არაღიარებული გენდერული იდენტობის შესახებ

transgender-lawსოციალური როლი არის ქცევა, რომელიც მოსალოდნელია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირისაგან. სოციალური სტატუსი გარემოს მიხედვით იცვლება და სწორედ გარემოზეა დამოკიდებული გარკვეული სტატუსის მქონე პირების ცხოვრების ხარისხი. მაგალითად, თუ სახელმწიფო ვერ იცავს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს სხვადასხვა სივრცეებში დისკრიმინაციისგან, ეს პირდაპირ აისახება ამ ჯგუფების მდგომარეობაზე საზოგადოებაში.

საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა სოციალური როლიც უხილავია სახელმწიფოსთვის, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ საკუთარი უფლებებით, მაგრამ შებოჭილნი არიან მოვალეობებით. სახელმწიფო არაპროპორციულად ერევა მათ უფლებებში, რაც მათ სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლად აქცევს.

ამ ტექსტის კითხვისას საქართველოს რიგითი მოქალაქე დაფიქრდება საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფზე, მაგრამ არა ტრანსგენდერ ადამიანებზე. ამის მიზეზი საზოგადოებაში არსებული სტიგმა და ამ ადამიანების საჯარო სივრცეებიდან გარიყვაა. სახელმწიფო არათუ არ აღიარებს ტრანსგენდერი ადამიანების  საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილებითაც დაიცავს მათ სტიგმატიზაციისაგან, არამედ უხეშად არღვევს მათი სამართალსუბიექტობის უფლებას და ჯიუტად არ ახდენს მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას. შედეგად ირღვევა ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების, ჯანმრთელობის, კანონის წინაშე თანასწორობის და სხვა უფლებები.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG) მრავალი წელია მუშაობს ტრანსგენდერ ადამიანებთან და იცნობს მათ საჭიროებებს. ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობითა და სოციალური როლით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას. ეს განსაკუთრებით ეხებათ ტრანსგენდერ ქალებს, რომლებიც, ტრანსგენდერ მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხილვადები არიან საზოგადოებისათვის’’.[1]

სწორედ იმისთვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური როლი იყოს თანხვედრაში მათ გენდერულ თვითაღქმასთან, ისინი ითხოვენ სახელმწიფოსგან მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას, ანუ ცვლილების შეტანას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სქესის გრაფაში. აღნიშნული საკითხი არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. პიროვნების იდენტიფიკაციის დოკუმენტების გაცემა და მათში ცვლილების შეტანაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოში იუსტიციის სამინისტროა, რომელსაც არ გააჩნია საკითხის რეგულირების ნათელი და გამჭვირვალე პროცედურა. სახეზეა მხოლოდ სამინისტროს მიერ დანერგილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერ ადამიანებს მოეთხოვებათ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების ჩატარება. სამინისტრო მხედველობაში არ იღებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული პროცედურები არ რეგულირდება ეროვნული ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია ამ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.

ამგვარი პრაქტიკა ლახავს ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პიროვნული თვითგამორკვევის უფლებას. რამდენიმე ტრანსგენდერმა კაცმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიიღო უარი სქესის გრაფაში ცვლილების შეტანის შესახებ, სამინისტროს შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებს სასამართლოში უჩივლა. მათ ინტერესებს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა’’ (WISG) და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ იურისტები იცავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამჟამად განხილულია ორი საქმე, რომელთა გადაწყვეტილებებიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს გუდვინი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Goodwin & I. v UK). გუდვინი იყო ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც ჩატარებული ჰქონდა ყველა სამედიცინო მანიპულაცია და ითხოვდა მისი გენდერის სამართლებრივ აღიარებას. სტრასბურგის სასამართლომ გუდვინის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩათვალა, რომ მისი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმა არღვევდა მომჩივანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საქართველოს სასამართლო სრულიად უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ ადამიანის სოციალური როლის მიხედვით უნდა მოხდეს მისი გენდერის სამართლებრივი აღიარება და არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების მოთხოვნა, არღვევს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ქართული სასამართლოსთვის რთულია იმ სინამდვილის დანახვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, ხელი არ მიუწვდებათ და არ შეუძლიათ ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების ჩატარება და მათაც უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოახდინოს საკუთარი უფლების რეალიზება.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე აღმოიფხვრა უფლებაშემლახავი პრაქტიკა, რომელიც სამედიცინო მიდგომას ეფუძნებოდა ტრანსგენდერი ადამიანის გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის. არა მხოლოდ ევროპაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მიიჩნევა, რომ არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მოსამართლე ედვარდსმა საქმის Tel-Oren v. Libyan Arab Republic (D. C. Cir. 1984) განხილვისას განაცხადა: ,,სახელმწიფო კანონი არ არის გაყინული ნორმა და იგი უნდა ვითარდებოდეს მსოფლიოში დომინანტი ტენდენციების პარალელურად’’.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივანმა გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ უმაღლესი ინსტანციის სასამართლო წარმოებაში მიიღებს საჩივარს და გაითვალისწინებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი უფლებაშემლახავი პრაქტიკის გაუქმება და რამდენი ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება ამ პრაქტიკის აღმოფხვრით.

ავტორი: ქეთი ბახტაძე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის თავად ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.

[1]  ნ. გვიანიშვილი. ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში. WISG. თბილისი. 2014