კატეგორიის არქივი: ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე

კრიტიკა არის წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა არის რევოლუცია

FullSizeRender-2-640x530

ავტორი: L’lerrét Jazelle Ailith

მე ლერე ჯაზელ აილითი ვარ. მე ლოურდეს ეშლი ჰანთერი ვარ. მე ჯენეტ მოკი ვარ. მე ლოვერნე კოქსი ვარ. მე აისის კინგი ვარ. მე სისი მაკდონალდი ვარ. მე ისლან ნეთელსი ვარ. მე მია ჰენდერსონი ვარ. მე შელი ჰილიარდი ვარ. მე ბრიტანი სტერგისი ვარ. მე ტიფანი ედვარდსი ვარ. მე ჯიზი ფოულერი ვარ. მე მარშა პი ჯონსონი ვარ. მე ვარ ყველა ის ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომლებსაც მოუწიათ, ეცხოვრათ სისტემებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ცდილობდნენ მათი არსებობის ამოძირკვას. მე ვარ ქალი, რომელსაც თქვენ სცემეთ, რომელსაც დასცინეთ, რომელიც შეურაცხყავით, სამსახურიდან გამოაგდეთ და სირცხვილი აჭამეთ. მე ჭეშმარიტად ვცხოვრობ სიმართლეში და ვაგიზგიზებ იმ ცეცხლოვან ბილიკს ჩემ უკან, რომელიც ადნობს მსოფლიოში არსებულ ექსკლუზიურ, ყინულოვან აურას, რომელსაც მე მიმართულება უნდა მივცე. მე ვიშვერ ხელებს და ვებღაუჭები თითოეულ გოგონას ჩემი დებიდან, რომელთა შთანთქვასაც ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე ცდილობს. მე ვარ ისინი. ისინი ვართ ჩვენ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ, რათა ხელახლა განვსაზღვროთ ჩვენი საკუთარი რეალობა და აღვადგინოთ ჩვენი საზოგადოება, რომელიც რასიზმმა და კოლონიალიზმმა დაამსხვრია. ჩვენ ვდგავართ გენდერული ნორმების მიტაცების წინააღმდეგ და ვსაყვედურობთ მათ, ვინც ცდილობს, შენიღბვით გააქროს ჩვენი იდენტობები და ჩვენ მიერ არტიკულირებული ნარატივები. ჩვენ უარს ვამბობთ, ვიმოქმედოთ იმ სისტემებისა და წესების მიხედვით, რომლებიც დაარსებულია არსებითად იმისთვის, რომ გამოგვყონ და დაგვიმორჩილონ. ჩვენ ვართ რევოლუცია. ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, ვიდრე ის ამბები, რომლებიც მსხვერპლთა ისტორიებად საღდება და ძალით ასოცირდება ჩვენი ცხოვრების გამოცდილებებთან. ჩვენ ვდგავართ უფრო მაღლა, ვიდრე სიბრალული და სენსაციად ქცეული მოვლენები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს მოჰყვება.

მე მინდა, დრო ვიხელთო და პატივი მივაგო ყველა ჩემს დას, რომლებიც მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ თავიანთი სიმართლით. ისინი რომ არ დახოცილიყვნენ ერთმანეთისა და იმისთვის, რისი რწმენაც მათ ჰქონდათ, მე აქ არ ვიქნებოდი ხმის ამოსაღებლად. მე არ მექნებოდა საშუალება, ვყოფილიყავი ასეთი ძლიერი და შეუდრეკელი, რათა საჯაროდ გამომეცხადებინა ჩემი ტრანსსექსუალობა, ჩემი შავკანიანობა, ჩემი ქვიარ ცხოვრება – ჯანდაბა, ჩემი პენისი! – რომ არა ის ქალღმერთები, რომლებიც ამ ყველაფერს ფლობდნენ და არასოდეს დაუკარგავთ. მე არ მექნებოდა შთაგონება იმისთვის, რომ მყვარებოდა კანი, რომელშიც ვცხოვრობ, რომ არა ეს მათი მემკვიდრეობები. მე ასევე აღფრთოვანებული ვარ ჩემი დებით, რომლებიც ცხოვრობენ და უყვართ და ყოველდღე მასწავლიან იმას, რომ არასოდეს უნდა მოვიხადო ბოდიში ჩემი აუთენტურობისთვის. სანამ ჩვენ ყველანი ვესწრებით ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის მოვლენებს ან აღვნიშნავთ და ვიხსენებთ ტრანს სიცოცხლეებს მთელი კვირის მანძილზე, მოდით, ჩვენი ანალიზი უფრო შორს წავწიოთ. მოდით, შევიჭრათ იმ დიალოგში, რომელიც მოიაზრებს ინტერსექციურ იდენტობებს.

მე გევედრებით, დასხდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ იღებთ მონაწილეობას ძალადობასა და უსამართლობაში ფერადკანიანი ტრანსი ქალების წინააღმდეგ. როგორ განამტკიცებთ ჩემი და ჩემი დების მიმართ რადიკალურ დამოკიდებულებასა და დევნას; კარგია, როდესაც ჩვენს საკუთარ ცხოვრებას შევიცნობთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საბოლოოდ გაიაზროთ, რომ ჩვენც დავაბიჯებთ დედამიწაზე. გვჭირდება, რომ გაიგოთ ჩვენი. ჩვენთვის საჭიროა, დასხდეთ ჩუმად, ჩაინიშნოთ ფაქტები და დაიწყოთ გააზრება იმისა, თუ როგორი იქნებოდა რესტრუქტურიებული სისტემა, რომელიც ძალადაკარგულია ქალთმოძულე, რასისტული და დისკრიმინაციული ჩაგვრის წინააღმდეგ. არ არის საკმარისი, მხოლოდ წავიკითხო ჩემი დების სახელები, რომლებიც ამ კაპიტალისტური სისტემის ნორმატიული ბუნების გამო იყვნენ მოკლულნი. სიჩუმის მომენტები არ არის საკმარისი. გვიწოდოთ მამაცები – ასევე არ არის საკმარისი. ერთი ან ორი ტრანს მეგობრის ყოლაც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ სამყაროს უფრო კომპლექსური ანალიზი, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა დავგმოთ რასიზმის გამართლება. ეს ბრძანებაა, ამოვძირკვოთ ციხის ინდუსტრიული სისტემა და სექს-სამუშაოს კრიმინალიზაცია. მე გთხოვთ, დასვათ შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო ჩანერგილი თქვენში დაბადებისთანავე. დაეუფლეთ საკუთარ თავს და გექნებათ საშუალება, დაინახოთ სიმართლე.

მე წარმოვიდგენ პერიოდს, როდესაც შავკანიან ტრანს ქალად ყოფნა არ იქნება მიჩნეული, როგორც ”სიმამაცე” ან ”რევოლუციური ქმედება”. სასაცილოა, იფიქრო, რომ ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, არის ისეთი, როგორიც არის, იქცევა რევოლუციურად. მე მინდა, მქონდეს საშუალება, შევიდე „მაკდონალდ’ს“-ში საღამოს 9 საათზე და არ ვინერვიულო იმაზე, რომ ვიღაც ტრანსფობმა შეიძლება, მომკლას, ვიღაც ქალთმოძულე ნაძირალამ შეიძლება, გამაუპატიუროს ან ორივე ზემოთქმული სამუდამოდ გახდეს დოკუმენტირებული პოლიციის ოფიცრების მიერ. მე მინდა, ჩემი დები ციხის გისოსებს გარეთ ვიხილო. მე მინდა, ჩემი დები დასაქმებულები ვნახო. მე მინდა, მათ ბედნიერებს ვხედავდე. მე მინდა, შავკანიანი ტრანსი ადამიანების სიკაშკაშე დავინახო ყველგან და ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ ეს დღე არ დადგება. ეს მოძრაობა მუდმივად გაგრძელდება. ჩვენი ხმა ყოველთვის ყველაზე მაღლა გაიჟღერებს. ჩვენ ყოველთვის იმ სიფიცხითა და მღელვარებით ვივლით, რომელსაც ჩვენმა წინამორბედმა დებმა ხორცი შეასხეს. ჩვენ ვართ რევოლუცია. ჩვენ ვართ ქალღმერთები. ჩვენი სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მე ვარ ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი. ჩვენი ხმები ყველაფერს იპყრობს.

წყარო

პატივის მისაგებად მივიწყებულთათვის, უსახლკაროებისა და მსხვერპლთათვის

2014-11-18-tonidnewman5
ტონი ნიუმენი, “აღმასვლა – ტონი ნიუმენის ტრანსფორმაციი”-ს ავტორი

მახსოვს დღე, როდესაც 20 წლის წინ ქალაქ ნიუ-იორკში გადავწყვიტე, გამოვსულიყავი და ვყოფილიყავი ის, ვინც ჭეშმარიტად ვიყავი. შემოდგომა ახლოვდებოდა. მე ჩემნაირი ქალების ძიებაში ვიყავი და საბოლოოდ ხორცის წარმოების რაიონში ვიპოვე, მე-14 ქუჩაზე, სადაც ისინი გადარჩენისათვის იბრძოდნენ. არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ მართლა ასე ცხოვრობდნენ დღიდან დღემდე და ეს იყო მაშინ, როდესაც მე პირველად შევეჯახე ჩემკენ მომართულ სიძულვილს მხოლოდ იმის გამო, რომ მე აუთენტურად ვიყავი ის, ვინც ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება პროფესიონალი გახლდით, ორი უმაღლესი მქონდა დამთავრებული და არასოდეს შევხვედრივარ ამხელა მტრობასა და ძალადობას. პატარა ბავშვივით ვიყავი, რომელსაც მფარველობა და მიმართულების მიცემა სჭირდებოდა გადარჩენისათვის და აი, ამ ქალებმა მე-14 ქუჩაზე მიმიღეს მე და მასწავლეს, თუ როგორ ვყოფილიყავი დაცული, რომ არაფერი მტკენოდა და არ გავმხდარიყავი ფიზიკური ძალადობისა და ჩვენთვის უცნობი ადამიანების აგრესიის მსხვერპლი, რომლებიც გვეძებდნენ იმისთვის, რომ რამე დაეშავებინათ ჩვენთვის. ვერასდროს ვხვდებოდი, თუ რატომ მოდიოდნენ ჩვენთან მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკური ზიანი მოეყენებინათ ჩვენთვის, ჩვენი მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე.

უამრავი ახალგაზრდა ქალი მახსოვს, რომლებიც, აი, ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა იმ წლების მანძილზე. წელს თავდასხმების, ძალადობისა და მკვლელობების რიცხვი ტრანსგენდერ საზოგადოებაში ისევ ყველაზე მაღალია სხვა ჯგუფებთან შედარებით. 25 წელი გავიდა და ჩემი საზოგადოება ისევ იმავე საფრთხის წინაშე დგას, წევრები ისევ ფართო მასშტაბებით ხდებიან თავდასხმებისა და მკვლელობების მსხვერპლნი ყოველგვარი რეზოლუციის გარეშე. ჩემი გული ეკუთვნის იმ ქალებს, რომლებიც ყოველ ღამე ჩემ გვერდით იდგნენ მე-14 ქუჩაზე გადარჩენისათვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრებით გვეცხოვრა. მე ვტირი და ვიხსენებ იმ ქალებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. მე კვლავ მაქვს კონტაქტი ერთ ჩემს მეგობართან, რომელიც იმ პერიოდში გავიცანი. ღვთის წყალობით, ის ჩემსავით ისევ აქ არის და ჩვენ ერთად ვდგავართ და ვსაუბრობთ ჩვენს გამარჯვებაზე.

მარს ვეისმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და თანასწორობის ადვოკატმა, ჩემი მემუარების, „აღმასვლის“, წინასიტყვაობაში დაწერა:

”მე, ჩემი 60 წლის ცხოვრების მანძილზე, ვიყავი აქტივისტი და ადვოკატი ეკონომიკური, გარემოს დაცვის, კულტურული და პოლიტიკური სამართლისთვის. დაახლოებით გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიყავი ჩართული და მხარს ვუჭერდი სამოქალაქო უფლებებსა და თანასწორ არჩევნებს აფროამერიკელი, ლათინოამერიკელი, აზიელი და ადგილობრივი ამერიკელი ხალხისთვის, ასევე ქალებისთვის, ხანდაზმული მოსახლეობისთვის, ახალგაზრდებისთვის, მომუშავე ოჯახებისთვის, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, სამხედრო ვეტერანებისთვის, გეებისა და ლებოსელებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, უმუშევრებისთვის, სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები ადამიანებისთვის, საზოგადოებრივი საცხოვრებლის მაცხოვრებლებისთვის, სასოფლო-სამეურნეო მუშაკებისთვის, უსახლკაროებისა და სხვა ბევრი დაჯგუფებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში და უფრო მოგვიანებით კი, სრულიად მთელ მსოფლიოში.

მთავარი, რაც ღრმა ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან ვისწავლე, არის ის, რომ ადამიანები არიან ადამიანები. ყველა ყველგან არის ერთმანეთის მსგავსი. ჩვენ ყველა ვზრუნავთ და ვფიქრობთ ერთ უმნიშვნელოვანეს რამეზე: ეს არის ჩვენი საარსებო წყარო და ჩვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა. ტრანსგენდერი ადამიანები, მიუხედავად მათი უჩვეულო და ატიპიური ცხოვრების სტილისა, არიან ზედმიწევნით სხვა ადამიანთა მსგავსი ჩვენს სამყაროში მათი ჰუმანურობიდან და კეთილშობილებიდან გამომდინარე.”

ჩემი აზრით, ტრანსგენდერი ადამიანების ისტორია არის საინტერესო ამბავი სიმამაცესა და რწმენაზე. იგი ეხება დამალულ საზოგადოებას ამერიკულ კულტურაში. ხალხთა უმრავლესობას არ აქვს შეხება ტრანსგენდერ ადამიანებთან ცხოვრებაში. მე მინდა გამოვსახო ჯგუფი, რომლის ხილვადობაც ძალიან მცირეა. სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 0.3% ზრდასრული ამერიკელებისა არის ტრანსსექსუალი. ეს არის დაახლოებით 700,000 ადამიანი. ფერადკანიანი ტრანსგენდერები კი კიდევ უფრო მცირერიცხოვანი დაჯგუფებაა, თუმცა ჩვენ ზუსტად იგივე ფასი და ღირსება გვაქვს, როგორიც – ყველა სხვა დანარჩენ ადამიანს. ჩვენ გვჭირდება სიყვარული, პატივისცემა და კეთილშობილება ისევე, როგორც ყველა სხვა ამერიკელს.

მე მინდა, რომ ყველამ პატივი სცეს ტრანსგენდერ ადამიანებს, როგორც ადამიანებს. ჩემი ამბავი არის უბრალოდ საკუთარი თავის მთლიანობაზე, ისე ცხოვრებაზე, როგორიც სინამდვილეში ვარ. მე ვარ საღად და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც, უბრალოდ, მოუწია, შეეთავსებინა საკუთარი სხეული თავისი შინაგანი გრძნობებისა და აზროვნებისათვის. მე არ ვარ გიჟი და არც არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ გამაჩნია, რომლებსაც შეეძლოთ, მოეცვათ ჩემი გონება ტრანზიციის დროს. ადამიანები ეძებენ სიყვარულსა და მიმღებლობას იმისათვის, ვინც არიან ისინი სინამდვილეში. სწორედ ეს გვჭირდება ჩვენც. პატივი მეცი მე და მეც იგივეს გავაკეთებ შენთვის. მე შენ გთხოვ, არ განმსაჯო შანსის მოცემის გარეშე. მე ყველანაირ რელიგიურ რწმენას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი ღმერთი სიყვარული და მიმღებლობაა.

ჩვენ ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დაკარგეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ აუთენტურად და იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ. მე მირჩევნია, ვიცხოვრო ტყუილის გარეშე ამ ქვეყანაზე, ვიდრე ვიცხოვრო შიშსა და სირცხვილში. მე არასოდეს დავივიწყებ მათ, ვინც ამისთვის დაიღუპა და მე მივმართავ ჩემს ყველა ტრანსგენდერ ძმასა და დას: ამაღლდით!

წყარო

ვინმემ მითხარით, რომ ვიცხოვრებ: მკვლელობის, მედიისა და ტრანს ქალად ყოფნის შესახებ

MTI4NDA3NzE0MjExNTk5NjM0

ავტორი: კაი ჩენგ ტომი

როცა 19 წლის ვიყავი ჟურნალ Guernica-ში სტატია წავიკითხე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტრანსგენდერი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წელია. ამ სტატიამ დამიდასტურა ის, რაც უკვე თითქმის 10 წლის განმავლობაში ვიცოდი: მე განწირული ვიყავი უსიამოვნო, ხანმოკლე და უბედური ცხოვრებისთვის. მე ვიქნებოდი ღარიბი, შეიძლება უსახლკაროც კი, და აუცილებლად უმუშევარი. მე გავხდებოდი ემოციური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (და ეს მართლაც ასე მოხდა), შემდეგ კი მოვკვდებოდი, სავარაუდოდ, სასტიკი მკვლელობით. ჩემს საფლავზე მცდარ სახელს ამოტვიფრავდნენ. ერთი სიტყვით, ჩვეული ტრანსგენდერის ამბავიარ ამცდებოდა.

ამ ყველაფრის გასაგებად ჟურნალში ამოკითხული სტატია სულაც არ მჭირდებოდა – ყველაფერი ისედაც ცხადი იყო ყველა იმ ნაძირალას გადამკიდე, რომელიც კი შემხვედრია სკოლის ეზოში, ავტობუსსა თუ ქუჩაში. ამასვე ცხადყოფდა 90-იანებში გადაღებული ყველა ფილმი და სერიალი, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები აუცილებლად კვდებოდნენ. ეს ყველაფერი ცხადი იყო ყველა იმ კაცისა და ბიჭის წყალობით, რომლებიც მოკვლით მემუქრებოდნენ ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, როცა სიტყვა „ტრანსფობიის“ დაწერაც კი არ ვიცოდი წესიერად. იგივე დამიდასტურეს  მშობლებმა, რომლებმაც, გაიგეს თუ არა, რომ თავს გოგოდ აღვიქვამ, ტირილი დაიწყეს და მითხრეს, რომ ეს მათი სიკვდილის ტოლფასი იყო. იყო რაღაც რეალობის ასე დანაწევრებულად დანახვასა და კონკრეტული ტერმინებით ახსნაში ისევე, როგორც – მოწოდებულ სტატისტიკაში (იმის და მიუხედავად, თუ რამდენად აკურატული იყო ის), რამაც ძალიან დიდი დარტყმა მომაყენა.

23 წელი – ეს რიცხვი მყარად ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალები იძულებულები ვართ, ვიცხოვროთ იმ ცნობიერებით, რომ ჩვენი დღეები დათვლილია. ხანდახან გვჭირდება, არ ვიფიქროთ იმაზე თუ ზუსტად რამდენი დღე გვაქვს დარჩენილი.

მას მერე, რაც წლების განმავლობაში ვიმტვრიე თავი „სამედიცინო ტრანზიციის“ პირად, პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებზე, გასულ იანვარს გადავწყვიტე, რომ ჰორმონული თერაპია დამეწყო. მესმის, რომ ეს კლიშეა, მაგრამ მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე. როდესაც წყვეტ, რომ რადიკალურად შეცვალო საკუთარი ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობა, ამაში არის რაღაც, რაც ახლებურად გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ. ჩემთვის ეს ნამდვილად სასიხარულო გაცნობიერებაა. წლების განმავლობაში მეგონა, რომ ჰორმონების მიღება ნიშნავს, დანებდე მზაკვრულ და ჰეგემონურ ნარატივს, რომელიც დასავლურმა ფსიქიატრიამ შექმნა იმის შესახებ, რომ „ნამდვილ“ ტრანსგენდერ ადამიანებს საკუთარი სხეული სძულთ. მე კი ამ ნარატივს საკუთარ რეალობას ვერაფრით ვუსადაგებდი. ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ ტრანზიციის დაწყებისთვის საკუთარი სხეული სულაც არ უნდა შემძულებოდა. ტრანზიციის დაწყება სწორად იმიტომ შემეძლო, რომ საკუთარი სხეული მიყვარდა. 2015 წლის მესამე კვირას მონრეალში ექიმის კაბინეტში მივედი ჰორმონული თერაპიის დასაწყებად. მოსაცდელში ტელეფონით ფეისბუკს ვათვალიერებდი და ამ დროს წავიკითხე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

ექვსი კვირის შემდეგ, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირას ერთიან მეტი ტრანსგენდერი ქალი ხდებოდა მკვლელობის მსხვერპლი ამერიკაში. მათი უმეტესობა ფერადკანიანი ტრანსი ქალები იყვნენ: ლამია ბერდი, თაი ანდერვუდი, იასმინ ვაშ ფეინი, თაია დეიესუსი, ფენი ფრაუდი, ბრაი გოლეკი, კრისტინა გომეს რეინვალდი. ორი დღის წინ კიდევ ერთი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი სუმაია დალმარი იპოვეს მოკლული ტორონტოში, გაურკვეველ ვითარებაში. ამ ქალების სიკვდილმა შოკის ტალღა გამოიწვია გარკვეულ ლიბერალურ და მემარცხენე ჯგუფებში; მემარცხენე მედიაში ჩაფლული, ყოველდღე ვხედავ ნიუსს, ბლოგს, ან სტატიას, რომელიც 2015 წელს აგორებულ ტრანსი ქალების მკვლელობების ტალღაზე საუბრობს. ჩემი ფეისბუკის გვერდი არის  სტატუსების მდინარე, სადაც ძირითადად სისგენდერი ადამიანები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან, რომ გლოვობენ, რომ პოლიტიკურ სოლიდარობას გვიცხადებენ. ეს ყველაფერი შერეულია „ივენთებზე“ მოპატიჟებებში, პოლიტიკურ კომენტარებსა და კატების ფოტოებში. შედეგი, რომელსაც ვღებულობ ამ ყველაფრის კითხვისგან არის რაღაც აბსურდული ეგზისტენციალიზმი: შეხედე, დღეს ჩემმა კატამ რა ჭამა საუზმეზე. დანით მიყენებული ჭრილობებისგან ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა. გელოდებით ჩემს დიჯეი სეტზე. ოჯახმა ტრანსი გოგონა მოკლა. ჯანდაბისკენ გზა ჰქონია ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას. შენც ასე მოკვდები.

ის დრო, როდესაც ტრანსი ქალების სიკვდილი მედიაში არ ხვდებოდა და მეინსტრიმული მედია უბრალოდ არ გადმოსცემდა მათი მკვლელობის ამბებს, ან გაშუქებისას კაცებს ეძახდა, დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურადაც შეიძლება, მოგვეჩვენოს. დღესდღეობით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალგაზრდა, ტრაგიკულად მოკლული ტრანსი ქალის ამბავი ჩნდება მედიაში წელიწადში ერთხელ მაინც, როგორც განტევების ვაცი, რომელიც დანაშაულის გრძნობას უქარწყლებს ლიბერალ სისგენდერ ადამიანებს, რომლებმაც არასოდეს იცოდნენ ამ ქალების სახელი, სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ. რეაქციები ყოველთვის ერთი და იგივეა: აღშფოთება, სევდა, ცვლილებისაკენ მოწოდება. შემდეგ არაფერი ხდება და ტრანსი ქალები აგრძელებენ სიკვდილს.

2013 წლის ზაფხულში, როდესაც ასილენ ნეტლსი ცემით მოკლეს ნიუ იორკში, მემორიალურ ცერემონიაზე მივედი ანთებული სანთლით, შემდეგ წავედი დემონსტრაციაზე, შემდეგ დავწერე სტატია.  ხმამაღალი და აქტიური ვიყავი, თუმცა, შინაგანად თავს დაკარგულად და სასოწარკვეთილად ვგრძნობდი. გასულ დეკემბერს, როდესაც ლილა ალკორნმა გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა tumblr-ზე, შემდეგ კი თავი მოიკლა, კომპიუტერი ჩავხურე და რამდენიმე საათი სრულ სიბნელეში გავატარე. დღეს, როდესაც ვხედავ სტატიებს მოკლული, ნაცემი, ტრანსი ქალების შესახებ, საკუთარ თავში ცრემლებს ვეძებ, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ. მე მინდა, რომ ვიგლოვო და განვრისხდე. მინდა, პატივი მივაგო ჩვენს დებს – ასეულობით რომ კვდებიან ყოველ წელს, ასე ახალგაზრდები. მაგრამ გლოვა და ბრაზი, ემპათიაც კი, აღარ მოდის ჩემთან. არაფერს ვგრძნობ, გარდა გაყინულობის და დაღლილობისა, და სადღაც შორს შიშიც იჩენს თავს.

სოციოლოგმა, კაი ერიკსონმა, ერთხელ დაწერა, რომ კოლექტიური ტრავმა არის „საზოგადოებრივი ცხოვრების ქსოვილზე თავდასხმა, რომელიც აზიანებს იმ კავშირებს, რომლებსაც ადამიანები ერთად უჭირავს […] ისე, რომ „მე“ აგრძელებს არსებობას, თუმცა, დაზიანებულ მდგომარეობაში და „შენ“ აგრძელებს არსებობას, თუმცაღა, იმდენად შორეული, რომ მასთან კავშირის დამყარება უკვე რთულია.  ჩვენ აღარ ვარსებობთ ერთმანეთთან შეკავშირებულად, როგორც უჯრედები საერთო სხეულში.“ მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანების ჯგუფი ტრავმირებული და ტერორიზებულია, მისი წევრები ერთმანეთთან კავშირის განცდას წყვეტენ. ეს გამოყოფა, ალბათ, თავდაცვითი რეაქცია, მცდელობა, ჯგუფის წევრობასთან დაკავშირებული ტკივილი ავირიდოთ თავიდან. შედეგად, ჩვენ საკუთარი თავის იზოლირებას ვახდენთ და ვფიქრობთ, რომ მარტონი ვართ იმედის გარეშე.

ხანდახან მგონია, რომ ტრანსგენდერ ქალებს ის ძირეული ცოდვა გვაკავშირებს, რომ დაბადებისას ბიჭები დაგვარქვეს, ჩვენ კი გამოვთავისუფლდით კაცობის წესებიდან და ასე დავრჩით მატრავმირებელ ამბავში გამოკეტილები. ადრეული ასაკიდან ვიძირებით საკუთარი სიკვდილის ამბავში, მას განვიცდით ისევ და ისევ, სანამ მართლაც მოვკვდებით. ერთი და იგივე ამბავი არის გადმოღებული, მასობრივ პროდუქციაში ჩაშვებული ჩვენ გარეთ მყოფი ჯგუფების მიერ – მედია გამოცემები სენსაციებს ეძებენ, აკადემიკოსები კვლევების გაკეთებას ლამობენ და როგორც მორგან კოლადო აღნიშნავს, ლგბტ ოგრანიზაციებიც კი ცდილობენ, გამოიყენონ ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობის სტატისტიკა თანხების მოსაძიებლად და სისგენდერი, თეთრკანიანი გეების და ლესბოსელების ინტერესების დასაცავად. კეთილი ზრახვების მქონე ლიბერალი სისგენდერი ადამიანებიც კი ცდილობენ, „მოკავშირის“ ქულები დაიწერონ, თავისებურად გამოიყენონ და ექსპლუატაცია გაუწიონ განწირული ტრანსი ქალების ნარატივს.

მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, ვწეროთ და აგიტაცია მოვახდინოთ მოკლული ტრანსი ქალების გარშემო. მე იმას ვამბობ, რომ ტრანს ქალებს უნდა მივცეთ ასპარეზი, როდესაც ამ ტიპის საუბარს ეხება საქმე. ჩვენ თვითონ უნდა ვწერდეთ საკუთარ ამბავს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ცოცხლებზე ისევე, როგორც მკვდრებზე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ახალგაზრდა ტრანს ქალებს, რომლებიც ეს-ესაა, იწყებენ საკუთარი თავის ასეთებად დანახვას, იმედი, რომ მათ შეეძლებათ იცხოვრონ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით.

ჯენეტ მოქი და ლავერნ კოქსი შესანიშნავი მოდელები არიან, მაგრამ მათი წარმატება არ კმარა. მე, ჩვენ მეტი გვჭირდება. მეტი ვიდრე ლიბერალების სამართლიანი რისხვა, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დაფინანსება ტრანს თავშესაფრებისთვის, სტიპენდიები, პროგრამული გრანტები, ჩენ გვჭირდება მეტი, ვიდრე ნიჰილისტური მემარცხენე რიტორიკაა, ჩვენ გვჭირდება კრეატიულობა და ტრანსფორმაცია. ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ საუბარი იმაზე თუ როგორ კვდებიან ტრანსი ქალების მუდამ. ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებმა იმაზე დაიწყონ საუბარი, რომ მათ არ სურთ, რომ ჩვენ მოვკვდეთ.

გასულ კვირას ფეისბუკზე სტატუსი დავწერე: „ყოველთვის, როდესაც ვხედავ სტატიას მოკლული ტრანსგენდერი ქალის შესახებ, მახსენდება, რომ ერთ დღეს მეც შეიძლება, ასე მოვკვდე.“ ერთი საათის ფარგლებში, რამდენიმე სისგენდერმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი, რომ წუხან ისეთ სამყაროში რომ ვცხოვრობთ, სადაც სულ შიშში უნდა ვიყო. მინდოდა რომ სითბო მეგრძნო, მაგრამ შიში ვიგრძენი. „წუხილი“ მე ვერ დამიცავს ქუჩაში, ღამით, როდესაც ვიღაც კაცი გადაწყვეტს, რომ მეტისმეტად უცნაურად გამოვიყურები იმისათვის, რომ ცოცხალი დავრჩე. ტრანსი ქალების მკვლელობების შესახებ სტატიების გამოქვეყნება სოციალურ მედიაში არ დამიცავს იმავე ბედის გაზიარებისგან. ეს კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს, რომ მე ღამით მარტო ვიქნები ქუჩაში, როდესაც ეს მომენტი დადგება და ჩემი ისედაც დათვლილი დღეები საერთოდ ამოიწურება.

ცოტა ხნის შემდეგ მეგობარმა, რომელიც ასევე ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალია, და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შესანიშნავი გოგო ჩვენს ქალაქში, პირადი შეტყობინება მომწერა. ის დამპირდა, რომ „ეს“ მე არ დამემართებოდა. რომ ის დამიცავდა, როგორღაც, რაღაცნაირად. ამას როცა ვკითხულობდი, პირველად ვიტირე მთელი ამ საშინელი, ტრანსი ქალების მკვლელობებით გაჯერებული წლის მანძილზე. ვიტირე იმიტომ, რომ არავის არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ ჩემთვის. არავის არ გამოუჩენია იმდენი მზრუნველობა ან გამბედაობა, რომ ეს დაპირება მოეცათ, ეთქვათ, რომ მე ვიცოცხლებდი.

ახალგაზრდა ტრანს ქალებს მინდათ ამბავი მოგიყვეთ: როცა პატარა ვიყავი, უკვე ვიცოდი, რომ გოგო ვარ. ყველა ჩემ გარშემო ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ეს ასე არ იყო, და როდესაც უარს  ვამბობდი მათთვის დამეჯერებინა, ისინი მპასუხობდნენ, რომ მე მოვკვდებოდი. მაგრამ მე ცოცხალი ვარ. მე ვიპოვე მამაცი დების ჯგუფი, და ჩვენ ყველანი, ამ სიძულვილის შუაგულში, ვახერხებთ, ვიცოცხლოთ, ვიცინოთ, გვიყვარდეს. მე თქვენ გეძებთ, თქვენზე ვზრუნავ. ჩვენ შეგვიძლია ეს ამბავი ერთად შევცვალოთ. მომავალ წელს მე 24 წელი მისრულდება.

წყარო

რატომ ვაკეთებ ქამინგ აუთს

00:12 სამყარომ შეიძლება იმად გაქციოს, რაც არ ხარ, მაგრამ, როცა გულის სიღრმეში იცი საკუთარი ვინაობა, მწვავე კითხვა გაწუხებს: როგორ მივაღწიო ამას? მე შეიძლება უნიკალური ვიყო, მაგრამ არ ვარ ერთადერთი. ნამდვილად არ ვარ ერთადერთი. ამიტომ, როდესაც მოდელი გავხდი, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს, ბავშვობისდროინდელ ოცნებას ავისრულებდი. ჩემი გარეგანული „მე“, როგორც იქნა, ჩემს შინაგან სამყაროსთან შესაბამისობაში მოვიდა, ჩემს შინაგან ჭეშმარიტებასთან. ბევრი სირთულის გამო, რომელსაც მოგვიანებით შევეხები, როდესაც ამ სურათს ვუყურებდი ხოლმე, ვფიქრობდი, ჯინა, შენ ეს მოახერხე, დანიშნულების ადგილს მიაღწიე. თუმცა, გასულ ოქტომბერს მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ყუთში ანაწილებს ოჯახი, რელიგია, საზოგადოება, ისტორიული პერიოდი, ჩვენი საკუთარი სხეულიც კი. ზოგ ადამიანს ყოფნის სიმამაცე, რომ გამოთავისუფლდეს, უკუაგდოს შეზღუდვები, რომლებსაც კანის ფერი, რწმენა და გარშემომოყოფები გვიწესებენ. ასეთი ადამიანები მუდმივად აღიქმებიან საფრთხედ სტატუს ქვოს მიმართ, იმის მიმართ, რაც მისაღებად ითვლება.

01:38 ჩემს შემთხვევაში, გასული 9 წლის მანძილზე ჩემი მეზობლების, მეგობრების, კოლეგების ნაწილმა და ჩემმა აგენტმაც კი არ იცოდა ჩემი ისტორიის შესახებ. მგონი, მისტერიებში ამას გაცხადების მომენტს ეძახიან; მოისმინეთ ჩემი.

01:59 დაბადებისას მე მამრობითი სქესი მომანიჭეს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩემი სასქესო ორგანოები. მახსოვს, როდესაც 5 წლის ვიყავი და ფილიპინებზე ვცხოვრობდი,  სახლში წრეზე დავდიოდი ხოლმე და ყოველთვის მაისური მქონდა თავზე მოხვეული. დედამ ერთხელ მკითხა, ამას რატომ აკეთებო, მე კი ვუპასუხე: „დედა, ეს ჩემი თმაა. მე გოგო ვარ.“ მაშინ უკვე ვიცოდი, თვითიდენტიფიკაცია როგორ მომეხდინა.

02:26 გენდერს ყოველთვის ფაქტად მიიჩნევენ, რაღაც უცვლელად, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ის უფრო დენადი, კომპლექსური და საიდუმლოებით მოცულია. ჩემი წარმატების გამო მე არასოდეს მყოფნიდა გამბედაობა, ჩემი ამბავი მომეთხრო, არა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამაში რაღაც ცუდი იყო, არამედ იმის გამო, რომ გარემო მუქარებს არ იშურებს მათთვის, ვინც ახერხებს გამოთავისუფლებას. ყოველ დღე მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ქალი ვარ. მყავს დედა, მამა და ოჯახი, რომელიც მიღებს ისეთად, როგორიც ვარ. ბევრ ჩვენგანს ასე არ უმართლებს.

03:11 აზიურ კულტურაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს ტრადიცია, რომელიც ზეიმობს გენდერის მოქნილობას და საიდუმლოებას. ბუდიზმში არსებობს თანაგრძნობის ქალღმერთი. არსებობს ასევე ჰიჯრების ქალღმერთი ჰინდუ კულტურაში. როდესაც 8 წლის ვიყავი, მოვხვდი წვეულებაზე, სადაც სწორედ ამ საიდუმლოებს აღნიშნავდნენ და ზეიმობდნენ. მახსოვს სცენასთან ვიდექი, რომელზეც უცებ ძალიან ლამაზი ქალი გამოვიდა. ამ მომენტში მივხვდი, რომ სწორედ ასეთი ქალი მინდოდა ვყოფილიყავი. როდესაც 15 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ ბიჭის ტანსაცმელს ვატარებდი, მე ამ ქალს შევხვდი. ის ტრანსგენდერი სილამაზის კონკურსების მენეჯერია. იმ საღამოს მკითხა: „როგორ მოხდა, რომ სილამაზის კონკურსში არ ეწერები?“ მან დამარწმუნა, რომ თუ მონაწილეობას დავთანხმდებოდი, რეგისტრაციის საფასურს და ტანსაცმელს ის მიხედავდა და იმავე საღამოს პირველი ადგილი ავიღე საცურაო კოსტუმისთვის, ასევე მოსასახამისთვის და 40 მონაწილეში მეორე ადგილზე გავედი. ამ მომენტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მოულოდნელად აღმოვჩნდი სილამაზის კონკურსების სამყაროში. დარწმუნებული ვარ, ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ პირველი სამსახური, რაც კი ოდესმე ჰქონია, ტრანსგენდერი სილამაზის კონკურსების დედოფალია.

04:31 ასე მოხდა, რომ 15-დან 17 წლამდე, მონაწილეობა მივიღე როგორც ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, ისე სილამაზის კონკურსებში, რომლებიც სატვირთო მანქანების პლატფორმებზე იმართებოდა, ხანდახან კი პოდიუმს პირდაპირ ბრინჯის პლანტაციის გვერდით დგამდნენ. ფილიპინებში ხშირად წვიმს, ამიტომ იყო შემთხვევები, როდესაც პოდიუმის გადატანა ვინმეს სახლში გვიწევდა. ასევე ვეზიარე უცხო ადამიანების სიკეთეს, განსაკუთრებით, როდესაც ფილიპინების შორეულ პროვინციებში გვიწევდა გამგზავრება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ დროს შევიძინე ზოგიერთი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი.

05:05 2001 წელს დედაჩემმა, რომელიც მანამდე გადავიდა სან ფრანცისკოში საცხოვრებლად, დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი გრინ კარტის განაცხადი დაკმაყოფილდა და მეც შემეძლო აშშ-ში გადასვლა. თავიდან შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ იქ ვერთობოდი, ვმოგზაურობდი, მეგობრები მყავდა და სილამაზის დედოფალი ვიყავი. დედამ ორი კვირის შემდეგ ისევ დამირეკა და მითხრა: „იცი, ამერიკაში თუ გადმოხვალ, შეგიძლია სახელი და გენდერული მარკერი შეიცვალო.“ ეს სწორედ ის იყო, რისი მოსმენაც მჭირდებოდა. დედა წამომყვა ტაილანდში, როდესაც 19 წლის ასაკში სქესის კორექციის ოპერაცია გავიკეთე. საინტერესოა, რომ ტაილანდის ყველაზე რურარულ ქალაქებში ქირურგები საკმაოდ პრესტიჟულ და დახვეწილ ოპერაციებს აკეთებენ. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში გენდერული მარკერის და სახელის შესაცვლელად ოპერაციის გავლა იყო საჭირო. 2001 წელს გადავედი საცხოვრებლად სან ფრანცისკოში, და მახსოვს, როგორ დავხედე პირველად ჩემს კალიფორნიულ მართვის მოწმობას, რომელზეც ეწერა ჯინა და გენდერული მარკერი “F”. ეს ძალიან ძლიერი მომენტი იყო. ბევრი ადამიანისთვის პირადობის მოწმობა მათი ლიცენზიაა, მანქანის საჭესთან დასხდნენ და დალიონ კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ლიცენზია, მეცხოვრა და ღირსეულად მეგრძნო თავი. მოულოდნელად ჩემი შიშები შემცირდა. მე ვიგრძენი, რომ ახლა შემეძლო, ჩემი ოცნება ამეხდინა, ნიუ იორკში გადავსულიყავი და მოდელი გავმხდარიყავი.

06:40 ბევრს ჩემსავით არ უმართლებს. მახსენდება ქალი, რომლის სახელიც არის აილან ნეტლზი. ის ნიუ იორკიდან გახლდათ. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გულადად ცხოვრობდა თავისი ნამდვილი ცხოვრებით, მაგრამ სიძულვილმა მას სიცოცხლე მოუსპო. ჩემი თემის წევრების უმეტესობისთვის ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენში სუიციდის დონე  9-ჯერ აღემატება ძირითადი მოსახლეობისას. ყოველ 20 ნოემბერს გლობალურად აღვნიშნავთ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს. აქ, ამ სცენაზეც იმ ადამიანების დამსახურებით ვდგავარ, რომლებიც დიდი ხანი იბრძოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ უსამართლობას.  ეს არის მარშა ფი ჯონსონი და სილვია რივერა. დღეს, ზუსტად ამ წამს, არის ჩემი ნამდვილი ქამინგაუთი. მე აღარ შემეძლო ჩემი სიმართლით ჩემთვის ჩუმად ცხოვრება. მე მსურს ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ სხვებს დავეხმარო, ასევე სიმართლით იცხოვრონ შიშის გარეშე. მე აქ ვარ, ღია, იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს 20 ნოემბერი საჭირო აღარ იყოს.

07:54 ჩემმა შინაგანმა სიმართლემ საშუალება მომცა, მიმეღო საკუთარი თავი. თქვენ მიმიღებთ?

08:13 ქეთრინ შულცი: ჯინა, ერთი შეკითხვა გვაქვს შენთვის. მაინტერესებს რას ეტყოდი მშობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იცნობს ბავშვს ან ზრდასრულ ადამიანს, რომელიც იბრძვის დაბადებისას მინიჭებული გენდერის წინააღმდეგ. რას ეტყოდი ამ ადამიანის ოჯახის წევრებს, რა უნდა გააკეთონ, რომ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი?

08:37 ჯინა როსერო: რა თქმა უნდა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა. მხარდაჭერის სისტემა, განსაკუთრებით, ეს დედაჩემს და ჩემს ოჯახს ეხება, არის ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი. მახსოვს, როდესაც ახალგაზრდა ტრანსგენდერ ქალებს ვუწევდი მენტორობას, ისინი ხშირად მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მშობლები მათ ვერ იღებენ. მე დედაჩემთან მივდიოდი ტელეფონით და ვეუბნებოდი „დე, შეგიძლია ამ ქალს დაურეკო და დაელაპარაკო?“. ხანდახან ყველაფერი კარგად მთავრდებოდა, ხანდახან არა. გენდერული იდენტობა ადამიანის არსების ცენტრშია, ხომ ასეა? თითოეულ ჩვენგანს ანიჭებენ გარკვეულ გენდერს დაბადებისას, ამიტომ, მეც ხშირად ვცდილობ, საუბარი იმ კუთხით წარვმართო, რომ სხვებს გავაგებინო – ხანდახან ეს მინიჭებული გენდერი უბრალოდ არ ემთხვევა იმას, რაც შიგნით ვართ. ამიტომ, უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ადამიანი შეძლებს, თვითიდენტიფიკაცია მოახდინოს, და ეს არის ის საუბარი, რომელიც ჩვენ უნდა შეგვეძლოს წარვმართოთ მშობლებთან, კოლეგებთან. ტრანსგენდერი მოძრაობა თავის დასაწყის სტადიაშია იმასთან შედარებით, რაც გეი მოძრაობამ უკვე გამოიარა. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს უნდა გვესმოდეს. უნდა არსებობდეს სივრცე ცნობისმოყვარეობისთვის და კითხვების დასმისათვის და მე იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანი იქნება ჩემი მოკავშირე.

“ასეთი იყო ჩემი შვილი, საბი ბერიანი”

1415794331329494
ავტორი: თამარ ძამუკაშვილი, მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, დედა

საბი (ბექა) ბერიანი დაბადა 1991 წლის 8 თებერვალს ქალაქ თბილისში. როდესაც საბი გახდა 3 თვის, მამამ შვილზე უარი თქვა და მიატოვა. საბი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბაბუის და ბებიის საცხოვრებელ ბინაში წავიყვანე.

1996 წელს იგი მივიდა ველისციხის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. საბი სკოლაში კარგად სწავლობდა, იყო სანიმუშო მოსწავლე; აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი და, როგორც თვითნასწავლი, წერდა ხატებს და ხატავდა მოდელებს. მისი ოცნება იყო, გამხდარიყო დიზაინერი. საბიმ მონაწილეობა მიიღო ხატების გამოფენაში; მისი ერთ-ერთი ნახატი მოთავსებულია კულტურის სამინისტროში; ნახატს ჰქვია „წამებული იესო“.
როდესაც საბი მეცხრე კლასში გადავიდა, რაღაცნაირად დასევდიანდა. წინანდებურად აღარ იცინოდა, აღარ იყო ხალისიანი და აღარც ხუმრობდა. არადა, მანამდე კომიკურობითა და თეატრალურობით გამოირჩეოდა.
საბი მეც, საკუთარ დედასაც კი, გამემიჯნა და ჩაიკეტა საკუთარ თავში. როდესაც სკოლა დაამთავრა, თბილისში წავიდა და გასაუბრებით ჩააბარა კუმპიუტერულ და უცხო ენათა შემსწავლელ კურსებზე. მთელი მონდომებით სწავლობდა და მეცადინეობდა. ასევე პარალელურად იპოვა სამსახური და დაიწყო მუშაობა კაფე „ნიკალაში“ მიმტანად. ამ დროს მის სხეულში მიმდინარეობდა ბრძოლა გენდერული იდენტობის ფონზე. და აი, ერთ დღეს, ჟურნალ „თბილისელებში“ დაიბეჭდა მისი ტრანსგენდერული იდენტობის შესახებ. საბიმ გადაწყვიტა, უკვე სააშკარაოზე გამოეყვანა საკუთარი თავი. ამის გამო მას მოუხდა სამსახურის დატოვება.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს იყო რაღაც შოკისმომგვრელი, მაგრამ შვილისთვის ხელი არ მიკრავს. პირიქით, მეშინოდა, საბის არაფერი აეტეხა საკუთარი თავისთვის და სულ უკან დავსდევდი, ვაკონტროლები. ასევე საბი გამოვიდა თოქ-შოუ „პროფილში,“ სადაც საქვეყნოდ აღიარა თავისი გენდერული იდენტობის შესახებ. მას ჰქონდა ძალიან დიდი მიზნები: უნდოდა, გაეკეთებინა სქესის შეცვლის ოპერაცია და წასულიყო საცხოვრებლად საზღვარგარეთ, რაც არ დასცალდა.

საბის ძალიან უყვარდა ხუმრობა, სიცოცხლითა და ხალისით სავსე იყო. მოგიყვებით მის ნამოქმედარ რამდენიმე სახუმარო ისტორიას.
მახსოვს, ძალიან კარგად ბაძავდა „კომედი შოუს“ გმირებს; მეზობლად ცხოვრობდა ქალი, ასე ბებიამისის ხნისა. ერთხელ დაიფარა პარიკი გრძელი თმით, გაიკეთა მუქი სათვალე და მივიდა ამ ქალთან უცხო ხმით დასაძახებლად. ქალმა, რა თქმა უნდა, ვერ იცნო, საბიმ კი თავი წარუდგინა, როგორც ჩვენი სტუმარი. დაიწყეს საუბარი და ცოტა მოგვიანებით მივედი მეც. მერე რომ გაიგო ამ ქალმა სინამდვილე კარგად ვიცინეთ და ვიხალისეთ.
მახსოვს ასევე, რომ თონეში პურის გამოცხობის შემდეგ ჩუმად ჩაყარა ამპულები. ამ დროს თონის გარშემო ჩვენთან მეზობლებიც იყვნენ შემოკრებილნი გასათბობად და სალაპარაკოდ. ეს ამპულები, რა თქმა უნდა, დასკდა და თონიდან ამოვარდა საშინელი აფეთქების ხმა. შეშინებული ხალხი, სანამ სინამდვილეს გაიგებდნენ საბისგან, ვინ საით გარბოდა, უნდა გენახათ.
ბავშვობაში ჰყავდა სათამაშო თაგვი, რომელიც იქოქებოდა და დარბოდა. საბის მეგობარ თანატოლ გოგონასაც ძალიან ეშინოდა თაგვის კი არა, წიწილისაც კი. ერთხელ მივედით სტუმრად ამ ოჯახში. საბიმ ჩუმად აამუშავა ეს თაგვი და გაუშვა მათთან ოთახში. არა მარტო ეს გოგო, არამედ ოჯახის ყველა წევრი ვინ საით შეხტა, უნდა გენახათ. ბოლოს, სიმართლის გარკვევის შემდეგ, ძალიან ვიცინეთ და ვიხალისეთ.
აი, ასეთი იყო ჩემი შვილი, საბი ბერიანი.

პოლიციამ დაკარგული ტრანსგენდერი ქალის სხეული იპოვა; დეტროიტში ქროსდრესერი მოკლეს

15_1

არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში 2015 წლის 11 აგვისტოს ტრანსგენდერი ქალი, ქენდის კაპრი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საკუთარი სახლის წინ. პოლიცია არ საუბრობს გამოძიების დეტალებზე. როგორც ერთ-ერთი წყარო აცხადებს, მსხვერპლის დედა ამბობს, რომ ქენდისს 3-4 ჭრილობა მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღით. მსხვერპლის დედა, ანდრია გაინსი, შვილთან მიმართებაში მამრობით ნაცვალსახელებს იყენებს, მაგრამ აღიარებს, რომ მისი შვილი ტრანსგენდერი იყო.

16_1

2015 წლის 16 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინაში იპოვეს დაკარგული ტრანსგენდერი ქალის, ელაიშა უოქერის, სხეული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უოქერის სხეული მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლის უკან მდებარე ტყე-პარკში მოაწყო სამძებრო სამუშაოები. დაკავებულია ანხელ დეხესუს არიასი და მას განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. უოქერი 2014 წლის 11 ნოემბერს დაიკარგა უგზოუკვლოდ.

2015 წლის 5 ოქტომბერს დეტროიტში ქროსდრესერი მოკლეს, თუმცა საქმის დეტალები ცნობილი არაა, რადგან პოლიცია გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე თავს იკავებს მათზე საუბრისგან. დეტროიტში წელს ორი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, ორივე ფერადკანიანი. ერთ-ერთი ინტერვიუში ტრანსგენდერი აქტივისტი, იულისა აბადი, ამბობს, რომ მსხვერპლი ცნობილი იყო, როგორც „მელვინი“, გეი ქროსდრესერი, რომელიც მკვლელობის მომენტისთვის ქალის ტანსაცმელს ატარებდა. უფლებადამცველების აზრით, მასზე თავდასხმა ჰომოფობიური მოტივით განხორციელდა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლი მკვლელობის მომენტში ქალის ტანსაცმელს ატარებდა, ეს მკვლელობა ტრანსფობიურად უნდა ჩავთვალოთ.

წყარო

როგორ წარმოიშვა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე

da844105c7

გვენ სმითს არასოდეს ჰქონია განზრახული ტრანსგენდერი აქტივისტი გამხდარიყო, მაგრამ ახლა ეს ტერმინი აღარ ეუცხოება. „ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ტრანსგენდერ აქტივისტს მიძახიან; ნამდვილად ვცდილობ აქტივიზმის შექმნას და ადვოკატირებაზე მუშაობას ტრანს საკითხების გარშემო,“ – აცხადებს გვენი.

სმითი არის „ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის“ დამაარსებელი. ეს არის დღე, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 100 სხვადასხვა ადგილზე აღინიშნება იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის პატივის მისაგებად, რომლებსაც ყოველდღიურად კლავენ ტრანსფობიური მოტივით.

1993წელს სმითი ანონიმურად იყო დარეგისტრირებული AOL-ის ჩატში, სადაც ცდილობდა, სხვა ადამიანებთან განეხილა ტრანს საკითხები. სამწუხაროდ, AOL-ის მომსახურების პირობების მიხედვით, ტრანსგენდერ საკითხებზე საუბარი ვულგარულად ჩაითვალა და სმითის და მისი ნაცნობების რამდენიმე ჩატი დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი უხამსობის დეტალებს არ შეიცავდა. „იქ ძირითადად შემოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც რჩევა სჭირდებოდათ, ან უბრალოდ, ტრანსგენდერი ადამიანები, ვისაც სხვა ტრანსგენდერ ადამიანებთან უნდოდათ საუბარი თუნდაც პოლიტიკასა ან საყვარელ მუსიკაზე, ან ნებისმიერ სხვა ინტერესის სფეროზე, და მიუხედავად ამისა, ჩვენს ჩატებს ხურავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსგენდერები ვიყავით,“ – ჰყვება გვენ სმითი.

1994 წელს გვენის მეგობარმა ტრანსგენდერმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „მან თავი მოიკლა იმ წინასწარგანწყობებისა და დისკრიმინაციის გამო, რომელსაც ოჯახისა და გარშემო მცხოვრები ადამიანებისგან აწყდებოდა. ის ასევე ლესბოსელი იყო და ადგილობრივი ლესბი თემისგანაც ბევრ პრობლემას აწყდებოდა. იმის დანახვამ, რომ ნათელი, ძლიერი და მეგობრული ადამიანი სუიციდამდე მიიყვანეს, ძალიან განმარისხა,“ – ამბობს გვენი.

ამ ორი მოვლენის კომბინაციამ გვენ სმითი აამოქმედა. ის AOL-ის ჩატის მომხმარებელ მეგობრებთან ერთად შეებრძოლა კომპანიას და ანტი-ტრანსპოლიტიკის შეცვლას მიაღწია. აქტივისტებმა მედიას მიმართეს თავისი გამარჯვებით და შეეცადნენ, აემაღლებინათ ცნობიერება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ტრანსგენდერი, და რომ ამ თემებზე საუბარი ვულგარული არ არის. ჯგუფმა AOL-ზე ტრანსგენდერი სათემო ფორუმი შექმნა, რომელსაც სმითი უძღვებოდა 1995 წლიდან 1999 წლამდე.

ინტერნეტი ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა სმითისთვის. მან წამოიწყო ინტერნეტ პროექტი „გვახსოვდეს ჩვენი დაღუპულები“ (www.rememberingourdead.org ) 1998 წლის 28 ნოემბერს ბოსტონში მოკლული რიტა ჰესტერის საპატივცემულოდ. სამი წლით ადრე ნოემბრის დასწყისში ბოსტონში სხვა ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. რიტა ჰესტერის მკვლელობა ღამის კოშმარის გამეორებას ჰგავდა სმითისთვის. „რაღაც უცნაური დამთხვევა იყო, ამ საქმეებს თითქოს საერთო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ბევრი მსგავსება იყო,“ – თქვა სმითმა „ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმის დანახვით, რომ თემს დაავიწყდა ის ადამიანები, რომლებიც დავკარგეთ და მათი სიკვდილი თითქოს არც შეიმჩნია.“ გვენ სმითს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეს მკვლელობები არასოდეს უნდა მისცემოდა დავიწყებას იმისათვის, რომ ერთ დღესაც ისინი აღარ განმეორებულიყო.

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე პირველად 1999 წლის ნოემბერში აღინიშნა, რიტა ჰესტერის გარდაცვალების წლის თავზე. „ჩვენ გავიაზრეთ, რომ ბევრი კარგი ინფორმაცია გვქონდა და უფრო მეტი საჯაროობა გვჭირდებოდა,“ – ამბობს გვენ სმითი. ღონისძიება 20 ნოემბერს ჩატარდა 28 ნოემბრის ნაცვლად მადლიერების დღესასწაულის გამო.

ტრნასგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე და ვებ პროექტი, „გვახსოვდეს ჩვენი დაღუპულები“, პირველი ფართომასშტაბიანი პროექტები იყო, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას ეხმიანება. „ამის მსგავსი მართლა არაფერი ყოფილა მანამდე. ცალკეული ტრანსგენდერი ადამიანები პერიოდულად ცდილობდნენ საკითხისათვის ხილვადობა მოეპოვებინათ, მაგრამ დიდი შედეგი ამას არ მოჰყოლია,“ – აღნიშნავს სმითი.

სმითი იმედოვნებს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე თემს სოლიდარობის შეგრძნებას შემატებს და ცნობიერებას აუმაღლებს ადამიანებს, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს. „იმედი მაქვს, რომ ბევრი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანი, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, თემისადმი მიკუთვნებულობას იგრძნობენ. სისგენდერი ინდივიდებისთვის კი, ეს უნდა იყოს საშუალება, გაიგონ, რა ძალადობას აწყდებიან ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი იდენტობის გამო.“

ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა ესკალირებს და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, სმითს თავისი თეორიები აქვს. „ჩემი აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც  ტრანსგენდერ ადამიანებს მეორეხარისხოვნად აღიქვამს. ჩვენ გვყავს მედია, რომელიც ადამიანებს ასწავლის, რომ ტრანსგენდერი ადამიანები იტყუებიან და შესაბამის მოქცევას იმსახურებენ. ბევრგან პოლიცია და სასამართლო სისტემა არ რეაგირებს სათანადოდ ამ მკვლელობებზე და არ სჯის დამნაშავეებს, რაც ადამიანებს დაუსჯელობის შეგრძნებას აძლევს.“

ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა არც ისე შორს დგას გეების წინააღმდეგ ძალადობისგან. „ხშირად, როდესაც დანაშაული ჩადენილია გეების ან ლესბოსელების წინააღმდეგ, ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიან საჯაროდ. უმეტესწილად ეს იმიტომ ხდება, რომ მათი გენდერული თვითგამოხატვა სხვანაირად აღიქმება. ამასთანავე, როდესაც ტრანსგენდერ ადამიანს ესხმიან თავს, ხშირად „პედერასტს“ იყენებენ დამამცირებელ ტერმინად, რაც, რა თქმა უნდა, გეი კაცების წინააღმდეგ გამოიყენება პირველ რიგში.“

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ტრანსგენდერ თემს შეადგენენ, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სმითი თვლის, რომ გაერთიანება მნიშვნელოვანია სიძულვილთან საბრძოლველად. „ინდივიდები, რომლებიც ასეთ რაღაცებს აკეთებენ, მსგავს ზიანს აყენებენ ადამიანებს, არ მარჩიელობენ, ვისაც თავს ესხმიან, ის ტრანსგენდერია, გეი თუ ლესბოსელი. ისინი ერთგვაროვან ჯგუფად აღგვიქვამენ ყველას. ამიტომ, ჩვენც მსგავსი პასუხი უნდა გავცეთ.“

სმითი იმედოვნებს, რომ ტრანსგენდერი ადმაიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს არა მარტო ტრანსგენდერი ადამიანები დაესწრებიან. „ყველა პოტენციური მსხვერპლია, ასეთ ძალადობას როცა ეხება საქმე. არაა საჭირო, ტრანსგენდერი ან გეი იყო. არაა აუცილებელი, განსხვავებული გენდერული იდენტობა გქონდეს, რომ მსგავს ძალადობას გადააწყდე. ეს ის ძალადობაა, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს,“ – ამბობს სმითი.

სმითი იმედოვნებს, რომ ცნობიერების ამაღლება ძალადობის საწინააღმდეგო იარაღია. სმითი ფიქრობს, რომ ინფორმირების შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ზიანს მიაყენებდნენ ტრანსგენდერ ადამიანებს, შეყოყმანდებიან, რადგან ეცოდინებათ, როგორები არიან ტრანსგენდერი ადამიანები და რა პრობლემებს აწყდებიან.

სმითისთვის ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე პოლიტიკურიცაა და პირადიც. „ვებგვერდზე, მოკლული ადამიანების სიაში სამია, ვისაც პირადად ვიცნობდი. ძალიან მინდა, რომ იქ მეოთხე არ მოხვდეს. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი შეიცვალოს,“ – აცხადებს სმითი.

წყარო

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე: 5 ტრანსგენდერი აქტივისტი, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ

transgender-activists
20 ნოემბერი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეა; ვგლოვობთ მათ, ვინც დავკარგეთ ტრანსფობიური ძალადობისა და სოციალური სტიგმების გამო; ასევე პატივს ვაგებთ მათ, ვინც დღემდე ჩვენთან ერთად იბრძვის თანასწორობისთვის. 2008 წლიდან მოყოლებული 1700-ზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა იქნა აღრიცხული პოლიციაში, მაგრამ, რადგან ბევრი ასევე  არ არის ოფიციალურად გაცხადებული, ჩვენ უნდა ვივარუდოთ, რომ რეალური სტატისტიკა ბევარ უფრო მაღალია. მოცემულ სტატიში გვინდა, პატივი მივაგოთ  ხუთ პიონერ ტრანს აქტივისტს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამერიკის ბევრად უფრო ინკლუზიურ ქვეყანად  ჩამოყალიბებას.

სილვია რივერა

რივერამ 1970 წელს  მონაწილეობა მიიღო კრისტოფერის ქუჩის ლიბერალიზაციის პირველ მარშში და ცდილობდა ნიუ იორკის გეი უფლებების კანონპროექტის გატანას.

შემდგომ წელს მან მარშა პ. ჯონსონთან ერთად დააარსა „ქუჩის ტრანსვესტიტთა აქციის რევოლუცონერები“ (Street Transvestite Action Revolutionaries (STAR) ), რომელიც იბრძოდა ამ ხმაწართმეული თემისთვის.

რივერა, რომელსაც ლგბტ თემის „სინდისს“ ეძახდნენ, ბევრჯერ იყო დაკავებული პოლიციის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების მქონე აქციებზე, როგორებიცაა Soul Force, ირლანდიური გეი და ლესბოსელი ორგანიზაცია და ნიუ იორკის უსახლკაროთა კოალიცია, ასევე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის გამართულ მრავალ საპროტესტო შეკრებაზე.

ის დაუღალავად იბრძოდა იმისათვის, რომ დრეგ ქვინები, ტრანსგენდერი კაცები და ქალები და გენდერულად არაკონფორმული სხვა ადამიანები არ ყოფილიყვნენ გამოყენებული რასობრივ და კულტურულ ინტეგრაციაში ჩართული გეების მიერ, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ სწრაფ მოგებაზე.

წლების მერე რივერა გახდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ეკლესიის აქტივისტი და განაგებდა კვების სერვისს და ტრანს პროგრამებს. მას მიღებული აქვს ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდო მრავალი ორგანიზაციისგან და 2000 წელს მიწვეული იყოს სპიკერად  მსოფლიო პრაიდზე რომში.

2002 წელს, სასიკვდილო სარეცელზეც კი, რივერა იბრძოდა თავისი თემის უფლებების დასაცავად – შეხვედრა ჰქონდა ემპაიარ სტეიტ პრაიდის დამგეგმარებლებთან, რათა ხელი შეეწყო სექსუალური ორიენტაციის შესახებ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ტრანსგენდერი ადამიანის უფლებების ჩამატებისთვის ნიუ იორკის შტატის კანონმდებლობის ფარგლებში.

მისი მემკვიდრეობა აგრძელებს არსებობას სილვია რივერას პროექტთან ერთად, რომელიც იცავს უმცირესობებს და სოციალურად დაუცველ ტრანს თემის წევრებს ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.

რენე რიჩარდსი

1976 წელს რენე რიჩარდსი მზად იყო, ეთამაშა ამერიკის ღია ჩემპიონატის ქალთა დივიზიაში, მაგრამ ის დაიბადა, როგორც მამაკაცი.

ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციას მისი დაბლოკვის მცდელობა ჰქონდა და ამისთვის „ქალად დაბადებული ქალის“ პოლიტიკით სარგებლობდა, მაგრამ რიჩარდსმა სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მისი მხარი დაიჭირა. ეს იყო ისტორიული გამარჯვება.

ამ გამარჯვების მიუხედავად, რიჩარდს მოუწია, გაეძლო საჯარო განხილვებისათვის, მან დაკარგა ოჯახი, მეგობრები და გამოიარა საშინელი დისკრიმინაცია ჩოგბურთის სამყაროს მხრიდან.

ESPN  წერს:

… ამას ხელი არ შეუშლია ქალთა ჩოგბურთის ასოციაციისათვის, მცდელობა ჰქონოდა, რომ დენისი გამოერიცხა პროფესიონალური ტურნირებიდან, სანამ ის არ იჩივლებდა; ან თუნდაც 32-დან 25 მოთამაშეს უარი არ ეთქვა რიჩარდთან ერთად ტურნირში მონაწილეობაზე მის პირველ შეჯიბრში, რომელშიც 41 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა. ხალხი მას წაგებას უსურვებდა.

რიჩარდსს მარტივად შეეძლო, ტელევიზორში ყური მოეკრა, როგორ ხუმრობდნენ მასზე ჯონი კარსონი და ბობ ჰოუპი, რომ ის იყო მოსიარულე „შერეული გუნდი“ და დაკარგა ყველაფერი ( ჰაჰაჰა) , როდესაც ძალიან დაბლიდან გადაახტა ღობეს… ან მოესმინა ჰოვარდ კოსელის ჩართვა კორტებიდან, სადაც ის ამბობდა, რომ რიჩარდსი საერთაშორისო გარჩევების საბაბია მხოლოდ იმ ინტრიგის გამო, არის ის ქალი თუ კაცი…

საბოლოოდ, რიჩარდსმა დატოვა ჩოგბურთი და დაუბრუნდა ოფთალმოლოგის წარმატებულ კარიერას კალიფორნიაში, მაგრამ მისმა საჯარო ბრძოლამ გზა გაუკვალა მომავალ ტრანს ათლეტებს, როგორებიც არიან MMA მებრძოლი ფელონ ფოქსი და NCAA კალათბურთელი ქეი ალუმსი.

მიშელ დილონი

1915 წელს, არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული და ოქსფორდის კურსდამთავრებული ექიმი, მიშელ დილონი, პირველი ტრანსგენდერი კაცი იყო, რომელმაც ფალოპლასტიკა გაიკეთა.

1930 წელს მან დაიწყო ტესტოსტერონის მიღება თანამოაზრე ექიმის დახმარებით; სწორედ ამ ექიმის მხარდაჭერით დილონმა შეცვალა თავისი დაბადების მოწმობა და  ახალი, ლეგალური სახელით ჩააბარა ტრინიტის სამედიცინო კოლეჯში, როგორც ლორენს მიშელ დილონმა.

1946 წელს დილონმა გამოსცა წიგნი „არსი: კვლევა ენდოკრინოლოგიასა და ეთიკაში, სადაც ის ტრანსსექსუალობას განიხილავს, როგორც სამედიცინო კონდიციას. ის წერდა: „როდესაც გონება ვერ ერგება სხეულს, სხეული უნდა მოვარგოთ გონებას“. 1946 და 1949 წლებს შორის მან ტრანზიციის დასასრულებლად გაიარა რიგი პროცედურები.

დილონს არ უსაუბრია საკუთარ გამოცდილებაზე მოცემულ წიგნში, მაგრამ 1958 წელს რუტინული შემოწმების დროს მისი წარსული მაინც გამოაშკარავდა. არასასურველი ყურადღების გამო ის გაიქცა ინდოეთში, სადაც წლების მანძილზე სწავლობდა ბუდიზმს.

1962 წელს, 47 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე დილონმა გამოსცა რამდენიმე წიგნი, მათ შორის, ზრდა ბუდიზმამდე,  ბრიტანელი ახალგაზრდების საბაზისო წიგნი.

 ეიპრილ ეშლი

1935 წელს, ლივერპულში დაბადებული ეშლი, იყო მეცხრე ადამინი მსოფლიოში, რომელმაც 1960 წელს  გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია.

მან მიაღწია წარმატებას პოპ ინდუსტრიაში: იყო მოდელი „ვოგისთვის“ და ჰქონდა მცირე როლი ფილმში გზა ჰონგ კონგისკენ, თუმცა 1961 წელს ის მეგობრის მიერ მზაკვრული ქამინ აუთის მსხვერპლი გახდა.

ორი წლის შემდეგ ეშლიმ შექმნა ოჯახი არტურ კორბერტთან ერთად, მაგრამ 1970 წელს მისი ქორწინება ანულირებულად გამოცხადდა, რადგან ის ქალად არ დაბადებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ქმარმა იცოდა ამის შესახებ. მოსამართლის განცხადებით, ეშლი არ იყო „ქალი ქორწინების მიზნებისთვის“.

ის დარჩა საჯარო ფიგურად და ცდილობდა, ტრანს თემის შესახებ საზოგადოება მეტად ინფორმირებული გაეხადა. ეშლი 1980-იან წლებში განმეორებით გათხოვდა. 2004 წლის გენდერის აღიარების კანონის მიღების შემდეგ მან ახალი დაბადების მოწმობა მიიღო, ვიცე პრემიერ მინისტრის, ჯონ პრესკოტის, დახმარებით.

ეშლი დაინიშნა ბრიტანული იმპერიის ორდერის წევრად ტრანსგენდერი ადამიანების თანასწორობისათვის გაწეული სამსახურისათვის. დღესდღეობით პროდიუსერები მუშაობენ, რომ მისი ისტორია ფართო ეკრანებზე გადმოიტანონ.

კრისტოფერ ლი

კრისტოფერ ლი ცნობილი ტრანს აქტივისტი და რეჟისორი იყო ცხოვრების მანძილზე, მაგრამ  ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისაკენ ბიძგის მიმცემი  მისი ტრაგიკული სიკვდილი აღმოჩნდა.

სან ფრანცისკოს ტრანსგენდერი ფილმების ფესტივალის თანადამაარსებელმა და ავტობიოგრაფიული ფილმის, „კრისტოფერის ქრონიკების“, რეჟისორმა თავი მოიკლა 2012 წელს, 48 წლის ასაკში.

გამომდინარე იქიდან, რომ ლის არ ჰქონდა დაბადების განახლებული მოწმობა, გამომძიებელმა მისი გარდაცვალების ცნობაში მდედრობითი სქესი მიუთითა. „ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მის საფლავს დააფურთხეს“, – განაცხადა ლის მეგობარმა, ჩინო სკოტ-ჩანგმა. „ადამიანების საფლავის ქვას აწერენ, მშვიდობით განისვენე, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კრისტოფერის სული ვერ ნახავს სიმშვიდეს იმ გარდაცვალების ცნობის გამო, რომელშიც წერია „მდედრი.“

სკოტ-ჩანგმა კალიფორნიელ კანონმდებელს, ტონი ატკინსს, მიმართა. ტონიმ კი „სიკვდილის შემდეგ პატივისცემის“ კანონპროექტი წარადგინა. კანონპროექტი, რომელიც ქმნის დირექტივებს ტრანსგენდერი ადამიანების გარდაცვალების აქტის შედგენისას, ამჟამად განხილვის პროცესშია.

ატკინსმა განაცხადა: „ადამიანმა უნდა განისვენოს ისეთმა, როგორიც იყო ცხოვრების მანძილზე. კანონპროექტი შეიქმნა იმის გარანტად, რომ ტრანგენდერი ადამიანების სურვილები მათ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით პატივცემული იქნება მათი გარდაცვალების შემდეგ.“

წყარო

არგენტინის პრეზიდენტი ტრანსგენდერი აქტივისტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს; მკვლელობა ბრაზილიაში

rafaela-capucci-diana-sacayc3a1n

გამოჩენილი არგენტინელი ტრანს აქტივისტი, დიანა საკაიანი, ბუენოს აირესში საკუთარ სახლში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული 2015 წლის 13 ოქტომბერს აღმოაჩინეს და პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ამჟამად ეძებენ ორ ეჭვმიტანილს. საკაიანი ცნობილი იყო თავისი ჩართულობით ანტიდისკრიმინაციულ მოძრაობაში და საერთაშორისო გეი, ლესბოსურ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინტერსექს ასოციაციაში (ILGA).

არგენტინის პრეზიდენტმა, კრისტინა კირჩნერმა, მოუწოდა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს, თავის თავზე აიღონ საქმის გამოძიება. კირჩნერი იცნობდა მსხვერპლს. მედიაში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, ეს თვის განმავლობაში ტრანსგენდერი ადამიანის მესამე მკვლელობაა არგენტინაში. ერთი კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი არგენტინელი ტრანსგენდერი ქალის, ჩოკობარ მარსელას, მკვლელობის შესახებ.

ბრაზილიაში, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 7 ოქტომბერს მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, რაფაელა კაპუჩი. მკვლელობის გარემოებების შესახებ ადგილის გარდა სხვა ცნობები არ მოიპოვება

წყარო

“ტრანსგენდერი ევროპა:” ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგი (TMM)

tumblr_nmi44eadXu1rctihmo1_540

შემზარავი მონაცემები: 1,700-ზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანი იქნა მოკლული გასული 7 წლის მანძილზე.

„ტრანსგენდერ ევროპას“ პროექტი, სახელწოდებით „ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგი“ (TMM), გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა, მსოფლიო მასშტაბით აქტივისტებს დაეხმაროს, აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ ძალადობაზე ტრანსგენდერი და განსხვავებული გენდერული იდენტობებისა და თვითგამოხატვის მქონე ადამიანებისადმი.

დღეის მონაცემებით აღრიცხულია ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა 1731 შემთხვევა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მაშინ, როცა ცალკეული მკვლელობების გარემოებები გაურკვეველი რჩება გამოძიებისა და პოლიციისადმი მიმართვიანობის ნაკლებობის გამო, ბევრი დოკუმენტირებული შემთხვევა მოიცავს აგრესიის განსაკუთრებულად დიდ დონეს, მათ შორის, წამებასა და დასახიჩრებას. ბევრ ასეთ შემთხვას სამართალდამცავი ორგანოები არ იძიებენ სათანადოდ და ბევრი მათგანი თითქმის არ ხვდება საზოგადოების ყურადღების არეალში. ყველაზე მაღალი სტატისტიკა მოგვეპოვება იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერი ტრანსგენდერი მოძრაობაა და ლგბტ ორგანიზაციები პროფესიონალურ მონიტორინგს აწარმოებენ. ეს მიმართება მიუთითებს იმას, რომ არის კიდევ ბევრი შემთხვევა, რომლის აღრიცხვა საერთოდ არ ხდება.

ჩვენი ანგარიშის მიხედვით, 2008-2014 წლებს შორის ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის შემთხვევები ფიქსირდება მსოფლიოს ყველა რეგიონში: 1,356 მკვლელობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის 23 ქვეყანაში; 155 მკვლელობა აზიის 16 ქვეყანაში; 112 მკვლელობა ჩრდილოეთ ამერიკაში; 94 მკვლელობა ევროპის 14 ქვეყანაში; 9 მკვლელობა აღირიცხა აფრიკის 4 ქვეყანაში; 5 მკვლელობა ოკეანეთის 4 ქვეყანაში.

მაშინ, როცა ბრაზილიას (689), მექსიკას (194) და აშშ-ს (108) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, რომელიც ჯამში შეადგენს მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხული მკვლელობების 57%-ს,  კიდევ უფრო საგანგაშოა მკვლელობების რაოდენობის შეფარდება ქვეყნებში, სადაც მცირერიცხოვანი მოსახლეობაა. მაგალითად, ჰონდურასში საშუალო მაჩვენებელი აღწევს 9.32 მკვლელობას თითო მილიონზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში – 3.27, ხოლო ურუგვაიში – 2.94, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 3.44-ს უტოლდება ბრაზილიაში, 1.59-ს მექსიკაში და 0.34-ს აშშ-ში.

„ჩვენი ანალიზი მიუთითებს, რომ შემაშფოთებლად გაიაზრდა ტრანსგენდერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მკვლელობები გასული წლების განმავლობაში,“ – ამბობს ტრანსგენდერ ევროპას უფროსი მკვლევარი, კარსტენ ბალცერი. „არსებული სტატისტიკის მიხედვით, გასული 7 წლის მანძილზე, მოკლული იქნა 20 წელს ქვემოთ მყოფი 131 ტრანსგენდერი ადამიანი. ამ 131 მსხვერპლიდან 48 იყო 18 წელს მიუღწეველი. კიდევ უფრო შიშისმომგვრელ ტენდენციაზე მიუთითებს ის, რომ გასული 2 წლის მანძილზე 14 წელს ქვემოთ 5 ტრანსგენდერი ბავშვი იქნა მოკლული,“ – ამბობს ბალცერი.

2014 წელს მოკლული 10 არასრულწლოვანიდან ერთი იყო 8 წლის ტრანს გოგონა, რომელიც 2014 წლის 18 თებერვალს ცემით მოკლა საკუთარმა მამამ რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია). მოკლულის მამას ამგვარად სურდა შვილისთვის „კაცურად“ მოქცევა ესწავლებინა. კიდევ ერთი მსხვერპლი გახლავთ 14 წლის ვანესა, რომელიც სასიკვდილო მუქარების მიღების შემდეგ ანჟელიკაში (ბრაზილია) მდებარე საკუთარი ბებიის სახლში გაიქცა, სადაც ის 2014 წლის 10 მარტს მოკლული იპოვეს. მოკლულ ტრანსგენდერ ადამიანებში ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი არის 20-29, რაც ჯამური რიცხვის 44%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღრიცხულ დანაშაულებში ცნობილ მსხვერპლთა 56%  30 წელს ქვემოთ იყო მკვლელობის დროისთვის.

TMM-ის მონაცემების ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების 65% – ის შემთხვევაში ცნობილია, რომ ისინი კომერციული სექს მუშაკები იყვნენ. აღრიცხულ მკვლელობათა 44%-ში სიკვდილის მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, 23% – ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, 13% – ცემა. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ცნობილი შემთხვევებიდან 38% იყო მოკლული ქუჩაში, ხოლო 24% – საკუთარ სახლში.

წყარო