ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ რაში ჭირდება ადვოკატი?!

2015051213273423131
ფოტო ეკუთვნის Reuters-ს

,,როცა დანაშაულს არ ერქმევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სახელი, პოლიცია საზოგადოებაში აგზავნის იმავე მესიჯს, რასაც მკვლელი’’.[1]

ჯუდით ბატლერი

ლგბტ ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, თემის წევრები, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, იშვიათად მიმართავენ პოლიციას. ამის მიზეზად მათი დიდი ნაწილი ასახელებს პოლიციის მიმართ უნდობლობას.  სამართალდამცავი ორგანოები არ აწარმოებენ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ოფიციალურ სტატისტიკას და სახელმწიფოს მიერ არ ხდება ამ ტიპის დანაშაულების პრევენცია.

WISG-ის მიერ, 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში, ნეგატიური განწყობები ყველაზე უფრო მძაფრადაა გამოხატული ტრანსგენდერი ქალების მიმართ. ,,ტრანსფობიის დონე განსხვავდება სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიული ცვლადების ჭრილში: მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილი გამოამჟღავნონ ნეგატიური განწყობები ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მიმართ, ვიდრე ქალები’’.[2] პოლიციაც საზოგადოების ნაწილია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიციელების უმრავლესობა კაცია, ტრანსფობიის რისკი მატულობს. სამწუხაროდ, ეს განწყობები და აგრესიული დამოკიდებულება პირდაპირ აისახება ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობაზე საქართველოში.

დღეისათვის, სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის მიზნით, არცერთი ღონისძიება არ ხორციელდება. არ არის შეფასებული სსიპ ,,პოლიციის აკადემიის’’ მიერ სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლების მხრივ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა. ეს ყოველივე კი პირდაპირ აისახება სამართალდამცავთა მუშაობის ეფექტიანობაზე ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის წინააღმდეგ.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG)-ისა და სხვადასხვა მედია-საშუალებების მიერ, თითქმის ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ახალ ამბებში ვკითხულობთ, რომ თავდამსხმელმა ტრანსგენდერი ქალი ლურსმნიანი ჯოხით სცემა, ბარში ტრანსგენდერი ქალი არყის ბოთლით დაჭრეს, ტრანსგენდერ ქალებს ღამით უცნობმა პირმა ბენზინი შეასხა და ა. შ.

ხშირად, ამ ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე, პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს. სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, დაზარალებული მოწმეა და შესაბამისად ადვოკატის მომსახურება არ სჭირდება, მაგრამ WISG-ის იურისტებს ხშირად უწევთ დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების ინტერესების დაცვა გამოძიებაში.

დანაშაულის მსხვერპლები, ინციდენტის შედეგად, უმეტესად საავადმყოფოში ხვდებიან და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ერთად, პოლიციის თანამშრომლები კითხავენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პიროვნებამ, სასტიკად სცემა ტრანსგენდერი ქალი. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში, მეც მივდივარ და სახალხო დამცველთან და გენერალურ ინსპექციასთან ზარების შემდეგ, პოლიციელებიც მოდიან.

დაზარალებულის გამოკითხვა დღის 11 საათიდან 18 საათამდე გრძელდება. პოლიციას აინტერესებს ყველაფერი: იცნობდა თუ არა მსხვერპლი თავდამსხმელს, როგორ და რატომ მოხვდა დანაშაულის ადგილზე, რას საქმიანობს, სად ცხოვრობს, რა ურთიერთობა ჰქონდა თავდამსხმელთან და ა. შ. დაზარალებული პასუხობს პოლიციელების ყველა შეკითხვას, სურვილი აქვს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რათა მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს. გამოკითხვის დროს მე და დაზარალებული ვცდილობთ პოლიციას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ. მე კითხვებით ვეხმარები გახსენებაში, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგვრჩეს და ოქმში ყველაფერი აისახოს, რაც გამოძიებას დაეხმარება. პოლიციას სჭირდება ექსპერტიზა, დანაშაულის ადგილის დათვალიერება, მტკიცებულებები, რომ თავდამსხმელს მიაგნოს. ამის შემდეგ იწყება ამოცნობა და თუ ნაცემმა ადამიანმა, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, კარგად ვერ გაიხსენა რომელიმე დეტალი, მაგალითად, დანაშაულის ადგილამდე მისვლის ზუსტი მარშუტი, მონაწილეობა უნდა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში.

კლინიკაში ყოფნის დროს, როგორც პაციენტებისა და მათი თანმხლები პირებისაგან, ისე მომსახურე პერსონალისგან დაუდგენელი ხასიათის მზერისა და გადალაპარაკების ატანა გვიწევს. ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ცოტა გვიჭირს და დაზარალებული  ღიზიანდება. უბრალოდ, სახეზე აწერია, რომ პროტესტის გამოხატვის თავიც აღარ აქვს და ხმამაღლა არაფერს ამბობს.

გამოკითხვის შემდეგ, გამომძიებლის ხელით დაწერილი რამდენიმე ფურცელი მზად არის ხელმოსაწერად და დაზარალებულს, რადგან თავად არ შეუძლია, მე უნდა წავუკითხო ჩვენება. ისიც ცდილობს ყველა დეტალი გაიაზროს და შემდეგ ხელი მოაწეროს. ადვოკატისა და დაზარალებულის ხელმოწერის შემდეგ, პოლიცია მიდის.

დაზარალებული რენტგენოგრაფიული კვლევისთვის პალატიდან გაჰყავთ. მე გარეთ გამოვდივარ. უსაქმოდ მჯდარი სანიტრის დანახვაზე თვალები მინათდება და ვეკითხები:

-უკაცრავად, ხომ არ იცით, დაახლოებით რა დრო სჭირდება რენტგენოგრაფიულ კვლევას?

-10-20 წუთი – მპასუხობს, ეჭვიანი მზერით მიყურებს და რამდენიმე წამის შემდეგ მეკითხება:

– მთელი დღეა აქ ხართ და ვინ ხართ იმის (ჩემს ბენეფიციარს გულისხმობს)?

– ადვოკატი.

სანიტარს სახიდან ჩემს მიმართ განცდილი თანაგრძნობა უქრება და ირონიული ღიმილით მეკითხება:

– რაში სჭირდება ადვოკატი?

ზუსტად არ ვიცი როგორი სახე მქონდა, მაგრამ სანიტარი მიბრუნდა და წავიდა. მე ვეღარ მოვასწარი მისთვის ამეხსნა  რაში სჭირდებათ ტრანსგენდერ ადამიანებს ადვოკატი, რა გამოწვევების წინაშე დგანან სხვებთან შედარებით და რატომ არის აუცილებელი, რომ თუ დაზარალებული ტრანსგენდერია და თანაც ქალი, მისი ინტერესები გამოძიებაში ადვოკატმა დაიცვას.

ავტორი: ქეთი ბახტაძე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის თავად ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.

[1] https://broadly.vice.com/en_us/article/why-do-men-kill-trans-women-gender-theorist-judith-butler-explains

[2] http://women.ge/data//WISG%20HomoBiTransPhobia%20Study_for%20web.pdf