კატეგორიის არქივი: ბიოგრაფიები

ადრიანა რიჩი – ლესბოსურ მემკვიდრეობითობაში შენარჩუნებული ძალა იძულებითი ჰეტეროსექსუალობის წინააღმდეგ

8th May 1987: American poet Adrienne Rich gestures and smiles while sitting in an office at W. W. Norton Publishers, 500 Fifth Avenue, New York City. (Photo by Neal Boenzi/New York Times Co./Getty Images)
1987 წლის 8 მაისი. ნიუ იორკი.

ადრიანა სესილ რიჩი დაიბადა 1929 წელს ბალტიმორში, მერილენდის შტატში. მამამისი მედიცინის პროფესორი, დედა კი კომპოზიტორი და პიანისტი იყო. რიჩი თავის ბავშვობას ასე ახასიათებს: “დავიბადე დიდი დეპრესიის დამდეგს; ჰიროსიმას და ნაგასაკის წელს თექვსმეტი წლის შევიქენი; ებრაელი მამისა და პროტესტანტი დედის შვილმა გენოციდის შესახებ კინოქრონიკიდან შევიტყე, რომელიც სიკვდილის ბანაკებიდან პატიმართა გათავისუფლების შესახებ მოგვითხრობდა. მე ვიყავი ახალგაზრდა თეთრი ქალი, რომელსაც არასდროს განუცდია შიმშილის გრძნობა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სახლი და რომელიც დანაწევრებული ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა”.

1951 წელს რიჩი რედკლიფ-კოლეჯს ამთავრებს. ამავე წელს გეი პოეტმა ვ. ჰ. ოდენმა რიჩის ლექსების პირველი კრებული “სამყაროს ცვლა” იელის უნივერსიტეტის პრემიის მოსაპოვებლად წარადგინა, რომელსაც ახალგაზრდა პოეტებს ანიჭებდნენ. 1953 წელს რიჩი ცოლად ჰარვარდელ ეკონომისტს, ალფრედ კონრადს მიყვება. თავის წიგნში “ქალად დაბადებული” (1976) პოეტი დეტალურად აღწერს ქალის ტრადიციული როლისა და პოეტის ბედის შეთავსების ამაო მცდელობებს. მისი ლექსების მეორე ტომი “ალმასების მჭრელები” 1955 წელს გამოქვეყნდა. ორივე ადრეული წიგნი მოკრძალებული დახვეწილობით გამოირჩევა, თუმცა 50-იანი წლების ბოლოს მისი სტილი იცვლება, 60-იანი წლების ნამუშევრებში კი, განსაკუთრებით, “ცხოვრების მოთხოვნილებებსა” (1960) და “ფოთლებში” (1969) უფრო და უფრო აქტიური პოლიტიკური პოზიცია ვლინდება.

1966 წელს რიჩი ნიუ-იორკის სიტი-კოლეჯში პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს პროგრამის “ღია მიღება” ფარგლებში. მის პროფესიულ ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. სწორედ ამ დროს გაიცნო აფროამერიკელი პოეტები ალიას უოლკერი და ოდრი ლორდი, რომლებიც ამავე კოლეჯში ასწავლიდნენ. როდესაც კრებულს “Diving into the wreck” (1973) საუკეთესო წიგნისთვის ნაციონალური პრემია მიენიჭა, რიჩმა უარი განაცხადა ინდივიდუალურ ჯილდოზე. ნაცვლად ამისა უოლკერთან და ლორდთან ერთობლივ განცხადებაში, რომლებიც ასევე წარდგენილნი იყვნენ ჯილდოზე, რიჩი წერდა, რომ ჯილდოს მიიღებს “ყველა იმ ქალის სახელით, რომელთა ხმებიც არ ისმოდა და კვლავაც არ ისმის მამაკაცთა სამყაროში”.

1970 წელს, ქმრის თვითმკვლელობის შემდეგ, რიჩი უფრო ღიად გამოხატავს რადიკალურ ფემინიზმს და ლესბოსურ სეპარატიზმს. თავის ლექსებს არა ფართოდ ცნობილ ჟურნალებში, არამედ ისეთ ფემინისტურ გამოცემებში აქვეყნებს, როგორებიც იყო “ამაზონ ქუორთლი”, “ჰერესისი” და “13 მუნ”. 1981-1983 წლებში მიშელ კლიფთან ერთად რედაქტორად მუშაობს ლესბოსურ ჟურნალში სახელწოდებით “სინისთერ უისდომ”.

უკვე ნახსენები კრებულების გარდა, ამერიკის მოქმედ პოეტ ქალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტ ადრიანა რიჩს ლექსების მრავალი ტომი აქვს გამოქვეყნებული. ლესბოსური სიყვარულის შესახებ მის საუკეთესო ლექსებს ნახავთ კრებულში “ოცნებები საერთო ენაზე” (1978). რიჩი ავტორია ესსეების სამი კრებულისა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ფემინისტებისა და ლესბოსელების აზროვნების თანამედროვე სახეზე. ესენია: “არალოიალობა ცივილიზაციის მიმართ: ფემინიზმი, რასიზმი, ქალთმოძულეობა” (1978), “სიცრუეზე, საიდუმლოებებსა და მდუმარებაზე” (1979), ასევე “სისხლი, პური და პოეზია” (1986).

რიჩის, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ესსეა “იძულებითი ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელების არსებობა”, ნამუშევარი, რომელმაც პასუხი გასცა ბევრი ცნობილი ფემინისტისა და ლესბოსელის კითხვებს. ამ ესსეში რიჩი ამტკიცებს, რომ “ჰეტეროსექსუალობა, ისევე როგორც დედობა, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ვიკვლიოთ როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი”. მისი თქმით, ქალების უმეტესობას აიძულებენ ჰეტეროსექსუალობას, რადგანაც საზოგადოება მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს. ავტორი ჩამოთვლის ბევრ ხერხს, რომლითაც ქალებზე მამაკაცთა გავლენა ნარჩუნდება: ქალებისთვის მათი საკუთარი სექსუალობის წართმევა და მათთვის მამაკაცური სექსუალობის თავსმოხვევა, ქორწინებისა და დედობის ინსტიტუტის მეშვეობით მათი შრომის ექსპლუატაცია, გაუპატიურების მუქარის მეშვეობითა და სხვა სახის ძალადობის მექანიზმების გამოყენებით ქალების გადაადგილების შეზღუდვა, ქალების შემოქმედებითი ენერგიის გამოვლინების შეუძლებლობა და სოციალური ცოდნის უზარმაზარ სფეროსთან მათი დაახლოების დაუშვებლობა. რიჩი მიდის დასკვნამდე, რომ “ჩვენ ვეჯახებით არა მხოლოდ უთანასწორობის და საკუთრების უფლების არქონის უბრალო მცდელობას, არამედ ძალების კონცენტრაციას, დაწყებული ფიზიკური უხეშობიდან დამთავრებული ცნობიერების კონტროლით, რაც თავისთავად გულისხმობს კონტრ-ძალის უზარმაზარი პოტენციალის შეკავების აუცილებლობას”.

ქალები მაინც პოულობდნენ ამ დამთრგუნველი მამაკაცური ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხერხებს. ეს წინააღმდეგობა და კონტრ-ძალა ნაწილობრივ “ლესბოსურ მემკვიდრეობითობაში ნარჩუნდებოდა” – ამბობს რიჩი. ლესბოსური წრე სხვა არაფერია თუ არა ქალის თვითგანსაზღვრის გამოცდილების სფერო – სფერო, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებას მოიცავს; ეს არ არის მხოლოდ ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალს ჰქონდა ან უნდოდა სხვა ქალთან სქესობრივი ურთიერთობების გამოცდილება. თუკი ამ სფეროს გავაფართოებთ, რათა მოვიცვათ ქალებს შორის თავიდანვე დატვირთული ურთიერთობების ფართო სპექტრი, შინაგან ცხოვრებაში მონაწილეობის, კაცთა ტირანიის წინააღმდეგ ერთიანობის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გამოვლენის ჩათვლით; თუკი ასევე გავითვალისწინებთ ისეთ მოტივებს, როგორიცაა ქორწინებისადმი წინააღმდეგობა, დავიწყებთ ქალთა ღრმა ფსიქოლოგიის შემეცნებას, რომელიც ლესბოსელების შეზღუდული, უმეტესწილად კლინიკური განსაზღვრის შედეგად შემეცნების მიღმა იმყოფებოდა. რამდენადაც ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს კაცობრიობის ისტორიის ჭრილში ძირეულად გადავაფასოთ ქალთა ურთიერთდამოკიდებულება და ამ ურთიერთდამოკიდებულების ყველა ნაირსახეობა, არც ერთი თანამედროვე კონცეფცია არ ყოფილა ისე კეთილისმყოფელი ლესბოსელთა აზროვნებისათვის, როგორც რიჩის იდეები ლესბოსური მემკვიდრეობითობის შესახებ. რიჩმა წარმატებას მიაღწია ლესბოსელთა შესახებ დისკუსიის წესების შეცვლაში, რაც იმდენად დამაჯერებლად მოახერხა, რომ ეს შეუმჩნეველიც არ დარჩა.

პროფესორი ადრიანა რიჩი სტენფორდის უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლის და ფემინისტურ მოძრაობას იკვლევს.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Adrienne Rich, one of the most significant representatives of feminist philosophy. Short review of important works.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

ანა ფროიდი – მასტურბაციის ფენომენის შესწავლიდან სექსუალური სურვილების სუბლიმაციამდე

anna-freud

ანა ფროიდი დაიბადა 1895 წლის 3 დეკემბერს ვენაში. ის ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი იყო და ერთხელ თქვა, რომ ფსიქოანალიზთან ერთად იშვა, რადგანაც ფროიდმა სწორედ 1895 წელს დაიწყო მუშაობა სიზმრების ინტერპრეტაციაზე – ნაშრომზე, რომელიც შემდეგ მის ქვეცნობიერის თეორიას დაედო საფუძვლად. ანა განათლებას სახლში იღებდა და ადრეული წლებიდან ესწრებოდა ვენის ფსიქოანალიტიკოსების საზოგადოების კრებებს, სადაც ხშირად სიტყვით მამამისი გამოდიოდა. ახალგაზრდობაში ხუთი წლის მანძილზე დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. ამ სამუშაომ მას ბავშვთა ფსიქოლოგიისადმი გაუღვივა ინტერესი. პარალელურად იგი მამამისთან ანალიზის კურსს გადიოდა (ეს იყო ფსიქოანალიზის პირველი ნაბიჯები, სანამ ეთიკური მოსაზრებების გამო მეგობრებსა და ნათესავებთან მუშაობა აიკრძალებოდა) და ჰოსპიტალში ფსიქიატრიული შემოვლების დროს თან დაყვებოდა.

ანა ფროიდის პირველი სტატია “შემტევი ფანტაზიები და დღის სიზმრები” განიხილავს ხერხებს, რომლებსაც ადამიანები მასტურბაციის შესაწყვეტად იყენებდნენ. ამ ნამუშევრის წყალობით იგი ვენის ფსიქოანალიტიკოსების საზოგადოებაში მიიღეს. ანა ფროიდმა კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი. მის პაციენტებს შორის აღმოჩნდნენ მდიდარი ამერიკელი ქალბატონის დოროთი ბერლინგჰემის ქალიშვილი და ვაჟიშვილი. ბერლინგჰემი თავის ფსიქიკურად დაავადებულ ქმარს ახალდაშორებული იყო. მალე ორ ქალს ერთმანეთი შეუყვარდა. მათი ურთიერთობა ისე გაღრმავდა, რომ ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა.

1927 წელს ფროიდმა გამოაქვეყნა სტატია “ბავშვის ანალიზის ტექნიკის შესავალი”, სადაც ნოვატორულად მიუდგა ბავშვთა ფსიქოლოგიას. მოსაზრებამ ბავშვის განვითარებაში გარემოცვის როლის შესახებ და “თამაშის თერაპიის” ეფექტურობამ ანა ფროიდი იმ დროის ბევრ წამყვან ფსიქოანალიტიკოსს დაუპირისპირა და ანალიზის ვენის და ბრიტანეთის სკოლებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაზარდა.

ნაშრომში “ეს თავდაცვის მექანიზმიცაა” (1936) ანა ფროიდი აანალიზებს წინააღმდეგობას, რომელსაც ის ადამიანის თავდაცვის მთავარ მექანიზმად მიიჩნევდა. ეს არის ქვეცნობიერი პროცესი, რომლის მეშვეობითაც ბავშვი ქცევის ძირითად ნორმებს ითავისებს. მაგრამ ანა ფროიდს მიაჩნდა, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ეს მექანიზმი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. მოცემული არაორდინარული ნაშრომი ეგოს ფსიქოლოგიის შესწავლასა და მოზარდის ფსიქოლოგიის განვითარებაში გამყოფ ხაზად ითვლება.

1938 წელს ნაცისტების მიერ ავსტრიის ოკუპაციისთანავე ანა ფროიდი დააპატიმრეს, მამამისის სახლი კონფისკაციაში მოჰყვა. ანა მალევე გაათავისუფლეს, ხოლო სამი თვის შემდეგ მამასთან ერთად, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და თითქმის ოცი წლის განმავლობაში ებრძოდა ამ მომაკვდინებელ სენს, იგი ტოვებს ავსტრიას და ლონდონში სახლდება. ზიგმუნდ ფროიდი მომდევნო წელს გარდაიცვალა. მამის სიკვდილმა ანაზე ძალიან იმოქმედა. ანა მამის მუდმივი ინტელექტუალური კომპანიონი იყო და ხანგძლივი ავადმყოფობის პერიოდში უვლიდა. მისი სიკვდილის შემდეგ ანა ფროიდის ნაშრომების მეტი წილი ფსიქოანალიტიკოსების ახალი თაობის მიერ ზიგმუნდ ფროიდის ანალიზის პრინციპების დამახინჯების აღკვეთისკენ იყო მიმართული.

1941 წელს ანა ფროიდი და დოროთი ბერლინგჰემი აარსებენ ჰემპსტედის სამხედრო თავშესაფარს ბავშვებისთვის, რომლებიც ომის დროს მშობლებს მოწყდნენ. თავიანთ მუშაობას ისინი ასახავდნენ სტატიებში: “პატარა ბავშვები ომის დროს” (1942), “ჩვილები ოჯახის გარეშე” (1943) და “ომი და ბავშვები” (1943).

ომის დასაწყისში ბერლინგჰემს ახალგაზრდა კაცთან ჰქონდა ხანმოკლე რომანი. ფროიდისთვის მიწერილ წერილში ბერლინგჰემი წერდა: “ჩემი წერილებიდან შენ მიხვდი, რომ მე მეშინოდა – მეშინოდა გართულებებისა, მეშინოდა იმისა, რომ ჩვენ დაგვაშორებდნენ – მაგრამ მხოლოდ ახლა გავიაზრე ბოლომდე, რომ შემეძლო მართლაც დამეკარგე და ამის შედეგებს ჩემი და ჩვენი, ორივეს ცხოვრების დანგრევა შეეძლო”. მოგვიანებით ბერლინგჰემი დაწერს, რომ ფროიდთან მისი ურთიერთობა ყველაზე მშვენიერი ურთიერთობა იყო, რომელიც კი ოდესმე ჰქონია.

1952 წელს ქალებმა ჰემპსტედის საბავშვო თერაპიული კურსები და კლინიკა გახსნეს. ეს იყო ბავშვებს ფსიქოანალიზის მეთოდით მკურნალობის პირველი დაწესებულება. მომდევნო ოცდაათი წელიწადი ანა ფროიდი ამ დაწესებულების დირექტორი იყო. 1968 წელს გამოქვეყნებული წიგნი “ნორმა და პათოლოგია ბავშვებთან” ანა ფროიდის კვლევითი სამუშაოსა და პრაქტიკული გამოცდილების დასკვნას წარმოადგენს. 1979 წელს მან ბოლო გზაზე გააცილა დოროთი ბერლინგჰემი. მისი გარდაცვალების შემდეგ ბერლინგჰემის შვილიშვილმა ანას უთხრა: “მისთვის თქვენ ამქვეყნად ყველაფერი იყავით, თქვენთან ერთად ის ბედნიერად ცხოვრობდა. როგორ გაუმართლა, რომ თქვენი პოვნა და დატოვება მოახერხა”.

ანა ფროიდი 1982 წლის 9 ოქტომბერს ლონდონში გარდაიცვალა. ელიზაბეტ იანგ-ბრეილი ფსიქოანალიტიკურ შრომაში, რომელიც ანა ფროიდის ბიოგრაფიას ეძღვნება, თავისი კვლევის ობიექტის ფსიქიკური სახე წარმოაჩინა. ის წერდა: “მისი მასტურბაციური კონფლიქტი ნაწილობრივ ფანტაზიებში სუბლიმირდა, რომლებიც თანდათანობით თავისუფლდებოდნენ – ჯერ შემტევი ფანტაზიები, შემდეგ დღის სიზმრები, მერე შემოქმედებითი სამუშაო; და ნაწილობრივ კონტროლდებოდა ზოგიერთი იძულებითი ფსიქიკური მოქმედების შემცვლელებით, როგორიც იყო ქსოვა. მან გამოიმუშავა მიუღებელი იმპულსებისა და სურვილებიდან მისაღები გამოსავლის პოვნის, აგრეთვე სხვების ინტერესებისადმი თავისი სურვილების იძულებით და მსხვერპლის სახით დაქვემდებარების ჩვევა…”

“მან მოახერხა სექსუალობაში მეცნიერული ინტერესი ენახა, მაგრამ ვერ შეძლო სექსუალურად აქტიური ყოფილიყო ვერც ჰეტეროსექსუალურ და ვერც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გადამწყვეტი ფაქტი და მისი მთავარი დაცვა სუბლიმაცია იყო, რაც ასევე ნიშნავს: არანაირი წინააღმდეგობა”. იანგ-ბრელი წერს ანა ფროიდის ქალებთან ურთიერთობაზე: “მოთხოვნილებები, რომლებსაც ის ბევრი ქალის ყოლის მეშვეობით იკმაყოფილებდა, უფრო რთული იყო, ვიდრე სიყვარულის და მამაკაცთან მსგავსების უბრალო მოთხოვნილება – რომც გავითვალისწინოთ, რომ მამასთან, როგორც მამაკაცთან გაიგივება შეიძლებოდა ქალიშვილის მამისადმი სიყვარულის ძალის უარყოფა ყოფილიყო, ისევე როგორც მისი ფალიკური სურვილების დაკმაყოფილება”.

შესაძლოა ჩვენ ვერასდროს გავიგოთ არსებობდა თუ არა სექსუალური ურთიერთობა დოროთი ბერლინგჰემსა და ანა ფროიდს შორის. ჭორები ლესბოსელობის შესახებ მათ მთელი ცხოვრება თან სდევდათ. ბერლინგჰემის შვილიშვილი მიქაელი კი მათ “ინტელექტუალ ლესბოსელებს” უწოდებდა და ამით იმაზე მიანიშნებდა, რომ სქესობრივი კონტაქტები თითქმის უმთავრესი ელემენტია ლესბოსურ ურთიერთობაში. ბიოგრაფის, დელ რიჩარდსის თანახმად, ფროიდი და ბერლინგჰემი ერთმანეთს “ტყუპებად და “იდეალურ მეგობრობაში” სრულყოფილ პარტნიორებად მიიჩნევდნენ. ერთმანეთთან სექსუალური კავშირის არსებობის დამტკიცების (ან უარყოფის) აუცილებლობამ ეს ქალები გეების ისტორიაში მოახვედრა. ამ აუცილებლობას მხედველობიდან რჩება ლესბოსური ურთიერთობების ყველაზე აშკარა ასპექტი – მათი ინტელექტუალური მხარე”.

ჩანს ანა ფროიდი საკუთარ თავს ლესბოსელად არ თვლიდა და ამ სფეროში მომუშავე მისი თანამედროვეების უმრავლესობის მსგავსად ჰომოსექსუალობის არანორმალურობა და მისგან “განკურნების” აუცილებლობა სწამდა.

ნოვატორულობამ ბავშვთა ფსიქოლოგიაში და მამამისის თეორიის სიწმინდის დაცვამ ანა ფროიდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აქცია ფსიქოანალიზში – სფეროში, რომელმაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უდიდესი ზეგავლენა იქონია XX საუკუნეში საზოგადოების მიერ გეების შეფასების (და გეების თვითშეფასების) მეთოდზე. თავისი მაგალითით ანა ფროიდი წარმოაჩენს მოსახერხებელ გამოსავალს ქალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ჰეტეროსექსუალობის სტანდარტულ ფორმებს არ სჯერდებიან და სხვა ქალებში დიდ ემოციურ მხარდაჭერას პოულობენ, აგრეთვე “შემოქმედებით სამუშაოში სექსუალური მისწრაფებების “სუბლიმაციას”.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Anna Freud, one of the founders of children’s psychoanalysis, her relationships with Dorothy Burlingham, and her contribution to the development of adolescents’ s psychology.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

ანმარი შვარცენბახი – მარტოსული ფოტოჟურნალისტის 34 წლის ასაკში დასრულებული მოგზაურობა

30-იან წლებში და 40-იანი წლების დასაწყისში შვარცენბახი გერმანულენოვან სამყაროში ცნობილი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ნოველისტი იყო. ის ასევე შვეიცარიის ფაშისტური კურსის ცნობილი კრიტიკოსი და ერთ-ერთი პირველთაგანია 30-იან წლების ამერიკაში რასობრივი უთანასწორობისა და სიღატაკის შესახებ ხმამაღლა მოსაუბრეთა შორის.

ანმარი შვარცენბახი 1908 წელს შვეიცარიულ ოჯახში დაიბადა. ის ღიად ლესბოსელი იყო, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა კონფლიქტს მის კონსერვატიულ და ბურჟუაზიულ ოჯახთან მიმართებაში.

ჟურნალისტად მუშაობა ციურიხის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო, ხოლო პირველი მოთხრობა 1930 წელს გამოაქვეყნა. კლაუს მანისა და ერიკა მანის მეგობარი შვარცენბახი ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ბერლინში ცხოვრობდა. 1934 წელს კლაუსთან ერთად ესწრებოდა მწერალთა კონგრესს მოსკოვში. ფოტოგრაფ მარიან ბრესლაუერთან ერთად მოგზაურობდა ესპანეთში, მათ უნდა მოემზადებინათ რეპორტაჟი პირინეის მთებიდან. 1933 წელს, როდესაც ისინი შინ დაბრუნდნენ, მარიანს ფოტოების დაბეჭდვაზე გაზეთმა უარი განუცხადა, ის ებრაელი იყო და გარეთ უკვე 1933 წელი იდგა. ბრესლაუერი ძალიან მოხიბლული იყო შვარცენბახით, მას ეკუთვნის სიტყვები: “ის არც კაცი და არც ქალი იყო; არამედ იყო ანგელოზი, არქანგელოზი”.

რასაც მოჰყვა მისი ექვსთვიანი ვოიაჟი შუა აზიაში. თეირანში ფრანგი დიპლომატ კლოდ კლარაკზე იქორწინა, რომელიც ასევე გეი იყო. ურთიერთობები ჰქონდა ბევრ ცნობილ ქალთან. მათ შორის ირანში თურქეთის ელჩის ქალიშვილთან, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

1936-1938 წლებში შვარცენბახი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. ამერიკის ნახშირის საბადოების რეგიონებსა და ღრმა სამხრეთში ამერიკელ ფოტოგრაფ ბარბარა ჰამილტონთან-ვრაიტთან ერთად ის ფოტოკამერით ასახავს დეპრესიის პერიოდში მცხოვრები ადამიანების სოციალურ სიდუხჭირეს, რომლის მოწმეც თვითონ გახდა. ამავდროულად ევროპული პრესისთვის წერდა სტატიებს დასავლეთ ევროპაში ფაშიზმის ზრდაზე, სადაც ამჟღავნებდა ძალიან კრიტიკულ პოზიციას შვეიცარიის ნეიტრალურობასთან მიმართებაში.

1939 წელს ელა მაილარტს ხვდება და ისინი ერთად წამოიწყებენ ხანგძლივ მოგზაურობაში აღმოსავლეთისკენ. შვარცენბახის სწორედ ამ პერიოდს ეძღვნება დონატელო და ფოსკო დუბინის ფილმი “მოგზაურობა კაფირისტანში” (2001), ისევე როგორც ელა მაილარტის წიგნი “სასტიკი გზა”, სადაც შვარცენბახი მოხსენიებულია როგორც “ქრისტინა”. მაშინ, როდესაც ორი გაბედული ქალი მოგზაურობის დასაწყებად მანქანაში ჩასხდა, კაფირისტანიში – “ურწმუნოთა მიწაზე” – არც ერთ ევროპელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი დადგმული.

ფოტოების აღმოსავლურ ციკლში ნახავთ მოხეტიალე მუსიკოსებს და ცხენოსნებს, მლოცველებს უდაბნოში, ავღანელ ქალებს, ტიგროსსა და ბაზრის ვაჭრებს. ზოგჯერ ფოტოებზე ადამიანები მათ გარშემო არსებული ლანდშაფტებში იძირებიან. შვარცენბახის კამერა რომანტიზაციის გარეშე ასახავს ადამიანების ტრადიციულ ყოფას და მათ ღირსებას გარემომცველი გარემოს ყოვლისმომცველი ასკეტიზმის ფონზე. ამერიკული ფოტოების ციკლში კი პირიქით, ობიექტივში ჩანს როგორც აფრიკელი ამერიკელების, ასევე ღარიბი თეთრების სევდიანი დათრგუნულობა ქალაქის ღატაკ ქუჩებსა და ინდუსტრიულ ზონებში.

მაშინ როდესაც შვარცენბახის ჟურნალიზმი მოგზაურობებით იყო შთაგონებული, ანმარის პროზა მის მარტოობას და პერსონალურ კრიზის ასახავდა. მისი არასტაბილური ემოციურობის შესახებ არაერთი ფაქტი მეტყველებს. იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული და რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავისუფალ პერიოდებში ის მანიაკალურად ქმნიდა ლიტერატურული ნაწარმოებებს (ისევე როგორც კულტურულ და პოლიტიკურ კომეპნატრებს ფოტოების თანხლებით), რომლებიც განიხილება როგორც ავტობიოგრაფიისა და გამონაგონის ჰიბრიდი. მისი ბევრი ნამუშევარი ფრანგულად ითარგმნა და შვარცენბახის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. 1980-იან წლებში შვარცენბახის მოგონებები ხელახლა გაცოცხლდა მის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ ნაშრომებსა და ანოტირებულ გამოცემებში. მათი ავტორები ძირითადად, გემანელი მეცნიერები და ფემინისტები იყვნენ, რომლებიც შვეიცარიელ ფოტოგრაფსა და მწერალს 20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოგზაურად და ფოტოჟურნალისტად ასახელებენ.

1942 წელს შვეიცარიაში ველოსიპედის ტარების დროს მიღებული ტრამვით დაახლოებით ერთ თვეში 34 ასაკში გარდაიცვალა. პირადი მიმოწერა და დღიურები დედამ (ზოგ წყაროში ბებიამ) მისი სიკვდილის შემდეგ გაანადგურა.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short biography of a well-known journalist, photographer, and novelist, openly lesbian Annemarie Schwarzenbach. Her affairs, marriage with Claude Clarac and travels in East together with Ella Maillard.

Prepared by Nino Dzandzava

ბარბარა გიტინგსი – ლესბოსელობის დიაგნოზით დაწყებული ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ

barbara-gittings
ბარბარა გიტინგსი და კეი ტობინი

ბარბარა გიტინგსი 1932 წელს ვენაში დაიბადა, სადაც მამამისი ამერიკის საელჩოში მუშაობდა. განათლება მონრეალის კათოლიკურ სკოლებში მიიღო. თეატრალური ხელოვნების შესასწავლად ევანსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა. პირველივე წელს გიტინგსი ჭორების სამიზნედ იქცა. სტუდენტ გოგოსთან მეგობრობის გამო ის ლესბოსელად მონათლეს. ამ შემთხვევამ ბარბარა მართლაც დააფიქრა იმაზე, რომ იგი სხვებისგან განსხვავდებოდა. 1974 წელს ჯონათან კაცთან ინტერვიუში ის იგონებს: “ჩიკაგოში ფსიქოანალიტიკოსთან ჩავედი და საკუთარ თავზე მოვუყევი. პასუხად მივიღე, რომ მართლაც ლესბოსელი ვარ. ამის შემდეგ ექიმმა მკურნალობა
შემომთავაზა. საამისოდ ფული არ მქონდა, ამიტომაც მასთან არ დავბრუნებულვარ. ზოგიერთი მეუბნება, რომ ექიმს ჩემთვის “იარლიყი არ უნდა მოეკერებინა”, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ექიმმა სინამდვილეში დიდი სამსახური გამიწია, რადგანაც ერთხელ საკუთარ თავს ვუთხარი: “დიახ, ეს მე ვარ! და მე ასეთი ვარ!” სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში და კოლეჯში ყოფნის პირველ წლებში საშინელი შეგრძნებით ვცხოვრობდი. არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. შემდეგ გარკვეულობა მოვიდა და შემეძლო ამისთვის თავი გამერთვა. მეცადინეობებზე სიარულს თავი გავანებე და ბიბლიოთეკაში გადავინაცვლე, რათა გამეგო რას ნიშნავს, იყო ჰომოსექსუალი”. მან ლექსიკონები, ენციკლოპედიები და სამედიცინო წიგნების ის თავები გადაიკითხა, რომლებიც “არანორმალურ ფსიქოლოგიას”, “სექსუალურ დევიაციებს” და “სექსუალურ პერვერსიებს” ეთმობოდა. “მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე ასეთი დასკვნა იყო: როგორც ჩანს მე ადამიანების იმ ტიპს მივეკუთვნები, რომელიც აქაა აღწერილი, რადგანაც ჰომოსექსუალი ვარ; ისინი ჰომოსექსუალებს აღწერენ, თუმცა ბევრი რამ, რაც ამოვიკითხე, მე არ მეხება” – წერს გიტინგსი.

დამწუხრებული დაბრუნდა. საკანცელარიო სამსახურში მოეწყო და მთელ თავისუფალ დროს საჯარო ბიბლიოთეკასა და ბუკინისტებთან ატარებდა. სწორედ იქ აღმოაჩინა და შეიძინა რედკლიფ ჰოლის წიგნი “მარტოობის სიკეთე”. ცხოვრებაში პირველად, მან წაიკითხა წიგნი, საიდანაც შეეძლო უფრო მეტი შეეტყო საკუთარი თავის შესახებ.

როდესაც მამამისმა ეს წიგნი აღმოაჩინა, ბარბარას წერილი მისწერა (მასთან ამაზე ხმამაღლა საუბარი ვერ შეძლო), სადაც უბრძანებდა, წიგნი თავიდან მოეშორებინა, თანაც კი არ გადაეგდო – ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, მას ვინმე სხვა გადაყროდა – არამედ ფერფლად ექცია. გიტინგსი იხსენებს: “რა მექნა, უბრალოდ უკეთ შევინახე”. ურთიერთობების დამყარების მიზნით, მან ლესბოსელთა ბარებში დაიწყო სიარული, თუმცა იქ თავს უცხოდ გრძნობდა. დონალდ კორნის რჩევით, რომლის წიგნი “ჰომოსექსუალი ამერიკაში” ბარბარას ახალი წაკითხული ჰქონდა და სადაც ლესბოსელთა საზოგადოების არსებობის შესახებ ეწერა, 1956 წელს ბარბარა სან-ფრანცისკოში გაემგზავრა. იქ ორგანიზაცია “ბილიტისის ქალიშვილები” აღმოაჩინა (DOB), რომელიც დელ მარტინმა და ფილის ლაიონმა დააარსეს.

DOB საკუთარ თავს წარმოაჩენდა როგორც “ქალთა ორგანიზაციას, რომელიც საზოგადოებაში ჰომოსექსუალების ინტეგრაციისა და წინსვლის მიზნებს ემსახურებოდა”. სიტყვა “ლესბოსელს” ისინი შეგნებულად თავს არიდებდნენ. DOB–ის პრინციპები ოთხ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული:

1. განსხვავებულად მოაზროვნის განათლება, რათა შეიმეცნოს საკუთარი თავი და საზოგადოებაში სრულფასოვნად იცხოვროს.

2. საზოგადოების განათლება, რომელსაც უტყუარად მივყავართ უძველესი ტაბუებისა და ცრურწმენების მოხსნისკენ.

3. ავტორეტეტული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ექსპერტების კვლევით პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ჰომოსექსუალების შემდგომ შესწავლას ემსახურება.

4. ჰომოსექსუალებთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსის შესწავლა, შესწორებების შეთავაზება, და ამ შესწორებების საკანონმდებლო პროცესის ყველა საფეხურზე გატარება.

1958 წელს, როდესაც ბარბარა ნიუ-იორკში დაბრუნდა, იქ DOB-ის განყოფილება დააარსა და სამი წლის განმავლობაში მისი პრეზიდენტიც იყო. 1962 წელს იგი DOB-ის ყოველთვიური გამოცემის “The Ladder” რედაქტორად დანიშნეს. გიტინგსი უკმაყოფილო იყო DOB-ის ლოიალობით და, განსაკუთრებით, ჟურნალში ჰომოფობი “ექსპერტების” მოწვევის ჩვევით, რომლებიც ლესბოსის პრობლემებს განიხილავდნენ. გიტინგსმა გამოიყენა შანსი, ჟურნალი უფრო რადიკალური გაეხადა. მან სიტყვა “ლესბოსელის” გარეკანზე გამოყენება დაიწყო; ბეჭდავდა ლესბოსელთა ფოტოებს, რომელსაც მისი საყვარელი კეი ტობინი იღებდა და რომელსაც გიტინგსი 1963 წელს DOB-ის პიკნიკზე შეხვდა. თავის სერიაში “სიცოცხლის პროპაგანდა” ქალებს საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ამდენად DOB-ის უფრო კონსერვატიულად განწყობილ წევრებთან კონფლიქტების წარმოშობა სრულიად კანონზომიერი იყო, განსაკუთრებით DOB-ის 1964 წლის კონვენციის შემდეგ, სადაც გიტინგსი შეეცადა, დამსწრეები დაერწმუნებინა, რომ “ჰომოსექსუალობის, როგორც გრძნობებისა და არსებობის სახეობის სფეროს, ავტორიტეტები მხოლოდ თავად ჰომოსექსუალები არიან”. გიტინგსი განსაკუთრებულად მძაფრად ფრენკ კამენის, “მატაჩინიების” საზოგადოების ყოფილ წევრს იცავდა, რომელიც თავისი მოწოდებებით გეებსა და ლესბოსელებს “კომფორტული რესპექტაბელურობიდან ნაკლებად სასიამოვნო, უფრო უხეშ და უხერხულ პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობაში გადასვლისკენ” უხმობდა.

1966 წელს DOB-ის კონსერვატიულმა ხელმძღვანელობამ გიტინგსი The Ladder-ის რედაქტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კეი ტობინთან ერთად გიტინგსი ორგანიზაციიდან წამოვიდა. მათ H Homofile Action League –სთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყეს. ეს ორგანიზაცია, რომელიც DOB-ის მსგავსად ლესბოსელი ქალებისთვის შუქურას წამოადგენდა, თანდათანობით დასუსტდა. სტოუნვოლის ეპოქალური მოვლენის შემდეგ, 1969 წელს გიტინგსი, ტობინი და მათი თაობის სხვა აქტივისტები მოულოდნელად უფრო საომრად განწყობილი Gay Liberation Alliance (GLA) ორგანიზაციის ფონზე ნამდვილ დინოზავრებად წარმოჩნდნენ. მაშინ, როდესაც ტობინი Gay Activists’ Alliance (GAA)–ის აქტიურ წევრად ყოფნას განაგრძობდა, გიტინგსმა მთელი თავისი ძალები ამერიკული ბიბლიოთეკების ასოციაციისკენ (ALA) მიმართა, სადაც თხუთმეტი წელიწადი მუშაობდა პროგრამაზე ALA’s Gay Task Force.. გიტინგსის თქმით, მისი მთავარი მიზანი “გეების ლიტერატურის ბიბლიოთეკის მკითხველებამდე მიტანა” იყო. მუდმივად ეჭვებში მყოფ ფრენკ კამენისთან ერთად ბარბარა ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციისგან მუდმივად მოითხოვდა, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ. 1973 წელს, როდესაც ასოციაციამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ფილადელფიურმა გაზეთმა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ოცმა მილიონმა ჰომოსექსუალმა აღიარება მოიპოვა”.

პოლიტიკურ მოღვაწეობას პრაქტიკულად მოცილებული ბარბარა გიტინგსი და კეი ტობინი ფილადელფიაში ერთად ცხოვრობდნენ, სადაც გიტინგსი მბეჭდავად მუშაობდა, ხოლო კეი – უძრავი ქონებით ვაჭრობის სახელმწიფო აგენტად.

ბარბარა გიტინგსმა, DOB-ის დამაარსებელ დელ მარტინთან და ფილის ლაიონთან ერთად, XX საუკუნის 50-60-იან წლებში ლესბოსელთა პოლიტიკური ორგანიზაციების ადრეულ ფორმებზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მისი გაბედული მოღვაწეობა უფრო გვიანდელი გეების ორგანიზაციების საფუძვლად იქცა, ორგანიზაციებისა, რომლებიც ხშირად აუფასურებენ იმ ადამიანების წვლილს, ვინც მათი არსებობა შესაძლებელი გახადა.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Life and political activity of Barbara Gittings, a prominent American activist and her role in further development of gay organisations.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

გერტრუდა სტაინი – ქალი, რომელიც არასდროს ცდილობდა ლესბოსელობის დამალვას

დაიბადა 1974 წლის 3 თებერვალს პენსილვანიის შტატის ქალაქ ალეგენიაში. ბავშვობა ვენასა და პარიზში გაატარა, შემდეგ ოკლენდში ცხოვრობდა, სადაც მამამისი მშენებლობაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ფილოსოფოს უილიამ ჯეიმსის ხელმძღვანელობის ქვეშ რედკლიფის კოლეჯში სტაინი ფსიქოლოგიას სწავლობდა. 1897 წელს სწავლის დასრულების შემდეგ ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მედიცინის შესწავლა დაიწყო, თუმცა მალევე გადაწყვიტა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურაა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რომანი ჰქონდა ქალთან სახელად მეი ბუკსტეივერი. სწორედ ამ ურთიერთობამ შთააგონა სტაინი დაეწერა რომანი “Q.E.D.”, მისი ერთადერთი ნაწარმოები აშკარად გამოხატული ლესბოსური შინაარსით. სტაინს არასოდეს დაურთავს მის სიცოცხლეში ამ რომანის გამოქვეყნების ნება.

1903 წელს სტაინი და მისი ძმა ლეო საცხოვრებლად პარიზში გადადიან, სადაც 1912 წლამდე ერთ ბინაში ცხოვრობენ. ლეო სტაინი საკმაოდ ცნობილი ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი დადგა. მათ ერთად მოაგროვეს კუბისტების ნახატების მნიშვნელოვანი კოლექცია და ბევრი მხატვარიც შემოიკრიბეს. მათი სახლი იქცა ადგილად, სადაც იკრიბებოდნენ პაბლო პიკასო, ანრი მატისი და ჟორჟ ბრაკი. სალონის დიასახლისი სტაინი იყო და მის მოსაზრებებს იქ დიდი წონაც ჰქონდა. მისი ექსპრომტად გაკეთებული კომენტარები ქმნიდნენ ან ანგრევდნენ რეპუტაციებს. იმ მხატვრების მხატვრული კონცეფციები და ტექნიკა, რომელთანაც სტაინი მეგობრობდა, მისი წერის სტილზე ახდენდნენ გავლენას. ეს განსაკუთრებით ჩანს გამეორებების, ფრაგმენტირების და გაყინული უბრალოების რთულ და ჩახლართულ კომბინაციებთან გადაჯაჭვულობაში. სტაინის პირველი წიგნი “სამი სიცოცხლე” – მუშათა კლასის წარმომადგენელი სამი ქალის ცხოვრების კვლევა – 1909 წელს დაიბეჭდა.

1905 წელს სტაინს სტუმრად ეწვია ძველი ბალტიმორელი მეგობარი ეტა კოუნი. ძველი ვნება მათ შორის ახალი ძალით განახლდა. სტაინის გავლენით კოუნი თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესდა და აშშ-ში დაბრუნების შემდეგ თავის დასთან, კლერიბელთან ერთად და მეგობრის რჩევით ამერიკის ავანგარდული ხელოვნების ადრეული პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია შეკრიბა.

1907 წელს სტაინმა ელის ბ. ტოკლასი გაიცნო, რომელიც მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცა. 1912 წლიდან მოყოლებული ისინი ერთმანეთს არ დაშორებიან. რუ დე ფლერიუს #27-ში მათი ბინა პარიზში ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ სალონად იქცა. აქ ხშირად თავს იყრიდნენ ამერიკიდან დევნილი მწერლები – შერვუდ ანდერსონი, ფ. სკოტ ფიცჯერალდი და ერნესტ ჰემინგუეი, რომელთაც სტაინმა თავისი ცნობილი განსაზღვრებით “დაკარგული თაობა” შეარქვა.

20-იანი წლების ბოლოს სტაინი და ტოკლასი ხან პარიზში ცხოვრობდნენ, ხანაც ბილინიში ქალაქგარე სახლში. 30-იან წლებში სტაინი თანამშრომლობდა თავისი ჰომოსექსუალობით ცნობილ კომპოზიტორთან ვირჯილ ტომპსონთან. მათ ერთად დაწერეს ოპერა “ოთხი წმინდანი სამ აქტად”, რომელიც სიუზან ბ. ენტონის მიეძღვნა. სცენაზე ამ ოპერის წარმატებამ ხელი შეუწყო სტაინის ტრიუმფალურ ლექციებს ამერიკაში 1934-1935 წლებში. ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკელ მწერლად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ოკუპაციის საშინელებებს სტაინი და ტოკლასი თავიანთ ქალაქგარე სახლში გადაურჩნენ. ომის შემდეგ სტაინს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ამერიკელ ჯარისკაცებთან. სწორედ ამ შეხვედრების შთაბეჭდილებებით დაიწერა “ბრიუსი და ვილი”. კიბოთი დაავადებული სტაინი 1946 წლის 27 ივლისს პარიზში გარდაიცვალა.

მისი ნამუშევრები ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო. მართალია “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია” (1933) ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომ სტილშია დაწერილი, მაგრამ მთავარი ნაწარმოებების უმეტესობა მოუმზადებელი მკითხველისთვის რთული წასაკითხია. ზოგი კრიტიკოსი სტაინის თხზულებებში კუბიზმის ლინგვისტურ ექვივალენტს ცნობს. სხვებს კი ეს თაღლითობა ჰგონიათ. ერთხელ ერთმა კრიტიკოსმა გაღიზიანებით დასვა კითხვა: “იქნებ გერტრუდა სტაინი სულაც არაა გერტრუდა სტაინი, არამედ მის სხეულში მცხოვრები და მოსაუბრე სხვა ვინმე?”

უმეტესწილად სტაინმა გავლენა იქონია არა როგორც ლიტერატორმა და როგორც ლიტერატურული სალონის მასპინძელმა (რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავთ), არამედ ქალმა, რომელიც აბსოლუტურად არ ცდილობდა თავისი ლესბოსელობის დაფარვას. მაშინ როცა ლესბოსელთა სასიყვარულო ურთიერთობები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, გერტრუდა სტაინი და ელის ბ. ტოკლასი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ წყვილს წარმოადგენდნენ. მათ კლასიკური ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ. ტოკლასი უძღვებოდა ოჯახურ საქმეებს, სტაინი კი ლიტერატურით იყო დაკავებული. “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფიაში” ჩაწერილი ელისის სიტყვებია: “გენიალური ადამიანები მოდიოდნენ და ურთიერთობდნენ გერტრუდა სტაინთან, ხოლო მათი ცოლები – ჩემთან”.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short biography of Gertrude Stein, a famous XX century writer, the significance and role of her literature salons. Her open relationship with Alice B. Toklas.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

ელა მეიარი – “სასტიკი გზა: ორი ქალი და ფორდი ავღანეთში”

შვეიცარიელი მოგზაური, მწერალი, ჟურანლისტი და ფოტოგრაფი ელა მეიარი მთელი ცხოვრების მანძილზე უპირისპირდებოდა მიღებულ წესებს და საერთაშორისო საზღვრების გადალახვას და აკრძალული ტერიტორიების კვლევას ცდილობდა.

სტალინის მმართველობის დროს ის წლების განმავლობაში სწავლობდა საბჭოთა კავშირის აღმოსავლური რესპუბლიკებს და გამოსცა წიგნების სერია, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ.

მან დააარსა შვეიცარიის პირველი ქალთა ჰოკეის კლუბი და იყო შვეიცარიის მოცურავეთა გუნდის მონაწილე 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

1930 წელს ბერლინში ხანმოკლე კინოკარიერის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, შემდეგ კი კავკასიის მთები გადაკვეთა.

1932 წლის გამგზავრებამ რუსულ თურქისტანში მეიარს აზიური მოგზაურობების სურვილი აღუძრა. პარიზელი გამომცემელის გაცნობა მოგზაურობის ვნებისა და პროფესიული მიზნების შეთავსებაში დაეხმარა, შედეგად მეიარი აქვეყნებს ორ წიგნს: “თურქისტან სოლო” და “რუს ახალგაზრდებს შორის: მოსკოვიდან კავკასიამდე”.

1933 წელს “ინთერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნისთვის” მიცემულ ინტერვიუში მეიარი მოგზაურობისკენ მის ლტოლვას პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს უკავშირებს: “მინდოდა ევროპა დამეტოვებინა, წავსულიყავი შეძლებისდაგვარად შორს”.

მეიარი, ვისი კრედოც იყო “ვერავინ წავა? მაშინ მე წავალ”, მოწოდებული იყო ემოგზაურა იქ, სადაც სულ რამდენიმე დასავლელი კაცი და არც ერთი ქალი არ იყო ნამყოფი. მას შეეძლო თითქმის ყოველგვარი სიძნელისთვის გაეძლო. მაგალითად, მისი ყველაზე ცნობილი მოგზაურობა, რომელმაც 1935 წელს 7 თვე და პეკინიდან ქაშმირამდე ჩინური თურქისტანის გავლით 3.500 მილი მოიცვა, მეიარმა ორი ფუნტი მარმელადით, იარაღით, ვორჩესტერშირის სასმელით, საწერი ქაღალდით, ლეიკას კამერით და მოუქნელი კომპანიონის – პეტერ ფლემინგის თანხლებით დაიწყო.

შედეგად დაწერილი მეიარის გულწრფელი და პირდაპირი წიგნი, ნანახის ოსტატური და ზუსტი ჩანაწერი საუკუნეებს გაუძლებს. ბავშვისა და ახალდაბადებული ბატკნების აღწერილობა იურტის ნეხვიან იატაკზე ათასი წლის განმავლობაში დარჩება როგორც 1935 წლის თურქისტანის ვითარების ანგარიში, ისევე როგორც მისი ფოტოები. ფოტოები, რომლებსაც მეიარი იღებდა არა როგორც ხელოვნებას, არამედ როგორც დღიურებს, 1993 წელს პარიზში გამოიფინა.

მეიარმა, რომელიც ხშირად მოგზაურობდა ფეხით, ცხენზე ან აქლემზე ამხედრებული და თანაც მარტო, კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვა როდესაც აღმოსავლეთში თავის ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მეგობართან – ანმარი შვარცენბახთან ერთად გაემგზავრა. შემდეგ ეს მოგზაურობა აისახა წიგნში “სასტიკი გზა: ორი ქალი და ფორდი ავღანეთში”. ბოლოს ტიბეტში, 83 წლის ასაკში იმოგზაურა. გარდაიცვალა 1997 წელს.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short review of a biography of a Swiss writer, journalist and photographer. Her well-known seven months travel from Beijing to Kashmir, the book “The Cruel Way” describing her and Annemarie Schwarzenbach’s trip to the East.

Prepared by Nino Dzandzava

ელეონორა რუზველტი – განადგურებას გადარჩენილ წერილებში გამხელილი ლესბოსური ვნებები

ანა ელეონორა რუზველტი 1884 წლის 11 დეკემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისს ელიოტ რუზველტი ერქვა (თეოდორ რუზველტის უმცროსი ძმა), დედას კი – ანა ჰოლ რუზველტი. 10 წლის ასაკში გოგონა დაობლდა და მას დედის მხრიდან ბებია ზრდიდა. ელეონორა განათლებას შეერთებული შტატების კერძო სკოლებსა და უცხოეთში იღებდა. 18 წლიდან ნიუ-იორკის ნაღებ საზოგადოებაში ტრიალებს. სამი წლის შემდეგ, 1905 წელს ცოლად მიყვება შორეულ ნათესავს ფრანკლინ დელანო რუზველტს. ახალდაქორწინებულები ქმრის ოჯახში სახლდებიან, რომელიც ნიუ-იორკის ჰაიდ პარკში მდებარეობს. სანამ რუზველტი სახელმწიფო საქმიანობით იყო დაკავებული ცოლი საკუთარ თავს მთლიანად ოჯახსა და ბავშვებს უძღვნიდა (მათ ექვსი შვილი ჰყავდათ). ხასიათით ელეონორა მორიდებული იყო და განმარტოება უყვარდა. თუმცა, როდესაც 1921 წელს მისი ქმარი პოლიომიელიტით დაავადდა, ელეონორა რუზველტი საზოგადოებრივ მოღვაწეობაში გადაერთო, რათა შეენარჩუნებინა ქმრის კავშირი პოლიტიკურ სამყაროსთან. 1928 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორად აირჩიეს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ მან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა.

პრეზიდენტ რუზველტის ცოლი არაერთგვაროვან ფიგურას წარმოადგენდა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალთა უფლებებისთვის მოძრაობაში, ცდილობდა, უპოვარი ადამიანებისთვის გაჭირვებული მდგომარეობა შეემსუბუქებინა. 1933 წელს, პირველად აშშ-ს ისტორიაში, პრეზიდენტის ცოლის სტატუსით, მან პრეს-კონფერენცია გამართა. 1936 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ელეონორა რუზველტის სტატია სათაურით “ჩემი დღე”, რომელშიც ქვეყნის პირველი ლედი სოციალურ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამავე წელს ის ჟურნალისტების ამერიკული გილდიის პროფკავშირის წევრი გახდა. პირველი ლედის ტრადიციული როლის ცვლილებებსა და ფ. დ. რუზველტის “ახალი კურსის” პოლიტიკას პრეზიდენტის მეტოქეების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

1941 წელს ელეონორა რუზველტი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და მეორე მსოფლიო ომის დროს ამ რანგში ეწვია ინგლისში ამერიკელი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილს, აგრეთვე ამერიკულ ბაზებს წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 1945 წელს, ფრანკლინ დელანო რუზველტის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ელეონორა რუზვლტი გაეროს გენერალურ ასამბლეაში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნა. 1945 წლიდან 1951 წლამდე ის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას ხელმძღვანელობდა. 50-იან წლებში განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და დემოკრატიული პარტიის ლიბერალური ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის თხოვნით ისევ გახდა აშშ-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაეროს მეთხუთმეტე გენერალურ ასამბლეაზე.

ელეონორა რუზველტი 1962 წლის 7 ნოემბერს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. პრეზიდენტის მეუღლე საკუთარი “მე”-ს საჯარო გამოვლენაში შეზღუდული იყო. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ სინამდვილეში როგორ ყალიბდებოდა მისი ბედი და რას ნიშნავდა ქვეყნის პირველი ქალბატონისთვის პირადი ცხოვრება. თუმცა, უკანასკნელ წლებში ცნობილი გახდა, რომ ბევრ რამეში ელეონორა რუზველტს ქმრისგან დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდა და მან ამის შესახებ იცოდა. აი რას წერს ელეონორას ბიოგრაფი ბლანშ უაიზენ კუკი: “მრავალი წლის განმავლობაში ელეონორა რუზველტი გრინვიჩ ვილიჯსა და ვალ-კილში საკუთარი, ქმრისა და ბავშვებისგან დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან საკუთარი სახლი და ახალი, ძველს რომ არ ჰგავდა, ისეთი ოჯახი შექმნა და ამ ოჯახის წევრებიც თვითონვე აირჩია”. მეორე მსოფლიო ომის დროს მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ორ ლესბოსურ წყვილთან. ესენი იყვნენ ესტერ ლეიპი (რომლის სახლსაც ელეონორა გრინვიჩ ვილიჯში ქირაობდა) და ელიზაბეტ რიდი; ნენსი კუკი და მარიონ დიკერმანი.

ბოლო წლებში ელეონორა ძალიან მიეჯაჭვა თავის პირად მცველს ერლ მილერს და ჟურნალისტს სახელად ლორენა ჰიკოკს, რომელიც ლესბოსელი იყო. შემორჩა ელეონორას “ჰიკისთვის” მიწერილი სასიყვარული წერილები, თუმცაღა თავდაპირველად ამ მიმოწერას საგულდაგულოდ ინახავდნენ ისინი, ვინც თვლიდა, რომ მიმოწერა შეიძლებოდა “არასწორად წაეკითხათ”. ახლო მეგობრებისთვის მიწერილი სხვა წერილების უმრავლესობა განადგურებულ იქნა.

კუკი თვლის: “როგორ შევაფასოთ ე. რუზველტის პირადი ცხოვრება? დავიწყოთ იმით, რომ დოკუმენტების ასეთი რაოდენობით განადგურება არა უბრალო შემთხვევითობა, არამედ კარგად გათვლილი გადაწყვეტილება უნდა იყოს ელეონორასა და მის უახლოეს მეგობრებს შორის ვნებიან ურთიერთობებზე თვალის დახუჭვის მიზნით. დღეს აშკარა გახდა, რომ ელეონორამ ვნებიანი სიყვარულითა და განცდებით დატვირთული ცხოვრება განვლო. 1920 წლის შემდეგ მისი მეგობრების უმეტესობა ლესბოსელი იყო. ის აფასებდა მათთან ურთიერთობას და პატივს სცემდა მათ პირად ცხოვრებას. ელეონორა უფრთხილდებოდა მათ საიდუმლოებებს და საკუთარსაც საიდუმლოდ ტოვებდა. თაობების მანძილზე ასეთი ქალები აცნობიერებდნენ, რომ აუცილებელია საკუთარი გრძნობების დამალვა და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ხვედრი ლანძღვა-გინება და გაკიცხვაა”…

ელეონორა რუზველტი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო. საერთაშორისო მოღვაწეობის გამო მას “მსოფლიოს პირველ ლედის” უწოდებდნენ. დათრგუნული რასებისა და ეროვნებების თანამგრძნობი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აშშ-ის პირველი ქალბატონი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალის სიმბოლოს წარმოადგენდა. მსოფლიოს ყველა ქალს მემკვიდრეობად მან ცხოვრების აქტიურ პოზიციაზე ყოფნის იმედი დაუტოვა.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of the most influential woman of the time, Eleanor Roosevelt, short review of her political activities and private relationships.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

ემილი დიკინსონი – პატრიარქატის წინააღმდეგ

ემილი დიკინსონი 1830 წლის 19 დეკემბერს ამჰერსტში (მასაჩუსეტსის შტატში) დაიბადა. მისმა მდიდარმა ბაბუამ 1835 წელს ამჰერსტის კოლეჯი დააარსა. მამა კი 1835-დან 1870 წლამდე ამავე კოლეჯის ხაზინადარი იყო. ამჰერსტის დამთავრების შემდეგ დიკინსონმა სწავლა “მაუნთ ჰოლოუკის” ქალთა კოლეჯში განაგრძო. როგორც პირველში, ასევე მეორე სასწავლო დაწესებულებაში მეცადინეობების განრიგში რელიგიურ გაკვეთილებს ბევრი დრო ეთმობოდა. ასე რომ, ემილი რელიგიის ძლიერი სოციალური ზეწოლის ქვეშ იზრდებოდა. იგი ჩართული იყო ქრისტიანული აღორძინების საზოგადოების მოღვაწეობაშიც, მაგრამ მორწმუნედ მაინც ვერ ჩამოყალიბდა და არც კონგრეგაციული ეკლესიის ერთობაში შესულა (რომელიც ერთადერთი რელიგიური ერთობა იყო მათ ქალაქში). 1850 წელს ორთოდოქსული რელიგიის პირობითობებთან მის დაპირისპირებას მოულოდნელი მხარდაჭერა ხვდა წილად: აღდგომაზე ადვოკატის ასისტენტი ბენჯამენ ნიუტონი, რომელიც მამამისთან მუშაობდა, მას რალფ ვალდო ემერსონის – კონკორდელი თავისუფლად მოაზროვნე ტრანსცენდენტალისტის – პოემის ასლს ჩუქნის. დიკინსონისთვის ემერსონი “ცხოვრებისეული ღირებულებების შემფასებლად” იქცა, როგორც ამას მოგვიანებით წერდა. წერაც სწორედ მისი პოემების ზეგავლენით დაიწყო.

1855 წელს ვაშინგტონისკენ მიმავალი ემილი დიკინსონი ფილადელფიაში გაჩერებისას ჩარლზ უოდსვორტს ხვდება, პასტორს, რომელიც მისი “ყველაზე ძვირფასი მიწიერი მეგობარი გახდა”. 1862 წელს, როდესაც ის კალიფორნიაში გაემგზავრა, ემილიმ ემოციური კრიზისი გადაიტანა, რაც 1858-1862 წლების ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ შემოქმედებითი დაღმასვლის მიზეზად იქცა. ამავე წელს კემბრიჯელ მღვდელს, ტომას უენვერტ ჰიგინსონს, რომელთანაც დიკინსონს მიმოწერა ჰქონდა, ოთხი თავისი პოემა აჩვენა და მისი აზრით დაინტერესდა. ჰიგინსონმა დაარწმუნა, რომ მისი შემოქმედება ძალიან ცოცხალია, მაგრამ ურჩია პოემები არ გამოექვეყნებინა. სტილის სრულყოფაში მან ემილის დახმარებაც შესთავაზა, საბედნიეროდ, ამ შეთავაზებით დიკინსონს არ უსარგებლია.

1862 წლის შემდეგ ის უკვე უფრო ცოტას წერდა. თუმცა, მისი საუკეთესო პოემები სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. მისი ლექსები უკიდურესობამდე გაშიშვლებული ენითაა დაწერილი, ნაცნობი სიტყვები აქ მათთვის უჩვეულო კონტექსტში ისმის, სინტაქსისი და რიტმი ახლებურად გაჟღერებულ მუსიკას გკარნახობენ, ხშირია ეჭვებით აგონიზირება და ექსტატიური აფეთქებები. თავის პოემებს პატარა ჟურნალებში აგროვებდა, შემდეგ მათ ხელით აკერებდა ერთმანეთს და თავის საწერ მაგიდაში ინახავდა. ემილი წინააღმდეგობას უწევდა მეგობრებს, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ლექსების თუნდაც ნაწილი გამოექვეყნებინა. საბოლოოდ, მისი ცხოვრების მანძილზე სულ შვიდმა პოემამ ნახა დღის სინათლე.

თვალების სერიოზულმა დაავადებამ ემილი დიკინსონი აიძულა, მუშაობა მთელი ორი წლით შეეწყვიტა. იგი 1864-1865 წლებში მკურნალობის ხანგძლივ კურსს გადიოდა კემბრიჯში. ამის შემდეგ კი აღარასდროს დაუტოვებია ამჰერსტის ოჯახური მამული. მშობლიურ ქალაქში მას “ამჰერსტელი მონაზონი” შეარქვეს. ემილი დიკინსონი თავის ოთახში სახლის მეორე სართულზე განმარტოებით ცხოვრობდა, მისი გაუთხოვარი უმცროსი და ლავინია ემილის მყუდროებას შესაშურად იცავდა. დამ საკუთარ თავზე ყველა საყოფაცხოვრებო საქმე იტვირთა, რათა ემილისთვის წერაში ხელი არაფერს შეეშალა. ძმა ოსტინი და მისი ცოლი – ემილის ძალიან ახლო მეგობარი სიუზან ჟილბერი – იმავე სახლში ცხოვრობდნენ. დიკინსონი ბევრს კითხულობდა და ბაღს უვლიდა (კარგი მებაღე იყო და თავიანთი სახლის ორანჟერეაში ბროწეულის ხეებსა და ლილიებს ახარებდა). ბევრ მეგობართან ჰქონდა გაცხოველებული მიმოწერა. ესენი იყვნენ: უოდსვორტი, ჰიგინსონი, ოტის ლორდი, კეიტ ენტონი, ჰელენ ჰანტ ჯექსონი, მის ჰოლანდი. ეს უკანასკნელი Springfield republican”-ის რედაქტორის ცოლი იყო.

ემილი დიკინსონი 1886 წლის 15 მაისს გარდაიცვალა. მის საწერ მაგიდაში მანამდე უცნობი ათასზე მეტი ლექსი იპოვეს. ერთობლიობაში მან 1800-ზე მეტი ლექსი შეთხზა. ჰიგინსონმა, რომელიც დიკინსონს ყოველთვის “ცოტათი გიჟად” მიიჩნევდა, რჩეულ ლექსებს რედაქტირება გაუკეთა, “ჩაასწორა” და 1890 წელს გამოსცა. დიკინსონის პოემები პირველადი სახით მხოლოდ 1955 წელს დაიბეჭდა.

იმდენად დიდი ენერგია დაიხარჯა იმისთვის, რომ დიკინსონი უცნაურ და უსქესო შინაბერად შეერაცხათ და მის პოემებში ამა თუ იმ ფორმით დაშიფრული ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური მისწრაფებები გამოევლინათ, რომ დიკინსონის პიროვნების გარშემო შემქნილმა გაბუქებულმა სენტიმენტალურმა მითებმა ახლა უკვე თავიანთი თავი ამოწურეს. ამასთანავე, დიკინსონის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი – ქალებთან ურთიერთობა – ძალიან დიდხანს მიჩუმათებული იყო.

დიკინსონის თანამედროვე აღქმა უფრო მდიდარ და ცოცხალ სურათს გვიჩვენებს. ამასთან დაკავშირებით ლიტერატურათმცოდნე ტონი მაკ-ნერონი წერდა: “მე არ ველი იმას, რომ უცებ გაირკვეს: ემილი დიკინსონი ნამდვილი ლესბოსელი იყო… სინამდვილეში მისი პოეზიის და მისი ცხოვრების ლესბიურ-ფემინისტურ წაკითხვაზეღა შეიძლება საუბარი, როგორც მის გარშემო არსებული მრავალი ფაქტისა და გამონაგონის აღქმის ყველაზე კორექტულ საშუალებაზე”.

თავის ყველაზე ცნობილ, 1975 წელს დაწერილ ესეში “ვეზუვი სახლში: ემილი დიკინსონის ძალა” პოეტი ადრიან რიჩი ემილი დიკინსონის სახის ზოგიერთი კლიშეს დამსხვრევას ცდილობს. ის განიხილავს დიკინსონის ბიძაშვილის, მარტას მოგონებებში აღწერილ ეპიზოდს, სადაც მარტა “ყვება, რომ ერთხელ მეორე სართულზე ემილის საძინებელში იყო. ემილიმ ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს კარს წარმოსახვითი გასაღებით კეტავსო და უთხრა: “მარტა, აი თავისუფლება”.

იმ წლებში ემილი დიკინსონისნაირი აზროვნების მქონე ქალისთვის საკუთარი თავის რეალიზება არც ისე ადვილი იყო. როგორც ადრიანა რიჩი შენიშნავს, “საზოგადოებრივ გარემოცვას (რომელშიც იგულისხმება კალვინისტური პროტესტანტიზმი, რომანტიზმი, XIX საუკუნეში მიღებული ქალის სხეულის კორსეტში მოქცევის ტრადიცია, ქალების ცხოვრებისეული ალტერნატივები და ბოლოს მიმართება სექსუალობასთან) შეეძლო გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ქალების ჭკუიდან შეშლის მიზეზი გამხდარიყო. ემილი დიკინსონს არ ქონდა სხვა გზა გარდა იმისა, რომ არაორთოდოქსული, თვითდესტრუქციული, ზოგჯერ ვულკანივით ცეცხლისმფრქვეველი ლტოლვების ტრანსფორმირება მოეხდინა შიფრში “პოეტური მეტაფორის” სახელწოდებით, რომელიც მის მშობლიურ ენად იქცა. “თქვი სიმართლე, ოღონდ ნუ იტყვი მას პირდაპირ – სწორედ ეს არის იმის არსი, რასაც საკუთარ თავში ვთრგუნავთ და რაც ჩვენში გროვდება, შემდეგ კი პოეზიაში ფეთქდება”.

“დიკინსონი განდეგილის უდაბნოში როდი ცხოვრობდა. განმარტოებაში მას ადამიანების ფართო წრესთან ჰქონდა ურთიერთობა და მიმოწერა”, – აღნიშნავს ადრიანა რიჩი. “დიკინსონი უთუოდ იყო დაინტერესებული იმ მამაკაცებით, ვისგანაც ინტელექტუალური საზრდოს მიღება შეეძლო. როგორც ახლა უკვე აშკარაა, ამავე მიზეზით ქალებითაც ინტერესდებოდა. დიკინსონს ქალების შესახებ ბევრი ლექსი აქვს შეთხზული, ისევე როგორც მათთვის მიძღვნილი ლექსები. ზოგიერთი მათგანი ორ ვერსიად არსებობს, თანაც განსხვავებული აზრობრივი დატვირთვით”. ემილი დიკინსონის ემოციების სამყარო გაცილებით მდიდარი იყო, ვიდრე ამას მითები მიაწერენ. ამის დამადასტურებელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტი, რომელსაც ისტორიკოსი ლილიან ფეიდერმანი ახსენებს: დიკინსონის მეგობარ სიუზან ჟილბერტისთვის მიწერილი ვნებებით აღსავსე წერილებს მისმა ძმისშვილმა გამოქვეყნებამდე მკაცრი რედაქტირება გაუკეთა; ამასთან, მან ყველა ვნებიანი სასიყვარულო განცდა შერბილებულად წარმოადგინა.

როგორც რიჩი წერს: “მის მოწოდებას თუ გავითვალისწინებთ, დიკინსონი არ ყოფილა არც შეშლილი და არც ექსცენტრიული; ის ცდილობდა, ისე მოეწყო თავისი ცხოვრება, რომ საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის ძალები დაეზოგა”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ემილი დიკინსონმა ისეთი რთული შემოქმედებითი ცხოვრება განვლო, როგორზეც ვირჯინია ვულფი დაახლოებით 50 წლის შემდეგ წერდა ესეში “საკუთარი ოთახი”.

დიკინსონის საიდუმლოებებს ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ ის იყო ქალი, რომელსაც სხვა ქალებთან ძალიან დატვირთული და ახლო ურთიერთობები ჰქონდა. რელიგიური დოგმატების გავლენით მათ მკაცრად ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია ჰქონდათ, მაგრამ ამასთანავე ყველაზე კლასიკური გაგებით ქორწინების ინსტიტუტის მოწინააღმდეგეები იყვნენ. დიკინსონი ცდილობდა თავისთვის შეექმნა სივრცე, რომელშიც საკუთარი “მეს” კულტივირებას შეძლებდა. მან გაბედულად და ყოველგვარი სინანულის გარეშე უარყო პატრიარქალური კანონები.

მოამზადა ნინო ძანძავამ  

Biography of Emily Dickinson, an outstanding American poet, prevalent myths about her personality and her works, feminist analysis of her poems.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

ვირჯინია ვულფი – ნერვული კრიზისებიდან “ბრწყინვალე კატასტროფამდე”

ვირჯინია ედელინ ვულფი (ქალიშვილობაში სტეფენი) დაიბადა ლონდონში 1882 წლის 25 იანვარს. მამამისი, ლესლი სტეფენი ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი იყო. ვირჯინიას მშობლები ვულფის 1927 წელს დაწერილი რომანის “შუქურასკენ” გმირების, მისტერ და მისის რამსეების პროტოტიპები არიან.

1895 წელს დედის გარდაცვალებამ ცამეტი წლის გოგონა ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. იმ ხანიდან მოყოლებული ვირჯინია მამასთან იზრდებოდა სახლში, სადაც მისთვის “ხელმისაწვდომი იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც არც ერთი წიგნი არავისთვის ყოფილა დამალული”. ძმებისგან განსხვავებით უნივერსიტეტში არ უსწავლია. როდესაც 1904 წელს მამამისი გარდაიცვალა ვირჯინია დასთან და ძმებთან ერთად კენსინგტონის ფეშენებელური რაიონიდან საცხოვრებლად ბლუმსბერიში გადავიდა – რაიონში, სადაც ლონდონური ბოჰემა ცხოვრობდა. 1905 წელს ვულფი რეგულარულად წერს “თაიმსის” ლიტერატურული დამატებისთვის. კიდევ ერთ ტრავმად 1906 წელს ერთ-ერთი ძმის, ტობის გარდაცვალება იქცა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ტკივილი მისი რომანის “ტალღების” საფუძველი გახდა.

1907 წელს დის, ვანესას კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე კლაივ ბელზე დაქორწინების შემდეგ ვირჯინია ძმასთან ერთად ფიტცროი-სკვერზე (ასევე ბლუმსბერიში) გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ იმართებოდა ე.წ. “ბლუმსბერის ჯგუფის” შეხვედრები. თავისუფლად შეკრებილი თანამოაზრეებისგან შემდგარ ჯგუფში უმეტესობა ჰომოსექსუალი იყო. ფილოსოფოს გ.ე. მურის იდეების ზეგავლენით ისინი თვლიდნენ, რომ მეგობრობისა და სიყვარულის იდეალები უმთავრესია და რომ ეს იდეალები მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც გულწრფელობა და თავისუფლება თვალთმაქცობაზე აღმატებული იქნება. მათი აზრით, სოციალური პირობითობები პირადი მორალისა და პასუხისმგებლობის პრინციპების მიხედვით უნდა გამოდევნილიყო. ჯგუფის წევრთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომელიც მათ შორის ყალიბდებოდა. როგორც რომანისტი ე.მ. ფორსტერი წერდა, “ურთიერთობებს არაფერი შეცვლის”. ფორსტერის გარდა ჯგუფში შედიოდნენ ეკონომისტი ჯონ მეინერდ კეინსი, ბიოგრაფი და ესსეისტი ლიტტონ სტრეჩი, მხატვარი დუნკან გრანტი, კრიტიკოსი-ხელოვნებათმცოდნეები როჯერ ფრაი და კლაივ ბელი.

1912 წელს, მას შემდეგ რაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცეილონიდან ახალდაბრუნებული საქმრო ლეონარდ ვულფი წინასწარ გააფრთხილა მამაკაცთან სექსის მიმართ ცუდი დამოკიდებულების შესახებ, ვირჯინია მას ცოლად მიჰყვება. მათი ქორწინება ურთიერთპატივისცემისა და ემოციური მხარდაჭერის მაგალითი იყო, სექსუალური ურთიერთობები კი – მინიმუმამდე დაყვანილი. ვირჯინიამ და ლეონარდმა ერთად დააარსეს “ჰოგარტ პრესი” – გამომცემლობა, სადაც ვირჯინია ვულფის რომანების გარდა იბეჭდებოდა ფორსტერის, ტ.ს. ელიოტის და კეტრინ მენსფილდის ნაწარმოებები.

რომანზე სახელწოდებით “მოგზაურობა” მუშაობის დროს ვულფმა კიდევ ერთი სერიოზული ნერვული შეტევა გადაიტანა, რომელმაც 1915 წელს ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. თუმცა, შემდეგ გამოკეთდა და 1919 წელს მომდევნო რომანი “ღამე და დღე” გამოაქვეყნა. ორივე ეს ნაწარმოები უჩვეულო ენით იყო დაწერილი. შემდეგ ნაწარმოებში სახელწოდებით “იაკობის ოთახი” (1922) კი ვულფმა ლიტერატურულ ფორმებში ფართე და რადიკალურ ექსპერიმენტირებას მიჰყო ხელი. ნაყოფიერი ექსპერიმენტები სამ მომდევნო რომანში გრძელდებოდა: “მისის დელოუეი” (1925), “შუქურისაკენ” (1927) და “ტალღები” (1931). თხრობის ხერხების, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს და ცნობიერების გარდატეხის გადმოცემის თვალსაზრისით ნოვატორული რომანები ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში შევიდა.

ვირჯინია ვულფი ემოციურად ყოველთვის უფრო ქალებზე იყო მიჯაჭვული ვიდრე მამაკაცებზე. 1922 წელს მას ვიტა სეკვილ-უესტი შეუყვარდა. გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის რომანი განვითარდა, რომელმაც თითქმის მთელი 20 წელი გასტანა. 1928 წელს ვულფმა ვიტა ასახა “ორლანდოში” – ფანტასმაგორიულ ბიოგრაფიაში, სადაც ეფემერული მთავარი პერსონაჟის ცხოვრება სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ის ხან მამაკაცად, ხანაც ქალად იქცევა. ვიტა სეკვილ-უესტის შვილმა ნაიჯელ ნიკოლსონმა ამ ნაწარმოებს “ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი” უწოდა.

ვულფი წერდა ბევრს და დაუღალავად. რომანების გარდა მას ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი ლიტერატურულ კრიტიკაში. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს ათასობით წერილს და დაახლოებით ხუთი ათასი ფურცლის ოდენობის დღიურებს. მისი ამბიციური რომანი “წლები”, რომელიც ვირჯინიას წინა რომანების მსგავსად დიდ ფსიქიკურ ძალისხმევად დაუჯდა, შეფასებულ იქნა როგორც “ბრწყინვალე კატასტროფა”.

გერმანული ავიაციის მიერ ლონდონის დაბომბვების შედეგად სახლის დანგრევის შემდეგ ლეონარდ და ვირჯინია ვულფები ქალაქ როდმელში გადავიდნენ, რომელიც სასექსის საგრაფოში მდებარეობდა. ომთან დაკავშირებული საშინელებების და ახალი რომანის “აქტებს შორის” მუშაობაზე დაღლილობისგან ღრმა დეპრესიაში მყოფი ვულფის მდგომარეობა გაუარესდა. ლეონარდოს მორიგი ტანჯვისგან დახსნის სურვილით 1941 წლის 28 მარტს ვირჯინია ვულფმა მდინარე ოუსში დაიხრჩო თავი.

ვირჯინია ვულფის ზეგავლენა ორმხრივად შეიძლება დახასიათდეს. პირველ რიგში მისმა ნოვატორულმა რომანებმა კარდინალურად შეცვალეს წარმოდგენა modern fiction მმართულებაზე. მეორეც, მისი ესეები ფემინიზმის იდეოლოგიის ქვაკუთხედან იქცა. მათგან ერთ-ერთი “საკუთარი ოთახი” ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია (თარგმანი: ლელა სამნიაშვილი, ფონდი ტასო, 2007).

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Virginia Woolf, a famous female writer, her literary heritage and role in the development of feminist ideology.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava

შვედეთის დედოფალი ქრისტინა – ქორწინებისგან თავდახსნის მიზნით ტახტიდან გადამდგარი პრინცესის ცხოვრება

ქრისტინა, შვედეთის მეფე გუსტავ II-ისა და მარია ელეონორა ბრანდერბურგელის შვილი, 1626 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მისი ინტელექტი და სიძლიერე ადრეულ ბავშვობაში გამოვლინდა და მან პრინცესისთვის ღირსეული შესაფერისი განათლებაც მიიღო. 6 წლის ასაკში, მამამისის სიკვდილის შემდეგ, ქრისტინა ტახტის მემკვიდრე გახდა. 1644 წლამდე მის ნაცვლად ქვეყანას რეგენტი გრაფი აქსელ გუსტაფსონ ოქსინშტერნი მართავდა, რომელიც მანამდე გუსტავ II-ის კარზე კანცლერად მსახურობდა. გრაფი ქრისტინას პოლიტიკის საიდუმლოებებს ასწავლიდა. 14 წლის ასაკში ის უკვე სახელმწიფო საკრებულოს სხდომებს ესწრება. ტახტზე ასვლამდე დედოფალმა ქრისტინამ მოასწრო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ვესტფალიის ზავის დადებაში, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა ევროპისა და შვედეთის გამაცამტვერებელი ცამეტწლიანი ომი. ქრისტინას ინტერესი შემეცნებისადმი სახელმწიფო საქმეებს სცდებოდა. თავისი კარის გარშემო მან მუსიკოსები, პოეტები, სწავლულები შემოიკრიბა და “ჩრდილოელი მინერვას” რეპუტაციაც დაიმსახურა. ხშირად იღვიძებდა დილის ხუთ საათზე და კითხვას იწყებდა. ფილოსოფიას რენე დეკარტი ასწავლიდა. ქრისტინა ჩაცმის მამაკაცურ სტილს ანიჭებდა უპირატესობას.

1654 წლის 6 ივნისს ქრისტინამ ევროპა საკუთარი ნებით ტახტის დატოვებით გააოცა. ოფიციალური მიზეზი ავადმყოფობასა და იმაში მდგომარეობდა, რომ ქალისთვის ქვეყნის მართვა “მძიმე ტვირთია”. ქრისტინამ თავისი ბიძაშვილი კარლ X გაამეფა. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ “მძიმე ტვირთში” ქრისტინა დაქორწინების და მემკვიდრის გაჩენის აუცილებლობას გულისხმებოდა.

გადადგომის შემდეგ მან შვედეთი დატოვა და ევროპის სამხრეთით რომანტიკულ მოგზაურობაში წავიდა. ინსბრუკში გაჩერების დროს მან კიდევ ერთი შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა ლუთერანობის უარყოფისა და კათოლიკედ მონათვლის სურვილის შესახებ. პროტესტანტული კანონების მკაცრად დამცველი შვედეთისთვის მსგავსი რამ თითქმის დანაშაული იყო.

ქრისტინას ეს ნაბიჯი რომის პაპისთვის ნამდვილ საჩუქრად, ხოლო პროტესტანტული ევროპისთვის დიდ დატყმად იქცა. 1655 წლის დეკემბერში ვატიკანში პაპმა ალექსანდრე VII-მ ახლადმოქცეული გულღიად მიიღო. ედუარდ კარპენტერი წერდა: “ამბობენ, რომ ამ დროს ისეთი მონდომებით აჯანჯღარებდა პაპის ხელს, რომ ბოლოს ეს უკანასკნელი იძულებული გახდა სამედიცინო სამსახურისთვის მიემართა!” თუმცა, რომის პაპს, რომელიც მას კათოლიციზმის პროპაგანდის იარაღად აღიქვამდა, იმედი გაუცრუვდა, როდესაც ქრისტინამ რწმენა თითოეული ადამიანის პირად საქმედ გამოაცხადა. უფრო მეტიც, ქრისტინას საქციელმა რომში დიდი ხმაური გამოიწვია. მარადიულ ქალაქში მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პოლიტიკური ინტრიგების ხლართვა დაიწყო. ამ ინტრიგების მიზანი ნეაპოლის ხელში ჩაგდება იყო, რომელსაც მაშინ ესპანეთი აკონტროლებდა. ნეაპოლის საკუთარ სამეფოდ, ხოლო ფრანგი პრინცის მის მემკვიდრედ გამოცხადების გეგმა 1657 წელს ქრისტინას საფრანგეთში, ფონტენბლოში ჩასვლის შემდეგ ჩაიშალა. ქრისტინამ ჩათვალა, რომ მისმა უახლოესმა მრჩეველმა ჟან რიკარდო მონალდეჩიმ მას უღალატა და სასამართლოს გამართვისა და გამოძიების ჩატარების გარეშე დასაჯა იგი. ზოგი ისტორიკოსი თვლის, რომ მონალდეჩი ქრისტინას ლესბოსური მიდრეკილებების შესახებ ხმის გავრცელების გამო დაისაჯა. ასეა თუ ისე, ასეთმა ნაჩქარევმა, სისხლიანმა და შურისმაძიებლურმა გადაწყვეტილებამ საფრანგეთის კარი აღაშფოთა. ამასთანავე, რომის პაპმა ალექსანდრე VII-მ ქრისტინას რომში მისი დაბრუნების არასასურველობა აგრძნობინა.

ქრისტინა რომში მაინც დაბრუნდა და მისთვის ჩვეული ენერგიულობით თავის შესანიშნავ რიარიოს სასახლის მოწყობას შეუდგა, სადაც მან ისევე როგორც სტოკჰოლმში გარშემო მხატვრები, სწავლულები და მუსიკოსები შემოიკრიბა. ქორმაისტერად თავად ალესანდრო სკარლატი ყავდა. არქანჯელო კორელი (რომელიც გეი იყო) ორკესტრს დირიჟორობდა. მოქანდაკე ბერნინი ძალიან ბევრით იყო დავალებული ქრისტინასგან, რომელმაც მას რთულ მომენტებში დიდი დახმარება გაუწია.

უდაოა, რომ ქრისტინა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ოთხ პაპთან მეგობრული ურთიერთობის მქონე გულუხვმა შვედმა, რომელიც თვითონვე მუდმივად განიცდიდა ფულის ნაკლებობას, რომში არკადიის აკადემია დააარსა (ეს ორგანიზაცია დღემდე მოქმედია), აქტიურად დაეხმარა რომში პირველი ოპერის გახსნას, იბრძოდა საზოგადოებაში ადამიანების სამოქალაქო თავისუფლების პრინციპებისათვის. ის ნაწილობრივ რომში ებრაელთა სათვისტომოსაც მფარველობდა.

კარლ X-ის სიკვდილის შემდეგ პირველად 1660 წელს, ხოლო მეორედ 1667 წელს სამეფო გვირგვინის დაბრუნების მცდელობით ის შვედეთში დაბრუნდა, თუმცა ორივეჯერ წინააღმდეგობას გადააწყდა. საბოლოოდ იტალიაში დაფუძნდა.

მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ჭორი დაიარებოდა. ისტორიკოსი ლილიან ფეიდერმანი წერს, რომ ქრისტინას თანამედროვეები – გრაფი პალატინი, ჰერცოგი დე გიზი და მადემუაზელ მონპანსიე მეტნაკლებად ადასტურებენ იმას, რომ ქრისტინა გულგრილი არ ყოფილა ქალების მიმართ.

განსაკუთრებით დამაინტრიგებელია მოგზაურობის დროს ვინმე ებე სპარესთვის მიწერილი მისი ვნებით აღსავსე წერილები: “თუკი შენ არ დაგვიწყნია როგორი ძალაუფლება გქონდა ჩემზე, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ მე შენი სიყვარულის ძალაუფლების ქვეშ თორმეტი წელი ვიმყოფებოდი; მთლიანად შენი ვარ, იმდენად, რომ ვერასოდეს გაბედავ ჩემს მიტოვებას. და მხოლოდ ჩემი სიკვდილი შეაჩერებს შენს მიმართ ჩემს სიყვარულს.” მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანებში რომანტიული სიყვარულის ენა სწორედ ასეთი იყო, ბევრი კომენტატორი ქალებთან ქრისტინას ურთიერთობებში აშკარა და განმეორებად სექსუალურ კონტექსტს ხედავს. 1719 წელს, მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გრაფინია პალატინი – ორლეანელი პრინცის დედა – თავის მოგონებებში წერდა, რომ ერთხელ ქრისტინა “ცდილობდა ძალით დაუფლებოდა მადამ დე ბრენის, რომელიც ძლივს დაუსხლტა მას ხელიდან”.

XIX საუკუნის ცნობილი სექსოლოგი ჰეივლოკ ელისი წერდა: “მისი მკვეთრად გამოხატული მამაკაცური მანერები მაღალ ინტელექტთან ერთობლიობაში ეწყობოდა ქრისტინას აშკარად ჰომოსექსუალურ ან ბისექსუალურ ტემპერამენტს”. ცხოვრების გვიანდელ წლებში ქრისტინას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კარდინალ აზოლინისთან – squadrone volante -ს სახელით ცნობილი კარდინალების ჯგუფის ლიდერთან. დადიოდა ჭორები, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. როდესაც 1689 წლის 19 აპრილს ქრისტინა გარდაიცვალა, კარდინალი აზოლინი მის ოფიციალურ მემკვიდრედ იქცა.

დედოფალი ქრისტინას ნეშტი რომში წმინდა პეტრეს ტაძარშია დაკრძალული.

1933 წელს რუბენ მამულიანის ფილმში გრეტა გარბომ დედოფალი ქრისტინას განუმეორებელი სახე შექმნა.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Queen Christina, Swedish royal heiress, materials about her private relationships and sexual orientation.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava