კატეგორიის არქივი: ინტერვიუ

ეკლესია, ადამიანის უფლებები და ჰომოსექსუალობა

a10884

ქვეყანაში ჰომოფობიის ხარისხზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტრადიციული იდეოლოგიისა და დომინანტური რელიგიის დამოკიდებელობა სექსუალობის მიმართ, არამედ კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტების ოფიციალური პოზიცია და მისი ცალკეული წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლები. სამომავლოდ რელიგიისა და სექსუალობის თემას ჟურნალის ცალკე ნომერს დავუთმობთ, რადგან თემა საკმაოდ მოცულობითია, ამჟამად კი, ჩვენი საუბრის თემა ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ჰომოფობიური პოლიტიკის პრობლემებსა და მიზეზებს შეეხება. ჩვენი რუბრიკის სტუმარი ბ-ნი ვასილ კობახიძეა, რომელსაც არაერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული საეკლესიო-საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ.

ეკა აღდგომელაშვილი: პოლიტიკოსებისა და ცალკეული სასულიერო პირების უკიდურესად აგრესიული განცხადებების ფონზე, რომლებიც ხშირად შეიცავს უშუალო მოწოდებებს ძალადობრივი მოქმედებისაკენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია უფრო ფრთხილი და თავშეკავებულია. თუმცა, შინაარსობრივად ნაკლებად ჰომოფობიური როდია. საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებები, სულ მცირე, უშუალო წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა თვითგამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სხვ., რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ ამ საკითხზე ეკლესიის პოზიციასა და ადამიანის უფლებებს შორის გარკვეული კომპრომისის მოძებნა?

ვასილ კობახიძე: თვითონ ადამიანის უფლებების გაგება მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის ახალი საკითხია. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც მათ შორის იდეოლოგიურად ყველაზე აქტიურია, უკვე შეიმუშავა მართლმადიდებლური კონცეფცია ადამიანის უფლებების შესახებ, რომელშიც მოცემულია აბსოლუტურად აბსურდული იდეები იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებებზე უფრო პრიორიტეტულია მისი მოვალეობები, რომ ადამიანი და პიროვნება კი არ არის უზენაესი ღირებულება, არამედ სამშობლო, სიწმინდეები და ა.შ ჩვენი სასულიერო პირების ცალკეულ საჯარო გამოსვლებს თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ ადამიანს უფლებები საერთოდ არა აქვს, აქვს მხოლოდ მოვალეობები.

დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციისა, საკმაოდ შორს დგას მართლმადიდებლური თეოლოგიის მსოფლმხედველობისაგან. ეს შეუსაბამობა რელიეფურად ვლინდება ადამიანის უფლებების სისტემასთან დაკავშირებით, ჰომოსექსუალებთან და სხვადასხვა უმცირესობებთან მიმართებაში. რუმინელი ავტორის, სინზიანა ანდრეა კარსტოჩეას (Sinziana Andrea Carstocea) კვლევამ დიდი შთაბეჭდილება მიახდინა ჩემზე, რადგან რუმინეთის ეკლესიის მიმართებას ეხება ჰომოსექსუალობის საკითხთან (თუმცა, ტექსტში გაანალიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიციაც). სიტუაცია იმდენად ჰგავს ჩვენთან არსებულ მდგომარეობას, რომ საკმარისია შეცვალოთ სიტყვა “რუმინეთი” “საქართველოთი” და იფიქრებთ, რომ ავტორი ჩვენთან არსებულ პრობლემებს აანალიზებს. რუმინეთის გარდა, ეს ტენდენცია მკვეთრადაა გამოხატული სხვა ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნებშიც (რუსეთი, სერბეთი და ა.შ.) ვგულისხმობ ყველაზე დევნილი, დაჩაგრული უმცირესობების ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პროცესს, რის შესახებაც ჩვენს საზოგადოებაში ხმას არავინ იღებს და მათ შორის, არც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. შარშან დაგეგმილ აქციას “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი”, რომელშიც სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, საკმაოდ აგრესიული რეაქცია მოჰყვა ჩოხაში გამოწკეპილი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსებისაგან. იყო უშუალო მოწოდებები ძალადობისაკენ და მუქარა. საკუთარი პოზიცია საქართველოს საპატრიარქომაც დააფიქსირა. მაშინ, იმ ორგანიზაციებმა, ვინც ვალდებული იყო ხმა აემაღლებინა ამის წინააღმდეგ, თავი შეიკავა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული. დისკუსიისა და დიალოგის დაწყება ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ოღონდ ეს ისეთმა ჯგუფმა უნდა დაიწყოს, როგორც რუმინეთშია. ეს გარკვეულ სამოქალაქო თვითგანწირვას გულისხმობს.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. მაშინ მინდოდა განცხადების გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ იზოლაციაში ვართ და ტრიბუნა არ გვეძლევა. ამიტომ, მსვლელობაში მონაწილე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ ერთობლივი განცხადება გაგვეკეთებინა. მათ მიპასუხეს, რომ თავადაც აღშფოთებულები იყვნენ ჰომოსექსუალთა მონაწილეობით ამ მსვლელობაში, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ჰომოსექსუალობასთან და ამ საკითხთან მიმართებაში ჩოხოსნების და საპატრიარქოს პოზიციას იზიარებდნენ. საინტერესო ისაა, რომ მათი უმრავლესობა ქართველი კი არა, ევროპელი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენს რეალობაში დასავლურმა ფასეულობებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ისინი სრულად იზიარებენ იმ პრიციპებს, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ფუნქციონირებს.

იდეოლოგიურად ტოტალიტარული საზოგადოება, რომელიც უფრო ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნეგატიურ დაამოკიდებულებას ჰომოსექსუალთა მიმართ. მით უმეტეს, როცა ეს რელიგიაზე დაფუძნებული იდეოლოგიაა. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ძალიან საშიშ პიროვნებად ითვლება ნეოფიტი, ახლადმოქცეული ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებაში დგას და მოვალეობად თვლის ჭკუა ასწავლოს ყველას. პოსტსაბჭოთა ტიპის ნეოფიტი შეიძლება შევადაროთ 20-იანი წლების კომკავშირელს, რომელსაც ასევე გულწრფელად სწამდა საკუთარი სიმართლის, როცა აბეზღებდა მამას ვთქვათ, თეთრგვარდიელებთან კავშირის გამო. ჩვენი საზოგადოება ახლა არის რელიგიური ნეოფიტი. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მართლა იზიარებს სახელმწიფო იდეოლოგიად გაფორმებულ მართლმადიდებლურ ეთნონაციონალისტურ მითოლოგიას. მედია საშუალებების მეშვეობით და სახელმწიფოს ხელშეწყობით ეკლესია ცდილობს ეს იდეოლოგია საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მოახვიოს თავს. ეკლესია ამკვიდრებს შეხედულებას ბიოლოგიაზე, ისტორიაზე, მორალზე და ბუნებრივია, მოიზარებს რა თავის წევრებად მთელ საზოგადოებას, მათ სექსუალურ ცხოვრებასაც ის ხელმძღვანელობს. სხვა საკითხია აქვს თუ არა მას ამის უფლება მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით. მე ვსაუბრობ მოცემულობაზე, როცა ხდება ეკლესიური ადამიანის დამონება და მანქურთიზაცია. ასეთ პირობებში სექსუალური ცხოვრების რეგულაცია კი არა, დილით კბილების გამოიხეხვაც კი მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

ე.ა.: სხვა კონფესიებმა მეტ-ნკლებად შეიცვალეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის საკითხის მიმართ. ეს ერთი მხრივ, შესაძლოა უკავშირდებოდეს სექსოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებას და შესაბამისად, ადამიანის სექსუალობის ბუნების უფრო ღრმა მეცნიერულ გაგებას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა კონფესიების წარმომადგენლები უფრო ღია არიან საჯარო დებატებისა და კამათისათვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად განაპირობებს მართლმადიდებლური ეკლესიის აგრესიულ პოლიტიკას, ის, რომ პრაქტიკულად ეკლესია მთლიანად ახდენს დისკურსის მონოპოლიზაციას და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ საკითხებზე საჯარო დებატებისათვის.

ვ.კ.: მსოფლიოში ყველაზე მეტი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგლიკანურ ეკლესიაში მიდის და არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ავსტრალიასა და ამერიკის ეპისკოპალურ ეკლესიაშიც. ლიბერალური დამოკიდებულების თვალსაზრისით გამოიჩევიან სკანდინავიური ქვეყნების ლუთერული ეკლესიებიც. ამის გამო რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ურთიერთობაც კი შეწყვიტა დანიის ლუთერულ ეკლესიასთან.

როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ორი რამ. ერთია, რომელიმე კონკრეტულმა, თუნდაც, უმრავლესობის ეკლესიამ, უნდა მოახვიოს თუ არა სეკულარულ საზოგადოებას საკუთარი შეხედულებები სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით და მეორე _ ქრისტიანი ჰომოსექსუალის პრობლემა ეკლესიის წიაღში. აქ შემოდის თეოლოგიური მომენტები და ეს დებატების საგანია. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ბოლო ენციკლიკაში იოანე პავლე II აღიარებს ჰომოსექსუალი ადამიანის არსებობას, თუმცა, სქესობრივ ცხოვრებას უკრძალავს. გარკვეულწილად, ეს ლეგიტიმაციაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

ეპისკოპალურ ეკლესიაში არიან პასტორები, რომლებიც ღიად აღიარებენ ჰომოსექსუალობას. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომლის იდეოლოგიური ფილიალსაც წარმოადგენს ჩვენი ეკლესია, დაგმო მათი არსებობის ფაქტი. მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღმაშფოთებელია, რომ სასულიერო პირი საჯაროდ აღიარებს საკუთარ ორიენტაციას. რუსეთის ეკლესიამ პრაქტიკულად დაგმო არა ჰომოსექსუალობა, არამედ მისი საჯაროდ აღიარება (открытость). სწორედ ეს ღიაობა, გახსნილობა ეწინააღმდეგება მათ მორალურ სისტემას, თორემ ყველამ იცის, რომ იერარქიულ სისტემაშიც არიან ჰომოსექსუალები. უბრალოდ, ისინი უფრო მეტად არიან ტრავმირებული და დეკლარირების დონეზე აგრესიული ჰომოფობიით გამოირჩევიან. გამონაკლისს არც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია წარმოადგენს. 1983 წელს უმაღლესმა სინოდმა ორი მიტროპოლიტი და ერთი არქიმანდრიტი განკვეთა ჰომოსექსუალობის გამო. თუმცა, ეს საკითხი არასოდეს ქცეულა განხილვის საგნად. განსხვავებით კათოლიკური ეკლესიისაგან, რომელსაც აქვს მაგისტერიუმი, რაც ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე აზრი უკვე ჩამოყალიბებულია, სტრუქტურიზებულია და ამგვარად ისწავლება, თეორიულად მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს სივრცე დიალოგისა და დისკუსიებისათვის, თუმცა, ამ მხრივ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია.

ე.ა.: თუ იმ რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც პაკო ტაბატაძის საჯარო აღიარებასა და ამის ნიადაგზე სატელევიზიო შოუდან მის გაძევებას მოჰყვა, ეკლესიისათვის მთავარ პრობლემას საჯარო სივრცეში ასეთი ადამიანების გამოჩენა და ამ საკითხებზე ღია საუბარი ქმნის, რაც ავტომატურად ცოდვის პროპაგანდად აღიქმება.

ვ.კ.: აგრესიულ დამოკიდებულებას და ზიზღს ჰომოსექსუალთა მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად განსაზღვრავს საპატრიარქოს მიერ დეკლარირებული იდეოლოგია, თუმცა, ეს ყოფით კულტურაშიცაა ფესვგადგმული, რადგან ფეოდალურ- ტრადიციულ საზოგადოებაში უმცირესობების ხარჯზე ხდება საკუთარი იდენტობის დამტკიცება _ იქნება ეს სხვაგვარად მოაზროვნეები, ბავშვები, ქალები თუ ჰომოსექსუალები.

პაკო ტაბატაძის შემთხვევაში საპატრიარქო კულუარულად ჩაერია. პირდაპირ ტელევიზიაში კი არ დარეკეს, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეშვეობით მიაღწიეს მის გამოძევებას გადაცემიდან. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის მსგავსად, ჰომოსექსუალობა მხოლოდ ღმერთის საწინააღმდეგო ქცევა კი არაა, არამედ ერის მტრობასაც ნიშნავს. “ერისა და სახელმწიფოს მტრებით” კი უშიშროება უნდა დაკავდეს და იგივე მეთოდები გამოიყენოს, რასაც ჩეკა იყენებდა. იგივე პოზიცია აქვს ეკლესიას არამართლმადიდებელთა მიმართაც. ამდენად, ვფიქრობ, აქ საუბარია არა მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოჩენა/არგამოჩენაზე, არამედ თვითონ არსებობაზე. მეორე მხრივ, ჰომოფობიის თვალსაზრისით საქართველო გამონაკლისი არაა და ჰომოსექსუალთა მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ ინტერვიუში (მაშინ სასულიერო პირი ვიყავი) ვთქვი, რომ ჰომოსექსუალთა უფლებების პირველი დამცველნი, როგორც დევნილი და მარგინალიზებული უმცირესობისა, უნდა იყვნენ ქრისტიანები. სწორედ ეკლესია უნდა იცავდეს მათ პოლიტიკური რადიკალებისა და საზოგადოების აგრესიულად განწყობილი ნაწილისაგან.

 

ესაუბრა ეკა აღდგომელაშვილი

 

ჟურნალი „მე“ #2 (8)2008