკლესიის კომპეტენციად მიიჩნეოდა, ვიდრე ექიმების. “ჯადოქრების ურო” (“Malleus Maleficarum * 1486) ხშირად განიხილება, როგორც სექსუალური ფსიქოპათოლოგიის თეორიის ადრეული წყარო.
ევროპულ კულტურაში ეს პრობლემა დიდწილად განისაზღვრება მასკულინობის გაგებით: ძლიერი ერექციის შესაძლებლობა ითვლება “მაგარი ბიჭის” აუცილებელ მახასიათებლად. “იმპოტენციის” პირდაპირი მნიშვნელობა ინგლისელებთან ბევრ რამეზე მეტყველებს (“ძალის ან სიმძლავრის არ არსებობა; სისუსტე ან სრული უძლურება;” – ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონი. Stekel,1927) მიხედვით: “იმპოტენცია თავის დაღს ასვავს მამაკაცის მთლიან პიროვნებას. ის კარგავს საკუთარი თავის პატივისცემას, მისთვის დამახასიათებელ ენერგიულობას, შემოქმედებითი აქტივობის გამოხატვის უნარს. მას უყალიბდება მძიმე განცდა: ის მამაკაცი არ არის”. (Trethowan, 1963) იმპოტენციის შესახებ დემონოლოგიური ლიტერატურის მიმოხილვაში აღმოაჩინა მსგავსება შუა საუკუნეების თეოლოგებისა და თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსების მოსაზრებებს შორის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მსგავსება გამოხატავს იმპოტენციის პიროვნების ფუნდამენტურ დაზიანებად განხილვის ტენდენციას.
სულ ახლო წარსულშიც კი, მედიცინაში ტერმინი “იმპოტენცია” ზუსტად განსაზღვრული არ იყო და მოიცავდა მამაკაცის სექსუალური პრობლემების ფართო დიაპაზონს, ნაადრევი ეაკულაციის ჩათვლით. იურიდიული კუთხით ამ ტერმინით აღინიშნება ცოლ-ქმრული ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა  და გამოიყენება როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მიმართ (Johnson,  1968). და მაინც, რითია განპირობებული ამ ტერმინის გამოყენება თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში? მისი ქალური ანალოგი – “ფრიგიდულობა” ასე თუ ისე, უკვე გაქრა მედიკოსების ლექსიკონიდან, დამამცირებელი მნიშვნელობის გამო. Elliot (1985წ) გამოიკვლია ეს პრობლემა, 1940-1983 წწ. “ფსიქოლოგიური რეფერატების ჟურნალის” (Psychological Abstracts) სათაურების განხილვით და თუ ტერმინი “ფრიგიდულობა” ბოლო პერიოდში პრაქტიკულად გაქრა, ტერმინ “იმპოტენციის” გამოყენება დრამატულად გაიზარდა. წამყვანი სექსოლოგების უმრავლესობა გაურბოდნენ ტერმინ “ფრიგიდულობის” ხმარებას, მაგრამ აგრძელებდნენ “იმპოტენციის” გამოყენებას. 1986 წელს Masters, Johnson, Kolodhy “ფრიგიდულობასთან” დაკავშირებით წერდნენ: “რადგანაც ამ ტერმინს აკლდა დიაგნოსტიკური სიზუსტე და მას სულ უფრო ხშირად იყენებდნენ ნეგატიური, დამამცირებელი მნიშვნელობით, აღწერდნენ ქალებს როგორც “ცივ” ან “უემოციო” არსებებს, ბევრი სექსოლოგი აღარ იყენებს მას”. თუმცა ისინი იქვე ყოველგვარი კომენტარის გარეშე აგრძელებდნენ ტერმინ “იმპოტენციის” გამოყენებას.
Arentewicz, Shmidt (1983 წ.) პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი გაურბიან ორივე ტერმინის გამოყენებას. ჯერ ერთი, მათი არაადექვატურობის, მეორეც მათი დამამცირებელი ხასიათის გამო. დიაგნოსტიკური კლასიფიკაციის სისტემების გადახედვაზე პასუხისმგებელმა პირებმა, უკვე თქვეს უარი ორივე ამ ტერმინზე.
სექსუალური რეაქციების უმეტესწილად ფსიქოსომატური ბუნების გათვალისწინებით, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ: ჩვენი მიდგომა დიაგნოსტიკის, დარღვევბის შეფასებისა და კლასიფიკაციების მიმართ რა დონეზე ამძიმებს ჩვენი პაციენტების თავდაპირველ პრობლემებს? პირველ რიგში ტერმინ “იმპოტენციაზე” უარის თქმა. მართალია, მასკულინობის გაგებაში მას ძალიან ძლიერად აქვს ფესვები გადგმული და ამიტომ ასე ადვილად არ გაქრება, მაგრამ არ არის საჭირო, მედიკოსების მხრიდან მისი გამოყენებით ამ ტერმინის კიდევ უფრო განმტკიცება.  ზოგიერთ კონტექსტში სრულიად გამართლებულია ვარიანტები “ერექციული პრობლემები” და “ერექციის შესუსტება”.

 

კანდაუელიზმი (წარმოსდგება ლიდიის მეფის კანდაულესის სახელისაგან, რომელმაც მეგობარს მძინარე, შიშველი ცოლი აჩვენა) – ექსჰიბიციონიზმისა და მაზოხიზმის შერწყმა, რომლის დროსაც მამაკაცი სიამოვნებას განიცდის შიშველი ცოლის ან სექსუალური პარტნიორის დემონსტრირებისას ან მათი ფოტოების ჩვენებისას მეგობრებთან და ახლობლებთან (ხშირად მათი თანხმობის გარეშე). პოლონელი სექსოლოგი კ.იმელინსკი თვლიდა, რომ ფლამანდიელი მხატვრის რუბენსის შემოქმედებას ახასიათებს კანდაუელიზმის ნიშნები. რუბენსის ტილოებზე ხშირად გვხვდება მისი ცოლის გამოსახულება ტანსაცმლის გარეშე.

კასტრაცია
[ლათ. castratio; სინონიმი დასაჭურისება, დაკოდვა] – სასქესო ჯირკვლების ფუნქციის სრული და შეუქცევადი შეწყვეტა. შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გონადებზე რენტგენული გამოსხივების, ინფექციის, ჰორმონალური და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე ან სასქესო ჯირკვლების ქირურგიული გზით მოცილებაზე. ამასთან შესაძლებელია როგორც გენერატიული ასევე ენდოკრინული ფუნქციის შეწყვეტა (სრული კასტრაცია) ან რომელიმე მათგანის (ნაწილობრივი, არასრული კასტრაცია). ამასთან, ერთ-ერთი სასქესო ჯირკვლის კასტრაცია (ვთქვათ, ტრავმის შემთხვევაში) არ განიხილება როგორც კასტრაცია, ვინაიდან დარჩენილი ჯირკვალი სრულად ან ნაწილობრივ მაინც აკომპენსირებს ფუნქციის უკმარისობას. კასტრაციის შედეგების კლინიკური გამოვლინება მნივშნელოვნადაა დამოკიდებული ასაკზე. კასტრაცია ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს ორგანიზმში (იხ.ჰიპოგონადიზმი). მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც უკვე აქვთ სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, იწვევს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ არა სექსუალურ დარღვევებს. კასტრაციის შედეგების კლინიკურ გამოვლინებას ევნუქოიდიზმს უწოდებენ.

კლირინგი საქორწინო
[ინგლ. clear; ცხადი, სუფთა,ნათელი] – ოპტიმალური პარტნიორის შერჩევა ქორწინებისათვის სხვადასხვა პარამეტრების (ფიზიკური მონაცემები, ხასიათის თავისებურებანი, განათლება, ინტერესთა წრე, მატერიალური მდგომარეობა და ა.შ.) გათვალისწინებით.

კოიტოფობია
[ლათ. coitus შერწყმა, შეერთება, სქესობრივი აქტი + ბერძნ. phobos შიში, სიძულვილი] – სქესობრივი აქტის აკვიატებული შიში. ადამიანი ვერ აკონტროლებს აზრები, გრძნობები, მოგონებები, ეჭვები, შიში, ლტოლვა, რომელიც წარმოიშობა ადამიანის სურვილის გარეშე და გამოირჩევა მდგრადობით. ავადმყოფი თავის მდგომრეობას კრიტიკულად აფასებს, ხშირად აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ დამოუკიდებლად, სპეციალისტის ჩარევის გარეშე ვერ ახერხებს მისგან გათავისუფლებას. კოიტოფობია ხშირად წარმოიქმნება ფსიქოტრავმის საფუძველზე, როცა პარტნიორი აგრესიულად იქცევა, გამოხატავს უკმაყოფილებას, დასცინის ან ხაზგასმულად ცივად იქცევა ურთიერთობისას. ხშირად კოიტოფობიის მიზეზი ხდება სქესობრივი აქტის არაადექვატურ გარემოში ჩატარება. როცა პაციენტი ძალიან მგრძნობიარეა, ზემოხსენებული მიზეზები მყარად ჯდება მის ცნობიერებაში და შემდგომში იწვევს სქესობრივი აქტის მიმართ გადაულახავ შიშს. მამაკაცებში კოიტოფობია ხშირად ვლინდება ფსიქოგენური იმპოტენციის სახით, ქალებში კი კოიტოფობია თან ახლავს ისეთ დარღვევებას, როგორიცაა ვაგინიზმი და ანორგაზმია. დაავადების პროფილაქტიკა დამოკიდებულია სქესობრივი განათლებასა და აღზრდაზე. რაც შეეხება მკურნალობას, ფსიქოთერაპიიის მეშვეობით, ეს დაავადება საკმაოდ ეფექტურად იკურნება. თვითმკურნალობა კი მხოლოდ აძლიერებს კლინიკურ სიმპტომატიკას.

კოიტუსი [ლათ. coitus შერწყმა, შეერთება, სქესობრივი აქტი] – ორი ინდივიდის გენიტალური კონტაქტი სექსუალური სიამოვნების მიღების, ასევე გამრავლების, გვარის გაგრძელების მიზნით. არჩევენ ჰეტეროსექსუალურ (სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის) და ჰომოსექსუალურ (ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის) კოიტუსს.

კოპროფემია [ბერძნ. kopros განავალი + phemi ლაპარაკი] – უწმაწური სიტყვების წარმოთქმისადმი მიდრეკილება საპირისპირო სქესის წარმომადგენლის თანდასწრებით. სექსოლოგიურ პრაქტიკაში აღინიშნება, რომ კოპროფემიის ელემენტები ხშირად შეინიშნება სქესობრივი აქტის დროს წინასაორგაზმო პერიოდში.

კოპროფილია [ბერძნ. kopros განავალი + philia სიყვარული] – საკუთარი განავალის ჭამა. აქ. სექსუალური ლტოლვა პარტნიორის განავალით სხვადასხვა მანიპულაციისადმი.