ცესკომ სამოქალაქო ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო კითხვა დაარეგისტრირა
13 06 2016

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივნისის სხდომაზე სამოქალაქო ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის, განსაზღვრის სარეფერენდუმო კითხვა რეგისტრაციაში გაატარა.

ცესკომ  ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის მიერ 13 მაისს წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება დააზუსტა; კომისიის გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და მათ მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო  საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ რეგისტრაციაში გატარდა.

პროცედურების თანახმად, საკითხს რეფერენდუმის შესახებ ცესკო საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ან დანიშნავს რეფერენდუმის თარიღის; ან რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე განაცხადებს მოტივირებული უარს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება აღნიშნული სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაში გატარების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მესამე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან