კატეგორიის არქივი: ბლოგი

არაღიარებული გენდერული იდენტობის შესახებ

transgender-lawსოციალური როლი არის ქცევა, რომელიც მოსალოდნელია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირისაგან. სოციალური სტატუსი გარემოს მიხედვით იცვლება და სწორედ გარემოზეა დამოკიდებული გარკვეული სტატუსის მქონე პირების ცხოვრების ხარისხი. მაგალითად, თუ სახელმწიფო ვერ იცავს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს სხვადასხვა სივრცეებში დისკრიმინაციისგან, ეს პირდაპირ აისახება ამ ჯგუფების მდგომარეობაზე საზოგადოებაში.

საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა სოციალური როლიც უხილავია სახელმწიფოსთვის, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ საკუთარი უფლებებით, მაგრამ შებოჭილნი არიან მოვალეობებით. სახელმწიფო არაპროპორციულად ერევა მათ უფლებებში, რაც მათ სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლად აქცევს.

ამ ტექსტის კითხვისას საქართველოს რიგითი მოქალაქე დაფიქრდება საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფზე, მაგრამ არა ტრანსგენდერ ადამიანებზე. ამის მიზეზი საზოგადოებაში არსებული სტიგმა და ამ ადამიანების საჯარო სივრცეებიდან გარიყვაა. სახელმწიფო არათუ არ აღიარებს ტრანსგენდერი ადამიანების  საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილებითაც დაიცავს მათ სტიგმატიზაციისაგან, არამედ უხეშად არღვევს მათი სამართალსუბიექტობის უფლებას და ჯიუტად არ ახდენს მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას. შედეგად ირღვევა ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების, ჯანმრთელობის, კანონის წინაშე თანასწორობის და სხვა უფლებები.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG) მრავალი წელია მუშაობს ტრანსგენდერ ადამიანებთან და იცნობს მათ საჭიროებებს. ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობითა და სოციალური როლით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას. ეს განსაკუთრებით ეხებათ ტრანსგენდერ ქალებს, რომლებიც, ტრანსგენდერ მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხილვადები არიან საზოგადოებისათვის’’.[1]

სწორედ იმისთვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური როლი იყოს თანხვედრაში მათ გენდერულ თვითაღქმასთან, ისინი ითხოვენ სახელმწიფოსგან მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას, ანუ ცვლილების შეტანას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სქესის გრაფაში. აღნიშნული საკითხი არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. პიროვნების იდენტიფიკაციის დოკუმენტების გაცემა და მათში ცვლილების შეტანაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოში იუსტიციის სამინისტროა, რომელსაც არ გააჩნია საკითხის რეგულირების ნათელი და გამჭვირვალე პროცედურა. სახეზეა მხოლოდ სამინისტროს მიერ დანერგილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერ ადამიანებს მოეთხოვებათ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების ჩატარება. სამინისტრო მხედველობაში არ იღებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული პროცედურები არ რეგულირდება ეროვნული ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია ამ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.

ამგვარი პრაქტიკა ლახავს ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პიროვნული თვითგამორკვევის უფლებას. რამდენიმე ტრანსგენდერმა კაცმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიიღო უარი სქესის გრაფაში ცვლილების შეტანის შესახებ, სამინისტროს შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებს სასამართლოში უჩივლა. მათ ინტერესებს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა’’ (WISG) და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ იურისტები იცავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამჟამად განხილულია ორი საქმე, რომელთა გადაწყვეტილებებიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს გუდვინი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Goodwin & I. v UK). გუდვინი იყო ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც ჩატარებული ჰქონდა ყველა სამედიცინო მანიპულაცია და ითხოვდა მისი გენდერის სამართლებრივ აღიარებას. სტრასბურგის სასამართლომ გუდვინის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩათვალა, რომ მისი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმა არღვევდა მომჩივანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საქართველოს სასამართლო სრულიად უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ ადამიანის სოციალური როლის მიხედვით უნდა მოხდეს მისი გენდერის სამართლებრივი აღიარება და არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების მოთხოვნა, არღვევს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ქართული სასამართლოსთვის რთულია იმ სინამდვილის დანახვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, ხელი არ მიუწვდებათ და არ შეუძლიათ ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების ჩატარება და მათაც უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოახდინოს საკუთარი უფლების რეალიზება.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე აღმოიფხვრა უფლებაშემლახავი პრაქტიკა, რომელიც სამედიცინო მიდგომას ეფუძნებოდა ტრანსგენდერი ადამიანის გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის. არა მხოლოდ ევროპაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მიიჩნევა, რომ არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მოსამართლე ედვარდსმა საქმის Tel-Oren v. Libyan Arab Republic (D. C. Cir. 1984) განხილვისას განაცხადა: ,,სახელმწიფო კანონი არ არის გაყინული ნორმა და იგი უნდა ვითარდებოდეს მსოფლიოში დომინანტი ტენდენციების პარალელურად’’.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივანმა გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ უმაღლესი ინსტანციის სასამართლო წარმოებაში მიიღებს საჩივარს და გაითვალისწინებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი უფლებაშემლახავი პრაქტიკის გაუქმება და რამდენი ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება ამ პრაქტიკის აღმოფხვრით.

ავტორი: ქეთი ბახტაძე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის თავად ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.

[1]  ნ. გვიანიშვილი. ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში. WISG. თბილისი. 2014

ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ რაში ჭირდება ადვოკატი?!

2015051213273423131
ფოტო ეკუთვნის Reuters-ს

,,როცა დანაშაულს არ ერქმევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სახელი, პოლიცია საზოგადოებაში აგზავნის იმავე მესიჯს, რასაც მკვლელი’’.[1]

ჯუდით ბატლერი

ლგბტ ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, თემის წევრები, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, იშვიათად მიმართავენ პოლიციას. ამის მიზეზად მათი დიდი ნაწილი ასახელებს პოლიციის მიმართ უნდობლობას.  სამართალდამცავი ორგანოები არ აწარმოებენ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ოფიციალურ სტატისტიკას და სახელმწიფოს მიერ არ ხდება ამ ტიპის დანაშაულების პრევენცია.

WISG-ის მიერ, 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში, ნეგატიური განწყობები ყველაზე უფრო მძაფრადაა გამოხატული ტრანსგენდერი ქალების მიმართ. ,,ტრანსფობიის დონე განსხვავდება სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიული ცვლადების ჭრილში: მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილი გამოამჟღავნონ ნეგატიური განწყობები ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მიმართ, ვიდრე ქალები’’.[2] პოლიციაც საზოგადოების ნაწილია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიციელების უმრავლესობა კაცია, ტრანსფობიის რისკი მატულობს. სამწუხაროდ, ეს განწყობები და აგრესიული დამოკიდებულება პირდაპირ აისახება ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობაზე საქართველოში.

დღეისათვის, სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის მიზნით, არცერთი ღონისძიება არ ხორციელდება. არ არის შეფასებული სსიპ ,,პოლიციის აკადემიის’’ მიერ სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლების მხრივ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა. ეს ყოველივე კი პირდაპირ აისახება სამართალდამცავთა მუშაობის ეფექტიანობაზე ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის წინააღმდეგ.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG)-ისა და სხვადასხვა მედია-საშუალებების მიერ, თითქმის ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ახალ ამბებში ვკითხულობთ, რომ თავდამსხმელმა ტრანსგენდერი ქალი ლურსმნიანი ჯოხით სცემა, ბარში ტრანსგენდერი ქალი არყის ბოთლით დაჭრეს, ტრანსგენდერ ქალებს ღამით უცნობმა პირმა ბენზინი შეასხა და ა. შ.

ხშირად, ამ ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე, პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს. სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, დაზარალებული მოწმეა და შესაბამისად ადვოკატის მომსახურება არ სჭირდება, მაგრამ WISG-ის იურისტებს ხშირად უწევთ დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების ინტერესების დაცვა გამოძიებაში.

დანაშაულის მსხვერპლები, ინციდენტის შედეგად, უმეტესად საავადმყოფოში ხვდებიან და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ერთად, პოლიციის თანამშრომლები კითხავენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პიროვნებამ, სასტიკად სცემა ტრანსგენდერი ქალი. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში, მეც მივდივარ და სახალხო დამცველთან და გენერალურ ინსპექციასთან ზარების შემდეგ, პოლიციელებიც მოდიან.

დაზარალებულის გამოკითხვა დღის 11 საათიდან 18 საათამდე გრძელდება. პოლიციას აინტერესებს ყველაფერი: იცნობდა თუ არა მსხვერპლი თავდამსხმელს, როგორ და რატომ მოხვდა დანაშაულის ადგილზე, რას საქმიანობს, სად ცხოვრობს, რა ურთიერთობა ჰქონდა თავდამსხმელთან და ა. შ. დაზარალებული პასუხობს პოლიციელების ყველა შეკითხვას, სურვილი აქვს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რათა მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს. გამოკითხვის დროს მე და დაზარალებული ვცდილობთ პოლიციას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ. მე კითხვებით ვეხმარები გახსენებაში, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგვრჩეს და ოქმში ყველაფერი აისახოს, რაც გამოძიებას დაეხმარება. პოლიციას სჭირდება ექსპერტიზა, დანაშაულის ადგილის დათვალიერება, მტკიცებულებები, რომ თავდამსხმელს მიაგნოს. ამის შემდეგ იწყება ამოცნობა და თუ ნაცემმა ადამიანმა, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, კარგად ვერ გაიხსენა რომელიმე დეტალი, მაგალითად, დანაშაულის ადგილამდე მისვლის ზუსტი მარშუტი, მონაწილეობა უნდა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში.

კლინიკაში ყოფნის დროს, როგორც პაციენტებისა და მათი თანმხლები პირებისაგან, ისე მომსახურე პერსონალისგან დაუდგენელი ხასიათის მზერისა და გადალაპარაკების ატანა გვიწევს. ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ცოტა გვიჭირს და დაზარალებული  ღიზიანდება. უბრალოდ, სახეზე აწერია, რომ პროტესტის გამოხატვის თავიც აღარ აქვს და ხმამაღლა არაფერს ამბობს.

გამოკითხვის შემდეგ, გამომძიებლის ხელით დაწერილი რამდენიმე ფურცელი მზად არის ხელმოსაწერად და დაზარალებულს, რადგან თავად არ შეუძლია, მე უნდა წავუკითხო ჩვენება. ისიც ცდილობს ყველა დეტალი გაიაზროს და შემდეგ ხელი მოაწეროს. ადვოკატისა და დაზარალებულის ხელმოწერის შემდეგ, პოლიცია მიდის.

დაზარალებული რენტგენოგრაფიული კვლევისთვის პალატიდან გაჰყავთ. მე გარეთ გამოვდივარ. უსაქმოდ მჯდარი სანიტრის დანახვაზე თვალები მინათდება და ვეკითხები:

-უკაცრავად, ხომ არ იცით, დაახლოებით რა დრო სჭირდება რენტგენოგრაფიულ კვლევას?

-10-20 წუთი – მპასუხობს, ეჭვიანი მზერით მიყურებს და რამდენიმე წამის შემდეგ მეკითხება:

– მთელი დღეა აქ ხართ და ვინ ხართ იმის (ჩემს ბენეფიციარს გულისხმობს)?

– ადვოკატი.

სანიტარს სახიდან ჩემს მიმართ განცდილი თანაგრძნობა უქრება და ირონიული ღიმილით მეკითხება:

– რაში სჭირდება ადვოკატი?

ზუსტად არ ვიცი როგორი სახე მქონდა, მაგრამ სანიტარი მიბრუნდა და წავიდა. მე ვეღარ მოვასწარი მისთვის ამეხსნა  რაში სჭირდებათ ტრანსგენდერ ადამიანებს ადვოკატი, რა გამოწვევების წინაშე დგანან სხვებთან შედარებით და რატომ არის აუცილებელი, რომ თუ დაზარალებული ტრანსგენდერია და თანაც ქალი, მისი ინტერესები გამოძიებაში ადვოკატმა დაიცვას.

ავტორი: ქეთი ბახტაძე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის თავად ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.

[1] https://broadly.vice.com/en_us/article/why-do-men-kill-trans-women-gender-theorist-judith-butler-explains

[2] http://women.ge/data//WISG%20HomoBiTransPhobia%20Study_for%20web.pdf

“მამაჩემთან გავაკეთე ქამინგაუთი…” – ოჯახში ძალადობა ლგბტ პირთა მიმართ

domestic_violence_help,,მამაჩემთან გავაკეთე „ქამინგაუთი”, ბებიაჩემი ისედაც ხვდებოდა, მაგრამ არ ვიცი, არაფერს მეუბნებოდა. ჩემი და, თავიდანვე იცოდა ჩემს შესახებ, მაგრამ არ ქონდა პრობლემა, მაგრამ ბოლოს გაუჩნდა ისეთი აგრესია, რომ ვერც იტყვი, რომ მართლა ჩემი და არის. ბოლოს, რომ ეს ყველაფერი მივიდა დედაჩემამდეც. აი,  ძაან მაგარი სქემა მოიგონა, როგორ ჩამკეტოს სახლში და მერე გამომასწოროს თუ არა და მაშინ, მოკვდი სადაც ხარ…. [დედაჩემმა] დაიწყო მეგობრების თვალწინ ძალადობა, ცემა… მოკლედ, მოაწყო დიდი ისტერიკა. მერე რაღაც მომენტში ჩემი და გაიწია და კარი გააღო, აღარ შეგვიძლია შენი ატანა და წადიო. ჩვენ გავიქეცით. ერთი 3 დღე ვიყავი შოკში, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, თან არ მქონდა არც ფეხსაცმელი, კურტკა არც ტანსაცმელი, არც საფულე, საბუთები არაფერი აბსოლუტურად. გუშინ მეგობრებთან ერთად მივედით. არ გაგვიღეს. მერე ორგანიზაციით წავედით (WISG), ანუ დავრეკეთ, რომ მოვდივართ და გამოგვატანეთ პირადი ნივთები მაინც, არაო. მერე დავრეკეთ პატრულში, იმიტომ, რომ პირადობაც არ მქონდა. პატრული რომ მოვიდა გაუღეს. პატრულს, ერთი 40 წუთი ელაპარაკებოდა, არ ვიცი რაზე, ბოლოს ძლივს მისცეს პირადობა, დანარჩენი ჩვენი არისო’’.[1]

2016 წელს, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ – WISG მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საზოგადოებაში ყველაზე პრიორიტეტულ ღირებულებად აღიარებულია ოჯახი. ,,ოჯახი ყველაზე გამოკვეთილ პრიორიტეტს წარმოადგენს ღირებულებებს შორის და ერთნაირად მნიშვნელოვანია რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის სქესის, ასაკის, განათლების, ოჯახური თუ ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად’’.[2]

ოჯახსა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ძალადობის მსხვერპლი ადამიანისთვის მხარდაჭერაში, მაგრამ ლგბტი ადამიანების შემთხვევაში, სწორედ ოჯახსა და საზოგადოებას აქვს დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ,,ასეთი დისკრიმინაცია გამოხატულია სხვადასხვა გზით, მათ შორის ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან განდევნაში, მემკვიდრეობის ჩამორთმევაში, სკოლაში სიარულის აკრძალვაში, ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში გამწესებაში, იძულებით ქორწინებაში, შვილებზე იძულებით უარის თქმაში, აქტივისტური საქმიანობის გამო დასჯასა და პირადი რეპუტაციის შელახვაში’’.[3]

„კარგად მოგეხსენებათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. აქ ყველა: მეზობლით დაწყებული, ნაცნობების ნაცნობებით დამთავრებული, თავს მოვალედ თვლის, შენს პირად სივცრეში შემოიჭრას და რაღაც რჩევა მოგცეს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიპირებდნენ გათხოვებას… ხან ვინ გამირიგეს და ხან ვინ… თითქოს ჩაწოლილი საქონელი ვყოფილიყავი… ალბათ სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, მეყოფოდა გამბედაობა, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლა, ახლა კი… იცით ახლა რაზე ვოცნებობ? მხოლოდ ერთ რამეზე – რომ ამ ქვეყნიდან გავაღწიო რაც შეიძლება მალე… ვიმუშავებ თავდაუზოგავად, დღისით და ღამით, ოღონდაც მომეცეს იმის შესაძლებლობა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ვერავინ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ყველა ერევა და ჭკუას მარიგებს, ვისაც ეს არ ეზარება”… (მარინა, 36 წლის)[4]

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ,,ბოლო ათწლეულში სიღარიბის მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა. ამასთანავე, საქართველო, რეგიონში უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა’’.[5] ქვეყანაში არსებული ზოგადი სოციალური ფონი პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების და მათ შორის, ლგბტი ადამიანების მიჯაჭვულობას ოჯახთან. ,,მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშობლებზე ეკონომიკური დამოკიდებულება, რაც ბევრს აიძულებს დაჰყვეს მშობლის ნებას და შექმნას ოჯახი, როგორც ეს ტრადიციული მენტალიტეტითაა ნაკარნახევი’’.[6]

,,ძნელია შეფასება და განსხვავების პოვნა ჰეტეროსექსუალი ქალების მიმართ ძალადობას, ე. წ. ,,ღირსების სახელით’’ ძალადობასა და პარტრიარქალური ძალადობის სხვა ექსტრემალურ ფორმებს შორის, რომელიც ორივე სქესის ლგბტი ადამიანების მიმართ ხდება’’.[7] საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ერთგვარად ახალისებს ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობას ,,ღირსების სახელით’’. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მექანიზმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დოკუმენტირებული აქვთ მრავალი, ძალადობის, სპეციფიურად ქალთაკენ მიმართული, ფორმები, მათ შორის იძულებითი ქორწინება, იძულებითი ორსულობა, გაუპატიურება ქორწინებაში ყოფნის დროს – ზოგიერთი მათგანი განხორციელებულია დასჯის ფორმით, იმისათვის, რომ ქალმა გამოავლინა სავარაუდო ან რეალური სექსუალური ორიენტაცია, ან განახორციელა სათანადო ქცევა. ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალები არიან არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ, სწორედ საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობის გამო.

ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სხვადასხვა სერვისები არსებობს, რომლებიც მიმართულია მათი უფლებების დაცვისა და დახმარებისაკენ:

  1. სატელეფონო გადაუდებელი მომსახურება – მუშაობს გადაუდებელი დახმარების ცენტრის − 112 და ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი 2 309 903, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ზარების ანონიმურობა დაცულია;
  2. პატრული ან უბნის ინსპექტორი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, ხოლო სასამართლო ამტკიცებს მას. ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი;
  3. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს სპეციალური თავშესაფრის მომსახურებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან და სასამართლოსთან ერთად, უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი. თავშესაფარში განთავსებისას მსხვერპლს აქვს უფლება ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადდა სპეციალური ანგარიში – ,,ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში’’. ,,კვლევის შედეგებმა მრავალი სისტემური თუ ფაქტობრივი ხარვეზი წარმოაჩინა. სწორედ ეს ხარვეზები პასუხობს შეკითხვებს, თუ რატომ გამოიყურება კანონმდებლობა ასე კარგად და რატომ ვერ ხორციელდება მსხვერპლთა დაცვა რეალობაში. პრობლემები იმდენად სიღრმისეულია, რომ მათ მოგვარებას დრო სჭირდება, თუმცა აუცილებელია მათი მხედველობაში მიღება, იმისათვის, რომ სამომავლოდ უფრო გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები და ამასთან საკანონმდებლო ბაზაც გახდეს მოქნილი, რათა სამართალდამცავებსა თუ სხვა დაინტერესებულ სტრუქტურებს გაუადვილდეთ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება’’.[8]

დაახლოებით ერთი თვის წინ, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს’’ – WISG ერთ-ერთი რეგიონიდან დაუკავშირდა ლგბტი თემის წევრი, რომელიც ითხოვდა დახმარებას, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა სახლი და გადასულიყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მოგვიანებით მსხვერპლმა გადაიფიქრა და ორგანიზაციის წარმომადგენელს უთხრა, რომ ,,ოჯახს ვერ დატოვებს’’. ასეთი საქმეების გამოცდილება WISG-ში მრავლადაა. ,,პირებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან, ძალიან უჭირთ დასახმარებლად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან შიშობენ, რომ მოძალადე კიდევ უფრო სასტიკი შეიძლება გახდეს’’.[9]

ამგვარ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლთან მუშაობა დაიწყოს სპეციალიზებულმა სოციალურმა მუშაკმა და მოახდინოს ძალადობის ფორმების გამოვლენა, მხარდაჭერა გაუკეთოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს და მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, მოახდინოს დანაშაულის შესახებ შეტყობინება პოლიციისთვის. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა და სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრავი დოკუმენტები[10] არ ითვალისწინებს ლგბტი ადამიანების დაცვისაკენ მიმართულ სპეციალურ ღონისძიებებს. საქართველოს კანონში ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ გაწერილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მომსახურების ვალდებულება, რაც ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

 ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;

ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;

დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;

ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს;

ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.

სპეციალიზებული სოციალური მუშაკის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ რეკომენდაციას იძლევა საქართველოს სახალხო დამცველიც: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, მოხდეს ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული სოციალური მუშაკების მომზადება, მათი სათანადო პირობებითა და უფლებამოსილებებით აღჭურვა.’’[11]

მიუხედავად დეტალურად გაწერილი ვალდებულებებისა, კანონის აღნიშნული ნაწილის აღსრულება არ ხდება. ლგბტი ადამიანების მდგომარეობა, რომ იცხოვრონ ოჯახის წევრებთან, რომლებიც მათ მიმართ, თითქმის ყოველდღიურად, ძალადობენ მათზე (განსაკუთრებით ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ისეთი ფორმები, როგორიცაა ვერბალური შეურაცხყოფა, იძულება, დამცირება, პიროვნული ღირსების შელახვა და სხვა), უთანაბრდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey),  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევასთან ერთად. დარღვევა გამოწვეული იყო ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობით, ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ ოჯახში მომხდარ ძალადობაზე.

ლგბტი ადამიანების ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყოს ლგბტი ადამიანების მიმართ, ოჯახში მომხდარი დანაშაულის პრევენცია და გამოძიება.

[1] ,,წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე’’ 2016 წელი. http://bit.ly/1tbHasV
[2] ,,წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე’’ 2016 წელი. http://bit.ly/1tbHasV
[3] დისკრიმინაციული კანონები, პრაქტიკა და ძალადობრივი აქტები ინდივიდების წინააღმდეგ, დაფუძნებული მათ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში A/HRC/19/41
[4]  „ვირტუალური კომუნიკაციების როლი თბილისელი ლბ ქალების ცხოვრებაში”.შორენა გაბუნია.  ქალთა ფონდი საქართველოში. 2010.
[5] საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. http://bit.ly/1PtHpE9
[6] http://bit.ly/1XpfQ6q ლბტ ქალთა მდგომარეობა საქართველოში. ჩრდილოვანი ანგარიში ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტში (CEDAW) წარსადგენად
[7] Patriarchal violence – an attack on human security 2005. http://bit.ly/1Y2SUJk
[8] სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში. 2015 წელი. http://bit.ly/1Ucb2Rx
[9] სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში. 2015 წელი. http://bit.ly/1Ucb2Rx
[10] საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა  http://bit.ly/20DqfZt
[11] სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში. 2015 წელი. http://bit.ly/1Ucb2Rx

	

შენიშვნები მანარქისტის მიმართ

12583729_10153859261138826_28699575_n

ავტორი: რეი ფილარი

მანარქისტი საუკეთესო აქტივისტია. მან ეს გულით იცის. მანარქისტი  ყველაზე რადიკალურ აქციას გეგმავს, მისი პირი ყველაზე აზრიან თეორიას ღაღადებს. მხოლოდ ის ერთადერთია განათლებით ნათელყოფილი. ჩვენ ყველამ უნდა წავიკითხოთ ადორნო, მაგრამ ადორნო მხოლოდ მანარქისტისთვისაა გასაგები.

მანარქისტს უყვარს ქალები. ამიტომ, არ სჭირდება ქალებს მოუსმინოს. მისი პოზიცია უფლებების პოლიტიკაა, კაცობა, თეთრკანიანობა. მისი ხმა უფრო მაღალია, მისი სიტყვები უფრო მართალი. მისი ანარქისტული მომავალი გარდაუვალია, სხვა თეთრი კაცების წიგნებიდან გადმოჟონილი. ეს უპირატესი ხედვაა. ნებისმიერ თემაზე მან უფრო მეტი იცის, ვიდრე შენ, რადგან ცოდნაში ხარისხი აქვს მიღებული.

მანარქისტისთვის ჩვენ ყველა ერთი ჯიშის ვართ. ადამიანთა ჯიშის. მანარქისტს იდენტობის პოლიტიკის ფობია აქვს. ის ოცნებობს, რომ ფერადკანიანებმა, ფემინისტებმა, ქვიარებმა შეწყვიტონ მემარცხენეთა ხლეჩვა. ეს ამჟავებულსახიანი “იდენტობისტები”  მთელ მის გართობას აფუჭებენ. მანარქისტს ჩაგვრა უფრო მეტად ესმის, ვიდრე ჩაგრულს. (მისი ერთ-ერთი მეგობარი შავკანიანია): რევოლუციის შემდეგ რასიზმი უბრალოდ გაქრება. თეთრკანიანი მუშა კაცის პოლიტიკა იდენტობის პოლიტიკა არაა, ეს ნამდვილი ბრძოლაა.

ხანდახან მანარქისტი ცოტათი განაწყენებულია. ის კაცი-ბავშვია. მას სურს, რომ მხედველობაში, პირველ რიგში, მისი საჭიროებები გაითვალისწინონ.  ამ წუთში მას არ შეუძლია შენი ემოციური მხარდაჭერა, ის ახლა ქმედებაზეა ორიენტირებული. ფიქრობს, რომ მისი დახმარება გჭირდება პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისას. მისი სურვილია იღლიები  გაიპარსო, ის საკუთარ “შემთხვევით’ სექსიზმზე მუშაობს, უნდა აპატიო, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი აქვს.

“ბურჟუა” მანარქისტისთვის საყვარელი შეურაცხყოფაა. თავად ის არასოდესაა ბურჟუა.  მანარქისტს უყვარს ქაოსი. მოსწონს ქვიარ ულტრაძალადობა, თვითონაც ცოტათი ქვიარია იმიტომ, რომ პოლიამორია (ბევრ ქალს ტყნავს) და ცოტათი დომინანტიც. მანარქისტმა იცის, რომ ქორწინება კაპიტალისტური ინსტიტუტია, ამიტომ ის ურთერთობებში ანარქიას ეძებს. თავიდან იშორებს პატრიარქალურ შეზღუდვებს – ერთგულებას, პასუხისმგებლობას, საოჯახო საქმეს. მისი გელფრენდი ეჭვიანობისკენ არის მიდერეკილი და ეს სულაც არაა მანარქისტის ბრალი. სხვისი პარანოია რა მისი ბრალია. ეს ქალები რაღაცებს ცუდად იმახსოვრებენ და რატომღაც არასოდეს ტყნაურობენ ერთმანეთთან მის თვალწინ, რაც კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ქალთა გათავისუფლება ერთი დიდი ტყუილია.

მანარქისტი თავდადებული ფემინისტია, რადგან ბედნიერად ხმამაღლა აცხადებს, რომ   სახლს ალაგებს, შეუძლია შემოგთავაზოს ბავშვის გაზრდაში მონაწილეობა, ჭიქა ჩაიც კი გაგიკეთოს. თუმცა მაშინ, როცა არაგლამურული სამუშოს გაწევა მართლა საჭიროა, უცებ აღმოჩნდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული. მანარქისტი ყოველთვის აქციების ცენტრშია […] ის ყველა აქციაზეა. შენ იყავი აქციაზე? მანარქისტი კაცური აღტაცების ნეტარებაშია. ის ეთანხმება იმ ქალებს, ვისთანაც ურთერთობის გაბმა უნდა იქამდე, სანამ ისინი “ხოს” იტყვიან.

მანარქიტმა იცის, რომ აქტივიზმი თეთრი კაცის გამოგონებაა. იდეები წარსული საძმოს პირველადი შრომაა, ისტორია კი მათი დამუშავება. ანარქიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი – ეს ის სიტყვებია, რომელიც კაცთა გენიის დიდ ტრადიციას ასახავს. ამ წარსულში ზოგ ქალს ჰქონდა კარგი იდეები, ემა გოლდმანს, როზა ლუქსემბურგს, როსა პარკსს მაგალითად. აწმყოში ქალთა კარგი იდეები ფაშიზმს უტოლდება. უსაფრთხო სივრცეების პოლიტიკა ჩვილებისთვისაა, თეთრი კაცების გარეშე შეხვედრა უკურასიზმი, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა – კუდიანებზე ნადირობა. მანარქიტი ვერ ხედავს ირონიას იმ განცხადებაში, რომ კაცებზე ნადირობენ. ახლა ისე ძნელია კაცისთვის ხმის ამოღება, ყოველთვის ცდილობენ  დაადუმონ.  

მიუხედავად იმისა, რომ არ წაუკითხავს, მანარქისტს უყვარს აკრიტიკოს ქალების, ფერადკანიანების, ტრანსების ნაშრომები. მას შუეძლია გითხრას, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია. შეუძლია ფილოსოფიურად აგიხსნას რატომაა შენი კამპანია არასწორი. რევოლუცია მოდის და დიდი არეულობა იქნება.

მანარქისტის ნამდვილი სახეა ძალადობა ქალის მიმართ, იმ ადამიანთა მიმართ ძალადობა, ვინც თეთრი არაა. იმ გოგოებთან უყვარს ურთერთობის გაბმა, ვინც “მისახედია”; მაშინ უნდა მოგტყნას, როცა გძინავს. ეს მისთვის გაუპატიურება არაა. სჯერა, რომ ქუჩაში შეურაცხყოფას არაფერი საერთო არ აქვს გაუპატიურებასთან, იმიტომ, რომ არ სწამს ექსკლუზიის პოლიტიკის, იმიტომ, რომ მოძალადესთან მეგობრობს. მისმა ძმაბიჭმა შეიძლება ორჯერ დაარტყა ხელი თავის გოგოს, მაგრამ ის კარგი აქტივისტია და ახლა მართლა ნანობს იმას, რაც გააკეთა.

მანარქისტი ფემინისტია, როცა ტყნაური უნდა. ის გამოიყენებს სექსუალური გათავისუფლების ენას იმისთვის, რომ სექსზე დაგითანხმოს. მაშინაც შეუძლია თავის თავს ფემინისტი დაარქვას, თუ გაგაუპატიურებს. დილით საზოგადოებაზე ილაპარაკებს და საღამოთი დაგარტყამს. გონებაჩლუნგობაში დაგდებს ბრალს. არც გაბედო მისი დამუნათება.

არ დასდო ბრალი მანარქისტს სექსუალურ შევწროვებაში. არც გაუპატიურებაში. რა ემართება უდანაშუალოს, სანამ მისი დანაშაული არაა დამტკიცებული? ყველა ქალი, ვინც გაუპტიურებას პოლიციაში აცხადებს კაპიტალისტი გამყიდველია. თუ პოლიციელს მისთხოვდება, მითუმეტეს, მაშინ იმსახურებს ძალადობას.

მანარქისტისთვის “ანარქიზმი” კაცების იერარქიული პოლიტიკაა, რომელზედაც ის ჯერ არაა პასუხისმგებელი. ის თეთრი, უპირატესი პატრიარქია, ის ყველა მემარეცხენე წრეა და ასე არიან მისი მეგობრებიც. მანარქისტი ერთი ნორმალური ტიპია, ვინც ცხოვრებას სამყაროს გაუჯობესებას უძღვნის. თუ რამე, შენ ანტირევოლუციონერი ხარ.

ჩვენ უმრავლესობას, განსაკუთრებით ქალებს ჩვენი საკუთარი ისტორია გვაქვს მანარქისტზე, მაგრამ მაინც ძნელია მასზე მოყოლა. მანარქისტი ამას გაურბის. ის პოპულარულია, ის სოლიდარობის პრაქტიკულ სამუშაოს ეწევა, ის საუკეთესო აქტივისტია, ის საუკეთესოა იმის ძახილში, რომ საუკეთესოა.

რაც განასხვავებს მანარქისტს ისაა, რომ არ დაგთანხმდება იმაზე, რომ ერთადერთია. არ მოგისმენს. მერე კი უპირატეობის შეგრძნებით აღვსებული აგიხსნის – რატომ არ ხარ შენ მართალი.

წყარო

რატომ არის ანტი-ფემინისტური იმის თქმა, რომ “ყველა ფემინისტი ლესბოსელი არაა”

Untitled-Infographic-31

ავტორი: კარმენ რიოსი

მე ფემინისტური მოძრაობიდან მოვდივარ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჰეტეროსექსუალ ქალებთან ერთად ბევრი მიმუშავია, რათა მოძრაობა გაზრდილიყო, მესაწვლებინა ადამიანებისთვის რა არის ფემინიზმი, გამეფანტა მითები ფემინიზმის შესახებ და ამემაღლებინა ცნობიერება გლობალურ დონეზე.

სწორედ ამ ფემინისტურ სივრცეებში გადავაწყდი კეთილი განზრახვის მქონე, აბსოლუტურად შესანიშნავი, როგორც წესი ჰეტეროსექსუალი კოლეგებისგან როგორ მიყვებოდნენ იმ ძველ ხაზს, რომელსაც ყველანი კარგად ვიცნობთ: ყველა ჩვენგანი ლესბოსელი არაა!”

სამწუხაროდ, ფემინიზმის შესახებ გავრცელებული მითების უმრავლესობა, რომელიც აფრთხობს ადამიანებს, უფრო მეტად ეხება იმას, თუ ვინ არიან ფემინისტები, ვიდრე იმას, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ან რისი გვჯერა.

ხალხი წუხს იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ის ხალხი ვართ, ვინც ლიფებს ვწვავთ, ვისაც კაცები გვძულს, ჯადოქარი ლესბოსელები ვართ, უარს ვამბობთ გაპარსვაზე და საერთოდ არ გვაღელვებს კარგად გამოვიყურებით თუ არა.

მე მინდა ვიკითხო: მერე რა თუ ვართ?

ყველა ფემინისტი რომც ქვიარი იყოს, ფეხებსაც არ იპარსავდეს და ტყეშიც დადიოდეს შელოცვების აღსავლენად, მაინც ფეხებზე დავიკიდებდი. რა მნიშვნელობა აქვს?!

ზოგიერთი ფემინისტი გამხდარია, ზოგიერთი – ჭარბწონიანი. ზოგიერთი ქვიარია, ზოგიერთი  ჰეტეროსექსუალი. ზოგი იპარსავს და ზოგიც – არა.

არც ერთი ამათგანი არ ცვლის ფემინიზმის არსს: შექმნას სივრცე, და საბოლოო ჯამში, მთელი პლანეტა, რომელშიც ყველა ქალი უსაფრთხოდ იქნებამიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი.

ამიტომაც, როცა ხალხს ვეუბნებით, რომ ჭარბწონიანი არ ვართ, ყველანი მახინჯები არ ვართ ან რომ ყველანი ლესბოსელები არ ვართ – მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ განსხვავებული წონას, გარეგნობას, სექსუალობას მოძრაობაში მნიშვნელობა არ აქვს, და სწორედ ასე ძლიერდება მოძრაობა – უზომოდ დიდ მავნებლობას ჩავდივართ.

ფემინიზმი ის მოძრაობაა, რომელიც ნორმების დამსხვრევას ეფუძნება.

პირველ რიგში, ის ხშირად აღიქმება, როგორც გენდერული ნორმების დარღვევა. ფემინიზმი უკუაგდებს იდეას, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი და მომვლელი უნდა იყოს. ფემინიზმი უკუაგდებს გენდერის ბინარულ გაგბას, რომელიც ქალებს კაცებთან აჯიბრებს და მათ უქვემდებარებს. ფემინიზმი უკუაგდებს იდეას, რომ ჩვენს გენდერულ იდენტობასა და სექსუალობაში არის ისეთი რამ, რომელიც უნდა მოერგოს სხვა ადამიანების მოლოდინებს.

მაგრამ ფემინიზმი სხვა ნორმების დამსხვრევაც არის. ის ხშირად უკეთებს პირდაპირ გამოწვევას ჩვენს კულტურაში გადგმულ ჩაგვრის ფესვებს.

ფემინიზმი არის მოძრაობა, რომლიც აცხადებს, რომ ეკონომიკური სამართლიანობა მიბმულია გათავისუფლებასთან. ეს არის მოძრაობა, რომელიც საკუთარ თავშივე მოითხოვს ფერადკანიანი ქალების, ქვიარ ქალების, ტრანსი ქალების, აგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების ჩართულობას.

ეს არის გლობალური ხედვის მოძრაობა, რომელიც მთელი მსოფლიოდან აჟღერებს იმ ადამიანების ხმებს, რომლებიც საკუთარ თავს ადვოკატირებენ პატრიარქატის წინააღმდეგ.

არა, ყველა ჩვენგანი ლესბოსელი არ არის. მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი არის. ეს ერთ-ერთი იმ გარემოებათაგანია, რომელიც თანამედროვე ფემინისტურ მოძრაობას ქმნის და რომელიც ფორმას აძლევს მიმართულებას. ეს არის ის, რის გამოც ამაყად გაკეთებული განცხადება, რომ “ყველა ჩვენგანი ლესბოსელი არ არის” მიუღებელია.

როდესაც ბოდიშს ვიხდით ისეთი რამეებისთვის, რამაც ფემინიზმს რადიკალურობა შესძინა; როცა ბოდიშს ვიხდით ჩვენი თემის და მოძრაობის იმ ასპექტებისთვის, რომელიც ნორმატიულობას სპობს, ჩვენ ვამახინჯებთ წარმოდგენას იმის შესახებ, რასაც წარმოვადგენთ.

ქვემოთ მოყვანილი სამი მოსაზრება ასახავს იმას, თუ რას ეუბნებით ადამიანებს, როცა აცხადებთ, რომ „ყველა ფემინისტი ლესბოსელი არაა. ეს არის სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ამბობდეთ ამას.

  1. იმიტომ, რომ „ყველა ჩვენგანი ლესბოსელი არ არის“ ფემინიზმს ნორმალურობის მჩაგვრელი სტანდარტებით განმარტავს

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნორმაზე, ჩვენ ვსაუბრობთ საზიანო და მჩაგვრელი სოციალური სტრუქტურების სერიაზე, რომელთა მეშვეობით ნარჩუნდება ძალაუფლების დისბალანსი.

ნორმა პატრიარქატია, თეთრის უზენაესობა, კლასიზმი, ჰეტეროსექსიზმი, სის–სექსიზმი და პრივილეგიის სისტემის სხვა გამოვლინებები, რომელიც ამ ერთ ფრაზაშია გახვეული.

ჩვენ ისეთ კულტურაში ვართ გაზრდილი, რომელიც ცდილობს ეს ნორმა მოგვახვიოს თავს – ფემინიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ნორმის დამსხვრევა და მისი ჩანაცვლებაა იმ სოციალური იდეებით, რომელიც უფრო სამართლიანი, თანასწორი და დაბალანსებულია.

სწორედ სოციალური ნორმები ეუბნება ქალს, რომ იგი დიასახლისი და დედა უნდა იყოს, მეტი არაფერი. სწორედ სოციალური ნორმები ამბობენ, რომ ქალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც კი შეუძლია. რათა ასიამოვნოს და მოაწონოს კაცს, და საკუთარი თავი განსაზღვროს კაცთან მიმართებით.

ეს ის სოციალური ნორმებია, რომელიც გვეუბნება: სისგენდერი, გამხდარი, თეთრი ქალები იდეალურები არიან, არათეთრკანიანი და ტრანსი ქალები  – მათზე ნაკლები. სოციალური ნორმები ისაა, ღარიბ ქალებს რომ არცხვენს. სოციალური ნორმაა, მარტოხელა დედას რომ უნდა ანამუთებს.

და სოციალური ნორმებია ის, რომელიც განსაზღვრავს ქვიარ ქალებს – კერძოდ, ლესბოსელებს – როგორც არამიმზიდველს, შეუმდგარ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოერგნენ ხისტი მოლოდინების მთელ რიგს.

ჩვენ, როგორც ფემინისტები, უნდა ვიცნობდეთ ან ნორმებს, ვიდრე გვჯეროდეს მათი.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავიმახსოვროთ, რომ ქვიარ ქალები მთავარი მოთამაშეები იყვნენ ფემინისტურ მოძრაობაში. ჩვენ უნდა მადლიერი ვიყოთ იმისთვის, რომ მათ ხელახლა განსაზღვრეს და გამოიწვიეს დომინანტური ფემინისტური დისკურსი და გააფართოეს ჰორიზონტი იმისა, თუ რა სახის შეიძლებოდა ყოფილიყო ქალების გაძლიერება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქვიარ ქალები, მსგავსად სხვა ქალებისა, რომლებიც ინტერსექციურ ჩაგვრაში ცხოვრობენ, ფემინისტური მოძრაობის აქტივი არიან – მისი  არსებობისა და ტრაექტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

და ამისთვის ბოდიში არ უნდა მოვიხადოთ.

მაგრამ როდესაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ ჩვენ ყველანი ლესბოსელები არ ვართ, სწორედ ბოდიშის მოხდაა. როდესაც ვამბობთ ამას, ჩვენ ზემოთ აღნიშნულ ნორმებს მივსდევთ.

ჩვენ ვცდილობთ ფემინიზმი გავხადოთ უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი, და ამას ვაკეთებთ ჩვენი დებიდან ზოგიერთის გაყიდვით.

როდესაც ვამბობთ ამას,  ჩვენ, ფაქტობრივად,  ჩვენი მოძრაობის არასწორად განსაზღვრას ვახდენთ. რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ლესბოსელები არ ვართ, ჩვენ მაინც ვართ მოძრაობა, რომელსაც ესმის და რომელიც უნდა იდგეს იმ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ამბობს: არაფერი ცუდი არაა იმაში, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ლესბოსელია.

ქვიარი ფემინისტების გამო ბოდიშის მოხდა ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ვიცავთ იმ სოციალურ ნორმებს, რომლებიც აზიანებს ქალს, და ზოგადად, ხალხს.

და ამაში კარგი არაფერი არ არის.

  1. ასეთი განცხადება ახდენს ქვიარ ფემინისტების იზოლაციას და ბრალს სდებს მათ.

როდესაც ხარ ქვიარი და გესმის, რომ შენი იდენტობის გამო ვიღაც ბოდიშს იხდის, სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ გეუფლება.

როდესაც ჩემი კოლეგები ან თანამებრძოლები ეუბნებიან ადამიანებს,, „არ იდარდოთ, ყველა ლესბოსელი არ ვართ!“ მგონია, რომ ჩემი იდენტობადა ჩემი ყოფნა მოძრაობაშიმათთვის დაბრკოლება ან ამარცხვინოა.

მტკივნეულია, გესმოდეს, როგორ ითხოვენ  შენი კოლეგები პატიებას იმის გამო, რომ ხარ ის, ვინც ხარ. რადგან, „ყველანი ლესბოსელები არ ვართ“ ისე მესმის, რომ მე, როგორც ლესბოსელი, არ მივეკუთვნები მათ ან სამარცხვინო ვარ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ვარ.

ფემინიზმი ისტორიულად იბრძოდა ქვიარ ქალებისთვის დროსა და სივრცის გაჩენისთვის. მეორე ტალღის განმავლობაში ლესბოსელებს კოლექტიურად მოიხსენიებდნენ „ლავანდის მუქარად“ – ფემინისტები ამ ტერმინით იმას აღნიშნავდნენ, რომ ქვიარ ქალებმა და მათმა არსებობამ ფემინისტურ აქტივიზმში მოძრაობა გააუარესა.

ფემინისტები ამ პერიოდში გრძნობდნენ, რომ ქვიარ ქალები ფემინიზმის მიზანს დააზიანებდნენ გამოჩენითა და საკუთარი არსებობის ამაყად გაცხადებით. ეს ისტორია არ არის ძალიან ძველი, ფემინისტური მოძრაობას კვლავ ბრძოლების გადატანა უხდება იმისთვის, რომ მოუსმინოს და აქცენტი გააკეთოს ქვიარ ქალებზე მიუხედავად ათწლეულების დებატებისა, მიუხედავად მრავალწლოვანი დისკუსიისა და ქვიარ ქალებისა და ჰეტეროსექსუალი ქალების თანამშრომლობისა გენდერული თანასწორობის სახელის ქვეშ.

როდესაც ქვიარ ქალი მიჩნეულია იმად, რის გამოც ფემინიზმს უნდა რცხვენოდეს, ჩვენ ვერ  ვიგრძნობთ კეთილგანწყობას ან დაფასებას ან უსაფრთხობას ფემინისტურ სივრცეში. როდესაც ხალხი იუმორით ბოდიშს იხდის ჩვენ გამო, ისინი აძლიერებენ იდეას, რომ ჩვენი სექსუალობა ცუდია.

„ყველა ლესბოსელი არ ვართ!“  თანხმობაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფემინისტი. ამ დროს თქვენ აცხადებთ, რომ ლესბოსელები ფემინისტებს არ განეკუთვნებიან.

მაგრამ ჩვენ ვეკუთვნით.

ლგბტქია+ უფლებები და ფემინისტური მოძრაობა ხშირად ერთმანეთს ფარავს და საერთოც ბევრი აქვთ. ქალების გათავისუფლებისა და ქვიარ გათავისუფლებისთვის ბრძოლა მხოლოდ პარალელური მოვლენები არ არის. ისინი ერთმანთშია გადახლართული. შეუძლებელია ქვიარი ქალი სრულად გათავისუფლდეს, ვიდრე უსაფრთხოდ და მიღებულად არ ვიგრძნობთ თავს, როგორც ქალები და როგორც ქვიარ ადამიანები.

ჩვენ ვიმსახურებთ სივრცეს ლგბტქია+ უფლებების მოძრაობაში, რომელიც ისტორიულად დომინირებული იყო სის-გეი კაცის მიერ. და ჩვენ ბოლომდე გვჯერა იმისაც, რომ ვიმსახურებთ სივრცეს ფემინისტურ მოძრაობაში.

დროა “ლავანდის მუქარის“ აჩრდილი გაქრეს, ეს ნიშნავს, რომ დროა ფემინისტებმა შეწყვიტონ ლესბოსელებისთვის ცილის წამება, რომ მათი ყოფნა მოძრაობაში ფემინიზმს ნაკლებად ვალიდურსა და ნაკლებად ღირებულს ხდის.

  1. იმიტომ, რომ ის აძლიერებს ანტიქვიარ სტიგმას.

მხოლოდ ფემინისტური მოძრაობა და ფემინისტები არ არიან გულგრილი ქვიარ უფლებების მიმართ. მთლიანად საზოგადოებაა ასეთი.

ლგბტქია+ ადამიანები საუკუნეებია სტიგმატიზაციას განიცდიან, საზღვრებსა და ცივილიზაციებს მიღმა.

სტიგმა მტკივნეულია. სინამდვილეში, სტიგმამ შეიძლება მოგკლას.

ლგბტქია+ ქალები, განსაკუთრებით ტრანსი ქალები, მასკულინური ქვიარ ქალები, არაბინარული ქალები და ფერადკანიანი ქვიარ ქალები ძალადობ, შევიწროებსა და დისკრიმინაცი უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე ბევრი მათი კოლეგა.

ჩვენს სის–სექსისტ, პატრიარქალურ საზოგადოებაში ლესბოსელები წარმოადგენენ მეტად უნიკალურ საფრთხეს. რიგ შემთხვევებში ჩვენ უკიდურესად „უცხოები“ ვართ.

ჩვენ ვართ ქალები, ვინც დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ ნორმატიულ ჰეტეროსექსუალობას. ჩვენ ვართ ქალები, რომლებიც ვაღიარებთ ჩვენს იდენტობას მიუხედავად დისკურსისა, რომელიც გვეუბნება რომ ჩვენი იდენტობები ნამდვილი არ არის. ჩვენ ის ქალები ვართ, რომლებიც ზოგჯერ ვირგებთ მასკულინობას, ან რომლებიც ვაღმერთებთ ფემინურობას, ან ვინც უარს ვამბობთ იდეალური სილამაზის სტანდარტებზე, რომელიც კაცთა მზერამ შექმნა.

და ისევ, ჩვენ ის ქალები ვართ, რომლებიც ათასგვარ სტიგმატიზაციას, დამცირებას და დისკრიმინაციას განვიცდით ამგვარი ცხოვრებისთვის.

ხალხი განრისხებულია იმის გამო, რომ ორ ქალს შეუძლია შექმნას ოჯახი კაცის გარეშე, რადგან სექსისტური იდეები გვეუბნება, რომ ქალების ცხოვრების ცენტრში კაცი უნდა იდგეს. ზოგიერთი თემი უარს აცხადებს მიიღოს ქალების ერთიანობის იდეა, რადგან საზოგადოებრივი ნორმები მკაცრ გენდერულ როლებს აწესებს, რომელიც გვაიძულებს მოვერგოთ ქალის კონკრეტულ ტიპს, თითქოს სხვა არც არსებობდეს.

როდესაც ფემინისტები ქვიარობის ცნებას სირცხვილთან აკავშირებენ, ისინი აძლიერებენ ანტიბტქია+ სტიგმას, რომელმაც ქვიარ ქალები ძალადობის, შეურაცხყოფის და მკვლელობის მსხვერპლად აქცია.

მოსაზრება, რომ ქვიარობა ნეგატიური მოვლენაა, რომ ქვიარი ქალების არსებობა მოძრაობაში ცუდია, პირდაპირ კვებავს იმ კულტურას, რომელიც ლგბტქია+ არსებობას აუფასურებს და ამ ადამიანებს უხილავ მსხვერპლებად ტოვებს.

როდესაც ჩვენ ვკვებავთ ამ კულტურულ წარმოდგენებს ლგბტქია+ ადამიანების მიმართ, ჩვენ ვკვებავთ პატრიარქატსაც და სექსიზმსაც.

***

ღრმად მწამს ფემინიზმის, რომელიც სივრცეს ტოვებს ყველა ჩვენგანისთვის.

მე მინდა ჩემი ფემინიზმი იყოს ისეთი, რომელიც გამოათავისუფლების სივრცეს კლასზე, რასაზე, გედერსა და სექსუალობაზე სასაუბროდ. მე მინდა ჩემი ფემინიზმი იყოს ისეთი, რომელშიც ის ადამიანები გახდებიან მოძრაობის ნაწილი, რომლებიც ყველა ქალის უფლებებისთვის იბრძვიან  – ყველა ქალის უფლებისთვის – მნიშვნელობა არ აქვს როგორი ქალის.

ფემინისტური მოძრაობა დამეხმარა, მესწავლა როგორ უნდა შევწყვიტო ბოდიშის მოხდა იმის გამო თუ ვინ ვარ.

ფემინიზმმა მასწავლა როგორ უნდა წამოვდგე და ვიყო ამაყი ჩემი მე–ს თითოეული ნაწილით.

ფემინიზმმა მასწავლა როგორ უნდა ვილაპარაკო ჩემი, როგორც შერეული რასის მუშათა კლასის ქვიარ ფემინისტის, გამოცდილების შესახებ ხმის ჩაწტყვეტის ან რაიმე სხვა სახის სირცხვილის განცდის გარეშე. ფემინიზმა მასწავლა როგორ უნდა მიყვარდეს ჩემი სხეული, ვინ ვიყავი შინაგანად, სად მივდიოდი და რა მინდოდა.

მე არ მინდა ვიყო იმ ფემინისტური მოძრაობის ნაწილი, რომელიც ბოდიშს იხდის ვინმეს ან რამის გამო, რაც ჩვენ ვართ.  არ მინდა, ვიყო იმ ფემინისტური მოძრაობის ნაწილი, რომელიც ინარჩუნებს და აღმერთებს ნორმატიულობას.

მე არ მინდა იმ ფემინისტური მოძრაობის ნაწილი ვიყო, რომელიც მოქმედებს იმ ათასგვარი ნაგავის  შენარჩუნებით, რომელიც გვასწავლა სამყარომ და რომელიც გვაიძულებს თავი ნაკლებად ღირებულად ან ცუდად ვიგრძნოთ.

არა მგონია, რომელიმე ჩვენგანი ამას დათანხმდეს.

ჩვენ ყველა ლესბოსელები არ ვართ. მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი არის. მე ვარ. და ბოდიში, მაგრამ ამის გამო არ ვწუხვარ.

შეურაცხყოფის ასარიდებლად თავს კაცად ვასაღებდი

Playing Video Games --- Image by © Royalty-Free/Corbis

ავტორი: ელის უილიამსი
ორი წლის წინ ყოფილ შეყვარებულ ბიჭთან ერთად ონლაინ-ვიდეო თამაშების თამაში დავიწყე. ათასობით ადამიანს ვეთამაშებოდით. მალე თამაშის უმაღლეს დონეს მივაღწიე, მაგრამ ამ დონეზე თამაში და ქალად იდენტიფიცირება ნელ-ნელა ზედმეტი თავის ტკივილი გახდა. სხვა მოთამაშეებს, უბრალოდ, არ სჯეროდათ, რომ გოგო ვიყავი და ყოველთვის მთხოვდნენ ამის დამტკიცებას.

შეცდომას თუ დავუშებდი, ეს სხვების თვალში იმიტომ ხდებოდა, რომ „გოგო ვარ“, კარგად თუ ვითამაშებდი, ამას მხოლოდ იმ ფაქტორს აბრალებდნენ, რომ “ვიღაცებს ჩემი მოტყვნა უნდათ.” ამის შემდეგ გადავწყვიტე, უბრალოდ, მეთამაშა, როგორც მამრობითი სქესის მოთამაშეს და პრობლემებიც აღარმქონია.

უფრო მეტადაც ვერთობოდი. უფრო მეტი იყო შეჯიბრი, და არა _ შემწყნარებლური ჟესტები იმასთან შედარებით, რაც მაშინ ვლინდებოდა, როცა ქალ მოთამაშედ ვთამაშობდი. მანამდე ისეთ რაღაცებს მიხსნიდნენ ხოლმე, რაშიც დახმარება არ მჭირდებოდა,  წარმატებული თამაშის დროს კი მათ კომენტარებს ქვეტექსტად გასდევდა: „ამას იმიტომ მიაღწიე, რომ დაგეხმარეთ“.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ WoW (World of Warcraft) -ის უამაღლეს დონეზე თამაში არ დავიწყე.

ჯგუფში რომ გავწევრიანებულიყავი, გასაუბრების მსგავსი პროცესი უნდა გამევლო, სადაც მომიწია იმის გამჟღავნებამ, რომ გოგო ვარ.

ჯგუფის მოთამაშეები ძალიან მეგობრულები იყვნენ, გარდა ერთისა.

როგორღაც ჩემი გვარი გაიგო და სოციალურ მედიაში ჩემზე დაკვირვება დაიწყო. თამაშის დროს ისეთ უადგილო კომენტარებს მწერდა ხოლმე… მაგალითად, „ძალიან მომწონს შენი ახალი ვარცხნილობა“. მგონი, ინტიმურობის შექმნის ძალიან უცნაური მცდელობა იყო. როდესაც ამ საკითხის მოგვარება ვცადე, ზეწოლა მისი მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდა. დაიწყო ჩემზე პირადი ინფორმაციის მოგროვება და სექსუალური შინაარსის მეილების წერა. როგორღაც ჩემი სახლის მისამართიც გაიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, ცალკე ელაპარაკა ჩემთან, ჯგუფის წევრებმა მაინც იცოდნენ, რა ხდებოდა.

აზრები განსხვავებული იყო. ზოგი ფიქრობდა რომ პრობლემის მარტივად გადაჭრა ჯგუფში ქალი მოთამაშეების არმიღებით შეიძლებოდა. ერთ-ერთმა მოთამაშემ აგრესორის გაგდება გვირჩია. საბოლოოდ, არ მინდოდა, ჯგუფის დაშლის მიზეზი გავმხდარიყავი.

ასე რომ, ვიყავი ჩუმად.

იმდენი ქალი მოთამაშე ვიცი,რომლებსაც მსგავს ტიპებთან უწევთ ურთიერთობა… იწყებენ მეგობრობით და თავიდან არც კი დაეჭვდები ამაში. მერე უფრო მეტს ითხოვენ და როცა “არას” ეუბნები, აგრესიულები ხდებიან.

სახლში მიღებული წერილებისშინაარსი კიდევ უფრო ძალადობრივი ხდებოდა. მუქარებში ისეთ დეტალებს ახსენებდა, რაც მხოლოდ მეგობრებთან მქონდა გაზიარებული. მერე ვიწექი ფხიზლად და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა.

ბოლოს და ბოლოს, გავარკვიე, რომ ეს ტიპი შტატებში ცხოვრობდა, რაც დიდი შვება იყო. შევიცვალე ელ-ფოსტის მისამართი და დავბლოკე ყველა ის ანგარიში სოციალურ მედიაში, რომელთა მფლობელებსაც არ ვიცნობდი. როგორც იქნა, გაუჩინარდა.

ბევრი ქალის მსგავსად, იმაზეც ვფიქრობდი, როგორ შევუწყვე ხელი ამ ინციდენტს. „აი, თავაზიანი რომ არ ვყოფილიყავი?“ ან „ცრუ იმედები ხომ არ მივეცი“? ვიდეო-თამაშების სამყაროც მსხვერპლის დადანაშაულების გარშემო ტრიალებს.  „თუ არ უნდოდა, რომ შეურაცხყოფის ობიექტი გამხდარიყო, პირველ რიგში, საერთოდ არაფერი არ უნდა ეთქვა,“ – ამის მსგავსმა არგუმენტებმა შინაარსიანი დებატის ქონის შანსები გააქარწყლა.

სათამაშო კულტურა ძლიერაა შეცვლილი და ახლა უფრო მეტი ქალია თამაშებში ჩართული, მაგრამ მიღებული გამოცდილება იმდენად ცუდი იყო, რომ გაწამებული დამტოვა. ოდესმე ონლაინ-თამაშს თუ დავუბრუნდები, ჯერ დავრწმუნდები, რომ ანგარიშები, რომლებსაც თამაშისას ვიყენებ, ჩემს ვირტუალურ იდენტობაზე გასვლის საშუალებას არ იძლევა.

წყარო

ჩემი ფემინიზმი იქნება ან ინტერსექციური, ან – უაზრო

ფემ

ავტორი: ფლავია ძოდანი

ჩემი ფემინიზმი იქნება ან იტერსექციური[1] ან _ უაზრო.

აბა, წარმოიდგინე: მე მთელი ხმით გავყვირი ამ ბლოგის სათაურს. გაბრაზებული ვარ. უფრო სწორად _ ძალიან გაბრაზებული. სწორედ ამას ვუყვირი ახლა ჩემი კომპიუტერის ეკრანს. სწორედ ამას ვუყვირი ახლა არავის და, ამავდროულად, ყველას. შენც, მათ შორის. შენ, ადამიანს, რომლის შესახებაც არასდროს მსენია, რომელსაც, შეიძლება, ერთხელაც არ დაუტოვებია კომენტარი ამ ბლოგზე ან ნებისმიერ სხვა გამოცემაზე, სადაც რეგულარულად ვჯღაბნი ჩემს არეულ-დარეულ იდეებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩევნ არასდროს შევხვედრივართ, ამ წუთას მე სწორედ შენ გიყვირი. ჩემი ფემინიზმი ან ინტერსექციური იქნება, ანდა _ უაზრო! ამას იმიტომ ვყვირი, რომ მინდა დაგარწმუნო, მინდა გაგაგებინო, რომ ეს არ არის არჩევანი ან აბსტრაქტული ცნება ან ინტელექტუალური სავარჯიშო. მე იმიტომ არ ვყვირი, რომ, ნუ, აზზე ხარ, ახლახანს აღმოვაჩინე ინტერსექციურობა და აუ პროსტა რა მაგარიაააააა! პროსტა აუცილებლად უნდა წაიკითხოოოოოოო.

არა. ჩემი ფემინიზმი აუცილებლად ინტერსექციური უნდა იყოს, რადგანაც, როგორც სამხრეთამერიკელი, როგოც ლათინოსი, როგორც ადამიანი, რომელმაც კარგად იცის გლობალური სამხრეთის ზოგიერთი ნაწილი იმის გამო, რომ თავად სამხრეთელია, როგორც ევროპაში მცხოვრები იმიგრანტი, როგორც ქალი, მე გავეჩხირე იმ იდიოტობის ეპიცენტრში, რასაც “ქაქის ფენოვან ნამცხვარს” ვეძახი. ქაქის ფენოვანი ნამცხვარი არის ყლეობის ყველა ის ფენა, რაც ჩემ ზემოთ, ჩემ ქვემოთ, ჩემ გვერდით, ჩემ გარშემო ხდება; და ამ მეტაფორულ ფენოვან ნამცხვარში, რომელსაც ექსკრემენეტების მრავალი ფენა აქვს, მე ვარ ის ტკბილი კრემი, რომელმაც ნამცხვარი უნდა გააგემრიელოს, რომ ვიღაც სხვამ, უფრო კონკრეტულად კი, კირიარჩიმ, გემრიელად მიმირთავს. და, აი საქმე რა არის: სანამ მე შენ გიყვირი, მე ასევე გთხოვ… არა, კი არ გთხოვ, მოვითხოვ შენგან, რომ შენც ჩემთან ერთად იყვირო. მე გთხოვ სწორედ ისე გაბრაზდე, როგორც მე გამაბრაზეს ამ ბოლო კვირის მანძილზე; რადგან ბრაზის, გულწრფელი აღშფოთებისა და ცვლილებების ღრმა, დაუღალავი მოთხოვნის გარეშე ჩემი ფემინიზმი, შენი ფემინიზმი, ყველას ფემინიზმი საბოლოოდ მარცხს განიცდის. უაზრო იქნება.

ბოლო კვირაა, ამას ხშირად ვყვირი. იმიტომ, რომ მე მიყვარს “შეაერთე წერტილების” (როგორც სმითმა თქვა) თამაში პოლიტიკური პრაქტიკის საკითხებში. მე “შეაერთე წერტილებს” ვთამაშობ მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ნათლად გამოხატული სურათის ნაცვლად ვიღებ დაახლოებით ისეთ გამოსახულებას, რასაც ჩემი ერთი წლის დიშვილი შექმნიდა, ყავის მაგიდასთან მჯდომი ფლომასტერებით რომ თამაშობს ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან, სურათი, რომელსაც მე ვხატავ, როდესაც ცალკეულ წერტილებს ვაკავშირებ, შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ, ან არაზუსტი იყოს, ან გამომრჩეს რამდენიმე წერტილი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ნამდვილი გამოსახულება შედგეს. მაგრამ თანახმა ვარ, გადავიხადო ზოგჯერ უაზრობის თქმის საფასური, თუ ეს საბოლოოდ სწორ პასუხამდე მიმიყვანს. მე მირჩევნია, ზოგჯერ ჩემი ნათქვამი საფუძველს მოკლებული აზრის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, ვიდრე საერთოდ გამომრჩეს ის სურათი, რომელსაც ქაქის ფენოვანი ნამცხვარი ქმნის. და ბოლო დღეებია წერტილების დაკავშირების თამაშს ჩვეულებრივზე კიდევ უფრო ხშირად ვთამაშობ.

სწორედ ამიტომ ვარ გაბრაზებული. სწორედ ამიტომ გამიცრუა იმედები ფემინიზმმა. ფემინიზმო! მე შენ ძალიან გამიცრუე იმედები. იმდენად, რომ ამ იარლიყის საერთოდ მოშორებაზეც კი დავფიქრდი. და ასე რომ მომხდარიყო, გამოვიყენებდი ახალ იარლიყს, რომელიც ბოლომდე ასახავს ჩემს პოლიტიკას: ალის მსროლელიზმი. რადგანაც მე ცეცხლი წავუკიდე ფემინიზმს, მისი ფერფლით ჩემი კატების ტუალეტებს ვავსებ და მათ ამ ფერფლზე ვაფსმევინებ. აი, ასეთი გაბრაზებული ვარ ფემინიზმზე ამ კვირაში. კატის ტუალეტის დონემდე აღწევს ჩემი ბრაზი.

ამ კვირის ქაქის ფენოვანი ნამცხვრის ფენა პირველი:

ჩემი ბრაზი თავდაპირველად გამოიწვია ერთმა ჩვეულებრივმა ფოტომ, ყვითელმა პლაკატმა, რომელიც ფლომასტრით დაწერილს გავს. ამ პლაკატის მიხედვით “ქალი არის ნ*-ის ექვივალენტი დღევანდელ მსოფლიოში”. პლაკატი ნიუ იორკში “თეთრკანიანი ბოზების” მსვლელობის ერთ-ერთ მონაწილეს ეჭირა. დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის უკვე იცით ეს ამბავი. და ამაზე ცოტა გავბრაზდი. გავბრაზდი, რომ ვიღაც ვერ ვხდება, როგორი საზიანო, როგორი ქაქური საქციელია ეს. გავბრაზდი, რომ ვიღაცამ არც კი იცის ამ სიტყვის ისტორია; რომ ქალმა, რომელიც ჩემსავით ფემინისტად მიიჩნევს თავს, საკლასო ოთახში შესვლამდე უბრალო საშინაო დავალება ვერ შეასრულა.  გული დამწყდა და გავბრაზდი. და მერე კიდევ დამწყდა გული და კიდევ გავბრაზდი. უბრალო საშინაო დავალება არ გულისხმობს იმ აკადემიური ნაშრომების წაკითხვას, რომლებიც სიღრმისეულად განიხილავენ მონობის ისტორიას, მის მემკვიდრეობას, კოლონიალიზმს და იმ იდეას, რომ საუკუნეების მანძილზე (და, პრაქტიკულად, დღევანდელ დღემდე) შავკანიანი ქალები გაუპატიურებისთვის შეუფერებლად მიიჩნეოდნენ, რომ ეს ნ* სხეულები არაადამიანურ სხეულებად ითვლებოდნენ (და სამწუხაროდ, ხშირად დღესაც ასე ითვლებიან). არა, მე ამ ყველაფრის დეტალურ ცოდნას სულაც არ მოვითხოვდი. მხოლოდ თანაგრძნობის უბრალო, ადამიანური უნარის იმედი მქონდა. ამ სიტყვის მნიშვნელობის მინიმალურ გაგებას ველოდი. ვიკიპედიის დონის ცოდნას, რაც ფემინისტური აქტივიზმის ანა-ბანაა. და როცა ეს პლაკატი დავინახე, ამ კვირაში პირველად მაშინ ვიყვირე, “ჩემი ფემინიზმი იქნება ან ინტერსექციური, ან _ უაზრო”. მე ყოველ თგვენგანს გიყვიროდით, ყველას და არავის. (სწორედ ამ მომენტში, ჩემს ყველაზე პატარა კატას ცოტა შეეშინდა ჩემი კივილის, მაგრამ სიამოვნებით ამოიკნავლა იმის წარმოდგენაზე, რომ ფემინიზმი მის ტუალეტში ამოყოფდა თავს). და ახლა ყურში ჩამესმის თქვენი პასუხი “კი მაგრამ, ფლავია! რაში გადარდებს ეს ამბავი?! ეს ერთი პლაკატი ნიუ იორკის ბოზების მსვლელობის ნაწილი იყო! სულ სხვა კონტინენტზე! მერე შენ რა?!”. საქმე ისაა, რომ ჩემი პოლიტიკა მთლიანად ანტირასიზმზეა. უფრო მეტიც, რასიზმი, ალბათ, ის საკითხია, რომელთანაც ყველაზე მეტი ბრძოლა და ჭიდილი მაქვს. ჩემს ფემინიზმში, ჩემს პოლიტიკურ აქტივობაში, ჩემს ნაწერებში, ჩემს მოტყნულ ყოველდღიურ ცხოვრებაში.  როდესაც ჩემი აქცენტის გამო დამცინავ შენიშვნებს ვაწყდები, როდესაც ადამიანები ღიად იკიდებენ ფეხზე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს კამათში იმის გამო, რომ ჰოლანდიური სიტყვა არასწორად გამოვთქვი, როდესაც მე “იმ ხალხზე” (ჩემსავით არადასავლელ იმიგრანტებზე) მიყვებიან, როდესაც სახეში მუშტს მირტყამენ, რაც ერთხელ უკვე მოხდა, როცა მთვრალმა ნაბიჭვარმა მუშტის მოქნევამდე “უცხოელი მუტელი” მიწოდა.  ჩემი ფემინიზმი აუცილებლად უნდა იყოს ანტირასისტული იმის გამო, რომ ჩემს პირად ქაქის ფენოვან ნამცხვარში მნიშვნელოვანი ფენაა.

ამ კვირის ქაქის ფენოვანი ნამცხვრის ფენა მეორე

მას შემდეგ რაც ამ ფოტომ რამდენიმე ონლაინ ბლოგი და ჟურნალი მოიარა, ნიუ იორკის ბოზების მსვლელობის ფეისბუქის გვერდზე ამოყო თავი. და დაიწყო კომენტარების დატოვება. და უნდა გენახათ, რა კომენტარები იყო! რა სანახაობა! ეს კომენტარები, რომელთა დიდი რაოდენობაც ლატოია პეტერსონმა აღნუსხა (დაილოცოს ეს ქალი! მისმა მცდელობამ, გამოეჩინა მოთმინების უზომოდ მაღალი ხარისხი და ნიუანსებისადმი ყურადღება, ფერადკანიან სხვა ქალებთან ერთად, რომლებიც ამ დისკუსიაში თავიანთი ხმის გაჟღერებას ცდილობდნენ, გული მომიკლა). კომენტარები ვარირებდნენ, “კი მაგრამ, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვაა!”-დან დაწყებული “ახლა უკვე სხვა სამყაროში ვცხოვრობთ!”-ით დამთავრებული და შემდეგ სრული კრახი, სამარცხვინო, თავისმომჭრელი რემარკა: “თქვენ ყველანი მეორე მხარეს ხართ გადასულები და შავკანიანების მიმართ მიმართული ნ*-ის წინააღმდეგ გამოდიხართ”; ჩვენ, უბრალოდ, ადამიანის მიმართ მიმართული ნ*-ის წინააღმდეგ გამოვდივართ, რასაც, როგორც Eli_Betta-მ აღნიშნა, მივყავართ მტკივნეულ კითხვამდე: “ “შავკანიანების წინააღმდეგ მიმართული” განსხვავდება “ადამიანის წინააღმდეგ მიმართულისგან” თუ, არა?”. ვიჯექი და ვკითხულობდი ამ დისკუსიას. რამდენიმე საათი ვარეფრეშებდი ფეისბუქის გვერდს. ეს ხალხი ხომ წესით ჩემი თანამოაზრე ფემინისტები არიან?! ისინი, როგორც ხშირად უთქვამთ ჩემთვის, ჩემი დები არიან! ეს ჩემი ხალხია! იმიტომ, რომ მე ფემინისტი ვარ!

და, რა თქმა უნდა, ისევ ავყვირდი და იმდენი ვიყვირე, რომ ყელი მეტკინა. ზუსტად ვერ გავარჩიე, ყელი იმიტომ ამტკივდა, რომ ვყვიროდი, თუ იმიტომ, რომ ცრემლებს ვიკავებდი. ჩემი ფემინიზმი იქნება ან ინტერსექციური, ან _ უაზრო!ამ წინადადებას ვყვიროდი ყოველ ჯერზე, როცა ფეისბუქის გვერდის განახლებას ვაჭერდი ხელს და ახალი, იმ წუთამდე კაცობრიობისათვის უცნობი დონის კრახი ამოხტებოდა ეკრანზე. მე მარტო იმედგაცრუებული კი არ ვიყავი, რომ, წესით და რიგით, ჩემი თანამოაზრე ფემინისტები ასეთი სისაძაგლის ჩამდენი აღმოჩდნენ. გული მწყდებოდა, რომ ამ მსვლელობის ორგანიზატორები მსგავს კომენტარებს არ ამოწმებდნენ და არ ფილტრავდნენ. რომ “სიტყვის თავისუფლების” ძველი ტროპის რაღაც უაზრო ვერსიის სახელით, ისინი არ ჩაერივნენ ამ სასაკლაოს შესაჩერებლად. რომ ნიუ იორკის ბოზების მსვლელობის ფეისბუქის გვერდის უკან მდგომი ხალხი ამ კომენტარებს არ შლიდა. იმიტომ, რომ არ შეიძლება, მოითხოვო უსაფრთხო გარემო ქალებისთვის მაშინ, როცა უფლებას იძლევი “ზოგიერთ” ქალს მისი რასის გამო თავს დაესხან. იმიტომ, რომ თუ ამას გააკეთებ, პატრონმოტყნული ფარისეველი ხარ და უნდა ადგე და თქვა: “ჩვენ გვინდა უსაფრთხო გარემო შევქმნათ მხოლოდ “ზოგიერთი ჩვენგანისთის” მაშინ, როცა დანარჩენებს, შავკანიან ქალებს, მათ ყავისფერ, ნაცემ სხეულებს აგინებენ”. იმიტომ, რომ ეს მომხდარის უფრო ზუსტი აღწერაა. თუ ხვდებით რომ ახლაც ვყვირი, როცა ამას ვბეჭდავ? თუ ხვდებით, რომ გაბრაზებული ვარ? და თუ თქვენ არ ხართ ამ წუთას ჩემთან ერთად გაბრაზებული, მაშინ მე არ მინდა თქვენი ფემინიზმის ნაწილი ვიყო. მაშინ მე თქვენთან არ მინდა არავითარი დედაარღნიანი დობა და რაიმე სისულელე, რომლებსაც ჩვენ ჩვენი მოძრაობის მარცხების გასამართლებლად ვიყენებთ ხოლმე. თუ შენ ამ ყველაფერზე ისე არ გაბრაზდი, როგორც მე, მაშინ უკვე ვიცი, რომ ჩვენ ერთი გუნდის ნაწილი არ ვართ.

და მერე კიდევ ერთი ამბავი მოხდა: მთელი დისკუსია უბრალოდ წაშალეს. აი ასე. იმიტომ, რომ, ხომ იცით, ხალხი რასისტულ რაღაცეებს ამბობდა. ჩემი. დედა. შევეცი. ხალხი რასისტულ რაღაცეებს საათობით ამბობდა და ამ გვერდის ერთი მოდერატორიც არ ჩარეულა და არ გაუწევია მიმდინარე დისკუსიის ზედამხედველობა. ერთი კომენტარიც არ წაშლილა და ერთი გაფრთხილებაც არ მიუციათ იმათთვის, ვისი პოსტებიც გულისხმობდა, რომ შავკანიანი ქალები “არ არიან ადამიანები”. ამის მაგიერ, მათ უბრალოდ მთელი დისკუსია წაშალეს (საიტზე Racialicious ახლა უკვე წაშლილი დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილის კარგი შეჯამებაა, პლუს, მათთვის, ვინც Tumblr-ის მომხმარებელია, ბევრმა სქრინშოთები გადაუღო ზოგიერთ მნიშვნელოვან კომენტარს). თუმცა, ამ დისკუსიის წაშლა უპატიებელი საქციელია. იმიტომ, რომ ამ საქციელით მათ ასევე წაშალეს იმ შავკანიანი (და, სამართლიანები რომ ვიყოთ, ასევე არაშავკანიანი) ადამიანების მიერ დაწერილი კომენტარები, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რასიზმის გამმართლებლებს. ამ წაშლამ ოპოზიციაც ისევე გააქრო, როგორც რასისტული შეხედულებები. ახლა მხოლოდ მესამე პირისგან მოყოლილი ამბავი დაგვრჩა, მაგრამ თავდასხმის ზუსტ კალიბრს ვერ გავზომავთ. და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ზარმაცი და უპასუხისმგებლო საქციელია. თუ კომენტარების მწკრივის ზედამხედველობა არ შეგიძლიათ, თუ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა არ შეგიძლიათ, მაშინ, იქნებ, საერთოდ არ გაქვთ  სხვა ადამიანებისთვის, ვითომ და, უსაფრთხო გარემოს ორგანიზების უფლება; ისეთი გარემოსი, როგორიცაა, ვთქვათ, მასობრივი მსვლელობა ნიუ იორკში. თუ, იმის მაგიერ, რომ პასუხი აგოთ იმაზე, რაც თქვენი ზედამხედველობის ქვეშ მოხდა, თქვენ მთელ ამბავს უბრალოდ შლით, მე არ მინდა თქვენი ფემინიზმის ნაწილი ვიყო. მე ახლა ამას ხმამაღლა ვიტყვი: არ მინდა თქვენი ფემინიზმის ნაწილი ვიყო. იმედია, ჩემი სათქმელი გასაგებად ვთქვი.

ამ კვირის ქაქის ფენოვანი ნამცხვრის ფენა მესამე

მე თურმე არ უნდა ვიყო ზემოთთქმულიდან არაფერზე გაბრაზებული. უფრო სწორედ, თუ ზემოთთქმულიდან რამეზე გავბრაზდი, ჩუმად უნდა ვიქვითინო და არავის ვუთხრა. იმიტომ, რომ თუ ერთი სიტყვა მაინც დამცდა, მაშინ ყველას ვუფუჭებ ბოზების მსვლელობის მუღამს. ყოველ შემთხვევაში, შირა ტენანტმა ზუსტად ეს მითხრა “ჰაფინგთონპოსტზე” რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში:

“მთავარი ისაა, რომ გაერთიანებას მოაქვს გაძლერება. ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ გაუპატიურებისა და სექსუალური ზეწოლის პრევენციის საქმეში. კრიტიკული თვითანალიზი ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, რაღაც მომენტში, ეს თვითკრიტიკა არაპროდუქტიული ხდება, ან, კიდევ უარესი, ის მოძრაობას შიგნიდან გაყოფს.

სიყვარულით გამოწვეული კრიტიკის მიდგომით, ბოზების მსვლელობის უარყოფით მხარეებზე წერის ნაცვლად, რა მოხდებოდა კელი გოფს მთელი სტატია გაუპატიურების პრობლემაზე დაეწერა? რა იქნებოდა, ვენდი ჯ. მერფის საკუთარი წვდომა მედიაზე იმისთვის გამოეყენებინა, რომ სხვა ფემინისტებზე კი არა, გაუპატიურებაზე განეხორციელებინა შეტევა? იმის მაგიერ, რომ ბოზების მსვლელობა დაეყვანათ ღონისძიებამდე, რომელიც “ტრუსიკის გარდა ყველაფრის გახდას და საკუთარი თავისთვის ბოზის ძახებას” გულისხმობს ( და შემდეგ ეს სწრაფად უგულვებელეყოთ, როგორც “ბრაზიან პასუხს მიმგვანებული ” ),  მე ვისურვებდი, რებეკა ტრაისტერს ყურადღება გაემახვილებინა იმ უფრო ღრმა საკითხებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც ამ მოვლენებს ფონად გასდევდა. მე მსურს, მოვითხოვო, რომ გეილ დაინსმა შეწყვიტოს განხეთქილების მომტანი გამუდმებული დეზინფორმაცია რასისა და გაუპატიურების წინააღმდეგ არსებული პროტესტის ამბების შესახებ [….]

დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება კონტრდაზვერვა ფემინისტური ჯგუფების დასაყოფად. ჩვენ ამას თავადაც კარგად ვახერხებთ”.

ჩემი ფემინიზმი იქნება ან ინტერსექციური, ან _ უაზრო! ხედავთ საიდან მოდის ჩემი ეს შეხედულება? მე ეს დამოკიდბულება ბოზების მსვლელობის მიმართ არ უნდა მქონდეს? არ უნდა შევიმჩნიო ძალადობა, რაც ნ* სიტყვის დისკუსიისას გამოვლინდა? ამ დური კავშირის სახელით უნდა დავხუჭო თვალი აშკარა ძალადობაზე?! მე ეს მომეთხოვება?! ისევ და ისევ, მე არ მინდა ამ მოძრაობის ნაწილი ვიყო. დამპალ, რეაქციონერულ მანდატს, რომელიც კრიტიკას გამხლეჩ და არასასურველ მოვლენად მიიჩნევს, ჩემს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება; რაც არ უნდა ერქვათ _ ფემინიზმი თუ ალის მსროლელიზმი.

ხედავთ?! მე თავად ბოზების მსვლელობაზე არაფერი მითქვამს, რადგან მაინცდამაინც ამ მოძრაობის წევრად თავს არ ვთვლი. და ამას არა უშავს. არ არის აუცილებელი, ყველა ინიციატივის ნაწილი ვიყო იმისთვის, რომ ეს ინიციატივა ვალიდური და ძვირფასი იყოს. ის ზოგიერთებისთვის არის ძვირფასი და ამასთან არავითარი პრობლემა არ მაქვს. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა ამ მოძრაობასთან. მე არ ვარ  სიტყვა ბოზის საჯაროდ გადაფასებით დაინტერესებული, რადგან ეს არის სიტყვა, რომელთანაც ემოციური კავშირი არ მაქვს. პუტა, მეორეს მხრივ, ამ სიტყვის ექვივალენტი ესპანურ ენაში, სულ სხვა ამბავია. იმიტომ, რომ ეს არის იმ მამაკაცების ენა, რომლებიც მცემდნენ და თან “პუტას” მეძახდნენ. იმიტომ, რომ ეს არის იმ სამყაროს ენა, სადაც მე გავიზარდე და სადაც “პუტას” იარლიყის მქონე ქალები ასევე გაუპატიურებისთვის შეუფერებლად ითვლებოდნენ და პრაქტიკულად ადამიანად მიჩნევის ღირსნიც არ იყვნენ. იმიტომ, რომ “პუტა” ასევე არის შეურაცხმყოფელი სიტყვა, რომლითაც სექს-მუშაკებს იხსენიებენ. “პუტები”, ძალიან ბევრი ქალი, რომლებიც თავიანთ მიმართ განხორციელებულ ძალადობას იმსახურებდნენ. მაგრამ ბოზი ჩემთვის, პირადად, ბევრს არაფერს ნიშნავდა, ამიტომ, ბოზების მსვლელობას ყოველთვის შორიდან ვადევნებდი თვალს. როდესაც ის ამსტერდამში გაიმართა, არ წავსულვარ. მაგრამ ჩავთვალე, რომ თუ სხვა ქალები მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ, ამაში არაფერი იყო ცუდი, ის ქალები, ვისთვისაც ამ სიტყვის გადაფასება მნიშვნელოვანია. არ არის აუცილებელი, ჩემი პოლიტიკა ყველა დანარჩენის პოლიტიკის იდენტური იყოს. ჩვენ, შეიძლება, განვსხვავდებოდეთ ჩვენი აქტივობების სტრატეგიებსა თუ ფორმებში ისე, რომ ამ განსხვავებებმა არ შექმნას ჩვენ შორის მანძილი, რომელსაც ვერ ამოვავსებთ. ბოლოს და ბოლოს, სტრატეგიები შეიძლება განსხვავდება კიდეც, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი ხომ ერთია?!

მაგრამ რასობრივ საკითხებზე გამართული დისკუსიის ფიასკოს შემდეგ ასე აღარ ვფიქრობ. ახლა მე აუცილებლად უნდა გამოვიდე საჯაროდ ბოზების მსვლელობის წინააღმდეგ. თუმცა, მე მეუბნებიან, რომ ცუდი, ძალიან ცუდი ფემინისტი ვარ, რადგან ამას ვაკეთებ. მე განხეთქილების შემომტანი ვარ. მე უკვე პრობლემის ნაწილი გავხდი. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი მოძრაობა, იქნება ეს ფემინიზმი თუ რამე სხვა, რომელიც მომთხოვს, რომ მივატოვო ჩემი ზოგადად ინტერსექციური თვალთახედვა, ჩემი ერთგულების ღირსი არ არის. ასეთი მოძრაობა ჩემ წინააღმდეგ არის მომართული. ასეთი მოძრაობა ეუბნება ქსენოფობ კაცს, რომელმაც სახეში მუშტი ჩამარტყა, რომ, ნუ, რაღაც მხრივ არა უშავს, რადგანაც ჩვენ რასიზმის წინააღმდეგ აქტიურად არ გამოვდივართ.

უფრო მეტიც! ჩვენს ვითომდა უსაფრთხო სივრცეში რასიზმი, თურმე, ღიად ყოფილა დასაშვები. და თუ ხალხი ამის გამო დაიჩივლებს, ჩვენ წავშლით ჩვენი შეცდომის დამადასტურებელ ინფორმაციას. არაფერი ამის თქმის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ახლა ბოზების ომის ნაწილი ვარ. დიახაც, ახლა მე დავიბრუნებ სიტყვა პუტას და ეს გაბრაზებული ლათინოსი პუტა გეტყვით, რომ მე არ ვარ თქვენი ფემინიზმის ნაწილი. მეტიც, არასდროს ვყოფილვარ. იმიტომ, რომ თუ მე თქვენი ინიციატივის სახელით რასიზმის გამოვლინებებს ყურადღება არ უნდა მივაქციო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთმანეთის წინააღმდეგ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად რასიზმს ხშირად გამართლებად იყენებდნენ იმისთვის, რომ ზოგიერთი ქალი გაეუპატიურებინათ. ეს ზუსტად ის საქციელია, რომლის წინააღმდეგაც, წესით, თქვენ გამოდიხართ. მაშინ მე სრულიად უფასოდ გჩუქნით ახალ სლოგანს თქვენი მოძრაობისთვის: რასისტული გაუპატიურებები ერთს, ბოზების მინიატურული მსვლელობები დანარჩენებს!

ამ კვირის ქაქის ფენოვანი ნამცხვრის ფენა მეოთხე

აუ პროსტაააააააა! სამმა აფრიკელმა ქალმა ნობელის პრემია მიიღოოოოოოო! აუუუუუუ! ფემინიზმის პროსტა რამხელა გამარჯვებააააააააააააააა! ასეთმა საზეიმო ფრაზებმა დატბორა ჩემი ტვიტერის გვერდი. ჯოს ჯოს გაუმარჯოს!!!! წარმომიდგინეთ მე, ამ მომენტში, როგორ გავხედე გვერდიდან ეჭვის თვალით ჩემი კომპიუტერის ეკრანს. ფემინიზმის გამარჯვება, არა? ეგ როგორ? რომელი ფემინიზმის? ახლა რომ ქაქის სამი ფენა მოვყევი, იმ ქაქის ფენოვანი ნამცხვრის ფემინიზმის? თქვენ ახლა ზეიმობთ სამი აფრიკელი ქალის მიერ ნობელის პრემიის აღებას ისე, თითქოს თქვენ თავად მიგეღოთ, მაშინ, როდესაც თქვენი მოძრაობის მნიშვნელოვანი და მაღალი ხილვადობის მქონე ნაწილი არ დაუდგა გვერდით უთვალავ აფროამერიკელ ქალს, რომლებსაც ლანძღავენ, თან ლანძღავენ ამ წუთას, ღილაკის ერთი დაჭერით, ასევე თქვენი მოძრაობის სახელით? მაგრამ უცებ ეს სამი აფროამერიკელი ქალი ფემინიზმის გამარჯვებაა? უკცრავად, მაგრამ, ჰა? მგონი რაღაცას ვერ ჩავწვდი. ა, ჰო! კი, მე დამავიწყდა, რომ “დააკავშირე წერტილებს” ვთამაშობ და ამ თამაშში მოვლენების ერთმანეთისგან განცალკევება არ გამოდის.

მეტიც, ისევ, უფასოდ, კიდევ უნდა მოგაწოდოთ თქვენი ფემინიზმის ინტერსექციური ანალიზი! ამ სამმა აფრიკელმა ქალმა თვენი ძალისხმევის მიუხედავად მიიღო ნობელის პრემია. იმის მიუხედავად, რომ თქვენ აქტიურად იღწვით მათი შევიწროვებისათვის და მათი ცხოვრების ჩამძღნერებისათვის. იმიტომ, რომ თუ დასავლურ ქვეყანაში ცხოვრობ, შენი სახელით, შენი სახელმწიფო ამ ქალების ცხოვრებას აუტანელს ხდის. ამ ქალებმა რაღაც უზომოდ დიდს მიაღწიეს, მონუმენტურ მასშტაბებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ, სახელმწიფო, რომელიც თქვენს ნაცვლად და თქვენი სახელით მოქმედებს, მათ ათწლეულების, ან, შეიძლება, საუკუნეების მანძილზე ავიწროვებდა. მაგრამ როცა ამ მიღწევებს ვზეიმობთ, როგორც ფემინიზმის გამარჯვებას, ამ ყველაფერს უბრალოდ ვშლით, ვაქრობთ. ჩვენ მათ ჩვენს მოძრაობაში ჩართვას მოვითხოვთ! დების კავშირი! ტაში დავუკრათ ჩვენს დებს, რომლებმაც ნობელის პრემია მიიღეს!

ეგ კი, მაგრამ, არ გამოდის ეგრე. იმიტომ, რომ თქვენი სხვა დები, რომლებიც დასავლური მეინსტრიმული ფემინიზმის უფრო ხილვადი სახეები არიან დღეს, მათი ზედამხედველობის ქვეშ რასიზმის გაუგონარ გამოვლინებას უშვებენ. და თქვენ ვერ იზეიმებთ კონკრეტულად ამ სამი აფრიკელი ქალის გამარჯვებას თუ თქვენ თავად არ გადაინაცვლებთ მათ რეალობაში, თქვენ გარშემო მყოფი არათეთრკანიანი ქალების რეალობაში, თუ თქვენ არ ჰკითხავთ საკუთარ თავს, რატომ ბრალდება ასე ხშირად თქვენს მოძრაობას არათეთრკანიან ქალთა გარიყვა, გაუპატიურების კულტურაში მონობისა და კოლონიალიზმის მემკვიდრეობის არსებობის უგულვებელყოფა, არათეთრკანიანი ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პასიურობა და თუ არ გაიაზრებთ, რა როლი მიუძღვის თქვენს სახელმწიფო მანქანას მიმდინარე, მძლავრ ძალადობაში, რომელიც გლობალური სამხრეთის ხალხზე დღესაც ხორციელდება, ამ მომენტშიც, როცა მე ამ წინადადებას ვწერ.

თუ თქვენი ფემინიზმი აქტიურად არ არის ჩართული ამ მრავალგანზომილებიან ანალიზში, არ გაქვთ უფლება, ეს ქალები თქვენი გამარჯვების ნაწილად მოიაზროთ. იმიტომ, რომ იმ დასავლურ ქალაქში, სადაც თქვენ ეხლა ამას კითხულობთ, არათეთრკანიანი ქალები, ქალები, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგვანან ნობელის პრემიის იმ ლაურეატებს, ყოველდღიურად ხდებიან რასობრივი ძალადობის მსხვერპლნი. და თუ ნობელის პრემიის ეს სამი ლაურეატი თქვენი დები არიან ფემინიზმის მოძრაობაში, მაშინ უნდა გკითხოთ აშკარა და მტკივნეული კითხვა: რატომ არ იმაღლებთ ხმას სხვა, თქვენს მეზობლად მცხოვრები არათეთრკანიანი დების დასახმარებლად; მათ სხეულებზე ხომ ყოველდღე ძალადობენ, მათ ბიჭებს ხომ ციხეში გზავნიან თქვენი უსაფრთხოების სახელით, ისინი ხომ სამსახურს ვერ პოულობენ ინსტიტუციონალური რასიზმის გამო, მათ ხომ დეპორტაციით აგდებენ თქვენი ქვეყნიდან, მათ ბავშვებს ხომ “მოქალაქეობის მისაღებად გაჩენილებს” ეძახიან, მათ ხომ შენი სახელით მოქმედმა სახელმწიფომ სტერილიზაცია ჩაუტარა, ამ ქალებს ხომ ნ***-ებს ეძახიან?!  როგორ შეგიძლიათ მორალური გამართლება მოუძებნოთ შერჩევით სოლიდარობას მხოლოდ “ზოგიერთ” არათეთრკანიან ქალთან, რომელთა მიღწევებიც სიზიფეს ტვირთის მასშტაბისაა, მაშინ, როდესაც თქვენ აქტიურად არ შრომობთ იმ არათეთრკანიანი ქალების პრობლემებზე, რომლებიც თქვენი ქუჩის ბოლოში ცხოვრობენ? როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ორი ჯგუფი ტრაგიკულად არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე?

ქაქის ფენოვანი ნამცხვრის ფენა მეხუთე

მტკივა. ოღონდ მართლა, ფიზიკურად მტკივა ტანის მარჯვენა მხარე. უკვე რამდენიმე დღეა ასე ვარ და ჯერაც ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია ეს ტკივილი. სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცი, რომ მდგომარეობა გამიუარესდა, რაც მთელი ამ ბრაზის გადმონთხევა დავიწყე. კიდევ უფრო ამტკივდა, როცა დოკუმენტების არმქონე იმიგრანტებისგან მიღებული კორპორაციული მოგების შესახებ ვიკვლევდი ჩემი ბოლო პოსტისთვის. პოსტში არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე დღე ვიკითხე იმიგრანტების სხეულებზე განხორციელებული ძალადობის ამბები. იმ ფილმის ტრაილერიც ვნახე, რომელიც ელიმ მირჩია ერთ-ერთ კომენტარში. და ვიტირე, როცა ეთიოპიელი ქალი ჰყვებოდა, როგორ იძალადეს მასზე კონტრაბანდისტებმა, და როცა მერე ეს ყველაფერი ევროკავშირის თანამონაწილეობას დაუკავშირა.  ის ჩემი უსაფრთხოების სახელით გააუპატიურეს. იმიტომ, რომ მე ევროპული ქვეყნის კანონიერი მოსახლე ვარ, უნდა გავაცნობიერო, რომ სახელმწიფომ ჩემი სახელით მისაღებად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ამ სხეულზე იძალადეს. და კიდევ იმიტომ მტკივა, რომ, მართალია, ბევრი მონდომება ჩავდე ამ პოსტის დაწერაში, მაგრამ დიდად ვერავინ დავაინტერესე. არადა, ამისკარგიც რო მოვტყან, უნდა გაინტერესებდეთ! არა იმიტომ, რომ მე დავწერე, ტყუილია, არა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შენი სახელით ხდება. იმიტომ, რომ თუ შენ დასავლური ქვეყნის კანონიერი მოსახლე ხარ, მაშინ შენი სახელმწიფო შენი სახელით ადამიანებზე ძალადობს. ამ იმიგრანტ, არათეთრკანიან სხეულებს ისე ექცევიან, თითქოს კაპიკის ფასიც არ ქონდეთ, იმიტომ, რომ შენ მიეცი შენ სახელმწიფოს ამის გაკეთების უფლება. და მაინც, ძალიან ცოტა ადამიანს მოხვდა გულზე ეს პოსტი, ძალიან ცოტამ ჩათვალა ის მნიშვნელოვნად. მე ფეხზე მკიდია ის ფაქტი, რომ ეს პოსტი მე დავწერე. უფრო მეტიც, ამ მომენტიდან ყოველ თქვენგანს გაძლევთ უფლებას, ჩემი ნათქვამი თქვენს სიტყვებად გაასაღოთ. ნუ მახსენებთ მე, როგორც ავტორს, თუ არ მოგინდებათ. მთავარია, რომ იმ პოსტში დაწერილი სიტყვები ამ საკითხის განსახილველად გამოიყენოთ. თუ დაგჭირდათ, ხალხს უთხარით, რომ ის თქვენი დაწერილია. მაგრამ, თუ თქვენ თავს ფემინისტებს უწოდებთ და ფეხზე გკიდიათ, რომ ზოგიერთი ქალი არაადამიანურ პირობებში აჩენს შვილს და მათი შვილები ისეთ აუტანელ მდგომარეობაში არიან, რომ ტუჩები ამოიკერეს, მაშინ მე თქვენი მოძრაობის წევრი არ ვარ. და თუ თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენი წილი პასუხისმგებლობა დაინახოთ ამ ქმედებებში, რომლებიც თქვენს ეზოებში ხდება, მაშინ ერთ-ერთ ჩვენგანს არ აქვს უფლება, თავს ფემინისტი უწოდოს. და თუ თქვენ ვერ ხედავთ, თუ რატომ არის ეს საკითხი ასე ღრმად დაკავშირებული ყველაფერ ზემოთთქმულთან, არათეთრკანიან ქალებზე ძალადობასთან, გაუპატიურების კულტურასთან, კოლონიალიზმთან, გლობალური სამხრეთის ხალხის მიმართ ჩვენს ქედმაღლობასთან, იმასთან, თუ ვისი სხეული ითვლება ადამიანად და ვისი _ არა (და, როგორც ასეთი, გაუპატიურებისთვის შეუფერებლად), ინსტიტუციურ ძალადობასთან, იმ ომებთან, რომლებსაც ჩვენი ერები ამ ადამიანების მშობლიურ ქვეყნებთან იწყებენ… თუ თქვენ ამ ყველაფერს ერთი სურათის განუყოფელ ნაწილებად ვერ ხედავთ, ქაქის ერთი გიგანტური, ფენოვანი ნამცხვრის ნაწილად, მაშინ, ალბათ, არ უნდა დავუძახო ჩემს თავს ფემინისტი. ალბათ, მართლაც მარტო ისღა დამრჩენია, ცეცხლის ალი ვესროლო ფემინიზმს.

ჯერ არ ვაპირებ ამის გაკეთებას. მაგრამ ფემინიზმო, უნდა გაგაფრთხილო, ჩემი ალის მსროლელი მანქანა სრულ მზადყოფნაშია.

და შენ მე იმედები გამიცრუე. ჩემი კატები სიამოვნებით დაგაფსამდნენ.

[1] ინტერსექციური ნიშნავს ზოგადად ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინებისადმი კომპლექსურ ბრძოლას/მიდგომას

 

ინგლისურიდან თარგმნა სალომე ყანჩაველმა

წყარო

მიზოგინია ქართულად

DSC_7614 copy_l

ავტორი: ეკა აღდგომელაშვილი

“…კი ვიცი, რომ სიზმრები (და მითუმეტეს სხვისი) ძაან უადგილოა ამ დაძაბულობაში, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დამესიზმრა, რომ თმასთან ერთად თავიდან კენჭები და დიდი ქვები მცვიოდა, მე კიდევ იატაკზე დავცოცავდი და ყველაფერს უნიტაზში ვყრიდი. მაგრამ მაინც ყველგან ქვები ეყარა…”

ანეს ფეისბუქის სტატუსიდან…

რამდენჯერმე ვცადე ბლოგის დაწერა. არ გამომდის. გაბრაზებული ვარ. თუმცა, ანეს სტატუსი არ მასვენებს – სიზმრად ნანახი ქვები ერთდროულად სხვადასხვა ასოციაციებს მიჩენს: მახსენებს ირანელი ქალის, საქინე მუჰამედ აშთიანის მხარდასაჭერად 4 წლის წინ გამართულ აქციას, რომელსაც ქვებით ჩაქოლვა ჰქონდა მისჯილი, ჩვენთან მოკლულ ქალებს, რომლებიც საჯაროდ „დასაჯეს“ ურჩობისთვის (ქუჩაში, სოფლის ცენტრში, უნივერსტეტში) და დღევანდელ სიტუაციას. ზუსტად ანესნაირი შეგრძნება მაქვს:  თითქოს ყველა მხრიდან ქვებს ისვრიან – არც ძალიან დიდს, რომ უცბად მოგკლას და არც ისე პატარას, რომ არაფერი გავნოს.

 

***

მეჩვენება, რომ გარედან უამრავი ძალისხმევა იხარჯება იმაზე, რომ მთავარი თემა დაიკარგოს. თემა, რომ ჩვენთან ქალებს კლავენ. რომ ეს ძალადობა სისტემურია. რომ ამ ძალადობაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს – საზოგადოებიდან დაწყებული მედიითა და სახელმწიფოთი დამთავრებული; რომ ქალებზე ძალადობის პირველი ხელშემწყობი ქვეყანაში ქალის არათანაბარი სტატუსი, მისი დაქვემდებარებული მდგომარეობაა. ჩვენ გვკლავენ იმიტომ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება უარს გვეუბნება თანაბარ მონაწილეობაზე, რესურსების სამართლიან გადანაწილებაზე, კანონის, კულტურის რეალურ სუბიექტად ყოფნაზე.

ყველაფერზე მსჯელობენ ამის გარდა. ადანაშაულებენ მსხვერპლს (და არა მოძალადეს); მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ „მკვლელის დედას“; გვაძლევენ „მეგობრულ“ რჩევებს – როგორ მოვიქცეთ, რომ არ გავაღიზიანოთ პოტენციური მოძალადეები ან როგორ შევარჩიოთ არამოძალადე ქმრები; მოჰყავთ სხვა ქვეყნების სტატისტიკა (გვახსენებენ, რომ მხოლოდ საქართველოში არ კლავენ ქალებს); რიტორიკაში თამარ-მეფე ნელ-ნელა მედეამ ჩაანაცვლა; მკვლელების „სუსტ“ ფსიქიკაზე დარდმა და წუხილმა, რომელიც ვერ უძლებს, რომ „მამაკაცობას ართმევენ“ წალეკა ტელევიზია და სოციალური ქსელები; აგრესიის ტალღას ზოგი 9 წელს აბრალებს, ზოგი ამნისტიას, ზოგიც რუსეთს…

ნაწილი ტვინს იწურავს და ფემინიზმისა და ფემინისტების კრიტიკით იქცევს თავს; ნაწილი ქალთა მოძრაობის ერთიან კონცეფციას ითხოვს; ზოგს პროტესტის ფორმები არ მოსწონს, ზოგსაც  – ქალების „აგრესია“ და „სიძულვილი“ (ოღონდ, ვერ ვხვდები, უფროსი შვილივით, ყოველთვის ქალებს რატომ მოგვეთხოვება დათმობა, კონსტრუქციულად და თავშეკავებულად საუბარი და/ან მოქმედება). ამ ორომტრიალში თანამედროვე „ფემინისტური თეორიებით“ აღჭურვილი ქართული ფემინიზმის ფეიკი მამებიც გამოჩნდნენ. ბელადომანიის, ყველგან და ყველაფრის ცენტრში კი არადა, თავში ყოფნის ვნებას კი პოსტფემინისტური იდეოლოგიის უპირატესობითა და წინწასულობით  ფუთავენ (ეგღა სჭირდება ქართულ ფემინიზმს ბოლო ქვის დასადებად – ბელადი და ისიც კაცი. ისე, ხშირ-ხშირად იმეორებენ და კი იქნებოდა მერე მართლა „პირველად საქართველოსა და მსოფლიოში…“)

ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში – სოციალიზაციისათვის განკუთვნილი სივრცეების მოთხოვნილება და საჭიროება იზოლაციონიზმად ფორმდება; პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ სხვამ ილაპარაკოს ჩემს ნაცვლად და ჩემი სახელით  – „მოძველებულ“ ფემინისტურ სტრატეგიად … ეგ კი არა, მეინსტრიმფემინიზმის კრიტიკაში გადაიჭრა ხალხი.

არადა, მართლა ქალების და ფემინიზმის ბედი რომ გადარდებდეთ და არა  საკუთარი „ინტელექტის“ წარმოჩენა (და/ან პრივილეგიების შენარჩუნება), დარწმუნებული ვარ, გვერდით გადადებდით ყველა თეორიას, ულაპარაკოდ ჩამოხვიდოდით მაგ პედესტალიდან და ქალებს ჰკითხავდით, დღეს რა უჭირთ და რა სჭირდებათ.

როცა ჩვენ უკეთ ვიცით თუ რა უნდათ/სჭირდებათ ქალებს

იმაზე საუბარი თუ რა “სიკეთეები” მოგვიტანა ამგვარმა მიდგომამ პოლიტიკაში, შორს წაგვიყვანს. არც დრო მაქვს ამაზე წერისათვის და არც ხალისი. სხვა დროს იყოს. „დავეშვები“ სამოქალაქო სექტორამდე და ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ბევრჯერ და ბევრგან გამიმეორებია ეს ისტორია. ვფიქრობ, იმ მრავალი გაკვეთილიდან, აქ ყველაზე უკეთ ჩანს ამგვარი მიდგომისა და პოლიტიკის შედეგები.

რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანული თემით დასახლებულ სოფელში, სადაც წყლის პრობლემა იყო (წყალი ორ ადგილას იყო მხოლოდ სოფელში და ქალები და გოგონები ზურგით, სპილენძის თუნგებითა და ბიდონებით ეზიდებოდნენ წყალს სახლებში),  ქალების ამ მონური შრომითა და ყოფით შეწუხებულმა ადამიანებმა, ერთ-ერთი სათემო პროექტის ფარგლებში, ეზოებში წყლის შეყვანა გადაწყვიტეს. თანხაც იშოვეს და საქმესაც ბოლომდე მიჰყვნენ – ყველა ეზოში შეიყვანეს წყალი, ონკანებიც დააყენეს. ერთი-ორი კვირის შემდეგ, პრობლემებმა იჩნა თავი – ერთგან ონკანი მოიშალა, მეორეგან, მილი ამოივსო მიწით, მესამეგან გასკდა თუ გატყდა… მიზეზების ძიება რომ დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ ქალები აფუჭებდნენ მილებს. სწორედ ის ქალები, რომლებიც დღის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ, ზურგით ეზიდებოდნენ წყალს სახლებში და სარეცხს წყაროზე ცივი წყლით რეცხავდნენ. უბრალოდ, წყარო ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სახლსა და ეზოებში გამოკეტილებს ერთმანეთის ნახვა და ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ.

ვინმეს რომ სათვალავში ჩაეგდო ეს ქალები და სანამ „ყოფას შეუმსუბუქებდნენ“, წინასწარ დაჰკითხვოდა რა უჭირდათ და რა სჭირდებოდათ,  არც ფული დაიხარჯებოდა ტყუილად, არც დრო და არც სხვა რესურსი.

თავი რომ დავანებოთ ამ გაუმართლებელ  დამოკიდებულებას იმათ მიმართ, ვისაც „ვეხმარებით“ (თუმცა, მგონია, რომ ძაღლის თავი სწორედ აქ მარხია – მათი, როგორც სუბიექტის ნებისა და სურვილის იგნორირებით,  ძირშივე ვკლავთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა), მხოლოდ თეორიებისა და კანონების ცოდნა, ჩვენი შეხედულებები სამართლიანობასა და სოციალურ თანასწორობაზე და ამის საფუძველზე კაბინეტებსა და ოფისებში სტრატეგიების ღეჭვა დროის ფუჭად ხარჯვაა მხოლოდ.

იმ ქალებზე რაღას ვლაპარაკობ, როცა ჩვენც კი, ქალებს, რომელთაც თითქოს სტატუსიც გვაქვს, ცოდნაც, გამოცდილებაც, უნარიც საკუთარი სახელით ვილაპარაკოთ, პირზე ხელს გვაფარებთ, მე უკეთ ვიცი და ვიტყვი რა ან როგორ გჭირდებათო.

განსხვავებულობის ნიველირება

რაც არ უნდა მარგინალიზებული ჯგუფი იყოს, კაცს ყოველთვის მეტი სივრცე ჰქონდა და აქვს სოციალიზაციისათვის, ვიდრე ამ ჯგუფის შიგნით მყოფ ქალს – ეთნიკური უმცირესობით დაწყებული ლგბტ ჯგუფით დამთავრებული; არა თეორიებზე, არამედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით (რომელიც ყველა თეორიაზე ძვირფასად და ქმედითად მიმაჩნია), რომ დღეს და აქ, სწორედ ეს განსხვავებულობის აღიარებისა და  შესაბამის მიდგომებზე მიმართული სტრატეგია მუშაობს.

განსხვავებულობის ნიველირებას, იმის არაღიარებას და სახელდებას, რომ გენდერული უთანასწორობა სწორედ მამაკაცების სასარგებლოდ ირღვევა და/ან ძალადობის მსხვერპლი უმეტესწილად ქალია, გენდერულად ბრმა და ნეიტრალურ პოლიტიკასა და კანონებს მივყავართ იქამდე, სადაც დღეს აღმოვჩნდით. ასე ხდება და მოხდება, როცა არ ითვალისწინებ შენი ქვეყნის რეალობასა და კონტექსტს.

ჩვენ არ ვცხოვრობთ არც ჩაკეტილ აკადემიურ სივრცეში, არც პოსტ-საქართველოში. ჩვენ დღევანდელ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქალებს ხოცავენ, იმიტომ რომ ისინი ქალები არიან და პოსტმოდერნისტული ფემინისტური ხედვები და ქვიარ თეორიების ცოდნა ამ ფაქტებს ვერ ცვლის.

“საკუთარი ოთახი”

ქალებისკენ ქვების სროლის კიდევ ერთი წინაპირობა, სავსებით უწყინარი ფრაზა – „მარტო ქალები ვიკრიბებით“ – გახდა. ცხადია, ვუტრირებ. მშვენივრად მესმის, რომ ფრაზა კი არა, ამ ფრაზის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი სპეკულაციები იქცა ერთგვარ ტრიგერად ძალადობის ახალი ტალღის წარმოსაქმნელად (ასეთ ტექნოლოგიებს პოლიტიკური პარტიებიც ხშირად იყენებენ, რომ მოვლენების ცენტრში მოექცნენ. ჩვენს უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, ასეთი „ცხელი თემებით“ სპეკულირება საბოლოოდ ბანალური ჩანაცვლებით მთავრდება – თემის წამოწევისათვის „მიჯირყვნილი“ პარტია საბოლოოდ ენაცვლება რეალურ მსხვერპლს და მთელი ყურადღება მისკენ გადადის, თემა კი ისევ ჰაერში რჩება). მეორეა, რომ სპეკულაციას ბევრი წამოეგო და მაშინვე ქალების კაცთმოძულეობასა და იზოლაციონიზმზე ალაპარაკდა.

ჯგუფის დიდმა ნაწილმა, ამგვარი რეაქცია თავდასხმად, მათი კუთვნილი სივრცისა და ხმის გაკონტროლების მცდელობად აღიქვა და სავსებით სამართლიანადაც. ფეისბუქზე ატეხილი hy(he)steria დღესაც გრძელდებათუმცა, კარგია, რომ პროტესტის მონოპოლიზაციის მცდელობა ისევე ჩავარდა, როგორც აქტივისტთა ჯგუფების გახლეჩვის/დაფანტვის მცდელობები (ამ ეტაპზე მაინც). თავად, პრობლემას ვერც ცალკეულ საპროტესტო აქციებში ვხედავ. პირიქით, მივესალმები კიდევაც, რადგან ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივად აღმოვჩნდებით ხოლმე ერთმანეთის მხარდამხარ და ერთ პლატფორმაზე ჩვენ-ჩვენი ინდივიდუალური ფასეულობების გამო და არა ხელოვნურად, როცა სხვის დაგეგმილ აქციას სოლიდარობის გამო ვუერთდებით. მეორე მხრივ, ეს ის საკითხია, რომლის პრობლემატიზაციასაც მართლა სხვა მასშტაბები სჭირდება. ცხადია, ყოველგვარი ბელადების, პარტიების, ბრენდებისა და მონოპოლიების გარეშე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამას.

საკუთარი სივრცის არსებობის აუცილებლობასა და საჭიროებაზე (განსაკუთრებით ქალებისათვის),  სოლიდარობის მნიშვნელობაზე, ჯგუფების იძულებით გეტოიზაციაზე, ქალთა საკითხებში თავად ქალების აქტიურობაზე სხვა დროს დავწერ. ისედაც ძალიან გამიგრძელდა სათქმელი.

***

ბლოგს კი ისევ ვირჯინია ვულფის ვრცელი ციტატით დავასრულებ: ” მე მჯერა, რომ თუ ჩვენ გავაგრძელებთ საუკუნის მანძილზე არსებობას – მე ვლაპარაკობ ჩვენს საერთო სიცოცხლეზე და არა ცალკეულ პატარა სიცოცხლეებზე, რომლებიც ინდივიდუალურად გაგავაჩნია; და თუ თითოეულ ჩვენგანს ექნება წელიწადში ხუთასი ფუნტი და საკუთარი ოთახი; თუ ჩვენ შევეჩვევით თავისუფლებას და გაბედულად ზუსტად იმის წერას, რასაც ვფიქრობთ; თუ დროდადრო გავექცევით საერთო სასტუმრო ოთახებს და შევეცდებით, ადამიანებს არ ვხედავდეთ ყოველთვის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ ზოგჯერ ვხედავდეთ მათ დამოკიდებულებას რეალობასთან, ცასთან და მიწასთან და ნებისმიერ რამესთან, რაც თავისთავადია; თუ ჩვენ მილტონის ჩრდილის მიღმა გავიხედებით, რადგან არცერთმა არსებამ არ უნდა გადაფაროს ხედი ჩვენს თვალწინ; თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ სინამდვილეს, რომ არ არსებობს მაჯა, რომელსაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, არამედ მარტოები მივდივართ ცხოვრების გზაზე და რომ ჩვენ ვარსებობთ რეალობის სამყაროში და არა მხოლოდ მამაკაცების და ქალების სამყაროში, – მაშინ შესაძლებლობა გაჩნდება და მკვდარი პოეტი, რომელიც შექსპირის და იყო, მრავალჯერ გარდაცვლილი, კვლავ განსხეულდება. ის მოიპოვებს თავის სიცოცხლეს იმ უცნობი ქალების სიცოცხლეთა წყაროდან, რომლებიც მისი წინამორბედები იყვნენ; და როგორც ეს მისმა ძმამ მოახერხა მასზე ადრე, ის დაიბადება. მისი დაბადება შეუძლებელია მზადების გარეშე, ჩვენი მხრიდან მცდელობის გარეშე, მიზნად იმის დასახვის გარეშე, რომ როდესაც ის დაიბადება, დავახვედროთ შესაძლებლობა, რათა იცხოვროს და თავისი პოეზია თხზას. მაგრამ მე მჯერა, რომ ის მოვა, თუკი ჩვენ მისთვის ვიშრომებთ; ხოლო მისთვის, სიღატაკესა და გაურკვევლობაშიც კი, შრომა და სიცოცხლე ნამდვილად ღირს.”  (თარგმანი ლელა სამნიაშვილისა).

შრომა და სიცოცხლე ნამდვილად ღირს, როცა იცი ვისთვის და რისთვის… ამ ორომტრიალმა კიდევ ერთი რამ დანამახა ნათლად – უკვე ბევრნი ვართ, ვინც ჩვენსკენ ნასროლ ქვებს ვულფის მსგავსად ჯიბეებში არ ჩავილაგებთ და მორჩილად გავუყვებით გზას მდინარისკენ. დანარჩენს კი მომავალი გვაჩვენებს.