ისლამური რესპუბლიკის ახალი მანევრი
09 09 2010

საქინე მოჰამადი აშთიანის ჩაქოლვისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით წარმოშობილი საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი გეგმა შეიმუშავა. ისლამის ადამიანის უფლებათა კომისიის მე-7 ოლქის მდვინამა, ვაჰიდ ქაზემ-ზადემ განაცხადა, რომ საქინეს სიკვდილით დასჯა შეჩერებულია; ციხეში მისთვის არავითარი შეზღუდვები არ დაწესებულა, მისი ვაჟის საჯადისა და ქალიშვილის საედეს ყოველკვირეული ვიზიტები შეუფერხებლად გრძელდება; ის ხელახლა არ დაუსჯიათ და მისთვის არ დაუძალებიათ აგვისტოში სატელევიზიო გამოსვლა.

საპასუხოდ ჩვენ გვსურს შემდეგი განცხადება გავაკეთოთ:

1- ისლამური რესპუბლიკის სასამართლო უწყებამ, საერთაშორისო პროტესტების ზეწოლის ქვეშ, უკვე არაერთხელ განუცხადებია, რომ საქინეს საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. ეს ცნობილი ტაქტიკაა რეჟიმის მხრიდან დროის მოსაგებად და საერთაშორისო ზეწოლის შესამსუბუქებლად. ამგვარად, რეჟიმს სურს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს საქინეს უშუალო საფრთხე არ ემუქრება. რეჟიმი ცდილობს ეს საკითხი მსოფლიოს ყურადღების ცენტრიდან ამოშალოს. თუმცაღა, მიუხედავად განაჩენის შეჩერებისა, საჯადი, საქინეს შვილი, ამბობს, რომ დედამისის ადვოკატს ამასთან დაკავშირებული არავითარი ოფიციალური საბუთი არ მიუღია.

2- ისლამური ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქინეს და მის შვილებს შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ - ტყუილია. საჯადი და ბატონი ჰოუთან ქიანი, საქინეს ადვოკატი, დიდი ხანია იმეორებენ, რომ საქინეს უკვე ორი კვირის მანძილზე ეკრძალება შვილებისა და ადვოკატის ნახვა და მათთან სატელეფონო კონტაქტი. საქინეს განაჩენის შეჩერებასა და ციხეში მის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადებებით, რეჟიმის ადამიანის უფლებათა კომისიას სურს წყალი შეუყენოს საქინესადმი დაწესებული შეზღუდვების, მისი ხელმეორე გამათრახებისა და იძულებითი სატელევიზიო აღსარების წინააღმდეგ აგორებულ საერთაშორისო პროტესტს. საჯადი აცხადებს. რომ ციხეში ყველა მონახულება ჩაწერილია და იწვევს ისლამურ რესპუბლიკას წარადგინოს დამამტკიცებელი მასალა იმისა, რომ საქინე, ამ დროის მანძილზე, შვილებს ხვდებოდა.

3- ჩვენი კამპანია გაგრძელდება, სანამ საქინეს არ გაათავისუფლებენ და ის არ დაუბრუნდება თავის შვილებს, სახლში. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სხვა სიკვდილმისჯილებს განაჩენი არ მოეხსნებათ და ჩაქოლვის ბარბაროსული სასჯელი არ გაუქმდება. ჩვენი პასუხი ისლამური რესპუბლიკის ხრიკებისადმი და რეჟიმის ადამიანის უფლებათა კომისიის უსირცხვილო განცხადებებისადმი, ისაა, რომ ჩვენი პროტესტი გაგრძელდება და ჩვენ განვაგრძობთ რეჟიმის დანაშაულებისათვის ფარდის ახდას. ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა მოქალაქეს ჩაქოლვის ისლამური რეჟიმის ამ განცხადებებს უპასუხოს 18 სექტემბრის საერთაშორისო აქციაში მასობრივი მონაწილეობით. ეს ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს და საქინეს გათავისუფლება უზრუნველყოს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პირებს, ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი საქინეს სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ და მოითხოვეს მისი გათავისუფლება, რომ გააგრძელონ ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლა, რათა ჩაიშალოს მისი გეგმები. კვლავაც დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ საქინეს განაჩენის გაუქმება და მისი გათავისუფლება.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ

საერთაშორისო კომიტეტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

წყარო:

http://missionfreeiran.org/2010/09/08/icae-pr66-iri-thwarted/