გავრცელებული დაავადებები


.

გონორეა

ადამიანის ინფექციური დაავადება, რომლის დროს ძირითადად ზიანდება უროგენიტალური ტრაქტის ლორწოვანი გარსები. საკმაოდ გავრცელებულია მისი სხვა სახელწოდება (ტრიპერი).

გადაცემის გზა: ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა – დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური, ანალური, ორალური). ასევე შესაძლებელია გადაცემა საყოფაცხოვრებო კონტაქტით (თეთრეული, პირსახოცი, უნიტაზის რკალი და სხვ).

მიმდინარეობა: ყველაზე ხშირია გონორეა სუბიექტურად ასიმპტომური ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით, რომელიც ფარული რჩება დაავადებულისთვის, და ასეთი ადამიანი, თავისდაუნებურად, წარმოადგენს ინფექციის აქტიურ გამავრცელებელს.

მწვავე მიმდინარეობის დროს საკმაოდ გამოხატულია შემდეგი ნიშნები:

  • გამონადენი (მოყვითალო-მომწვანო, შორს წასული პროცესის დროს – სისხლიანი ჩანართებით (ჰემორაგიული ვარიანტი));
  • სასირცხო ბაგეების შესიება, მტკივნეულობა;
  • ტკივილი, წვა შარდვისას;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ტკივილი მუცლის ქვემო არეში (ბოქვენი);
  • ტკივილი და ინფილტრაცია საშოსა და საშვილოსნოს ყელში.

.

უროგენიტალური ქლამიდიოზი

საკმაოდ გავრცელებული ინფექციური სნეულება, რომელიც აზიანებს შარდ-სასქესო სისტემას, თვალებს, სახსრებს, სასუნთქ ორგანოებს და სხვ.

გადაცემის გზა: ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა – დაუცველი სქესობრივი კონტაქტია (ვაგინალური, ანალური, ორალური). საყოფაცხოვრებო კონტაქტით გადაცემა ნაკლებ შესაძლებელია, რადგან:

  1. ქლამიდია სწრაფად იღუპება ადამინის ორგანიზმის გარეთ;
  2. დაინფიცირებისთვის საჭიროა ორგანიზმში მოხვდეს ქლამიდიების საკმაო რაოდენობა, რაც შეუძლებელია საყოფაცხოვრებო კონტაქტის დროს.

ქალებში პირველადად ზიანდება – საშვილოსნოს ყელი. ინფექცია შეიძლება გადავიდეს შარდის ბუშტზე, საშვილოსნოზე, სწორ ნაწლავზე და სხვ. უროგენიტალური ქლამიდიოზი აზიანებს თვალებს, იწვევს რეიტერის დაავადებას და სხვ.

მიმდინარეობა: დაავადება ხასიათდება კლინიკური ფორმების ნაირსახეობით – მწვავედან ასიმპტომურამდე. მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ვირულენტობაზე, დაზიანების ტოპოგრაფიაზე, ინფიცირების ხანგრძლივობაზე და დაავადებულის ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი რეაქციების გამოვლინებაზე.

.

ტრიქომონიაზი

ფართოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადება. ექსპერტთა მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში ავადდება დაახლოებით 200 – 250 მლნ. ადამიანი.

ტრიქომონადების შეღწევას შარდსადენ მილში ყოველთვის არ მოყვება დაავადების განვითარება. ადამიანის ორგანიზმს უნარი აქვს წინააღმდეგომა გაუწიოს ამ ინფექციას.

გადაცემის გზა: ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა – დაუცველი სქესობრივი კონტაქტია (ვაგინალური, ანალური, ორალური). ასევე შესაძლებელია გადაცემა საყოფაცხოვრებო (თეთრეული, პირსახოცი, უნიტაზის რკალი და სხვ) და სისხლის კონტაქტით.

ხშირ შემთხვევაში ტრიქომონიაზი მიმდინარეობს ფარულად. გამწვავების ხელშემწყობი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირია: სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური აშლილობები, ნორმალური მიკროფლორის დარღვევა და სხვ.

.

გენიტალური ჰერპესი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია.

ჰერპეს ვირუსების ოჯახი აერთიანებს 100-მდე, განსხვავებული თვისობრიობის ვირუსებს. მათგან ადამიანისთვის პათოგენურია მხოლოდ 8:

1-ლი ტიპი – იწვევს სხვადასხვა სახის დაზიანებებს სახის კანსა და ზედა კიდურებზე;

მე-2 ტიპი – აზიანებს სასქესო ორგანოებს და ასევე იწვევს ახალშობილთა ზოგიერთ დაავადებას;

მე-3 ტიპი – პროვოცირებს ორი დამოუკიდებელი დაავადების განვითარებას: ჩუტყვავილა და სარტყლისებური ჰერპესი;

მე-4 ტიპი (ეპშტეინ-ბარის ვირუსი) – შეიძლება გახდეს მიზეზი ინფექციური მონონუკლეოზის;

მე-5 ტიპი – ხდება ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიზეზი;

მე-6 ტიპი – უახლესი მონაცემებით მონაწილეობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ჩამოყალიბებაში და შესაძლოა რამდენიმე სხვა დაავადების განვითარებაში;

მე-7 ტიპი – (ახალი მონაცემები): ლიმფოპროლიფერატიული დაავადებების მიზეზი;

მე-8 ტიპი – (ახალი მონაცემები): კაპოშის სარკომის მიზეზი.

ჩვენ ინტერესს იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი მე-2 ტიპი, როგორც ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც იწვევს გენიტალური ინფექციის განვითარებას.

გადაცემის გზა: მარტივი ჰერპესის ვირუსი ხვდება ადამიანის ორგანიზმში კანისა და ლორწოვანი გარსებიდან და რჩება იქ მთელი ცხოვრების მანძილზე. პროვოცირებადი ფაქტორების გავლენით, იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, ვირუსი მრავლდება და ავლენს გარკვეულ სიმპტომებს. ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა – დაუცველი სქესობრივი კონტაქტია (ვაგინალური, ანალური, ორალური). ძალიან იშვიათად, გამწვავების პერიოდში შესაძლებელია მოხდეს გადაცემა ნერწყვით, თეთრეულით, ჰიგიენური საშუალებებით და სხვ.

.

გენიტალური ჰერპესი

მიმდინარეობა: პირველადი ჰერპესი, როგორც წესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და განაპირობებს საბოლოოდ ფარულ ვირუსმატარებლობას. პირველადი ჰერპესული ფორმის დროს ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია და დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. კლინიკურად შეიძლება გამოიხატოს გამონაყარი გენიტალიების არეში _ წვრილბუშტუკოვანი, გამჭვირვალე ექსუდატის შემცველი გამონაყარი. 2-4 დღის შემდეგ გამჭვირვალე სითხე იმღვრევა, ბუშტუკები სკდება და წარმოიქმნება ეროზიები, რომლებიც იფარება ქერქით. 5-7 დღის შემდეგ ქერქი სცილდება და რჩება მკრთალი ლაქები. დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს ქავილი, წვა, ტკივილი დაზიანების არეში. გამოიხატება სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა, გახშირებული შარდვა. მას შემდეგ რაც პირველადი ჰერპესი დასრულდება (3-5 კვირამდე მიმდინარეობა), ინფექცია გადადის ფარულ, რეციდივირებად ფორმაში. რეციდივები შეიძლება გამოვლინდეს თვეში 2-3-ჯერ, ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ. რეციდივების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია იმუნიტეტის მდგომარეობაზე (ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითებისას). რეციდივები მიმდინარეობს უფრო მსუბუქად ვიდრე პირველადი ჰერპესი.

.

ურეაპლაზმოზი

ურეაპლაზმური ინფექცია ან ურეაპლაზმოზი – ინფექციური დაავადება, რომელიც უმთავრესად გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ურეაპლაზმოზი წარმოადგენს მიკოპლაზმოზის ნაირსახეობას.

გადაცემის გზა: ურეაპლაზმოზით დასნებოვნების ძირითად გზას წარმოადგენს სქესობრივი კონტაქტი. ორგანიზმში მოხვედრილი ურეაპლაზმა შესაძლებელია წლების განმავლობაში არსებობდეს ყოველგვარი გამოვლინების გარეშე. ურეაპლაზმების აქტივაცია ხდება ორგანიზმისთვის სტრესული სიტუაციების პირობებში, როდესაც ქვეითდება იმუნური სისტემის დაცვითი უნარი. აქტიურ ურეაპლაზმებს შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი პროცესები შარდ-სასქესო ტრაქტის ნებისმიერ დონეზე.

მიმდინარეობა: პირველი ნიშნები საკმაოდ ზოგადია: მცირედი გამჭვირვალე გამონადენი და წვა შარდვისას. იმუნური ძალების დაქვეითებამ შეიძლება უბიძგოს პროცესის გამწვავებისკენ და გამოიხატოს გართულებები: ენდომეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვ. ხშირად ურეაპლაზმოზი არ ვითარდება დამოუკიდებლად, არამედ თანხლებია სხვა სგგდ-თან (ტრიქომონადული, გონოკოკური და ქლამიდიური ინფექციები), რაც უფრო ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. ადრეულ სტადიაზე ეს დაავადება იოლად იკურნება.

.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

.

Popularity: 23% [?]