კატეგორიის არქივი: ქამინგ-აუთი

წერილი #14

cropped-header1

დედა შენთვის არასდროს დამიძახებია, პირველად ამ ფურცელზე მოგმართავ ამ წოდებით და ხარისხით.  ვისურვებდი იმის მერე რასაც ახლა გეტყვი ისევ შენი წვიმიანი მთის ყვავილად დავრჩენილიყავი. მე როცა ახლა აღარ ვარ პატარა ბავშვი და არც იმდენად დიდი რომ შენ მიცნობდე უნდა გითხრა ისეთი რამ რამაც ჩემი დაბადება შეიძლება განანებინოს.

მე არ ვარ ისეთი, როგორიც შენ გინდა და ისურვებდი ვყოფილიყავი. მე არ ვარ ისეთი, როგორიც მე ვისურვებდი შენთვის ვყოფილიყავი.

მე ვერ გავთხოვდები და ვერ გაგხდი ბებიას რადგან არ შემიძლია გავიღვიძო იმ ადამიანის გვერდით, ვინც არ მეყვარება.  ვერ დავიძინებ ჩემი შვილის მამის გვერდითაც რადგან მხოლოდ იმის გვერდით შემიძლია ერთ საწოლში სუნთქვა, ვინც მიზიდავს – ასეთი კი მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს, ანუ ჩემივე სქესის წარმომადგენელი.

მაპატიე, რომ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ სურვილი მაქვს ყოველ დილას ღიმილით ვიღვიძებდე. მაპატიე, რომ ვერ შევიცვლები, რადგან შენ და თქვენ ასე გინდათ. მაპატიე, რომ ვერ დავკარგავ იმ მე-ს რომელიც მე ვარ. მაპატიე, თუ ამ ყველაფრის მერე ჩემს ყოლას  შენთვის ყველაზე საძულველი ცხოველის, ძაღლის ყოლას არჩევდი.  მაგრამ უბრალოდ იცოდე, რომ სხვაგვარად არ ძალმიძს, მე ლესბოსელი ვარ, მომწონს ჩემივე სქესი და ეს არ არის ავადმყოფობა. რადგან ავადმყოფობა ადამიანს კლავს. ეს ”სენი” კი კურნავს. მკურნავს სიცრუისა და სიყალბისგან.  და მამყოფებს იმად, რაც ვარ. ალბათ მეტყვი, რომ თუ სხეულს არა, სულს ვიზიანებ. ნუთუ, სიყვარული სულს ღუპავს?! ნუთუ, ის, რომ ის ხარ რაც ხარ და ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან, ავადმყოფობა და დანაშაულია?!

თუ არ მეთანხმები მითხარი და გავქრები. მითხარი, რომ სიყვარული ცოდვაა , ოჯახის შეურაცხყოფა და სირცხვილი, სურვილების შესრულება კი დანაშაული, მითხარი, რომ არ გჭირდები ასეთი და წავალ! მაგრამ იცოდე, რომ მაინც ყველა ბოროტ მდინარეს გადავლახავ სიყვარულის ტაძრამდე მისასვლელად.

წერილი #13

cropped-header1

ჩემო კლასელო და მეგობარო,

ჩვენი 18 წლიანი ურთიერთობის მანძილზე გაგკვირვებია, რატომ არ მტკიოდა სკოლაში გაკეთებული აცრის ნემსი. 1 სექტემბერს, საზაფხულო არდადეგების შემდეგ ყოველთვის გიკვირდა როცა გეუბნებოდი რამდენი დღე საათი და წუთი არ მყავდი ნანახი,  ყოველთვის გიკვირდა რატომ იყავი შენ ის, ვისაც უთვალავი ლექსი დავუწერე. გიკვირდა, რატომ ეწერა შენი სახელის პირველი ასო ჩემი სადარბაზოს ყველა სართულზე. გიკვირდა, რატომ მახსენებდა ყველა სიმღერა შენს თავს. გიკვირდა, რა გამიკეთე ისეთი, რომ ასე ვიყავი შენს მიმართ განწყობილი. ასე, ანუ ისე, რომ ყველას და ყველაფერს მერჩივნე მთელს კაცობრიობას და თავად ღმერთს. ახლა უნდა და მინდა გითხრა – იმიტომ, რომ მიყვარდი. მიყვარდი მთელი გრძნობით, მთელი არსებით, მიყვარდი მთელი სიყვარულით. არ მკითხო რატომ. შენ პირველი იყავი და ერთადერთი ვინც სკოლის ეზოში ხელი ჩამკიდა და მეთერთმეტე კლასამდე არ გამიშვა. ეს მიზეზიც იკმარე.
არ მტკიოდა სკოლაში გაკეთებული აცრის ნემსი რადგან იმ წამს შენზე ვფქრობდი.

მეზიზღებოდა ზაფხულის არდადეგები რადგან ყოველი წამის დათვლა მიხდებოდა სანამ გნახავდი. ახლა როცა იცი როგორც მიყვარდი, ვიცი არ იზიარებ ამ გრძნობას და ყველანაირად ეცდები ”სწორ და ნორმალურ” გზაზე ჩემს დაყენებას რადგან თვლი, რომ ერთსქესიან ადამიანთა ურთიერთობა არც რელიგიურად არც ტრადიციულად და არც ბუნებრივად არ არის გამართლებული და შესაძლებელი, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული ვის როგორ ესმის ”შეიძლება”-ს მნიშვნელობა.  მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი სიყვარულთან? მთელი ის წლები ისე მიყვარდი წამითაც არ გამიფიქრია შენთვის მეკოცნა. წუთითაც არ წარმომიდგენია შეგხებოდი და მხარზე მეკოცნა.

რელიგია სწორი გაგებით სიყვარულია თავად.
ტრადიცია- სიყვარულს მოკლებული ადამიანების მიერ გამოგონილი უაზრო წესთა წყება.
ბუნებრიობა- ფიზიკური ურთიერთობა – ვნება კი გრძნობების პიკი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მასთან შეიძლება განიცადო (და არა გქონდეს ვაკონკრეტებ,) ვინც გიყვარს.

შვილი თუა კიდევ ერთერთი აუცილებელი მიზეზი იმისა რომ ‘ტრადიციული’ ურთიერთობა გქონდეს, გეტყვი რომ ასეთი ურთიერთობით თითქმის მთელი კაცობრიობაა მოვლენილი და ეს ყველა თითქმის მკვდარია სულიერად რადგან უსიყვარულო სიყვარულის ნაყოფნი არიან.

მე მომწონს ჩემივე სქესის წარმომადგენლები. მე ასეთი ვარ დაბადებიდან და არა ბავშვობიდან. ჩემი ორიენტაცია არ არის შეძენილი, ის თანდაყოლილია. უდაოდ. და ასეთი ვარ არა იმიტომ რომ ასეთი მინდა ვიყო, არამედ იმიტომ რომ ასეთი უნდა ვიყო. ეს ჩემი მეა და არც და ვერც შევცვლი.  შენ კი თუ რამედ გიღირვარ,  ნუ ეცდები შემცვალო რამეთუ მერე მე – მე აღარ ვიქნები. არ მინდა თავის დაკარგვა. მერე რა, თუ ჩემი ასეთი ყოფა უბედურს გხდით თქვენც და მეც.  მე იმიტომ რომ არ მიზიარებთ ისეთს, როგორიც ვარ. ყველანაირად მზღუდავთ, მაკომპლექსებთ და მიგყავართ იმ დონემდე, რომ თავი გავიქრო. სიყვარულს არა აქვს სქესი. სიყვარული სექსი არ არის. სექსი კი საყვარელი ადამიანის სულის მოფერებაა. სიყვარული არც თანაგძნობა არ არის, სიყვარული გრძნობაა, უსქესო და გულწრფელი. ხოდა გთხოვ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, სიყვარულით და არა ვალდებულება – იძულებით. შენს ზიზღს ნუ გადმომდებ ისედაც მძულს თავი. სიყვარული ცოდვა არ არის. სიყვარული ცოდვებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა.

მე ვარ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი და მე მაქვს უფლება ვიყო ის, რაც ვარ. და თუ ღმერთსაც კი  არ აქვს უფლება ჩემი განსჯის მანამ სანამ ცოცხალი ვარ, თქვენ, ადამიანებმა რატომ დაიკისრეთ ეს მოვალეობა? საიდან უნდა იცოდეთ რა არის სწორი და არასწორი როცა სიყვარულის მხოლოდ ერთ სახეობას ცნობთ და მისი მნიშვნელობა არც იცით. რატომ აიღეთ ვალდებულებად სხვების პირადი შეხედულებების დამხობა?!

და კიდევ, თუ ღმერთი ღმერთია და მართლა არსებობს არც ის განმსჯის რადგან ეს ყველაფერი თავად ისურვა.
ვისურვებდი დარჩენილიყავი ისევ ჩემს მეგობრად ყოველგვარი სიძულვილის, ზიზღის , მორალის კითხვის და ჩემი შეცვლის სურვილის გარეშე. რადგან მე არაფერს ვაშავებ იმის გარდა რომ მიყვარს ადამიანი და მასში არ ვანსხვავებ სქესს რადგან ცხოველი არვარ რომ განვასხვავო.

წერილი #12

cropped-header1

მოგესალმებით მშობლებო!

არა ჩემებო…

ერთი ადამიანის მშობლებო, ადამიანის რომელიც, უგონოდ და უსაზღვროთ მიყვარს. ადამიანი, რომელიც მაბედნიერებს და შეძლებისდაგვარად ვაბედნიერებ.

ეს ადამიანი თქვენი სიყვარულის ნაყოფია, თქვენი მრავალწლიანი შრომის და ჯაფის შედეგია. ის ყველაფერი მშვენიერი რაც თქვენ მასში ჩანერგეთ, დღეს მისი სიყვარულის უბადლო მაგალითია. დიახ, თქვენ, როგორც მშობლებს, გაქვთ უფლება მას ბედნიერება უსურვოთ, მაგრამ არ გაქვთ უფლება მიუთითოთ მას სად ეძებოს ეს ბედნიერება. თქვენ ფიქრობთ რომ მხოლოდ მამაკაცთან ჰპოვებს ბედნიერებას თქვენი მართლაც უმშვენიერესი შვილი. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე არ ვარ მამაკაცი! მე ისეთივე ქალი ვარ როგორც ბევრი გარშემო, ერთი განსვავებით – მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს! დიახ! მე ის ვარ ვისაც თქვენ “ავადმყოფს” და  “გადახრებიანს” უწოდებთ. დიახ! მე ლესბოსელი ვარ თუ ამის გაგონება გინდათ! და მე და თქვენს ქალიშვილს ისე გვიყვარს ერთმანეთი როგორც ბევრ ჰეტერო წყვილს არც კი შეუძლია, და არც კი იციან რომ ასეთი სიყვარული არსებობს, ჩვენ გავცდით იმ მოგონილ ჩარჩოს რომელსაც თქვენივე მოგონილი “სწორი” სისტემა გვიწესებს.

ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და მერწმუნეთ ჩვენი დაშორება მხოლოდ ჩვენი სიცოცხლის ფასად შეიძლება… გამწირავთ? კი ბატონო! თქვენს შვილსაც გაწირავთ? კარგი მაგრამ მაშინ რა პასუხს გასცემთ იმ ღმერთს რომელსაც ასე ეთაყვანებით? რას ეტყვით? ჩვენი შვილი სიყვარულის გამო მოვკალითო?

ღმერთს, რომლის სიყვარულს ქადაგებთ თავად…კარგად დაფიქრდით… ღირს კი? საკუთარი სახელისათვის და ამბიციებისათვის და რეპუტაციისათვის საკუთარი შვილის მოკვლა? და მერე რას იტყვის ხალხი? თაობები იცვლება და აზროვნებაც და მენტალობაც იცვლება და თუ გუშინ ასეთი რამის გამო ტაშსაც კი დაიმსახურებდით, დღეს ეს ტაში დაცინვად და დანაშაულად შემოგიბრუნდებათ.და ბოლოს ორ რამეს გეტყვით მხოლოდ თუ ცოტაოდენი ადამიანობა შეგრჩათ… ნუ გააუბედურებთ ერთი არასწორი ფიქრის გამო ამდენ ადამიანს ერთად.. გევედრებით, როგორც ადამიანი. და მეორე, დიდი მადლობა რომ კაცობრიობას ასეთი მშვენიერი ადამიანი და პიროვნება უბოძეთ.

პატივისცემით,

მე

წერილი #11

cropped-header1

ბებო, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ დავიწყო და განსხვავებულ შესავალზე არ ვიფიქრო. ბეე,  გახსოვს რომ მკითხე ,,არავინ გიყვარსო?“

კი ბებო, მიყვარს… დარწმუნებული ვარ, მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი და შენთვის ეს ადამიანი  მენახვებინა გაგეხარდებოდა… ამ შემთხვევაში კი,  ვშიშობ რომ გულს გატკენ. თუმცა,  მე დარწმუნებული ვარ  რომ, შენი ჩემდამი გრძნობა იმაზე ძლიერია ვიდრე ეს ფობიები (შიშები ბებიკო).

ყველაზე მეტად მინდა შენ იცოდე სიმართლე, ვიცი ჩემით როგორ ამაყობ და თუკი ამით იმედს გაგიცრუებ ვწუხვარ.

მე ერთი არაჩვეულებრივი გოგო მიყვარს ბებო. არ ვარ ბედნიერი, არა იმის გამო რომ ვწუხვარ ლესბოსელი რომ ვარ, არამედ იმიტომ რომ მასთან არ ვარ.

ბევრი შეცდომა გიპატიებია ჩემთვის, ბევრჯერ მითხოვია პატიება, ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც არ გთხოვ პატიებას. უბრალოდ მინდა გამიგო, მირჩიო არა ბიჭებზე ფიქრი, არამედ ის, თუ როგორ ვიცხოვრო ტკივილის გარეშე.

შენგან ვიცოდი, რომ სიყვარულს საზღვრები არ ქონდა, ეხლა კი მე მივამატებ მაგ შენს ფრაზებს და გეტყვი რომ,  სიყვარულს  არც სქესი არ აქვს.

ყოველ ჩემს ნაბიჯს ვუფიქრდები და ვიცი რომ ბეწვის ხიდზე გავდივარ.

გავდივარ მარტო, დაუხმარებლად და მთელი სიმტკიცით, ზოგჯერ მეშინია, ვკანკალებ, ვიცი ახლა ამ ,,კანკალზე“ დამცინებ, მაგრამ მართლაც ასეა ხოლმე, იცი რა მიცავს ამ დროს? შენი და მისი ღიმილი. ორი ადამიანის სახე და ემოცია რომლნიც  მე ასე ძალიან მიყვარხართ…

შეიძლება შენ ეხლა ბრაზდები ჩემზე და თვლი რომ აღარ გაქვს ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, გულის სიღრმეში არასოდეს არ მაპატიებდი რომ არ მებრძოლა ჩემი სიყავრულისთვის,  ვიცი სილაჩრეს არასოდეს მომიწონებ და ისიც ვიცი  რომ,  დრო გავა და უფრო მეტად გეყვარები, რადგან მე ვთქვი ამაყად ის,  რასაც ვგრძნობ და არ შემრცხვა, არც შემეშინდა …

გახსოვს? ჩვენ სიბრმავის გვეშინოდა, შენ იმის რომ მე ვერ დამინახავდი თუკი სიბერე უსინათლოდ გაქცევდა, მე კიდევ იმის რომ, შენ სადმე წაიქცეოდი,რამდენი მიტირია ამის გამო ბებო….   ვგრძნობ რომ ადამიანებს თუკი უყვართ, მაშინ ისინი მის ლანდს ყოველთვის დაინახავენ და მე როდესაც შენს ასაკში ვიქნები,  უსინათლობის და უიმისობის არ შემეშინდება. შენს რჩევას გავითვალისწინებ და მე არასოდეს დავნებდები ცხოვრებას, არც შენს გაბრაზებას და შესაძლო მძიმე სიტყვებს, რადგან

ვიცი მალე გადაგივლის ტკივილი და მომისმენ, მირჩევ, ჩამიხუტებ, ვიტირებთ ერთად და ასე ცრემლიანებს ჩვენი პაწაწინა თევზები გაგვახალისებენ, ჩვენ ხომ გვიყვარს მათთან თამაში. მერე კი ბებო ერთად მოვუყვებით მათ შენი და პაპას,  და ჩემი და იმის სიყვარულის ისტორიას, ვიცი ჩემზე მოიწყენენ, ამიტომ შენ უნდა თქვა ბოლოს რომ,  ჩვენი მეგობარი თევზები არ დავტოვოთ სევდიანები…

დროებით, ბებიკო და გახსოვდეს, მიყვარხარ…

 

წერილი #10

cropped-header1

ვინ ვარ მე? რა ვარ? მეოცნებე ვარ…დავდივარ,მინდა ვიფრინო, მაგრამ ფრთები არ მაქვს. იქნებ მაქვს და არ ვიცი…იქნებ, ფრთების გარეშე შემიძლია ვიფრინო, მაგრამ არ ვიცი, როგორ…იქნებ, უბრალოდ თქვენ მჭრით ამ ფრთებს. თქვენ, ყველაზე ახლო და კეთილი სურვილებით აღსავსე ადამიანები …მინდა ყველაზე მაღლა ავიდე და ვიყვირო…ცისარტყელაზე ვისრიალო ან ცაზე ვირბინო…ამ ცხოვრების აზრზე არ ვიყავი როცა მოვედი, მაგრამ მოვედი და მაშინ რატომღაც არავის ანაღვლებდა ვინ ვიყავი, როგორი ვიყავი ან რას ვგრძნობდი და როცა ზევით ვიყურები და მზეს ვხედავ, ყოველთვის მშვიდად ვარ, რადგან ის შლის თქვენს სიბნელეს, ერთადერთი მგონი ამ სიბნელის მეშინია, მეშინია რადგან მგონია რაღაცას ვერ გავიგებ თუნდაც უმნიშვნელოს…უმნიშვნელოა თითქოს ისიც, რომ მთელი არსებით მინდება მოიხსნათ ნიღბები და გახდეთ რეალურები და ის შეიგრძნოთ რასაც მე ვგრძნობ. უბრალოდ ისუნთქოთ და მიყვეთ სურვილებს…მეგობარო! ყველაზე საყვარელო ტკბილო საოცარო არსებავ! ადამიანო! გახსოვს? ერთხელ მთელი ღამე იმას ვუმტკიცებდით ერთმანეთს, რომ ნამდვილ მეგობრობას ვერაფერი ანგრევს ვერაფერი და გვიხაროდა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და როცა ჩაგეძინა საკუთარ ცრემლში გავიჟღინთე, რადგან იმ ღამეში ყველაზე მეტად ვგრძნობდი საკუთარ არსებას და ყველაზე მეტად მინდოდა შენთვის მეთქვა რომ გოგო მიყვარს! სინანულს მლაშე გემო ჰქონია… გავჩუმდი მაგრამ რადგან ეხლა ამას ვწერ ვიცი, უკვე ვიცი, რომ მოვალ შენთან, ჩაგიხუტებ და გეტყვი რომ მე მიყვარდა, მიყვარდა გაგიჟებით და ეს სიყვარული მხოლოდ გოგოსთან შემეძლო ასეთი ძლიერი და სავსე! ასეთი ღიმილიანი და ბედნიერი! ასეთი სუფთა და ნამდვილი…მხოლოდ, ვგრძნობ რომ ამ სიტყვების მერე მოვკვდები…მოვკვდები შენთვის ისე, რომ ამაზე ვერასდროს იფიქრებ და არც გიფიქრია. უბრალოდ აღმოაჩენ რომ მკვდარი ვარ, მკვდარი შენთვის. მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ასეთი ქცევით ყველაფერი შავ-თეთრია და ადამიანები ნაცრისფერები და გაბერილები არიან.გაბერილები იქნებიან აბა რა !ისინი ხომ ამდენ ბოროტებას ჭამენ ან უწევთ მისი ჭამა…და თუ გამიშვებ, თუ ისევ სიკვდილისკენ მომცემ გზას, მხოლოდ ერთ დიდ პრივილეგიას აღმოვაჩენ, ჩემს გზას უკვე ფრენით განვაგრძობ…თუმცა ფრენას მიუჩვეველი ვარ, მაგრამ გამიხარდება რადგან სულ სულ ზევიდან, მზესთან ახლოს მყოფი, დავინახავ ხალხს და მათ შორის შენც, თავდახრილს და მოწყენილს და მხოლოდ მაშინ მივხვდები, რომ მე კი არა, შენ ხარ მკვდარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა ნამდვილმა, სუფთა სურვილმა, ვერ შეძლო შენამდე მოსვლა. არადა, მიმტკიცებ რომ ჩვენ ერთნი ვართ ((((

წერილი #9

cropped-header1

უმისამართო წერილი

ამ წერილის დაწერა მთხოვეს, არადა რისთვის ან ვისთვის, არ ვიცი. ალბათ, იმის დასამტკიცებლად, რომ მეც სტატისტიკურად ჰომოსექსუალ ქართველ ადამიანს, კერძოდ, ქალს, წარმოვადგენ. ვავსებ სტატისტიკას. აბა ჰეტეროსექსუალი რომ ვიყო, ქამინგაუთის გაკეთება არც მომიწევდა, უფრო სწორად ყოველდღე ამის დღე იქნებოდა.

მოკლედ, მეც ლესბოსელი ვარ. და, ჰოი საოცრებავ, ამასთან ერთად, ანდა მიუხედავად ამისა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ მსგავსი ოცნებებითა და მისწრაფებებით, როგორც ყველა დანარჩენი.

რთულია წერილის დაწერა, რომ არ იცი ვის სწერ…

მე მიზიდავს ჩემივე სქესი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც, აი ეს მხდის ლესბოსელს. ეს იარლიყი რომც არ ვიხმარო, მაინც იგივე ადამიანი ვიქნებოდი, მეყვარებოდა ქალები. ეს ისე, ვინმეს მხოლოდ იარლიყი რომ არ ვეგონო…

რატომ ვარ ასეთი? დავიბადე. რა ვიცი რომ ლესბი ვარ? – ვგრძნობ. ყველა ქალიმინდა? არა. არა, ლესბოსელებს ვანიჭებ უპირატესობას.

ალბათ იცით, ვიღაც (განურჩევლად სქესისა) მოგეწონებათ და დაახლოებას ცდილობთ: თუნდაც უბრალოდ ხელის ხელზე მოკიდება, ვითომ და შემთხვევით, რამდენს ნიშნავს (ნუ უფრო რომანტიკოსი ადამიანებისთვის ალბათ), პირველი კოცნა, საყვარელი ადამიანისთვის ღრმად თვალებში ჩახედვა…. ხომ ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი და ამასთანავე გასაოცარი და ბედნიერების მომტანი განცდებია…

მეც ასე მიყვარს. მეც იგივეს განვიცდი. თუმცა, მე ლესბი ვარ.

თუ ჩემი წარსულიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ თბილისში გავიზარდე, სწავლაში გადავარდნილი მოსწავლე ვიყავი, ჩემი სკოლის დამრიგებელი (ქალი იყო) მიყვარდა წლიდან წლამდე, ისე რომ არც ვიცოდი, რატომ მაინცდამაინც ის, და ვერც ვერავის ვეუბნებოდი. ოღონდ ის მენახა, ავადაც რომ ვიყავი, მაინც სკოლისკენ მიმეჩქარებოდა. ახლა მეღიმება. არასოდეს არ მითქვამს ეს მისთვის, მაინც ვერ გაიგებდა.

ჩემი გარდატეხის ასაკისთვის ოჯახში არავის ეცალა, ჩემი ძმის ეს წლები იყო მნიშვნელოვანი და მშობლები მის თინეიჯერულ პრობლემებთან გამკლავებით იყვნენ დაკავებული.

მე ისე გავიზარდე, ვიცოდი, ბიჭებს უნდა მოვაწონო თავი და მერე ვინმეს იქნებ მოვეწონო და მოუნდეს ჩემთან ყოფნა თქო (ისე რომ არც ვიცოდი, რომ მე ეს არ მინდოდა). 23 წლისამ გავაცნობიერე, რომ მე ლესბოსელი ვარ, როცა სიყვარულმა კლანჭები ჩამავლო და აღარ გამიშვა და თავიდან ბოლომდე კარგად შემაჭანჭყარა და ტრადიციებზე დაფუძნებული ჰეტეროსექსუალობა თავიდან ამომიგდო. რთული იყო, მაშინდელი ქართველი მეგობრები ვერ გამიგებდნენ. მარტო მომიხდა ჩემს პირად ქამინგაუთთან გამკლავება.

ახლა ბედნიერი ვარ :) საყვარელი ადამიანი მყავს გვერდში და ხშირად მავიწყდება კიდეც, რომ ლესბოსელი ვარ, ისეთი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად, რომელსაც მე, ჩემი პარტნიორი და ჩვენი ძაღლი წარმოადგენს. მხოლოდ ხანდახან გამახსენდება ხოლმე, რომ მე განსხვავებული ვარ. განსხვავებული და მაინც მსგავსი. მეც ხომ თქვენნაირად მიყვარს. <3

წერილი #8

cropped-header1

მამიდა,რაღაც მინდა გითხრა…ეს ამბავი მეც ცოტა ხნის წინ შევიტყვე (გავაცნობიერე) და ძალიან გამეხარდა,რადგან თავდაყირა დააყენა ყველაფერი ჩემში…უფრო სწორედ რომ ვთქვა – განამტკიცა! შენ ერთხელ ლგბტ საზოგადოების სადღეგრძელო დალიე და ღრმად თვალებში ჩამხედე, მართალია მაშინ მხარი ვერ აგიბი, მაგრამ ეხლა მინდა გითხრა:-მამიდა,გამიმარჯოს მე და ჩემნაირებს! მე ტრანსგენდერი ვარ და ვამაყობ ამით!

წერილი #7

cropped-header1

დედა,

ყოველთვის მიძნელდებოდა შენთვის რამე განსაკუთრებულის მოყოლა. იმიტომ კი არა, რომ მეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ შენს ცუდად ყოფნაში ყოველთვის ჩემი ბრალეულობა მაწუხებდა, დღე და ღამე არ მაძლევდა მოსვენებას, შენი ცრემლები მტკენდნენ, თავს მაძულებდნენ, საღ აზრს მაკარგვინებდნენ.. თუმცა არა, მეშინოდა კიდეც. ახლაც მეშინია. შენი ჩახუტების, დაკარგვის მეშინია, შენი სუნის დაკარგვის მეშინია.. არადა ეს ხომ თავის მოტყუებაა, ეს ხომ ჩემივე ხელით ძალით შეკოწიწებული სიმშვიდეა, ყალბი ცხოვრებაა, რომელიც ხვალიდან აღარ იარსებებს. იმიტომ, რომ მხრებზე მძიმედ მაწევს, ვეღარ დამაქვს, ვეღარ ვუძლებ. შენ გიზიარებ, შენ განდობ, მაგრამ სულ პაწაწინა იმედი მაინც რომ მქონდეს.. რომ შეგეძლოს ჩამიხუტო, მიმიღო, არ ინერვიულო, არ იტირო…

დე, მე გოგო მიყვარს…

ვიცი ჩემი ფერადი ცისარტყელა შენთვის შავი ღრუბლებია ცაში, ჩემი ჩრდილიდან გამოსვლა და ლაღი სუნთქვა – თავაშვებულობა და საძრახისი საქციელი შენთვის. შემიძლია გამოვიცნო რას გრძნობ – იმედგაცრუებული ხარ, ფიქრობ რომ შეგიძლია „გამომასწორო“, „სწორ გზაზე“ დამაყენო. ხმამაღლა ამბობ, რომ ჩემი არჩეული გზა სირცხვილია. ჩემი არჩეული გზა კი ძნელი და მძიმეა, გაბრაზებული ადამიანების ჩრდილებითაა სავსე, გაბოროტებულები მიყურებენ.. ხმაურია და უწყვეტ ნაკადად მოდის სიტყვები, სიტყვები, რომლებიც მანადგურებენ და მახრჩობენ, მიწასთან მასწორებენ.

მე სიბნელის და მარტოობის მეშინია, შენი ცრემლების მეშინია, შენი დაკარგვის მეშინია…

დე, მე გოგო მიყვარს…

წერილი #6

cropped-header1

რას ვეტყოდი საზოგადოებას..?!

მინდა გითხრათ, რომ …… დიახ, მე განსხვავებული ვარ. არა არაა, იმას არ ვამბობ, რომ ჩემი გრძნობების გამო მივიჩნევ თავს განსხვავებულად. განსხვავებას მე თქვენსა და ჩემს შორის ვარქმევ ჩვენს აზროვნებას. დიახ, ჩვენ აზროვნებით განვსხვავდებით. თქვენ გავხართ დაპროგრამებულ ზომბებს, ხომ, ზომბებს, რომლებსაც აპროგრამებენ და მართავენ. თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი აზრი, ხართ ბრბო, რომელიც აზროვნებს ვიღაცის ობმოკიდებული აზროვნებით. მე რა თქმა უნდა აზრადაც არ გამივლია თქვენი შეურაცხყოფა. უბრალოდ, ვიღაცამ ხომ უნდა გითხრათ სიმართლე. არა, არ იფიქროთ, რომ ჭეშმარიტების მღაღადებლად წარმოგიდგენთ თავს, უბრალოდ, სიმართლის თქმა მსურს.

თქვენ აიძულებთ ჩემს და ჩემნაირი ხალხის მშობლებს, იაზროვნონ ისე, როგორც თქვენ და თქვან უარი თავიანთ ნაწილებზე. სულ ცოტანი არიან ისინი, რომელთაც არ აინტერესებთ თქვენი აზრი, აზრები, რომლებიც სინამდვილეში თქვენი არც არის. რეალურად არცერთი არ დაფიქრებულხართ, რატომ მოდის თქვენგან აგრესია, ან რატომ ეწინააღმდეგებით ასე. იმიტომ, რომ ეგ უმრავლესობის, ანუ თქვენი აგრესია და წინააღმდეგობა არცაა, თქვენ ხომ უბრალოდ, გმართავენ. იქნებ ერთხელ მაინც, კარგად დაფიქრდეთ, თქვენთვის რა პრობლემას წარმოადგენს “განსხვავებული” ადამიანების არსებობს ??!! მე იმის იმედი მაქვს, რომ თქვენ ფიქრი შეგიძლიათ და იმის იმედიც მაქვს, რომ დამოუკიდებლად აზროვნებაც შეგიძლიათ. მე მსურს თავისუფლად ცხოვრება. მინდა შევიგრძნო თავისუფლება და თქვენც გირჩევთ დაფიქრდეთ თქვენს სურვილებზე და “მინდაზე”. მე არ ვავლენ აგრესიას თქვენ მიმართ, არც მჭირდება და არც სურვილი მაქვს აგრესიის გამოვლენის, უბრალოდ, როგორც ავღნიშნე, სიმართლის თქმა მსურდა, სიმართლე კი ზოგჯეთ აგრესიაშიც ერევათ ან უბრალოდ, სურთ, რომ აერიოთ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად შეგწევთ უნარი განასხვავოთ ეს ორი რამ. მადლობთ მოსმენისთვის.

.. რას ვეტყოდი მშობლებს..??!!

ვნერვიულობ.. არ ვიცი როგორ დავიწყო.. ტექსტი წინასწარ ბევრჯერ მოვიფიქრე სანამ გეტყოდით, მაგრამ ეხლა ყველაფერი ამოფრინდა თავიდან. მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვიტყვი რადგან ვიცი, ეს ერთი სიტყვა თქვენთვის გაუგებარი, შიშის მომგვრელი და შეიძლება აგრესიის მიზეზის გახდეს. დაუშვებლადაც მიმაჩნია ერთი სიტყვით შემოვიფარგლო.

მე თვქენ მიყვარხართ. ვიცი, თქვენც გიყვარვართ. ისიც ვიცი, ყოველთვის გეყვარებით, რაც არ უნდა მოხდეს. ვიცი, ამის შემდეგ ჩემი საყვარელი დაიკო მეტყვის, რომ ფსიქოლოგი დამეხმარება. მაგრამ სისულელეა. მე ფსიქოლოგის დახმარება არ მჭირდება, მე თქვენი დახმარება მჭირდება. მაგრამ სხვაგვარი, მე თქვენი გვერდით დგომა და სიყვარული მჭირდება ყოველთვის, ყველგან. არ მინდა დიდი ტექსტებით შეგაშინოთ და ბოლოს და ბოლოს ვიტყვი. დედა, მამა, დაიკო, მე განსხვავებული ორიენტაციის ვარ.. უბედური ვარ, რომ ამით ალბათ დაგკარგავთ და ბედნიერი იმით, რომ ვთქვი სიმართლე და ამის შემდეგ დამშვიდებული სინდისით ვიცხოვრებ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. ალბათ, დროა ბარგი შევკრა..

“მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც”..!! (ჩარლი ჩაპლინი)

წერილი #5

cropped-header1

წერილი ნინოს

მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობარი გაგაცანი და გითხარი, რომ მას თავისი სქესის ადამიანები მოსწონს . მახსოვს შენი რეაქციაც… ეს ის ტვირთია, რომელსაც დიდი ხანია ვატარებ … რისი მოხსნაც მინდა, თუმცა ვხვდები, რომ ვერ გაიგებ და სათქმელი სათქმელად მრჩება. ალბათ შენი დაკარგვის ასე რომ არ მეშინოდეს ამას იმ დღესვე გეტყოდი როდესაც გადავწყვიტე რომ მეთქვა, თუმცა იმდენად ვერ ვიმეტებ ჩვენს მეგობრობას, რომ გაჩუმება ვამჯობინე… მინდოდა მომეყოლა იმ ადამიანზე ვინც მიყვარს, მეთქვა თუ რას ვგრძნობ. გულახდილად მელაპარაკა, მაგრამ ამაოდ …. ალბათ ამ წერილსაც ამიტომ გწერ. ვწერ იმის გამო, რომ ვიცი ვერასდროს წაიკითხავ, ვიცი, რომ ვერასდროს გაიგებ ჩემს გრძნობებს .. ვერასდროს ჩაწვდები იმ შენთვის *გულისამრევი* ხალხის ფიქრებს და ოცნებებს … მინდოდა უბრალოდ გცოდნოდა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ..